წმიდა მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი (+311)

30 (12.01) დეკემბერი

წმიდა მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი ორჯერ ეწამა ქრისტესთვის: დიოკლეტიანეს (284-305) და მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) მეფობაში. დიოკლეტიანეს ნიკომიდიაში სტუმრობის დროს მაღალი და პირმშვენიერი ფილეტერი სამსჯავროზე წარადგინეს. იმპერატორი მოიხიბლა ნეტარის გარეგნობით და იგი წარმართულ ღვთაებას შეადარა. როცა მოწამეს ხარისხი და წარმომავლობა ჰკითხეს, მან უპასუხა: „ეპარქის ძე ვარ, სარწმუნოებით - ქრისტიანი და ქრისტიანებთან ვცხოვრობ“. იმპერატორი ლიქნით ეცადა მის გადაბირებას და ქრისტე ღმერთი აუგად მოიხსენია, რაზეც წმიდანმა მიუგო: „დაიყოს პირი ყოველთა, მეფე იქნება თუ სხვა ვინმე, ვინც გაკადნიერდება, გმოს ჩემი ქრისტე“. ამ სიტყვების შემდეგ უფლის რჩეული გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ იქიდან უვნებელი გამოვიდა. ნანახი სასწაულით გაოცებულმა დიოკლეტიანემ მოწამის დიდგვაროვნება და მშვენიერებაც გაითვალისწინა და გაათავისუფლა იგი.

იმპერატორ მაქსიმიანესაც მოახსენეს, რომ ფილეტერი ქრისტიანი იყო. უსჯულო ხელისუფლის სამსჯავროზე წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მხნედ აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი აწამეს, შემდეგ მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ უვნებელი დარჩა. მაშინ ნეტარს თავის მოკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ორმა მსახურმა, რომელთაც ფილეტერის დასჯა დაევალათ, ვერ შეძლეს მისი მოკვლა: როგორც კი მახვილს აღმართავდნენ მოწამის თავზე, ხელები უშეშდებოდათ. როცა ჯალათები დარწმუნდნენ, რომ წმიდა მოწამეს უხილავად თვით უფალი იცავდა, ორივემ ირწმუნა ქრისტე და თავი დასდო მისთვის.

ნეტარ ფილეტერს მარმარილოს ზღვის კუნძულ პროკონისზე გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლების ადგილისკენ მიმავალმა წმიდანმა მრავალი სასწაული აღასრულა და საკერპოები შემუსრა. მისმა თანმხლებმა ექვსმა მეომარმაც მხედართუფროსთან ერთად ირწმუნა ქრისტე.

გზაში მათ გამოეგება წმიდა ებიოტი, რომელმაც ასევე მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესთვის. წმიდანებმა მეომრებთან ერთად შვიდი დღე გაატარეს ებიოტის სენაკში. ფილეტერი აქვე გარდაიცვალა (+311) და ნეტარმა ებიოტმა მიაბარა მიწას. თერთმეტი დღის შემდეგ მხედრებმა და მათი რაზმის უფროსმაც სული უფალს შეჰვედრეს. მათი წმიდა ცხედრები ფილეტერის საფლავის მახლობლად დაკრძალეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.