ღირსი და ღმერთშემოსილი მამაჲ ჩვენი ექვთიმე დიდი (+473)

20 (02.02) იანვარი

ღირსი ექვთიმეს მშობლებს – მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მოწყალება მიეღო მათზე. ერთხელ, ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით ეხარათ: „იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემიეს თქუენდა ძჱ და სახელი მისი – სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული ეკლესიათა თჳსთა”. მართლაც, მალე მათ შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე-სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს ღმერთს შესწირავდნენ.

სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაეცვალა. დედამ იგი ძმას – ხუცეს ევდოქსიოსს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიერებას იჩენდა სწავლაში: „წარემატა ყოველთა ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა”. იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა: „სიმდაბლითა და იწროებითა და სიწმიდითა ჴორცითაჲთა ცხონდებოდა და ჟამისწირვაჲ ფრიად უყუარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისისა იყო წყალობაჲ და მოწყალებაჲ“. საღვთო შურით ანთებული მოღვაწე ბერად აღიკვეცა, შემდეგ მას მღვდლადაც დაასხეს ხელი, თან ქალაქის მონასტრების გამგებლობაც დააკისრეს. დაყუდებისმოყვარე ბერი დიდ მარხვებში უდაბნოში გადიოდა. ბოლოს, 30 წელს მიღწეულმა ექვთიმემ ფარულად დატოვა ქალაქი, მოილოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები, შემდეგ კი ფარანის ლავრაში მივიდა და მონასტრის გარეთ მდებარე პატარა ქოხში დაეყუდა. წმიდანს „ერთი ხოლო ზრუნვაჲ აქუნდა, რაჲთამცა ღმერთსა სათნო-ეყო ლოცვითა და მარხვითა”. იგი თავს კალათების წვნით ირჩენდა და მოწყალებასაც გასცემდა. იქვე, მახლობლად ღირსი თეოქტისტე მოსაგრეობდა. ძმებს ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი „და იყვნეს ორივე ერთზრახვა და ერთსაქმე და ერთსულ”. ჩვეულებრივ, ღვთის განცხადების დღესასწაულის შემდეგ, ისინი უდაბნოში დადიოდნენ, მკვდარი ზღვის სანაპიროზე, და ბზობამდე იქ რჩებოდნენ ღვთის სათნო ღვაწლში. ერთხელ, მათ აქ პოვეს „ჴევი საშინელი, ფრიად ღრმაჲ, ყოვლადვე მიუვალი ვისგანვე და. ჩრდილოით კერძო ჴევისა მის ქუაბი დიდი”, ძლიერ მოეწონათ ეს ადგილი, აქ დარჩნენ სამოღვაწეოდ და გამოქვაბული ეკლესიად აქციეს. მალე, ღვთის ნებით ძმების სამყოფელს მწყემსები გადააწყდნენ და სოფელს აუწყეს მათ შესახებ. სულიერი სარგებლის მაძიებლებმა ნეტარ მამებს მიაშურეს, ბევრმა იქ დარჩენის სურვილიც გამოთქვა. ასე დაარსდა მონასტერი, რომლის წინამძღვრად თეოკტისტე იქნა დადგენილი. ექვთიმემ კი საძმოს მოძღვრობა იტვირთა. წმიდანი ძმებს ასწავლიდა: „ესე უწყოდეთ, რამეთუ უღირს, რომელსა დაუტევებიეს სოფელი, რაჲთა არა ჰყოფდეს ნებასა თჳსსა, არამედ შეიკრძალოს სიმდაბლÅ და მორჩილებაჲ და მოელოდის სიკუდილსა ყოველსა ჟამსა და დღესა მას საშინელსა სარჩელისასა და ეშინოდის მას ცეცხლისა მისგან უშრეტისა დაუყუარდეს მას დიდებაჲ იგი სასუფეველისა ცათაჲსაჲ”. იგი ამბობდა, მონაზვნებმა, და განსაკუთრებით, ახალგაზრდა ბერებმა ხორცი უნდა აშრომონ და მარად ახსოვდეთო მოციქულის სიტყვები: „ღამე და დღე ვშურებოდე ჴელითა ჩემითა, რაჲთა არავის დაუმძიმო”. ექვთიმე ძმებს ტაძარში, ღვთისმსახურების დროს და ტრაპეზზე მდუმარედ ყოფნას სთხოვდა. ზოგჯერ ბერები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მარხვის სხვებზე მეტად გამკაცრების სურვილს გამოთქვამდნენ, რასაც მოძღვარი უშლიდა მათ და ურჩევდა, საერთო ტრაპეზზე ზომიერად მიეღოთ საზრდელი.

ამ წლებში ღირსმა ექვთიმემ მრავალი არაბი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. მათ შორის იყვნენ მხედართმთავარი ასპევეტი და მისი შვილი ტერებონი, რომელიც წმიდანმა სასწაულებრივად განკურნა. ასპევეტს ნათლისღებისას პეტრე დაერქვა და შემდგომში ეპისკოპოსი შეიქნა არაბთა შორის.

საკვირველთმოქმედ მამას სახელი გაუვარდა „და მრავალნი მოვიდოდეს მისა სნეულნი და ცოფნიცა და განიკურნებოდეს”. ამაო დიდებასა და შფოთს ვერ შეეთვისა ექვთიმე, დატოვა აქაურობა და მოწაფესთან, დომენტიანესთან ერთად რუბის უდაბნოში, მარდას მთაზე დამკვიდრდა. განმარტოების მაძიებელი მამა უდაბნოს სიღრმეში შევიდა, ჰპოვა გამოქვაბული, რომელშიც იმალებოდა საულის დევნას განრიდებული დავითი და აქ მონასტერი დაარსა. ამ ხანებში მრავალი მეუდაბნოე ბერი იხსნა წმიდანმა მანიქეველთა მწვალებლობისგან, მრავალი სასწაული აღასრულა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განკურნა.

მნახველები აქაც არღვევდნენ ექვთიმეს მყუდროებას, ამიტომ მან გადაწყვიტა, კვლავ თეოკტისტეს მონასტერს დაბრუნებოდა, მაგრამ გზად ერთი ადგილი მოეწონა განკრძალული, უდაბური, მიუვალი, „ჰაერითა კეთილ ფრიად” და აქ გაჩერდა ერთ მცირე გამოქვაბულში, მოწაფესთან ერთად.

როცა წმიდა თეოკტისტემ ექვთიმეს მოსვლა შეიტყო, „მსწრაფლ აღმოვიდა მისა”, კურთხევა ითხოვა და ევედრა წმიდანს, მათთან დაბრუნებულიყო სავანეში. მეუდაბნოემ „არა ინება მის თანა წარსვლად”, მაგრამ აღუთქვა, რომ კვირაობით ჩამოვიდოდა ხოლმე, ჟამისწირვაზე.

ექვთიმეს არ სურდა, მის ირგვლივ მოსაგრეები მომრავლებულიყვნენ, მაგრამ ღმერთმა ამცნო: „ნუვის უკუნაქცევ, რომელსა უნდეს ცხორებაჲ”. კვლავ შემოიკრიბნენ მოძღვრის ირგვლივ სულიერი შვილები და დაარსდა ახალი ლავრა.

თავდაპირველად სავანე ძალიან ღარიბი იყო, მაგრამ ღირსი მამა მტკიცედ სასოებდა უფალს, რომელიც წყალობას არ აკლებდა თავის რჩეულებს. ერთხელ ლავრას 400 მგზავრი მოადგა. ექვთიმემ ბრძანა, დაეპურებინათ სტუმრები. იკონომოსმა უპასუხა, ათი კაცის სამყოფი პურიც არა გვაქვსო, მაგრამ, ღვთის ნებით, პური, ღვინო და ზეთი ისე გამრავლდა, რომ მგზავრებიც დანაყრდნენ და ბერებსაც თვეების საკმარისი მარაგი დარჩათ.

ერთხელ, ერთ ბერს მახლობელი დაბიდან ძმებისთვის სახმარის ჩამოტანა დაავალეს. მას არ სურდა ერში გასვლა და მტკიცე უარზე იდგა. ექვთიმე ეუბნებოდა: „მე შევთხოვო ღმერთს, რომ დაგიცვას ყოველგვარი საცდურისაგან“, მაგრამ ბერი კვლავ უარობდა. მაშინ წმიდანმა თქვა: „შენ იცი, რა არს ურჩებისა მისაგებელი”. ამ სიტყვებზე უკეთური და ურჩი მონაზონი შეიპყრა ეშმაკმან და დორბლი გადმოყარა. საძმოს თხოვნით, ექვთიმემ შეცოდებულს ჯვარი გადასახა და განკურნა, რის შემდეგაც მან პატიება ითხოვა და სიხარულით დამორჩილდა მოძღვარს. „ღმერთსა სთნავს მორჩილებაჲ უფროჲს მსხუერპლთა, ხოლო ურჩებაჲ სიკუდიდ მოიყვანებს”, - თქვა წმიდა ექვთიმემ.

ერთხელ, ორმა ძმამ მონასტრული ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლო და გაქცევა განიზრახა. წმიდა მამამ ხილვაში ნახა, თუ როგორ აესხა ეშმაკს მათთვის აღვირი და მოსაკლავად მიათრევდა, თავისთან უხმო ბერებს და დამოძღვრა: განაგდეთო ბოროტი გულის სიტყვები, „ხემან, რომელი ადგილითი-ადგილად იცვლებინ, არა გამოიღის ნაყოფი. და ეგრევე, მონაზონი ოდეს ადგილითი-ადგილად იცვალოს, ვერ ნაყოფიერ იქმნეს. ოდეს ურდეს კაცსა კეთილისა საქმედ ადგილისა თჳსსა და ვერ შეუძლოს, ნუ ჰგონებნ, თუმცა სხუასა ადგილსა ქმნა კეთილი”.

431 წელს ეფესოში გაიმართა III მსოფლიო კრება, მიმართული ნესტორის ერესის წინააღმდეგ. ექვთიმე შეჰხაროდა მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებას და სწუხდა ანტიოქიელ მთავარეპისკოპოს იოანეზე, რომელიც ნესტორს მიემხრო.

451 წელს ქალკედონში გამართულმა IV მსოფლიო კრებამ შეაჩვენა დიოსკორეს ერესი, რომელიც ნესტორის საწინააღმდეგოდ ამტკიცებდა, რომ ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივი ბუნებაა.

ღირსმა ექვთიმემ მიიღო ქალკედონის კრების დადგენილება და იგი მართლმადიდებლურად სცნო. ცნობა ამის შესახებ გავრცელდა ბერ-მონაზონთა და მეუდაბნოეთა შორის და ერესით ცდუნებული მრავალი მოსაგრე დაუბრუნა ჭეშმარიტ აღმსარებლობას.

საოცრად მკაცრი, ასკეტური ცხოვრებისა და მართლმადიდებლობის მტკიცე აღსარებისათვის ექვთიმეს „დიდი“ უწოდეს. საოცარი მადლით იყო შემოსილი წმიდა მამა - ძმები ცხადად ხედავდნენ, -თუ როგორ იმოსებოდა მათი მოძღვარი მსხვერპლშეწირვის საიდუმლოს აღსრულებისას; ანგელოზებიც ხილულად ემსახურებოდნენ მას.

ექვთიმეს ჰქონდა ნიჭი ადამიანის პირისახეზე შეხედვით მისი სულის იდუმალი მოძრაობების და ფარული გულისთქმების ამოცნობისა. ზიარების დროს ზოგი ძმა გაბრწყინდება ხოლმე, ზოგი კი მკვდარს მიემსგავსებაო,-ამბობდა იგი.

როცა ექვთიმე 82 წლის იყო, მასთან მოვიდა ყმაწვილი საბა (შემდგომში საბა განწმედილი, ხს. 5 დეკემბერს), რომელიც სიყვარულით შეიწყნარა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა; 90 წელს მიღწეულმა წმიდანმა პატივით მიაბარა მიწას ერთგული თანამოღვაწე - თეოკტისტე, შემდეგ კი ღმერთმა განუცხადა, რომ მისი აღსასრულის ჟამიც მოახლოებული იყო. ანტონი დიდის ხსენების წინა საღამოს ექვთიმემ ბრძანა, მწუხრის ლოცვა აღესრულებინათ და ღამე ეთიათ, თვითონ კი ორ ხუცესს უთხრა: „ესე ღამისთევაჲ დასასრული არს ღამისთევისა ჩემისაჲ თქუენ თანა ჴორცითა“ და სთხოვა, გამთენიისას ყველა ძმა შეეკრიბათ. წმიდანმა უკანასკნელად ასე დამოძღვრა სულიერი შვილები: „უკეთუ მე გიყუარ, დაიმარხეთ მცნებაჲ ჩემი, დაწყებაჲ და დასასრული საქმეთა კეთილთაჲ, მოიგეთ სიყუარული, რომელსა შინა არა იყოს ზაკუვაჲ. თჳნიერ სიყუარულისა ვერ შეძლებელ ხართ საქმედ კეთილისა რაჲსამე. ყოველი საქმჱ კეთილი სიყუარულითა და სიმდაბლითა სრულ იქმნების. სიმდაბლჱ აღამაღლებს, ხოლო სიყუარული არავის უტევებს დაცემად დიდებისაგან”; მან ითხოვა, არავისთვის დაეხშოთ მონასტრის კარები, უარით არ გაესტუმრებინათ მოწყალების არც ერთი მთხოვნელი და, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის დახმარებოდნენ განსაცდელში მყოფთ, შემდეგ ძმებს ახალი წინამძღვარი დაუდგინა და სამი დღის შემდეგ, 473 წლის 20 იანვარს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდანის მოწაფე დომენტიანე არ განეშორებოდა ძვირფას საფლავს. მეშვიდე დღეს, გამთენიისას, მას ექვთიმე გამოეცხადა „ბრწყინვალებითა თვისითა” და უთხრა: „მოვედ, შვილო, ადგილსა დიდებულსა, რომელი განმზადებულ არს შენთჳს, რამეთუ მე ვევედრე ქრისტესა შენთჳს, რაჲთა იყო ჩემ თანა”. გახარებული ბერი მივიდა ტაძარში, ძმებს ამცნო ხილვის შესახებ და მიიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.