ღირსი მამაჲ ჩვენი თეოდოსი დიდი - ზოგადცხოვნებულთა თავი (+529)

11 (24) იანვარი

წმიდა თეოდოსი დიდი 424 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ღვთისმოშიშ ქრისტიანთა ოჯახში. მშობლებმა „განსწავლეს იგი სწავლითა სულიერითა“და ეკლესიაში მედავითნედ დაადგინეს. თეოდოსის ადრევე შთავარდნოდა „სიყუარული ღმრთისაჲ“ და ამ სოფლის საქმეთაგან განშორებაზე ფიქრობდა. მხურვალე ლოცვით განმტკიცებულმა და სახარებისეული შეგონებებით გამხნევებულმა აღასრულა კიდეც განზრახვა - დატოვა მშობლიური ქალაქი და იერუსალიმის სიწმიდეთა მოსალოცად გაეშურა. წმიდა ქალაქიდან გამობრუნებულმა ყმაწვილმა ანტიოქიაში გამოიარა და სვიმეონ მესვეტისაგან კურთხევა მიიღო. განჭვრეტის ნიჭმიმადლებულმა წმიდა მამამ სვეტიდან ჩამოსძახა ღვთის რჩეულს: „კეთილად მოხუედ, კაცო ღმრთისაო, თეოდოსი“, შემდეგ კი თავისთან იხმო, ამბორს-უყო მას და სიტყვიერ ცხოვართა მწყემსობა უწინასწარმეტყველა. საღვთო ტრფიალებით აღსავსე თეოდოსიმ რამდენიმე ხანი სიწმიდით განთქმული ერთი განდეგილი ბერის მორჩილებაში დაჰყო, შემდეგ კათისმას მონასტერში ცხოვრობდა, ბოლოს კი განმარტოება ისურვა და პალესტინის უდაბნოს იმ გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც, გადმოცემით, იესოს თაყვანისცემის შემდეგ ბეთლემიდან გამობრუნებულ მოგვებს გაუთევიათ ღამე. ოცდაათი წელი ცხოვრობდა წმიდა მამა ამ მღვიმეში და ფიცხელი შრომითა და მარხვით ცდილობდა ხორციელი გულისთქმების დაოკებას: მხოლოდ კვირა დღეს ჭამდა; დღე და ღამე ლოცვად იდგა ტირილითა და გლოვით.

„ვერ ხელ-ეწიფების დაფარვად ქალაქსა, მთასა ზედა დაშენებულსა“, თევდოსის სათნო ცხოვრების ამბავიც გახმაურდა და უწყვეტ ნაკადად მოემართებოდნენ მისკენ სულიერი დამოძღვრის მსურველები. რამდენიმე მათგანს წმიდანმა თავისთან დარჩენის ნებაც დართო. თეოდოსიმ „ინება საფლავის აღშენებაჲ, რათა ძმანი იგი ჰხედვიდენ მას და ყოველთა დღეთა სიკუდილსა მოიჴსენიებდნენ და სარგებელ ეყოფოდის“.

თეოდოსის ირგვლივ შემოკრებილ ძმათა რიცხვი თანდათან იზრდებოდა, საჭირო ხდებოდა მათთვის საცხოვრებლების აშენება. „და შევარდა წმიდაჲ იგი ორთა გულისსიტყუათა შორის“: დაყუდების სიყვარულის გამო შფოთს ერიდებოდა, მაგრამ შენებაც სურდა, „ცხოვრებისათჳს, რომელნი მისდა მოვიდოდეს“. მან ღმერთს შესთხოვა, განეცხადებინა თავისი ნება. საცეცხლურში ნახშირი ჩაყარა, ზედ საკმეველი დაადო, ხელთ იპყრა იგი და ასე მოიარა სამონასტრედ საგონებელი ყველა ადგილი. „და ვითარ არარაჲ იხილა“, უკანვე გაბრუნდა. როცა თავის მღვიმეს მიუახლოვდა, უეცრად ნახშირი ნაკვერცხლად იქცა და საკმევლის საამო სუნი დაიფრქვა ირგვლივ. ასე გაცხადდა ღვთის ნება. წმიდანმა აქ ააგო პირველი საერთო საცხოვრისი, ანუ, ლავრა, რომელიც ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდა. თეოდოსის სავანეში სიხარულით ღებულობდნენ და ნუგეშს სცემდნენ უცხოებს, გლახაკებს და „ყოველთა, რომელნი მისა მიივლტოდიან“, მაგრამ ერთხელ, შიმშილობის დროს, უამრავი დამშეული ხალხი მოგროვდა და „შეეშინდა მსახურთა, ნუუკე პური ვერ ეყოს სიმრავლეს მას ერისასა“. ღმერთს მინდობილმა იღუმენმა ბრძანა, გაეღოთ კარები. დამშეული ხალხი ტაბლების ირგვლივ დასხეს. „ჭამეს ყოველთა. და განძღეს და წარვიდეს და ადიდებდეს ღმერთსა“, მონასტრის ბეღელს კი არაფერი დაკლებია.

წმიდა მამა ზრუნავდა სნეულებზეც. მან ააშენა დავრდომილთა თავშესაფარი. წმიდანის ბევრი მოწაფე უდაბნოს გარეთაც მოსაგრეობდა: ზოგმა მეუდაბნეობის ღვაწლი იტვირთა, ზოგიც ეპისკოპოსად და სხვადასხვა სავანეთა იღუმენად დაადგინეს.

„და ვინმცა შეუძლო მოთხრობად ყოვლისა, რავდენსა წმიდაჲ იგი იქმოდა ფერად-ფერადთა სათნოებათა და გარდარეულსა ლოცვასა და წიგნთა კითხვასა დღე და ღამე“? ყოველ კვირას, შაბათის მწუხრიდან გათენებამდე, იგი ძმებს მღვიძარებაში ამყოფებდა, ლოცვის შემდეგ კი მოციქულთა და ეკლესიის მამათა გამონათქვამებით მოძღვრავდა.

იმპერატორ ანასტასის (491-518) ზეობისას იმპერიაში გავრცელდა ევტიხისა და სევერის მწვალებლობა, რომლებიც „უთავოებად“ (ბერძნულად აკაფალებად) იწოდებოდნენ საღმრთო საიდუმლოებებისა და სამღვდელო მადლის უარყოფის გამო. ანასტასი მიემხრო ერეტიკოსებს და ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. თეოდოსი აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად: ყველა მონასტრის წინამძღვარი შეჰყარა, მათთან ერთად მეფეს მისწერა წერილი, რომელშიც დაგმო მსოფლიო კრებებზე ანათემას გადაცემული ყველა ერესი და განაცხადა: ბერები „არ მიერჩდებიან შეწყნარებასა სევეროსისასა და არცა სხჳსა ვის მწვალებელთაგანისა, ვიდრემდის ყოველთა სისხლი დაითხიოს“. იმპერატორი ცოტა ხნით დაცხრა, მაგრამ შემდეგ კვლავ განაახლა დევნა. მაშინ საღვთო შურით აღძრული წმიდა მამა იერუსალიმში ჩავიდა და დიდი ტაძრის ამბიონიდან შეაჩვენა მწვალებლობა.

წმიდა თეოდოსის ღმერთმა წინასწარხედვის ნიჭი მიჰმადლა, მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა: ბეღელში იფქლი მრავლდებოდა, გვალვის დროს წვიმა გარდმოდიოდა ზეციდან, უშვილო დედებს შვილები ეძლეოდათ, სნეულებათაგან იკურნებოდნენ, განსაცდელებიდან უვნებლად გამოდიოდნენ;

ღირსმა მამამ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე. 105 წლის ასაკში, „სალმობასა თანა სიბერე დიდით“ დამძიმებულმა წმიდანმა, სიკვდილამდე სამი დღით ადრე უდაბნოს ყველა მამასახლისს სამ-სამი სეფისკვერი დაუგზავნა ევლოგიად და სამი დღის შემდეგ ყველანი თავისთან იხმო. როცა მამები შეგროვდნენ, წმიდა თეოდოსიმ მოიკითხა ისინი, დალოცა, შემდეგ კი ხელები აღაპყრო, ილოცა და სიტყვებით: „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა,“ მიიცვალა. ეს მოხდა 529 წელს. წმიდანი პატივით დაკრძალეს იმ გამოქვაბულში, სადაც დაიწყო მოღვაწეობა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.