ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე - გამომეტყველნი (+დაახლ. 840)

27 (9.01) დეკემბერი

ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, გამომეტყველნი, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიარულებას და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. უმცროს ძმასთან, თეოფანესთან (ხს. 11 ოქტომბერს) ერთად წმიდანი ხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად საბა განწმენდილის ლავრაში. შემდგომში ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს.

მას შემდეგ, რაც ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ V სომეხმა (813-820) კეთილმსახური მეფე მიხეილ I (811-813) ტახტიდან ჩამოაგდო და ხატმბძროლთა მწვალებლობის მფარველობა დაიწყო, იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანები კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად. ბიზანტიის დედაქალაქში ჩასულმა თეოდორემ და თეოფანემ სიტყვიერ პაექრობაში დაამარცხეს უსჯულო ლეონ V. ამით განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, დაუნდობლად ეგვემათ ძმები, შემდეგ კი ორივენი გადაასახლა.

ღვთის ნებით, უსჯულო ლეონი მალევე აღესრულა თავისი კარისკაცების ხელით. ახალმა იმპერატორმა, მიხეილ II-მ (820-829), რომელიც სრულიად გულგრილი იყო ყოველგვარი სასულიერო საკითხისადმი, სარწმუნოებისათვის პყრობილი ყველა ტუსაღი, მათ შორის თეოდორე და თეოფანეც, გაათავისუფლა.

829 წელს ტახტზე ავიდა მწვალებელი თეოფილე (829-842), რომელმაც კვლავ განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა. წმიდა ძმები ისევ გადაასახლეს. რამდენიმე ხანში თეოდორე და თეოფანე უკანვე გამოიწვიეს. ამჯერად ისინი სასტიკად გვემეს: გახურებული ნემსებით სახეებზე ამოაკაწრეს თითქოსდა მათი განსაქიქებელი წარწერები - თორმეტი სალექსო სტრიქონი, რომელშიც აღმსარებლები „ცრურწმენის ჭურჭლებად“ იყვნენ მოხსენებულნი. ამიტომ ეწოდათ ძმებს „გამომეტყველნი“. წამების წინ ქალაქის ეპარქმა თეოდორეს სთხოვა, ერთადერთხელ ზიარებულიყო ხატმბრძოლებთან ერთად, და ამისთვის თავისუფლების მინიჭება აღუთქვა, მაგრამ ნეტარმა მოწამემ უპასუხა: „ეს იმას ნიშნავს, რომ მითხრათ: „ჩვენ მხოლოდ თავს მოგჭრით, შემდეგ კი წადი, საითაც გენებოს“. წამების შემდგომ წმიდა ძმები დაბა აპამეის საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც წმიდა თეოდორე გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 840 წელს. წმიდა თეოფანე ხატმბრძოლთა ერესის დაგმობას და სრულ დამარცხებას შეესწრო და ნიკეის ეპისკოპოსის ხარისხში აღესრულა. ღირს თეოფანეს ეკუთვნის მრავალი თხზულება მართლმადიდებლობის დასაცავად. ღირსმოწამე თეოდორეს წმიდა ნაწილები პატივით გადაასვენეს ქალაქ ქალკედონში, სადაც მათგან სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.