ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი (+393)

12 (25) იანვარი

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი, წმიდა ქალწულ ევპრაქსიას (ხს. 25 დეკემბერს) დედა იყო. მისი მეუღლე, კეთილმსახური სენატორი ანტიგონესი, იმპერატორ თეოდოსი დიდს ენათესავებოდა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ევპრაქსიამ უფლის მსახურებისთვის გადადო თავი. მან ბევრი მონასტერი მოიარა და უხვი შეწირულობები გაიღო, ბოლოს კი ტაბენისის სავანეშიც ჩავიდა, მონაზვნების სიწმიდით მოხიბლული ევპრაქსია ხშირად აკითხავდა ამ სავანეს თავის მცირეწლოვან ასულთან ერთად. მშობლების ქველმოქმედებისა და სიწმიდის გამო განსაკუთრებული მადლი გადმოვიდა ბავშვზე და მონაზვნობის სურვილი გამოთქვა, რამაც დედა ძალიან გაახარა. მონასტრის იღუმენიამ თეოდულამ პატარა ევპრაქსია მონასტერში დატოვა.

ევპრაქსია-უფროსი ქველმოქმედებას განაგრძობდა, მარხვა გაამკაცრა, უმატა ლოცვას. განჭვრეტის ნიჭის მქონე დედა თეოდულამ მას წინასწარ ამცნო აღსასრულის მოახლოება. ღირსმა ევპრაქსიამ მადლობა შესწირა უფალს, გამოემშვიდობა მონასტრის დებს, თავისი ასული კი უკანასკნელად ასე დამოძღვრა, „გიყვარდეს უფალი იესო ქრისტე და მოწიწებით თრთოდე მის წინაშე; დებს პატივი ეცი და იმის გაფიქრებასაც კი ნუ გაბედავ, რომ შენ მათზე მაღლა დგახარ და შეგიძლია ისინი იმსახურო; სულის სიგლახაკე მოიგე, რომ სულიერი საგანძურით სარგებლობა შეგვეძლოს”. სამი დღის შემდეგ წმიდა დედამ უფალს შეჰვედრა სული და იმავე სავანეში დაკრძალეს, სადაც მისი ასული განაგრძობდა მოღვაწეობას.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.