წმიდა მამაჲ ჩვენი მაკარი მმარხველი, ხახულის მონასტრის წინამძღვარი (XI)

21 (3.01) დეკემბერი

წმიდა მაკარი მმარხველი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი იმ წმიდა მამათაგანია, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი სახელი უკვე ათი საუკუნეა იხსენიება საქართველოს ეკლესიის კალენდარში მრავლისმთქმელია, მრვალისმეტყველია მისი წოდებაც - მმარხველი.

ხახულის მონასტერი X საუკუნის მეორე ნახევარში აუგია საქართველოს მეფე დავით კურაპალატს. წმიდა მაკარისა და მისი მსგავსი მამების მოღვაწეობამ მონასტერი სიწმიდის, მეცნიერებისა და განათლების კერად აქცია. მონასტერი დღეს თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ იქ მოღვაწე ქართველ მამათა მადლი ახლაც სასოებად ეფინება საქართველოს.

ხახულის მონასტრის წინამძღვარი წმიდა მაკარი უდიდესი ასკეტი და ცნობილი მოძღვარი იყო. მასთან მოდიოდნენ რჩევა-დარიგებისა და კურთხევისათვის როგორც მონაზვნობის მსურველნი და გამოცდილი ბერები, ასევე ერისკაცები. ღირს მაკარის მიჰგვარეს კურთხევისათვის ყრმა გიორგი - შემდგომში უდიდესი მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი, რომელსაც წინასწარცნობის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა მაკარიმ თავისი სულიერი შვილი უწოდა.

ღირსი მაკარი, ღვთის შეწევნით, ერთმანეთს კარგად უთავსებდა მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასა და განდეგილობას. განსაკუთრებული მარხვისა და ლოცვისათვის მას მმარხველი უწოდეს. მისი წინამძღვრობის დროს ხახულის მონასტერი „ვითარცა მთიები“ ბრწყინავდა და ორიენტირს აძლევდა სასულიერო და საერო მოღვაწეობის მსურველთ.

ღირსი მაკარი 1034 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2001 წ.