ღირსი მაკარი ალექსანდრიელი ღირსი მაკარი მეგვიპტელის (ხს. 19 იანვარს) თანამედროვე და მისი მეგობარი იყო. წმიდანი 295 წელს დაიბადა, 40 წლამდე ვაჭრობას მისდევდა, შემდეგ კი მოინათლა და უდაბნოში განმარტოვდა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი მღვდლად აკურთხეს და ეგვიპტის უდაბნოში „კელიების მონასტრის“ წინამძღვრად დაადგინეს.
მაკარი ალექსანდრიელი საოცარი მოშურნეობით გამოირჩეოდა. როცა გაიგებდა ამა თუ იმ ბერის რაიმე გამორჩეული ღვაწლის შესახებ, ცდილობდა, მიებაძა მისთვის.
ერთხელ ღირს მაკარის ყურძნის მტევანი მიართვეს. მას ძალიან მოუნდა შეეჭამა იგი, მაგრამ თავი შეიკავა და ხილი ერთ უძლურ მონაზონს გაუგზავნა. ეს მონაზონიც, თავის მხრივ, მოერია გემოთმოყვარეობას და ყურძენი მეორეს გადასცა, მეორემ - მესამეს. ბოლოს მტევანმა ისევ მაკარიმდე მიაღწია. წმიდა მამა გააკვირვა ბერების თავშეკავებამ და მადლობა შესწირა უფალს. ერთხელ წმიდანს დაეუფლა ამპარტავნული აზრი, რომ რომში წასულიყო სნეულთა განსაკურნებლად. ახოვანმა მოსაგრემ ტომარა ქვიშით დატენა, ზურგზე მოიგდო და მანამ დადიოდა ამ ტვირთით უდაბნოში, სანამ სხეული სრულიად არ გათანგა და მაცდური სულიც არ გაუქრა.
ხანგრძლივი და დაუცხრომელი ღვაწლისთვის ღმერთმა მაკარის სასწაულთქმედების და ადამიანთა ფარული აზრების განჭვრეტის ნიჭი მიმადლა და მრავალი საოცარი ჩვენების ხილვის ღირსიც გახადა.
წმიდა მამა გარდაიცვალა 100 წლის ასაკში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.