ღირსი მიხეილ კლოპელი, ნოვგოროდელი (+დაახლ. 1453-1456)

11 (24) იანვარი

ღირსი მიხეილ კლოპელი ბოიართა გვარის ჩამომავალი იყო და დიდ მთავარ დიმიტრი დონელს (1363 – 1389) ენათესავებოდა. მან ქრისტესთვის სალოსობის ღვაწლი იტვირთა, დატოვა მოსკოვი და ძაძებით მოსილი ჩავიდა კლოპის მონასტერში, ნოვგოროდის მახლობლად. წმიდანი ტაძარში მგალობლად და მკითხველად გაამწესეს, ტრაპეზის დროსაც ის უკითხავდა ძმებს წმიდანთა ცხოვრებებს და თავისი მშვენიერი, ღვთივსულიერი ხმით ყველას გულს ულბობდა. ერთხელ, ფერისცვალების დღესასწაულზე, კლოპის სავანეში ჩამოვიდა დიმიტრი დონელის ვაჟი -კონსტანტინე. როცა წირვა დამთავრდა, იგი მეუღლესთან ერთად ტრაპეზზე მიიწვიეს, უცნობი მოწესე იობის წიგნს კითხულობდა. მთავარს ხმა ეცნაურა, მივიდა მკითხველთან, მასში თავისი ნათესავი მიხეილ მაქსიმეს ძე შეიცნო და თაყვანი სცა. სალოსმა მიუგო: „მხოლოდ ჩემმა შემქმნელმა ღმერთმა უწყის მე ვინა ვარ,” მაგრამ ის კი დაადასტურა, რომ მიხეილი ერქვა. ღირსი მამა 44 წელი ცხოვრობდა მონასტერში, დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტის უნარი მიმადლა. იგი ამხელდა ადამიანთა ნაკლოვანებებს და არ უფრთხოდა ძლიერთა ამა სოფლისათა.

ერთხელ ღირსმა მიხეილმა ქვიშაზე დააწერა: „სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო“ (ფს. 115,4), ამ ადგილას წყარო აღმოცენდება“. მართლაც, მიწიდან წყალმა ამოხეთქა. შიმშილობის დროს წმინდა მამის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა მონასტრის ბეღელში, თუმცა ბერები უხვად ურიგებდნენ მას დამშეულებს. ღირსი მიხეილი გარდაიცვალა 11 იანვარს (+დაახლ. 1453 – 1456წწ.). იგი დაკრძალეს იმ ადგილას, რომელზეც თვითონვე მიანიშნა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.