წმიდა ანტონი დიდის ცხოვრება

პირველი ნაწილი

წმიდა ანტონი დიდი დაიბადა ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, ჰერაკლეოპოლის სოფელ კომაში 251 წელს. მისი მშობლები დიდგვაროვანი და კეთილმსახური კოპტელი ქრისტიანები იყვნენ. მათი მცდელობით, მომავალი წმიდანი, ოჯახურ სიმყუდროვეში იზრდებოდა და იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა მცირერიცხოვან ნაცნობთა წრესთან და გარე სამყაროსთან, რის გამოც მტკიცედ იცავდა გულის სიწმინდეს და დღითი დღე წარემატებოდა ღვთისმოშიშებაში. სიყმაწვილის წლებში არ ესწრაფებოდა მეცნიერული ცოდნის შეძენას, არც თანატოლებთან დაახლოებას, რადგან არ იზიდავდა ამ ასაკისთვის საიტერესო სხვადასხვა სახის გასართობი. მისი საყვარელი საქმიანობა იყო ეკლესიაში მშობლებთან ერთად სიარული და იქ წაკითხული წმინდა წერილის გულისყურით მოსმენა. ანტონი თანატოლებისაგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ არასდროს სთხოვდა სასურველ ტკბილეულს და ყოველთვის იმით კმაყოფილდებოდა, რასაც მშობლები სთავაზობდნენ. მის მთავარ საზრდოს კი წმინდა წერილით გადმოცემული უფლის მცნებები წარმოადგენდა.

ნეტარი ანტონი 20 წლის იყო, მშობლები რომ გარდაეცვალა. დარჩა თავის მცირეწლოვან დასთან ერთად და მას შემდეგ, მის მთავარ საზრუნავს დის ღირსეულად აღზრდა და სახლის მოვლა-პატრონობა წარმოადგენდა. ჩვეულებისამებრ, ნეტარი ანტონი კვლავაც აგრძელებდა ტაძარში ხშირად სიარულს, სადაც წმინდა წერილიდან, არცთუ იშვიათად ესმოდა, თუ როგორ დაუტევეს მოციქულებმა ყველაფერი და გაჰყვნენ მაცხოვარს „საქმე მოციქულთა“ კი ამცნობდა, რომ მრავალმა ქრისტიანმა გაყიდა ყოველივე რაც ებადა და აღებული თანხა უკლებლივ გადასცა მოციქულებს. სხვადასხვა საჭიროებისათვის: „და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, გაჰყიდეს და მოაქუნდა სასყიდელი გასყიდულთა მათ, და დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცადკაცადსა, რა ცა ვის უხმდა“ (საქ. მოც. 4, 34-35).

ანტონი ხშირად ფიქრობდა იმის შესახებ, თუ რამდენად მტკიცე სარწმუნოება ჰქონდათ უფლის მიმართ ამ ადამიანებს და როგორი დიდი ჯილდო ელოდათ ამისათვის ზეცაში. ერთხელ, ანტონი ამ ფიქრებში იყო გართული, ტაძარში შესვლისას წმინდა წერილის სიტყვები რომ შემოესმა, სადაც მაცხოვარი მდიდარ ახალგაზრდას მიმართავს: „ჰრქუა მას იესუ: უკეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც საუნჯე ცათა შინა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათ. 19, 21). ანტონიმ ჩათვალა, რომ ეს სიტყვები თავად იესო ქრისტემ წარმოთქვა მის მიმართ. ამიტომ, ტაძრიდან გამოსვლისთანავე გაყიდა რაც კი ებადა. აღებული თანხა ღარიბებს დაურიგა, დიდი თანხის მცირე ნაწილი კი თავისი მცირეწლოვანი და უმწეო დისთვის გადაინახა. მის საკუთრებაში ასევე შედიოდა, ძალზედ ნაყოფიერი და საუკეთესო 300 ფინიკის პალმა, იმის გამო, რომ და და საკუთარი თავი მასზე ზრუნვისაგან გაენთავისუფლებინა, ისიც უსასყიდლოდ მეზობლებს გადასცა.

მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შესვლისას, ანტონიმ კვლავ გაიგონა უფლის სიტყვები სახარებიდან: „ნუ ჰზრუნავ ხვალისათვის“ (მათ. 6, 34), ანტონი, მაშინვე გამოვიდა ტაძრიდან და დანარჩენი ქონების ნაწილიც გაყიდა, გარდა ამისა, აღარც სახლში დარჩენის სურვილი ჰქონდა, ამიტომ თავისი მცირეწლოვანი და, ქალწულ ქალთა კრებულს მიაბარა, რომლებიც თავისი წმინდა ცხოვრებით და ღვთისადმი მორჩილებით ქრისტიანებში დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. ვიდრე, ქრისტეს ეკლესიაში ქალთა სამონასტრო კერები გაჩნდებოდა, ქრისტიანი ქალების ის ნაწილი, რომლებსაც გადაეწყვიტათ, რომ ცხოვრება უფლისადმი მორჩილებაში გაეტარებინათ, ამ სახით ცხოვრობდნენ. გამოცდილი სულიერი წინამძღვრის ხელმძღვანელობით ძირითად დროს მდუმარებაში ატარებდნენ, ასევე ლოცვასა და სხვა სათნოებებში. მათი საცხოვრებელი ადგილი კი თავდაპირველად მოსახლეობაში, რომელიმე კერძო სახლი იყო. მორწმუნეები მათ დიდი სიყვარულის ნიშნად ეკლესიის სამკაულს უწოდებდნენ და ძალზედ ხშირად ეკლესია მათ ხემძღვანელობის გარკვეულ უფლებებსაც ანიჭებდა. ანტონის გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თავისი დაც მათი ცხოვრების მაგალითით ღირსეულად აღზრდილიყო. თავად კი, თავისივე სოფლის მახლობლად, ერთ ქოხში დაეყუდა და მოსაგრე ცხოვრება დაიწყო.

იმ ხანად, ეგვიპტეში ძალზე მცირე რაოდენობის მონასტერი იყო და არც განდეგილური მოღვაწოება იყო ფართოდ გაშლილი. მაგრამ, უფლისადმი მსახურების მოშურნეს, შეეძლო თავისი საცხოვრებლის სიახლოვეს, გარკვეული დროით განმარტოებულიყო და მეტად ეზრუნა სულის ხსნისათვის. სწორედ, ერთ-ერთი ასეთი მამის შესახებ შეიტყო ანტონიმ, რომელიც ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან მისდევდა მოსაგრე ცხოვრებას, და იმ სოფლის სიახლოვეს მოღვაწეობდა, სადაც ნეტარი ანტონი გაიზარდა. მასთან შეხვედრებისა და სულისათვის სასარგებლო საუბრის შემდეგ, ანტონიმ გადაწყვიტა, რომ თავადაც დაეწყო მოსაგრე ცხოვრება. მან ასევე შეიტყო ერთი საეკლესიო მოღვაწის შესახებ, რომლის სარწმუნოებრივი ცხოვრება ყოველი მორწმუნისათვის მისაბაძი მაგალითი იყო. ანტონი მის სანახავადაც გაემგზავრა და მსგავსად გონიერი ფუტკრისა უკან მანამდე არ დაბრუნდა, ვიდრე მის ადგილსამყოფელს არ მიაგნო. მასთან ყოფნის დროსაც, ანტონიმ მრავალი სულიერი რჩევა-დარიგება მიიღო და რწმენაში ერთი-ორად განმტკიცებული, თავის კელიას დაუბრუნდა.

აი, ამგვარი იყო ნეტარი ანტონის სულიერი ღვაწლის პირველი ნაბიჯები, რაც შეეხება ხორციელ ბუნება, მის განსამტკიცებლად საზრდოს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, როგორც ეს წმიდა წერილშია: „რომელი არა იქმოდეს ხელითა თვისით, ნუცაღა ჭამენ“. ამ გზით არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მშივრებსაც კვებავდა. გარდა ამისა, ანტონის სული მუდამ აღვსილი იყო ღვთისადმი ლოცვით, მსგავსად წმიდა წერილის სწავლებისა, რომ ადამიანი მუდმივად ლოცვით უნდა მიმართავდეს უფალს. საღვთო წერილს კი იმდენად დიდი ყურადღებით უსმენდა, რომ ერთხელ მოსმენილსაც, მაშინვე იმახსოვრებდა და მალე თავიდან ბოლომდე ზეპირად ისწავლა.

გარდა განმარტოებითი ლოცვისა და მარხვისა, ანტონი ასევე, ხშირად სტუმრობდა მონსტერში მოღვაწე ბერებსაც, რომლებიც ერთმანეთისაგან სხვადასხვა სათნოებებით გამოირჩეოდნენ: ერთნი თუ თავშეზღუდვის სათნოებით წარემატებოდა დანარჩენ მამებს, მეორენი სიმხნევით, მესამენი მყუდროებით, მეოთხენი სიფხიზლით, მეხუთენი განსაკუთრებული გულისხმიერებით წმინდა წერილის მიმართ. ზოგი ძილის დროს ცარიელ მიწაზე ძილის უნარით განსხვავდებოდა, ზოგიც მარხვის წმინდად დაცვის ღვაწლით, სხვანი თავმდაბლობით ან მოთმინებით. თავის კელიაში დაბრუნებული ანტონი კი სულ იმის ცდაში იყო, რომ ნაცნობ-მოღვაწეთათვის ცალ-ცალკე დამახასიათებელი ესა თუ ის ნიჭი თანაბრად შეეთვისებინა და ყოველგვარ სათნოებათა შესაკრებელი გამხდარიყო. მეზობლები და ბერ-მონაზვნები, რომლებიც ხშირად ხედავდნენ წმიდა ანტონის, ღვთისმოყვარეს უწოდებდნენ. ზოგს, იგი როგორც სულიერი შვილი ისე უყვარდა, სხვებისთვის კი საყვარელი სულიერი ძმა იყო.

მაშინ, როცა ანტონი ასე წარემატებოდა წმინდა ცხოვრებაში, ქრისტიანების მტერმა ეშმაკმა, ვერ აიტანა ახალგაზრდა მოღვაწის ამგვარი სულიერი წინსვლა და გადაწყვიტა თავისი მზაკვრული ხერხებისთვის მიემართა. თავდაპირველად ასეთ ხრიკს მიმართა: შეეცადა, ანტონის ენანა თავისი გადაწყვეტილების გამო, რის საფუძველზეც მთელი სარჩო-საბადებელი და ქონება გაყიდა და უპოვარ ადამინებს დაურიგა. ასევე, სულს უფორიაქებდა მცირეწლოვანი დის ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრების პირობებზე ფიქრით. ბოროტი სული იმის ცდაშიც იყო, რომ ანტონის ხშირად ეფიქრა თავის მაღალი წარმომავლობისა და ამქვეყნიურ სიამეთა საკითხზე. გემოთმოყვარეობის ცოდვაში ჩაეგდო მადის აღმძვრელი კერძების წარმოსახვით. ანტონის, ასევე, ერთდროულად წარმოუდგენდა იმ რთულ გზას და მძიმე დასასრულს, რაც კეთილმსახური ადამიანის ცხოვრების ხვედრია და ამ გზაზე გარდაუვალ, მუდმივ სულიერ ბრძოლებს, დაუძლურებულ სხეულს. მაცდური ამ და მსგავსი გულიზრახვებით ცდილობდა, რომ როგორმე ანტონის გონება დაებინდა და გული შეერყვნა.

ამდენი წინააღმდეგობების მიუხედავად, მაცდური ბოლოს დარწმუნდა და ეჭვიც აღარ ეპარებოდა თავის მარცხში, რაც შედეგი იყო ანტონის ღვთისადმი განუწყვეტელი ლოცვის, რწმენის და მოთმინების, და გადაწყვიტა სხვა გზას დადგომოდა. იმედს ამყარებდა ანტონის ყმაწვილურ ასაკზე და ამ ასაკის ყოველი სისუსტის გამოცდა სცადა. ეშმაკი, ანტონის, სულს უშფოთებდა ღამის ოცნებებით, შიშის აღძვრით, მოჩვენებებით, შუაღამისას შემზარავი ხმაურით, დილით კი აშკარა თავდასხმებით. ანტონი, ეშმაკის ასეთ ბრძოლებს მკვეთრად დაუპირისპირდა: მაცდური თუ არაწმინდა გულისთქმების აღძვრით ცდილობდა ანტონის ცდუნებას, მოსაგრე ბერი გამუდმებული ლოცვით განაქარვებდა მას. ის თუ ხორციელი ვნებებით ცდილობდა მის დაცემას, ანტონი რწმენით და მარხვით განამტკიცებდა თავის სხეულს. ბოროტი სული მიმზიდველი ქალის სახითაც ეცხადებოდა ანტონის, მაგრამ ანტონი გეენის ჩაუქრობელ ცეცხლზე ფიქრით აქარწყლებდა ვნების აღმძვრელ ხილულ ჩვენებებს. ეშმაკი მაინც არ წყვეტდა ღირსი მამის ღვთისაკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლების მცდელობას, რადგან ხედავდა თუ რა ძვირად უჯდებოდა საკუთარი წადილის აღსრულება, იმის გამო, რომ ანტონის მუდამ თვალწინ ჰქონდა გადაშლილი საშინელი სამსჯავროს სურათი, რაც იმაში ეხმარებოდა, რომ მრავალი საცდურის მიუხედავად წმინდად დაეცვა სულის სიწმინდე.

არაწმინდა სულის ყოველი მცდელობა, მარცხით მთავრდებოდა, მეტიც, ერთდროს თუ სცადა, რომ თავისი ამპარტავნებით თავი უფლისათვის გაეტოლებინა, ასეთი მკრეხელობის ჩამდენი, ახლა ახალგაზრდა მოღვაწის მიერ იქნა შერცხვენილი. უფალი იცავდა თავის ერთგულ მონას, რომელიც იმისთვის განკაცდა და ეწამა, რომ თავის მიერ შექმნილი ქმნილება გამოეხსნა ეშმაკის მარწუხებიდან, შემდეგ კი ყოველ მათგანს სიხარულით შეძლებოდათ წარმოთქმა წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები: „არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისა, რომელი იყო ჩემ თანა“ (1 კორ. 15,10).

ბოროტი სული საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, მზაკვრული ხერხებით დაემარცხებინა ანტონი, თავად ხდებოდა დამცირებული და დევნილი, შემდეგ კი ყოველმხრივ განიარაღებულს სხვა არა დარჩენოდა რა და სიბრაზით კბილებს აკრაჭუნებდა.

გადაწყვიტა სხვა რამ ეღონა და ერთხელ წმიდა ანტონის შავი ფერის შემზარავი არსების სახით გამოეცხადა და ნამტირალევი ადამიანის ხმით უთხრა:

- არაერთი ადამიანისთვის მომივლენია განსაცდელი, არაერთი ადამიანი მიცდუნებია, მაგრამ შენ, სხვა წმინდანების მსგავსად, ვერაფერი დაგაკელი.

არაწმინდა სულმა ეს კი უთხრა ანტონის, მაგრამ სინამდვილეში მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდა. კერძოდ, ის, რომ ანტონი დიდს წამროდგენა შექმნოდა საკუთარ თავზე.

- ვინ ხარ, ასე რომ ამბობ შენს თავზე? - ჰქითხა ანტონიმ.

- მე სიძვის ეშმაკი ვარ, - უპასუხა შემზარავმა ჩვენებამ, - სხვადასხვაგვარი ხერხებით ვცდილობ ყოველი ახალგაზრდის ცდუნებას, ამიტომაც მიწოდებენ სიძვის ეშმაკს. მრავალი მომინადირებია, ვისაც კი უფლის მიმართ ქალწულების აღთქმა დაუდია, მრავალი ადამიანი დავუბრუნე უწმინდურ ცხოვრებას, თავშეზღუდვით მოღვაწეობის დაწყება რომ უცდია. ისაია წინასწარმეტყველი სწორედ ჩემზე მიუთითებს ცოდვაში მყოფ ადამიანებს: „აჰა, სულმან სიძვისამან შეაცთუნა და იმრუშეს ღმრთისაგან მათისა“ (ოსე: 4,12). მართლაც, რომ ასეა, ისინი ჩემს მიერ იყვნენ მონადირებულნი. არც შენ დამიტოვიხარ უვნებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყოველგვარი განსაცდელის მიუხედავად განდევნილი ვრჩებოდი.

ანტონიმ ეს რომ მოისმინა, მადლობა შესწირა უფლას და კიდევ უფრო მეტი გამბედაობით მიმართა უწმინდურ სულს:

- მრავალგზის შერცხვენილი ხარ და მრავალგზის დამცირებული. ამიტომაცაა, რომ შენი კუპრივით შავი გარეგნობა, სხვა არაფერია, თუ არა ნიშანი უძლურების. ამიერიდან, კიდევ უფრო ნაკლებ შემაშფოთებელი იქნება ჩემთვის შენთან შეხვედრა: „უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილე მტერნი ჩემნი“ (ფს.117, 7) - ამ სიტყვებით დაასრულა ატნონიმ.

ამის თქმა იყო და მოჩვენება, მაშინვე უკვალოდ გაქრა. ღვთის შეწევნით ეს იყო ანტონის პირველი დიდი გამარჯვება ბოროტ სულზე. მას შემდეგ ღირსმა მამამ, მეტი გულისხმიერებით განაგრძო უფლის მცნებების აღსრულება და უდებების ცოდვას არაერთხელ უძლევია. თუმცაღა, არც ბოროტ სულს გაუვლია აზრად ანტონის წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა და არამცთუ წუთით შეუსუსტებია ყურადღება, არამედ პირიქით: „ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქას“ (1 პეტრ. 5,8).

ანტონი შეუნელებლად განაგრძობდა სულიერ და ფიზიკურ შრომას, რადგანაც წმიდა წერილიდან კარგად უწყოდა, რომ მრავალგვარია ეშმაკის ხრიკები და თუკი ერთხელ მაინც აცთუნებს ადამიანს ავხორცული გულისთქმებით, შემდგომში იგი გაცილებით მეტ განსაცდელს დააწევს თავს. ამიტომაც, ანტონი გამუდმებით იმის ცდაში იყო, რომ დაეძლია და დაემორჩილებინა თავისი ხორციელი ბუნება, რადგანაც კარგად უწყოდა, რომ ერთი მანკიერი თვისების დაძლევით, სხვა სისუსტესაც ადვილად სძლევდა. რაც დრო გადიოდა, მით მეტად აჩვევდა თავს ამა თუ იმ ღვაწლის ტვირთვას. მან ისეთი წესები შეითვისა, რასაც იმ ხანად ბერ-მონაზვნები იშვიათად ასრულებდნენ. ანტონიმ კი მორჩილების ეს ნაკლებად გავრცელებული წესები, ჩვეულებად აქცია და ყოველდღიური გახადა, მაგალითად: მთელ დღეს და ღამეს ლოცვაში ატარებდა და მხოლოდ ოთხ დღეში ერთხელ აძლევდა თავს ძილის უფლებას. მის საკვებს მხოლოდ პური და მარილი წარმოადგენდა, წყალს კი მცირე რაოდენობით სვამდა. მისი სასთუმალი ჭილობი ან ხშირ შემთხვევაში ცარიელი მიწა იყო. მსგავსად დიდი მოღვაწე ბერებისა, სადილში ზეთს ან სხვა ცხიმს საერთოდ არ იყენებდა, ხორცსა და ღვინოზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

ნეტარი ანტონი ამბობდა: ახალგაზრდა ადამიანის სხეულს ბოროტი სული ვერ სძლევს, თუ იგი ნოყიერი საჭმელით არ დამძიმდება, ასევე მნიშვნელოვანია მოუღლელი ფიზიკური შრომა, რათა მისი მოუძლურებით, სული გაძლიერდეს, და წმინდა მოციქულის სიტყვებს დასძენდა: „რაჟამს მოუძლურდე, მაშინ გაძლიერდე“ (II კორ. მიმ. 12,10).

ნეტარი ანტონი წმიდა წინასწარმეტყველ ელიას მსგავსად დღენიადაგ სულიერ და ფიზიკურ ღვაწლში იმყოფებოდა: „ცხოველ არს უფალი, რომლისა წინა მე ვდგა დღეს“ (3 მეფ. 18, 15). და თავადაც ასე გასჯიდა: „აქ შემთხვევით არ არის ნახსენები სიტყვა „დღეს“, ვინაიდან თითოეულ დღეს უკანასკნელად მიიჩნევდა და წარსულში გაწეულ შრომას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა. ეს კი, იქიდან გამომდინარე ხდებოდა, რომ მთელი არსებით ცდილობდა უფლის შეხვედრის ღირსი გამხდარიყო, როცა მის წინაშე წარდგებოდა. ამის მიღწევა კი შესაძლებელია წმიდა გულით და ღვთის ნების უსიტყვოდ აღსრულებით.

ნეტარი ანტონი ფიქრობდა, რომ ყოველმა სულიერმა მოღვაწემ, წმინდა ელია წინაწარმეტყველის მიბაძვით უნდა იცხოვროს. მისი სულიერი გამოცდილება მუდმივად თვალწინ ჰქონდეს და ამ გზით საკუთარი ცხოვრებაც სამართლიანად განსაჯოს. თავადაც წმინდა ელიას მიბაძვით ნეტარი ანტონი თავის ნაცნობთან გაემგზავრა და სთხოვა, რომ დღესასწაულის დღეებში მისთვის საზრდელი მიეტანა. კელიაში დაბრუნების შემდეგ კი განმარტოვდა და სრულ მდუმარებას მიეცა. ეშმაკმა ეს რომ ნახა, შეშინდა, ვაი, თუ ანტონი ჩემს წინააღმდეგ განდეგილობის ღვაწლით შეიარაღდეს და ამ გზით დამიპირისპირდესო და სხვა ეშმაკებიც იხმო თავისთან.

უფლის დაშვებით, არაწმინდა სულებმა იმგვარი თავდასხმა მოუწყვეს ანტონის და ისე გვემეს, რომ მოსაგრე მამა გონდაკარგული და ღონემიხდილი მანამდე იწვა, ვიდრე შემთხვევით მისი ნაცნობი არ ეწვია, რომელსაც საკვები მიჰქონდა. მოგვიანებით, ანტონი ამ ამბავს ხშირად იხსენებდა. ანტონის ჭრილობები იმდენად საზარელი იყო, რომ მისი ატანა ადამიანის შესაძლებლობის ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა და ანტონი გარდაიცვლებოდა თუ არა უფლის ნება, რომელიც საპირისპიროს განსაზღვრავდა. მართლაც, უფლის მიმართ მუდამ სასოებით მყოფი ანტონი, უფალმა არ მიატოვა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ნაცნობმა ანტონი თავის კელიაში გადაასვენა. ანტონის გარდაცვალებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ეს ამბავი მალე შორს გავრცელდა და ნეტარი მამის დასატირებლად მრავალმა ახლობელმა და ნაცნობმა ადამიანმა მოიყარა თავი მის ცხედართან, ყველა ქრისტიანული წესით პატივის მიგებას ცდილობდა. შუაღამისას, როცა ყველას ლოცვით და მწუხარებიდ გადაღლილებს ღრმად ჩაეძინათ, ანტონის ნელ-ნელა აზროვნება და სუნთქვის უნარი აღუდგა. თავი ასწია, ირგვლივ მიმოიხედა და შენიშნა, რომ ყველას ეძინა, გარდა ერთის, ეს მისი ერთგული ნაცნობი იყო, რომელმაც ამ ადგილამდე ანტონი საკუთარი ხელით მიიყვანა. ნეტარმა მამამ ნაცნობს ანიშნა და ახლოს მიიყვანა. შემდეგ კი სთხოვა, რომ უჩუმრად, ისე რომ არავის გაღვიძებოდა, უკანვე დაებრუნებინა. ნაცნობმა თხოვნა შეუსრულა და ანტონი თავის კელიას დაუბრუნა.

ანტონიმ კვლავ განმარტოებით ცხოვრება განაგრძო. თავდაპირველად ჭრილობები ფეხზე დგომის საშუალებას არ აძლევდა და იძულებული იყო პირქვედამხობილს ელოცა უფლის მიმართ. ერთხელაც ხანგრძლივი ლოცვა რომ დაასრულა, ხმამაღლა იყვირა:

- ბოროტნო სულნო! აი, მე ისევ აქ ვარ, ანტონი, და თქვენთან არანაირ ბრძოლას არ გავურბი, თუნდ იმაზე უარესიც რომ დამაწიოთ თავს, რაც აქამდე ყოფილა. მაგრამ, გახსოვდეთ, როგორც არ უნდა ეცადოთ, მაინც ვერ ამოშლით ჩემგან იმ სიყვარულს, უფლის მიმართ რომ გამაჩნია.

და ამ სიტყვებს. ანტონის გალობა მოჰყვა: „გან თუ ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არ შეეშინოს გულსა ჩემს“. (ფს. 26,3).

კეთილის მოძულე ეშმაკმა ეს რომ ნახა, გაოცდა, ასეთი სასტიკი გვემის შემდეგ, ანტონიმ როგორ შეძლო კვლავ, თავის კელიაში დაბრუნება და გამძვინვარებულმა, ეშმაკთა მთელ ლეგიონს უხმო და უბრძანა:

- ხომ ნახეთ საკუთარი თვალით, რომ ვერაფრით შევძელით მისი დამარცხება, ვერც სიძვის გულისთქმებით და ვერც ხორციელი ტანჯვით, ესეც არ იკმარა და იმდენად გაკადნიერდა, რომ დაგვცინა კიდეც. ახლა, ყოველი თქვენგანი შეიარაღდეს და მთელი ძალებით, დაუნდობლად ვეკვეთოთ, რომ დარწმუნდეს, ვის გაუბედა ბრძოლაში გამოწვევა.

ამის თქმა იყო და, ეშმაკთა მთელი ლეგიონი ანტონის წინააღმდეგ წამოიმართა. ანტონის კელიაში ისეთი ხმაური გაისმა, რომ კედლები შეზანზარდა და ჩამოირღვა. მალე კი მთლიანად ბოროტი სულებით აივსო, რომლებიც სხვადასხვა ცხოველის სახით გამოეცხადნენ მოსაგრე მამას და შეეცადნენ მის აღშფოთებას. ლომი ღრიალებდა, თითქოსდა ანტონის შთანთქმას უპირებდა; კამეჩი ბღაოდა და რქებით ცდილობდა მის შეშინებას; გველი სისინით იკლაკნებოდა; მისკენ გამალებით მიიწეოდნენ მგლები; ფოცხვერები კი დაფლეთვას ლამობდნენ. საშინელი სანახაობა გადაიშალა ანტონის თვალწინ და ეს შემზარავი ხმაური მიდამოს აზანზარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ტანჯვამ და გვემამ, ანტონის მოწამეობრივი გასაცდელი განაცდევინა, მაინც ვერ სძლია ბოროტმა სულმა და ბოლომდე სიმხნევე და საღი გონება შეინარჩუნა. თუმცაღა ჭრილობები მოსაგრე მამას მძიმე ტკივილს განაცდევინებდა, ყველაფრის მიუხედავად სულით შეურყეველი დარჩა და ბოროტ სულებს მხნედ მიმართა:

- თქვენ, რომ სულ მცირე ძალა გაგაჩნდეთ, ჩემს წინააღმდეგ საბრძოლველად, ერთი თქვენგანიც კი სურლიად საკმარისი იქნებოდა. მაგრამ, იმის გამო, რომ უფლის ნებით ძალა დაკარგეთ, ცდილობთ თქვენი მრავალრიცხოვნებით შემაშინოთ. თქვენს უძლურებას ისიც კარგად საცნაურყოფს, რომ შმაგი მხეცების გარეგნობა ამოირჩიეთ.

ანტონი კვლამ მხნედ განაგრძობდა:

- თუკი, უფლის დაშვებით ახდენთ ჩემზე თავდასხმას, განა მე აქ არ ვარ, რაღას უცდით? მაგრამ, თუ უფლის ნების დამოუკიდელბად ამას ვერ შეძლებთ, მაშ ტყუილად რისთვის-ღა ირჯებით? ჯვრის თაყვანისცემა და ღვთისადმი რწმენაა, მტკიცე კედლად რომ აღმართულა ჩემსა და თქვენს შორის.

მიუხედავად ბოროტ სულთა არაერთგზის მცდელობისა, რომ ძალაუფლება მოეპოვებინათ ანტონიზე, ბოლოს, ყოველმხრივ განიარაღებულნი, თავადვე რჩებოდნენ და უმწეობით კბილებსღა აკრაჭუნებდნენ, რადგან მრავალი ცდის მიუხედავად, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მიზნის მიღწევა და საბოლოოდ, თავადვე აღმოჩნდნენ ანტონის მიერ ძლეულნი და შერცხვენილნი.

გულმოწყალე უფალი ყოველთვის უხილავად მფარველობდა თავის ერთგულ სულიერ შვილს და არც ამ განსაცდელის დროს მიუტოვებია ანტონი. მოულოდნელად ანტონიმ ზევით აიხედა და შენიშნა, რომ თავისი კელიის კედლისკენ ღვთაებრივი ნათელი დაეშვა. ღვთაებრივმა სხივმა, შავი ნისლი სულ მიმოფანტა და ყველა დემონი უკვალოდ გააქრო. ანტონის სხეულიდან წყლულებიც გაუქრა და ყოველმხრივ განიკურნა. გამოქვაბულის კედლები კი, დემონების გამოჩენის დროს რომ დაინგრა, კვლავ გამთლიანდა. ნეტარი ანტონი, როგორც კი გამოერკვა, მიხვდა, რომ ეს მოულოდნელი სასწაული, ღვთის მიერ მოვლენილი მადლით ხდებოდა და გულიდან ამომავალი ხმით, მთელი ძალით შესძახა:

- აქამდე სად იყავი მოწყალე იესო? რატომ თავიდანვე არ გამოჩნდი ჩემი ჭრილობები რომ დაგეცხრო?

და იყო ხმა:

- აქ ვიყავ ანტონი, მაგრამ ვიცდიდი, შენი სიმტკიცე რომ მენახა. ახლა კი, როცა ვიხილე და დავრწმუნდი შენს სიმტკიცეში, მარადის შენი შემწე ვიქნები და მთელს ქვეყანაზე განვავრცობ შენს სახელს.

ანტონიმ ეს რომ მოისმინა ზე წამოიჭრა და თავის თავში იმხელა ძალა იგრძნო, მანამდე რომ არც განეცადა. ნეტარი ანტონი ამ დროს 35 წლის იყო.

ამის შემდეგ, ანტონი, ისევ თავის ნაცნობ ხუცესთან გაემგზავრა, ვისგანაც ჯერ კიდევ მოღვაწეობის დასაწყისში, თავდაპირველი სწავლება მიიღო მოსაგრე ცხოვრების შესახებ. ხუცესს ანტონიმ სთხოვა, რომ გამგზავრებულიყვნენ ყველასთვის უცნობ ადგილას და ერთად დაეწყოთ მოღვაწეობა. ხანდაზმული ასაკისა და მოღვაწეობის აქამდე უცნობი წესის გამო, ხუცესმა ანტონის უარი უთხრა. ანტონიმაც აღარ დაყოვნა და, უშიშრად, სრულიად მარტო, შორს გაემგზავრა, ისეთ ადგილას, თავად ბერ-მონაზვნებისთვისაც რომ უცნობი იყო.

ნეტარი ანტონის სულიერი მოღვაწეობის ასპარეზზე გამოსვლამდე, ქრისტიანულ ეკლესიაში ჯერ კიდევ არ არსებობდა სამოღვაწეო ცხოვრების ისეთი სახე, როგორიცაა განდეგილური მოღვაწოება, ამიტომაც იყო, რომ მტერი არ წყვეტდა ანტონის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მცდელობას და ყოველგვარი მზაკვრული ხერხებით ცდილობდა ამ დიდ გზაზე მის დაბრკოლებას. ეშმაკმა ახალ ხრიკს მიმართა და უდაბნოში გზადმიმავალ ანტონის წინ ვერცხლის ლანგარი დაახვედრა, იმ იმედით, რომ იქნებ ნეტარი მამა ვერცხლისმოყვაროების ცოდვაში ჩაეგდო. ანტონიმ ლანგარი რომ დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ეშმაკის მორიგი ხრიკი იყო და თავის თავს ჰკითხა: „საიდან შეიძლება ეს ლანგარი ასეთ უკაცრიელ უდაბნოში მოხვედრილიყო? აქ, ხომ მხოლოდ მხეცები და ფრინველები ბინადრობენ, ადამიანის შვილს კი ფეხიც არ დაუდგავს? მაგრამ, თუ იშვიათ შემთხვევაში გამვლელ, რომელიმე მგზავრს ტვირთიდან ჩამოუვარდა, მისი დაკარგვა ხომ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და აუცილებლად დაბრუნდებოდა უკან მის მოსაძებნად. ამ უდაბნოში კი სურლიად ადვილად იპოვნიდა. ეს შენი მორიგი ხრიკია, ბოროტო სულო - განაგრძობდა ფიქრს ანტონი, მაგრამ მაინც ვერ გადამეღობები ჩემს მიერ არჩეულ გზაზე: „ვერცხლი ეგე შენი შენთანვე იყავნ წარსაწმენდელად შენდა“ (საქმ. მოც. 8,20).

ამის თქმა იყო და ლანგარი უკვალოდ გაქრა, ისევე როგორც ცეცხლი წარკვეთს ხოლმე ღამის სიბნელეს.

შემდეგ, გზად მიმავალ ანტონის, წინ ურიცხვი ოქრო დახვდა მტრის ჩვენებით, რათა მოსაგრე მამის მხნეობა გამოეცადა. ანტონის, შეჩერება, არც კი უფიქრია, ისე გადაახტა ურიცხვ ოქროს, როგორც მცხუნვარე ნაკვერცხალს და უკანმოუხედავად, უდაბნოს სიღრმისკენ სირბილით გასწია. მდინარე რომ გადაცურა მთას მიადგა, სადაც დიდი ხნის წინ მიტოვებული ნანგრევები დახვდა. ეს ადგილი შხამიანი ქვეწარმავლებით იყო სავსე, მაგრამ როგორც კი ანტონი მიუახლოვდა, თითქოს ვინმემ უბრძანაო, მორიელები და ქვეწარმავლები მაშინვე განეშორნენ იქაურობას. ანტონიმ კედლები თავისი ხელით ამოაშენა, წყალი კელიაშივე გამართა და დაიწყო სრულ მდუმარებაში მოღვაწეობა. ეს იყო 285 წელს.

ნეტარი ანტონი სრულ მდუმარებაში ცხოვრობდა, არც თავად ტოვებდა კელიას და არც სხვას შეეძლო მისი საცხორვისის ზღურბლის გადალახვა. მუდამ ჟამ მარხვასა და ლოცვაში იმყოფებოდა. გამონაკლისს ის შემთხვევა წარმოადგენდა, როცა წელიწადში ორჯერ, თვისი ნაცნობი პურს მიუტანდა და ესეც ხმის ამოუღებლად ხდებოდა. ანტონის პურს ერდოდან აწვდიდა.

გამოხდა ხანი და ანტონის ადგილ-სამყოფელის შესახებ, მრავალმა მორწმუნემ შეიტყო. მათი დიდი სურვილი იყო, რომ როგორმე მოსაგრე მამისგან სულიერი სწავლება მოესმინა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ნეტარი მამის ხილვა შეუძლებელი ხდებოდა. დღედაღამ მისი კელიის სიახლოვეს ტრიალებდნენ, მაგრამ შესვლა ვერ ხერხდებოდა. სამაგიეროდ საკმარისი იყო კელიის კარს მიახლოვებოდნენ, რომ მაშინვე გაიგონებდნენ საშინელი ყვედრების და გოდების ხმას: „რისთვის მოხვედი ჩვენს საცხოვრებელ ადგილას? რა გესაქმება ამ უდაბნოში? ახლავე დატოვე ჩვენი კუთვნილი ტერიტორია, რადგან არც აქ ცხოვრების თავი გაქვს და არც იმ ძალის მქონე ხარ, რომ გაუძლო ჩვენს თავდასხმებს!“

ერთხელ, ასეთი ყვირილის ხმაზე მორწმუნეებმა იფიქრეს, რომ შესაძლოა რამდენიმე ადამიანი კიბით ჩავიდა წმიდა ანტონის კელიაში და რამეს ედავებიანო. ამის გაფიქრებაზე, საკვამურიდან ჩაიხედეს ნეტარი მამის კელიაში და ვერავინ რომ ვერ შენიშნეს, მიხვდნენ, რომ ეშმაკის ხმა იქნებოდა და შეშფოთებულებმა ანტონის მიმართეს. ანტონის, როგორც კი მათი ხმა მოესმა, ნუგეშისცა და უთხრა: „ღვთის მოშიშთა მონადირების ცდაში არიან ეშმაკნი, მაგრამ გადაისახეთ პირჯვარი და უშიშრად წადით, ამით კი აცადეთ საკუთარი თავის ცდუნება“.

უფლის ჯვრის სასწაულის იმედით განმტკიცებული მორწმუნენი, უშიშრად დაბრუნდნენ უკან. ხოლო ანტონი, არც კი დაშვრებოდა ამ განსაცდელის ჟამს, არამედ მტრის მიერ მოწეული განსაცდელი, მეტად განამზადებდა გულმოდგინებაში. ხშირად, მიმსვლელებს, იმედი გადაეწურებოდათ ხოლმე და ფიქრობდნენ, რომ ნეტარი მამა ცოცხალი აღარ დახვდებოდათ, მაგრამ ყოველ მისვლაზე, ატნონის გალობის ხმა აფხიზლებდათ: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდნენ მოძულენი მისნი პრისა მისისაგან. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა მოაკლდნენ, და ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმიდნენ ეშმაკნი პირისაგან ღმრთისა“. (ფს; 67,1-3) და შემდეგ: „ყოველი თესლები გარემომადგეს მე და სახელით უფლისათა ვერეოდე მათ“ (ფს. 117,12).

ოცი წელი იცხოვრა ანტონიმ განმარტოებით, მუდმივ მარხვასა და ლოცვაში. ამ ხნის მანძილზე, მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა, რომელთაც სურივლი ჰქონდათ მისი მიმბაძველი და მოწაფე გამხდარიყვნენ. ღვთის დაშვებით დადგა ის დრო, როცა ანტონის უკვე მოყვასის სულზეც უნდა დაეწყო ფიქრი.

ერთხელ, მის კელიასთან, სულიერი მოღვაწეობის ცხოვრების მოშურნე მრავალი მორწმუნე ქრისტიანი შეკრებილიყო. ღვთის შთაგონებით გადაწყვიტეს, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ნეტარი მამის უნახავად უკან არ დაბრუნებულიყვნენ. ამ გრძნობით აღვსილნი, ნეტარი ანტონის კელიის კარს მიადგნენ და მთელი ძალით მიაწვნენ, რომ კელიაში შესულიყვნენ. შიგნი რომ შეიჭრნენ, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არაწმინდა სულთა ამდენგზის ყვედრებისა და თავდასხმის შემდეგ, ამდენი ლოცვისა და მარხვის შემდეგ, ანტონი არ თუ დაუძლურებულიყო, არამედ ზუსტად ისევე გამოიყურებოდა, როგორც ოცი წლის წინ. ამ ადგილს რომ მოვიდა, იმ განსხვავებით, რომ სახე მთლიანად ღვთითშემოსილი ნათლით ჰქონდა გაბრწყინებული.

მას შემდეგ, ნეტარი ანტონი გახდა მრავალი მორწმუნის მოძღვარი და დამრიგებელი. მასთან მისულები ადვილად თმობდნენ ამქვეყნიურ სიამეს და უარს ამბობდნენ მიწიერ სიამოვნებაზე, რის გამოც, მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა. ეს ყველაფერი ღვთისმიერ, ანტონის მიმართ დიდი სიყვარულის გამო ხდებოდა. დროის მცირე მონაკვეთში, იმ მხარეში, მრავალი ძლიერი სამონასტრო კერა გაჩნდა და იქ მოღვაწე კარგად გამოცდილ, თუ ახლად მისულ სულიერ მოღვაწეებს, დიდი სიყვარულით წინამძღვრობდა.

ერთხელ, ძმები ერთად შეიკრიბნენ და წმიდა ანტონის სთხოვეს ბერ-მონაზვნური ცხოვრების წესთან დაკავშირებით სწავლა-მოძღვრება მიეცა. ანტონიმ ყველას გასაგონად ხმა აღიმაღლა და დაიწყო:

„ღვთის მცნების აღსრულების შესასწავლად, სრულიად საკმარისია წმიდა წერილი. ერთის მხრივ, კი დიდ სიკეთედ ითვლება ურთიერთნუგეშისცემა. ამიტომ, როგორც თქვენს სულიერ მამას, გამიმხილეთ რა იცით და მე ჩემი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ რაც ვისწავლე. უპირველესად კი არ დაგავიწყდეთ, რომ ღვაწლის აღსრულებაში, რომელიც თქვენ იტვირთეთ, არ მოიწყინოთ, არამედ, პირიქით, დღითი დღე განემტკიცეთ, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და მარადიული ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი.

ასევე, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების ჟამი, არაფერია მარადიული ცხოვრების ჟამთან შედარებით, რომელიც წინ გვიძევს. ამქვეყნად, ყოველი ნივთი, თავისი რეალური ღირებულების შესაბამისად იყიდება. მისგან განსხვავებით აღთქმული, მარადიული ცხოვრების საფასური ძალზედ მწირია, რეალურ ღირებულებასთან შედარებით: „დღენი ცხოვრებისა ჩუენისანი მას შინა სამეოც და ათ წელ, უკუეთუ უმეტეს, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათსა შრომა და სალმობა “ (ფს. 89, 10). ასე, რომ ოთხმოცი ან ასი წელი მუდმივ შრომასა და ღვაწლში, რომ გავატაროთ, ამქვეყნიურ მეუფებას კი არ მოვიპოვებთ, არამედ მარადიულს, განვიძარცვავთ ხრწნად სხეულს და უხრწნელს შევიმოსავთ.

ჩემო სულიერნო შვილნო, ნუ მიეცემით მოწყინებას, რადგანაც ნათქვამია: „რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებია, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“. (რომ. 8,18).

ამა სოფლისა დატევებასა და საკუთარი ღვაწლის მართებულად განსჯის შესახებ კი წმიდა ანტონმა თქვა:

„დაე, ნურც ამა სოფელზე დაგვწყდება გული, თითქოს დიდი რამ დაგვიტევებია, რადგანაც ზეციურ სიკეთესთან შედარებით, ყოველი ამქვეყნიური ამაოა. ამქვეყნიური ყოველი სიკეთე ერთად აღებული, ვერც კი შეედრება ზეციურ სავანეს: „და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამა ანუ დედა ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათვის, ას წილად მიიღოს და ცხოვრება საუკუნო დაიმკვიდროს“ (მათ. 19,29). ყველაზე უწინ კი უნდა გვახსოვდეს, რომ თუკი ვინმე ვერ შეძლებს თავის სიმდიდრესთან განშორებას, იცოდეს, რომ ბოლოს სიკვდილი დააშორებს, ეკლესიასტეც ხომ იგივეს შეგვაგონებს, რომ თუკი ეს გარდაუვალია, განა უმჯობესი არ არის იმთავითვე სათნოებისთვის დავუტევოთ, რათა შემდეგ ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ? რადგან, ცოხვრების ბოლოს, მაინც მოგვიწევს მისი დაკარგვა. რა სარგებელს მოგიტანს იმის მოპოვება, რასაც მარადიული ცხოვრების გზაზე თან ვერ წავიღებთ? განა არ ჯობს, რომ თავიდანვე იმაზე ვიზრუნოთ, რაც სიკვდილის შემდეგ წინ წაგვიძღვება, ესენია: სიბრძნე, სიწმინდე, სიმართლე, სიმხნევე, გულისხმისყოფა, სიყვარული, გლახაკთა მოწყალება, ურისხველობა, სტუმართმოყვარეობა და მტკიცე სარწმუნოება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ამ გზით მოვიპოვებთ მშვიდ ნავთსაყუდელს ამქვეყნადაც და საიქიო ცხოვრებაშიც.

(გაგრძელება)