წმიდა ათანასე და კირილე, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსების ხსენებას დედა-ეკლესია ერთ დღეს განაჩინებს ნიშნად მადლიერებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის, რომელსაც ისინი ეწეოდნენ მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატების დასამტკიცებლად და ერეტიკული სწავლებათაგან მათ დასაცავად.
წმიდა ათანასე დიდი, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი (+373), ეკლესიის უდიდესი მამა და მართლმადიდებლობის ბურჯი, დაიბადა დაახლოებით 297 წელს ალექსანდრიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. მან შესანიშნავი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე სრულად წმიდა წერილი შეისწავლა. მომავალი მღვდელმთავარი სიყრმითგანვე გაიცნო ალექსანდრიის პატრიარქმა წმიდა ალექსანდრემ (ხს.29 მაისს). ერთხელ ბავშვები, მათთან ერთად პატარა ათანასეც, ზღვის ნაპირზე თამაშობდნენ. ქრისტიანმა ბავშვებმა გადაწყვიტეს მოენათლათ თანატოლი წარმართები. ყრმა ათანასემ, რომელიც ბავშვებმა „ეპისკოპოსად” აირჩიეს, შეასრულა ნათლობის წესი და ზუსტად გაიმეორა სიტყვები, რომელიც ეკლესიაში გაეგონა. პატრიარქი ალექსანდრე ფანჯრიდან უყურებდა ამ სცენას. მან ბავშვები და მათი მშობლები თავისთან მოიხმო, დიდხანს საუბრობდა მათთან და დაარწმუნა, რომ ბავშვების მიერ თამაშით შესრულებული ნათლისღება ეკლესიის წესს სრულიად შეესაბამებოდა, ნათლისღება აღსრულებულად ჩათვალა და მხოლოდ მირონცხების საიდუმლო ჩაატარა. ამ დღიდან პატრიარქი აკვირდებოდა ყრმა ათანასეს სულიერ ზრდას, ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ კი დიაკვანადაც აკურთხა. ამ დროს დაწერა წმიდანმა პირველი საღვთისმეტყველო თხზულებანი: „წარმართთა წინააღმდეგ” და „განხორციელებისათვის”. დიაკვნის ხარისხში ახლდა წმიდა ათანასე პატრიარქ ალექსანდრეს 325 წლის I მსოფლიო კრებაზე, ნიკეაში. კრებაზე წმიდა ათანასემ ამხილა არიოზის ერესი და მოითხოვა, ევსების მიერ შემოთავაზებული ფორმულისათვის დაემატებინათ ერთადერთი, უმოკლესი განსაზღვრება: „ერთარსი მამისა”. ის სიტყვა მოიწონეს კრების მართლმადიდებელმა მამებმა, აშკარა და ფარულმა არიანელებმა კი მოიძულეს წმიდა ათანასე და მთელი სიცოცხლის მანძილზე დევნიდნენ მას. წმიდა პატრიარქის, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მღვდელმთავრის კათედრაზე ერთსულოვნად აირჩიეს წმიდა ათანასე. ის დიდხანს უარობდა, უღირსად მიიჩნევდა თავს, მაგრამ არ შეიძლებოდა მთელი ეპარქიის სურვილის უგულებელყოფა – 28 წლის ათანასეს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 47 წლის მანძილზე მართავდა სამწყსოს წმიდა ათანასე, ამ ხნის განმავლობაში მას მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა მოუხდა: რამდენჯერმე განიდევნა ალექსანდრიიდან, ბევრჯერ თავად განერიდა მის მოსაკლავად აღძრულ არიოზის მიმდევრებს და უდაბნოს შეაფარა თავი; 20 წელი იმყოფებოდა წმიდანი დევნულობაში: ხან ბრუნდებოდა სამშობლოში, ხან იმალებოდა. იყო დრო, როცა „მთელ ქვეყანას გმინვა აღმოხდა, რადგან, თავისდა გასაოცრად არიოზის მიმდევრად იგრძნო თავი”, მწვალებელთა მახეს განრიდებული ერთადერთი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი - ათანასე კი უკაცრიელი თავშესაფრიდან ყურადღებით ადევნებდა თვალს ეკლესიის წიაღში მიმდინარე მოვლენებს, წერდა ეპისტოლეებს და ტრაქტატებს არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ და მტკიცე ბურჯად ედგა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. არიანელ ეპისკოპოსთა ცრუ კრებაზე წმიდანს მღვდელმთავრის ხარისხიც კი აჰყარეს. როდესაც იულიანე განდგომილმა (361-363) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მისი რისხვა პირველად სწორედ წმიდა ათანასეს დაატყდა. იულიანეს მისი მოკვდინებით გამანადგურებელი დარტყმის მიყენება უნდოდა ქრისტიანობისთვის, მაგრამ უმალ თვითონ აღესრულა უსახელოდ. ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილი იულიანეს უკანასკნელი სიტყვები იყო: ”შენ გაიმარჯვე, გალილეველო!” იულიანე განდგომილის სიკვდილის შემდეგ წმიდა ათანასე 7 წელი მართავდა სამწყსოს და აღესრულა 373 წელს 76 წლის ასაკში.
ჩვენამდე მოღწეულია წმიდა ათანასეს მრავალი თხზულება.
წმიდა ათანასეს ეკლესია იხსენიებს ორჯერ: 2 მაისს და 18 იანვარს - წმიდა კირილე ალექსანდრიელთან ერთად.
წმიდა კირილე ალექსანდრიელი (+444) წარჩინებული და კეთილმსახური ოჯახის შვილი იყო. მან კარგი საერო განათლება მიიღო, ღრმად განისწავლა ფილოსოფიაშიც, მაგრამ მეტად წმიდა წერილის შესწავლასა და ქრისტიანული ჭეშმარიტებების შეცნობას ესწრაფვოდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კირილე ნიტრიის მთებში მდებარე წმიდა მაკარის მონასტერში დაემკვიდრა, სადაც ექვსი წელი დაჰყო. ალექსანდრიელმა პატრიარქმა თეოფილემ (385-412) დიაკვნად აკურთხა წმიდანი და, როცა მისი გულისხმიერება იხილა, ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა კირილე ერთხმად აირჩიეს ალექსანდრიის პატრიარქად. მართლმადიდებლობის ქადაგი და მოღვაწე მეუფე სათავეში ჩაუდგა ბრძოლას მის სამწყსოში გავრცელებული ნავოციანის ერესის წინააღმდეგ, რომელიც ასწავლიდა, რომ დევნულობის დროს მართლმადიდებლობისგან განმდგარი ქრისტიანებს არ ჰქონდათ დედა ეკლესიაში დაბრუნების უფლება.
უფრო საშიშ მტრებს ეკლესიისთვის წარმოადგენენ იუდეველები, რომლებიც ქალაქში ხშირად აწყობდნენ მღელვარებებს ქრისტანთა მხეცური მკვლელობების თანხლებით. წმიდა კირილეს დიდხანს მოუხდა მათთან ბრძოლა. წარმართობის ნაშთებიც რომ აღმოეფხვრა, მღვდელმთავარმა ძველი საკერპოდან ბოროტი სულები განდევნა, იმ ადგილას მართლმადიდებლური ტაძარი ააგო და მასში უვეცხლო მკურნალთა, კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაასვენა. ამასობაში წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – ნესტორიანობა.
ნესტორი, ანტიოქიელი ხუცესი, 428 წელს კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა და თავისი მწვალებლობის გავრცელების ფართო შესაძლებლობა მიეცა. მისი ერესი მიმართული იყო ქრისტეს ორბუნებოვნების დოგმატის წინააღმდეგ. ნესტორი ღვთისმშობელს ქრისტესმშობელს უწოდებდა, რადგან თვლიდა, რომ მისგან შობილი ქრისტე ადამიანი იყო და არა ღმერთი. წმიდა კირილემ არაერთხელ მიმართა წერილობით ნესტორს და განუმარტა მისი ცდომა, მაგრამ გაკერპებული მწვალებელი მაინც თავისაზე იდგა. მაშინ პატრიარქმა კონსტანტინეპოლის სამღვდელოებას გაუგზავნა ეპისტოლე ნესტორიანობის წინააღმდეგ, წმიდა კეთილმსახურ მეფეს თეოდოსი უმცროსს კი ( 408-450) – ორი ტრაქტატი ერესის სამხილებლად. წმიდა კირილემ სხვა ეკლესიებშიც დაგზავნა წერილები და მღვდელმთავრები და ზოგიერთი მონასტრის ბერები გააფრთხილა საშიში ერესის აღმოცენების შესახებ.
ნესტორმა მართლმადიდებლებს აშკარა დევნა გამოუცხადა. მისმა მიმდევარმა ეპისკოპოსმა, დოროთემ თვით ნესტორის თანდასწრებით საეკლესიო კათედრიდან ანათემას გადასცა ყველა, ვინც ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს ღვთისმშობელს უწოდებდა.
ნესტორს სძულდა მღვდელმთავარი კირილე, მასზე ათასგვარ ჭორს და ცილისწამებას ავრცელებდა და ერეტიკოსად ნათლავდა. წმიდა პატრიარქი კი განაგრძობდა ბრძოლას მართლმადიდებლობის დასაცავად. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ საჭირო შეიქმნა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა. კრება ეფესოში გაიხსნა 431 წელს. მას ესწრებოდა 200 ეპისკოპოსი ყველა ქრისტიანული ეკლესიიდან. ნესტორი, იოანე ანტიოქიელისა და სხვა სირიელი ეპისკოპოსების ჩამოსვლამდე, კრების გახსნის წინააღმდეგი იყო, მაგრამ სხდომა დაიწყეს. მათ წმიდა კირილე ალექსანდრიელის თავმჯდომარეობით განიხილეს ნესტორის სწავლება და ის ერესად შერაცხეს. თავად ნესტორი ამ კრებას არ დამორჩილდა. ეფესოში ჩასულმა ეპისკოპოსმა იოანემ გახსნა სხვა, უკანონო კრება, რომელზეც ერეტიკოსად კირილე გამოაცხადა. უთანხმოება ღრმავდებოდა. მაშინ იმპერატორის ბრძანებით მღვდელმთავრები – კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი დაატუსაღეს. მათი ხვედრი გაიზიარა ნესტორმაც.
მალე კირილე და მემნონი გაანთავისუფლეს და სხდომები გაგრძელდა. ნესტორი, რომელიც არ ემორჩილებოდა კრების გადაწყვეტილებებს, უფლის სასჯელს ვერ ასცდა: იგი მღვდელმსახურებიდან განიკვეთა და, იმპერატორის ბრძანებით, შორეულ სისიმში, ლიბიის უდაბნოში იქნა გადასახლებული, სადაც საშინელ ტანჯვაში აღესრულა ღვთისმშობლის მაგინებელი. მისი ენა მატლებმა დაჭამეს. ეფესოს კრების დადგენილებას სხვებთან იოანე ანტიოქიელი და სხვა სირიელი მამებიც აწერდნენ ხელს.
მღვდელმთავარი კირილე 32 წლის განმავლობაში მართავდა სამწყსოს. მისი მოღვაწეობის დასასრულისთვის ალექსანდრიის ეკლესია მთლიანად განიწმიდა ერეტიკოსთაგან. წმიდანი ფრთხილად და სიყვარულით ეპყრობოდა მათ, ვინც გულუბრყვილობისა და უმეცრების გამო ვარდებოდა ამაოდბრძნობაში.
ნეტარმა კირილემ შესძლო დაეძლია უკუღმართი წარმოდგენა წმიდა იოანე ოქროპირზე (+407. ხს. 13 ნოემბერს). ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, წმიდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდომარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმიდა მღვდელმთავარი. სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააშმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე. ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა (+დაახლ. 436-440; ხს. 4 თებერვალს) არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმიდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ, ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში – თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმიდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა. მღვდელმთავარს უნდოდა, მიახლებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აყენებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმიდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე. როცა შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა: „შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და მადიდა ადამიანებს შორის”. მაშინ იოანემ თქვა: „ყოვლადწმიდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით”, შემდეგ კი სიყვარულით გადაეხვია და გადაკოცნა წმიდა მღვდელმთავარი.
კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.