წმიდა იოანე კრონშტანდტელი (+1908)

20 (2.01) დეკემბერი

წმიდა იოანე კრონშტანდტელი 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს.

წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.

1851 წელს იოანემ დაამთავრა სასულიერო სემინარია და პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. ამავე დროს იგი საქმის მწარმოებლადაც მუშაობდა კანცელარიაში და აქ გამომუშავებული მცირეოდენი თანხით დაქვრივებულ დედას ეხმარებოდა. 1855 წელს წმიდანმა აკადემიაც დაამთავრა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით, იმავე წელს ჯვარი დაიწერა კრონშტანდტელი დეკანოზის, ნესვიცკის ასულ ელისაბედზე, შემდეგ კი მღვდლად აკურთხეს და კრონშტანდტის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში დაიწყო მოღვაწეობა.

კრონშტანდტი ძალიან ღარიბი ქალაქი იყო. წმიდანი სიხარულით მიდიოდა მათ ქოხმახებში, ესაუბრებოდა, ნუგეშს სცემდა, ეხმარებოდა: სნეულთან ხშირად თვითონ მიჰყავდა ექიმი და წამლებიც თავად მიჰქონდა, მშივრებს და დავრდომილებს პურს აწვდიდა. ხალხსაც თანდათან ღირსი მამის დიდი იმედი გაუჩნდა. ყოველ დილით ურიცხვი მაწანწალა ელოდა მისი ხელით გაღებულ მოწყალებას და ისიც უანგაროდ გასცემდა ყველაფერს. ხშირი იყო შემთხვევები, როცა წმიდა იოანე ჩექმებს გაჭირვებულს ჩუქნიდა და შინ ფეხშიშველი ბრუნდებოდა. „მე - მღვდელი ვარ. ესე იგი, სათქმელიც არაფერია: საკუთარ თავს კი არა, სხვებს ვეკუთვნი“, - ამბობდა ნეტარი.

„ქრისტიანს ეკლესიის გარეშე, ისევე, როგორც თევზს უწყლოდ, არ შეუძლია ჭეშმარიტი ცხოვრებით ცხოვრება: ეკლესია მისი სტიქიაა“, - წერდა მართალი იოანე, - „ეკლესიასა და ღვთისმსახურებას მოწყვეტილნი. საკუთარი ვნებების მსხვერპლნი ხდებიან და იღუპებიან“. წმიდა მამა ყოველდღე აღასრულებდა საღვთო ლიტურგიას და ყოველდღე ეზიარებოდა ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ღვთისმსახურებისას კონდაკს თითქმის არ ხსნიდა, ზეპირად ლოცულობდა. საოცარი ძალა ჰქონდა მის ვედრებას. ნეტარი მედავითნეობდა კიდეც, გალობდა, რეგენტობდა. კვეთის დროს საკურთხეველში ათასობით სეფისკვერი შეჰქონდათ დიდი კალათებით, უამრავი ხალხი სთხოვდა წმიდანს ახლობლების მოხსენიებას.

მართალი იოანე დიდი ქველმოქმედიც იყო: შემოწირულ თანხებს უხვად იღებდა ტაძრებისა და სამრევლო სკოლების მშენებლობისა თუ სხვა სასიკეთო საქმეებისთვის.

წმიდა მამას კურნებისა და განჭვრეტის მადლი ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული. მისი ლოცვით იკურნებოდნენ როგორც ხორციელი, ისე სულიერი ავადმყოფები. ნეტარი არამართლმადიდებლებსაც შეეწეოდა: უცხო რელიგიათა მიმდევრების განკურნება მათი მოქცევის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა.

უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა საკუთარი აღსასრულის მოახლოება, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და 1908 წლის 20 დეკემბერს მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეშტი პატივით გადაასვენეს კრონშტანდტიდან პეტერბურგში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.