ღირსი იაკობ ნიზიბიელი, გეფალელი (სომხეთი) მთავრის ძე იყო. მან კარგი განათლება მიიღო, მაგრამ ამქვეყნიურ მშფოთვარე ცხოვრებაში სულის მისადრეკი ადგილი ვერ ჰპოვა და ნიზიბიის მახლობლად, უდაბურ მთებში განმარტოვდა. აქ მან ფიცხელი ღვაწლი იტვირთა: მხოლოდ მცენარეთა ფესვებით და ნაყოფებით იკვებებოდა, თხის ტყავი ემოსა გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომას ღია ცის ქვეშ ატარებდა, ზამთრობით კი გამოქვაბულს აფარებდა თავს; წმიდანს ლოცვაში ათენდებოდა და აღამდებოდა. ამგვარი მოღვაწეობისთვის მას სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების ნიჭი მიემადლა. იაკობს სურდა, მთელი ცხოვრება აქ, მთებში გაეტარებინა, მაგრამ, ღვთის ნებით, წარმართების მოსაქცევად და მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად სპარსეთს მიაშურა. ერთმა სპარსელმა მსაჯულმა უსამართლოდ დაადო მსჯავრი უდანაშაულო ადამიანს. წმიდანი დამწუხრდა და უსამართლობა რომ ემხილებინა, ნამსხვრევებად ქცევა უბრძანა მახლობლად მდებარე მოზრდილ ლოდს. ყველა, ვინც ეს სასწაული იხილა, შეძრწუნდა. მსაჯულმაც შეცვალა განაჩენი. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს ღირსმა იაკობმა სარწმუნოების მხნე აღსარებით გაითქვა სახელი. ნიზიბიის მცხოვრებლებმა კეთილმსახური ცხოვრებით და სასწაულებით გაბრწყინებული მამა თავიანთ ეპისკოპოსად აირჩიეს (დაახლ. 314 წელს). მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ და ასეთ მაღალ ხარისხში აყვანილ წმიდანს არ შეუცვლია ცხოვრების წესი, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი.
მღვდელმთავარი იაკობი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა და ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. მან ნიზიბიაში გახსნა სკოლა, სადაც თავად მასწავლებლობდა. მაღალი ზნეობით გაბრწყინებული წმიდანის სიტყვები ადვილად აღწევდა მსმენელის გულებამდე. სომხეთის ეპისკოპოსმა გრიგოლმა ღირს იაკობს სთხოვა, წერილობით განემარტა, რა არის სარწმუნოება. პასუხად წმიდა მამამ დაწერა 18 თავისგან შემდგარი თხზულება. მისი ნაწერები გამოირჩეოდა დამაჯერებლობით, აზრის სიცხადით, გულწრფელობით. ღირსი იაკობი მშვიდობით მიიცვალა 350 წელს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.