წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სამშობლო იყო სამხრეთ კაპადოკია, ქალაქი ნაზიანზი, საიდანაც წარმოსდგება მისი ზედწოდება - ნაზიანზელი. გრიგოლის მშობლების კეთილშობილი წარმოშობისანი იყვნენ. მამას ასევე გრიგოლი ერქვა, დედას კი - ნონა. მამა თავიდან არ იყო ქრისტიანი, წმიდა გრიგოლის დედა კი, ნეტარი ნონა, ქრისტიანი მშობლების შვილი და თავადაც ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ღმრთის განგებით იგი ურწმუნო კაცის ცოლი გახდა, რათა ისიც ქრისტეს სჯულზე მოექცია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: „განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (1 კორ. 7, 14). ასეც მოხდა: ღმრთის შეწევნითა და წმიდა ნონას მცდელობით გრიგოლმა უარყო თავისი ცთომილება და ნათელ-იღო.
ნეტარი ნონა ევედრებოდა უფალს, რომ ძე შესძენოდა, და თავიდანვე აღთქმა დადო: თუ ვაჟი ეყოლებოდა, მას ღმერთის სამსახურს შესწირავდა. უფალმა ისმინა მისი და მისცა ძე, რომელსაც მამის სახელი - გრიგოლი უწოდეს. იგი მაშინვე არ მოუნათლავთ, რადგან იმ ხანებში ქრისტიანებს დაბადებისთანავე არ ნათლავდნენ, არამედ ზრდასრულ ასაკში. მოგვიანებით წმიდა მამებმა ეს ჩვეულება შეცვალეს და წესად დაადგინეს ყრმათა ადრეული ნათლობა.
ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან განსაკუთრებული გონიერებითა და სწავლაში გულმოდგინებით. თამაში, გართობა და ათასგვარი სანახაობა არ იზიდავდა და მთელ დროს წიგნის კითხვას ანდომებდა, დედა კი ქრისტიანულ ცხოვრებას ასწავლიდა. წმიდა გრიგოლი განსაკუთრებით ცდილობდა სულის სიწმინდისა და სხეულის უმანკოების დაცვას, ერიდებოდა ზედმეტ ჭამა-სმას, ღვინის სმასა და ფუჭ დროსტარებას.
სწავლის გასაგრძელებლად წმიდა გრიგოლი ჯერ პალესტინის კესარიაში ჩავიდა, მერე კი ალექსანდრიას მიმართა, სადაც ცნობილი მასწავლებლების ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ძველ ელინურ სიბრძნეს. მალე იგი ათენს გაემგზავრა გემით, რომელსაც მძვინვარე ქარიშხალი დაღუპვას უქადდა, მაგრამ ღმერთის შეწევნითა და წმიდა გრიგოლის ლოცვით გადარჩა. როგორც ვიცით, ათენში გრიგოლი გაეცნო და დაუმეგობრდა ბასილი დიდს.
როდესაც ბასილი დიდი ეგვიპტეში გაემგზავრა, გრიგოლი ერთხანს ათენში დარჩა და რიტორიკას ასწავლიდა, მერე კი, რომ გაიგო, მამამისი ნაზიანზის ეპისკოპოსად დაადგინეს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს გრიგოლი უკვე 30 წლისა იყო და მამის ხელიდან მიიღო წმიდა ნათლისღება. მას სურდა მაშინვე მიეტოვებინა ეს სოფელი და უდაბნოში განმარტოებულიყო, მაგრამ მამის თხოვნას დაჰყვა და დროებით ნაზიანზში დარჩა. მთელ დროს გრიგოლი ღმრთივსულიერი წიგნების კითხვას და ლოცვას ანდომებდა. მალე მამამ იგი თავისი ნების წინააღმდეგ მღვდლად აკურთხა და ეპისკოპოსად დადგინებასაც უპირებდა. ეს რომ შეიტყო, გრიგოლი ჩუმად გაიპარა სახლიდან და პონტოს მონასტერს მიაშურა, სადაც უკვე მოღვაწეობდა მისი მეგობარი, ბასილი. ამგვარად, ბასილი და გრიგოლი კვლავ ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ბაძავდნენ ღმრთის სათნო ცხოვრებაში და ერთადვე ქმნიდნენ მონაზვნური ცხოვრების წეს-განგებას.
ამ დროს გარდაიცვალა გრიგოლის ძმა, კესარიოსი. მამამ წერილი მოსწერა, რომელშიც ცრემლით ევედრებოდა ჩასულიყო და თანადგომა გაეწია მისთვის. გრიგოლი დაჰყვა მამის თხოვნას და დაბრუნდა ნაზიანზში, სადაც არიოზის წვალება მომძლავრებულიყო. აქ იგი ეხმარებოდა ღრმად მოხუცებულ მამას ეკლესიის მართვასა და არიოზის ცრუ-მოძღვრების მხილებაში.
კონსტანტინე დიდის ძის, კონსტანციუსის სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის ტახტზე ავიდა უსჯულო იულიანე, რომელიც აშკარად განუდგა ქრისტეს და თავი წარმართად გამოაცხადა. მან განაახლა ქრისტიანების დევნა და დიდ საფრთხეს უქადდა ქრისტეს ეკლესიას, მაგრამ სპარსელებთან ერთ-ერთ ბრძოლაში დაეცა. მის შემდეგ გამეფდა მართლმადიდებელი იმპერატორი იობიანე, რომელმაც ძლიერ ცოტა ხანს იცოცხლა და ტახტზე ვალენტი ავიდა, არიოზის მიმდევარი. მის დროს ამ ცრუმოძღვრებამ ახალი ძალით იფეთქა და მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი აცთუნა. თვით ეპისკოპოსი ევსევი კესარიელიც კი შეორგულდა და გადაუხვია მართალ სარწმუნოებას. ეს რომ შეიტყო, გრიგოლმა წერილი მისწერა მას და ურჩია, კესარიაში ბასილი დიდი დაებრუნებინა. მანვე მისწერა ბასილის და სთხოვა, ეკლესიის საჭიროებისთვის მიეტოვებინა მონასტერი და კესარიაში წასულიყო.
ამგვარად, მან შეარიგა ეს ორი მამა. ბასილი კესარიაში დაბრუნდა და მხარში ამოუდგა ევსევის. არიანელთა დიდი ნაწილი დადუმდა, დანარჩენები გაიქცნენ. მალე ევსევი გარდაიცვალა და კესარიის მთავარეპისკოპოსის ტახტზე ბასილი დაადგინეს, თუმცა ეს მისი ნების წინააღმდეგ მოხდა.
წმიდა გრიგოლი ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, მერე კი უდაბნოში დაეყუდა, თუმცა მალე ყურად იღო მშობლების ვედრება და ნაზიანზში დაბრუნდა. მამა სთხოვდა, მის ნაცვლად ემართა ნაზიანზის ეკლესია, მაგრამ გრიგოლს არ სურდა ამ პატივის მიღება და უარზე იდგა. ბოლოს იგი დამორჩილდა ბასილი დიდისა და მამის ნებას და ქალაქ სასიმის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. გრიგოლის მამა 45 წელი იყო ნაზიანზის ეპისკოპოსი და ღრმად მოხუცი, 100 წლის ასაკში მიიცვალა. მალე ნატარი ნონაც აღესრულა. გრიგოლმა დიდი პატივით დაკრძალა მშობლები და, თუმცა თანამოქალაქეებს ძალიან უნდოდათ, რომ მას მამის კათედრა დაეკავებინა, გრიგოლი არ დაჰყვა მათ თხოვნას. მალე იგი ფარულად სელევკიაში გაემგზავრა, იქიდან კი კესარიაში ჩავიდა და ბასილის მიერ მოწყობილი საავადმყოფოებისა და ხანაგების გამგებლობას შეუდგა.
ამასობაში არიანული წვალების წიაღიდან იშვა ახალი - მაკედონიოსის სული წმიდის მგმობელი წვალება. ეს წვალება განსაკუთრებით გავრცელდა ბიზანტიაში. ბასილი დიდისა და მრავალი სხვა მამის რჩევით, გადაწყდა გრიგოლი ბიზანტიაში ჩასულიყო მართლმადიდებლობის დასაცავად. ამ დროს აღესრულა ბასილი დიდი, რამაც დიდად დაამწუხრა გრიგოლი, იგი ჩავიდა კესარიაში და თავისი უახლოესი მეგობარი დაიტირა. მალე გრიგოლი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ეკლესია მეტისმეტად შერყეული დახვდა. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი მწვალებლებს ჰყავდათ გადაბირებული, თითქმის ყველა ტაძარი მათ ხელში იყო. მართლმადიდებლებს ეპყრათ მხოლოდ ერთი პატარა, წმიდა ანასტასიას სახელობის ძველი ეკლესია. წმიდა გრიგოლმა მაშინვე დაიწყო ბრძოლა მწვალებელების წინააღმდეგ და მათ დოგმატურ ცდომილებებს ობობას ქსელივით არღვევდა. მისი დაუღალავი ქადაგების შედეგად ქრისტეს ეკლესიას მრავალი შეცთომილი შვილი დაუბრუნდა, მწვალებელთა რიცხვი კი ყოველდღიურად კლებულობდა.
ამასობაში გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი წვალება - აპოლინარიუსისა, რომელიც არასწორად ასწავლიდა ქრისტეს განხორციელების შესახებ. ამ წვალებამ ძალიან მოიკიდა ფეხი და წმიდა გრიგოლმა, როგორც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა, მის წინააღმდეგაც გაილაშქრა. აპოლინარიუსის მიმდევრებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს წმიდანს, მრავალჯერ დასწამეს ცილი, მრავალჯერ დაუპირეს ქვებით ჩაქოლვა, მაგრამ ღმერთი ყოველთვის იფარავდა მას. ბოლოს იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს წარუდგინეს, როგორც ავაზაკი, მაგრამ მან იცოდა გრიგოლის უდანაშაულობა და გაათავისუფლა.
ამგვარად, წმიდა გრიგოლმა შორს გაითქვა სახელი, როგორც მართლმადიდებლობის მხნე დამცველმა და ბრძენმა მოძღვარმა. სწორედ განსაკუთრებული სიბრძნისა და მრავალ მძლავრ მწვალებელზე მოპოვებული გამარჯვებისათვის ეწოდა მას „ღმრთისმეტყველი“, ქრისტეს საყვარელი მოწაფის, იოანეს მსგავსად. მართლმადიდებლებს სურდათ, წმიდა გრიგოლი კონსტანტინეპოლის პატრიარქად ეხილათ, ამასვე ურჩევდა ალექსანდრიის პატრიარქი პეტრე, წმიდა ათანასე ალექსანდრიელის მემკვიდრე. მაგრამ ამ დროს მოულოდნელი დაბრკოლება გამოჩნდა.
კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი მაქსიმე, ცინიკოსთა სკოლის წარმომადგენელი, კაცი ცბიერი და პირმოთნე. იგი ეახლა წმიდა გრიგოლს, უარყო ელინური უღმრთოება, ნათელ-იღო და წმიდა ეკლესიის წევრი გახდა. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ თვალთმაქცობა იყო - სინამდვილეში მაქსიმე ცხვრის ტყავში გამოხვეული მგელი გახლდათ და ბოროტი მიზნები ჰქონდა. წმიდა გრიგოლს ეჭვი არ შეჰპარვია მის გულწრფელობაში, დაიახლოვა და ეკლესიის მრევლს შეუერთა. მაქსიმემ ერთ-ერთ ხუცესთან ერთად დაიწყო ბრძოლა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტის მისატაცებლად და ათასგვარი ხრიკების საშუალებით შეძლო კიდეც ამ მიზნის მიღწევა. მორწმუნენი აღაშფოთა მაქსიმეს მზაკვრობამ, მათ არ მიიღეს იგი და წმიდა გრიგოლსაც უსაყვედურეს ასეთი კაცის დაახლოებისათვის.
მაშინ მაქსიმე მის მიერ მოსყიდულ ეგვიპტელ ეპისკოპოსთან ერთად იმპერატორ თეოდოსი დიდთან გაემგზავრა, რომელიც იმ დროს თავის ლაშქართან ერთად თესალონიკში იმყოფებოდა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე დამტკიცება სთხოვა. თეოდოსი განრისხდა და გააძევა მაქსიმე, რომელიც ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ პეტრე ალექსანდრიელთან გამართა ქიშპობა, მაგრამ მალე იქიდანაც გამოაგდეს.
ამასობაში წმიდა გრიგოლს ჯანმრთელობამ უღალატა და სნეულებებმა დარიეს ხელი. მან გადაწყვიტა უარი ეთქვა კონსტანტინეპოლის ეკლესიის მართვაზე და ნაზიანზში დაბრუნებულიყო. მანამდე გრიგოლმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა ხალხს, რომელშიც მოუწოდა მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებლობა და რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე ეკეთებინათ. ხალხი მიხვდა, რომ ეკლესიის მწყემსი ტოვებდა სამწყსოს. გაისმა შეძახილები და ხმამაღალი ტირილი:
- მამაო! შენი წასვლით თან მიგაქვს სწავლება წმიდა სამების შესახებ. უშენოდ ამ ქალაქში გაქრება ჭეშმარიტი აღმსარებლობა, შენთან ერთად განგვეშორება მართლმადიდებლობა და ღმრთისმოშიშება!
ხალხის ასეთმა მწუხარებამ წმიდა გრიგოლს გადააფიქრებინა კონსტანტინეპოლიდან წასვლა და აღუთქვა მოქალაქეებს, რომ ვიდრე კონსტანტინეპოლის ტახტზე ღირსეულ ეპისკოპოსს არ აირჩვედნენ, მათთან დარჩებოდა. ამ დროს თეოდოსი დიდმა გამარჯვება მოიპოვა ბარბაროსებთან ბრძოლაში და კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ქალაქის საკათედრო ტაძარი ამ დროს კვლავ არიანელებს ეპყრათ, პატრიარქის ტახტზე კი არიანელი პატრიარქი, დემოფილე იჯდა. თეოდოსიმ მოსთხოვა დემოფილეს, ან წვალებაზე ეთქვა უარი, ან ეპისკოპოსობა დაეთმო. დემოფილემ თავისი ცთომილება აირჩია. მაშინ მეფემ დაუბრუნა მართლმადიდებლებს კონსტანტინეპოლის მთავარი ეკლესია, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე არიანელების ხელში იყო, და ყველა სხვა ეკლესიაც. როდესაც წმიდა გრიგოლი და მთელი მორწმუნე ერი ეკლესიას მიუახლოვდა, არიანელებმა გზა გადაუღობეს და არ სურდათ მათი შეშვება, ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ წმიდა გრიგოლს; ატყდა დიდი შფოთი. ამ დროს თვით მეფე მობრძანდა და პატივით შეაბრძანა ეკლესიაში მღვდელმთავარი და მისი თანმხლებნი. ხალხი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთს და სურდა მაშინვე აეყვანათ პატრიარქის ტახტზე გრიგოლ ღმრთისმეტყველი, მაგრამ იგი მეტისმეტად დაუძლურებული იყო თავისი სნეულებით და ერთ-ერთი დაახლოებული პირის დახმარებით მიმართა ხალხს:
- შვილნო! დღეს სიხარულისა და ღმერთისთვის მადლობის აღვლენის დროა, პატრიარქის არჩევა კი სხვა, უფრო შესაფერი დროისათვის გადავდოთ!
ხალხმა შეისმინა წმიდა მღვდელმთავრის რჩევა და შეწყვიტა ყვირილი. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ყველა წავიდ-წამოვიდა, არიანელები კი შერცხვენი სცემდა წმიდა გრიგოლს და მამასავით ექცეოდა, მაგრამ გრიგოლი იშვიათად მიდიოდა მეფესთან, რადგან კარგად ახსოვდა სოლომონ მეფის სიტყვები: „ნუ დახშირებულ აღიყვან ფერხსა მეგობრისა მიმართ შენისა, რათა არა ოდეს განძღეს შენგან, მოგიძულოს შენ“ (იგავ. 25, 18).
წმიდანი გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს, ავადმყოფებს ნახულობდა და კურნავდა, შეურაცხყოფილებს ესარჩლებოდა, სუსტებს განამტკიცებდა და მწვალებლებთან ბრძოლას განაგრძობდა. იგი ხშირად მიდიოდა სოფელში, რათა ცოტა ხანს მარტო დარჩენილიყო და დაესვენა, იმისათვის, რომ ეკლესიის და ხალხის სამსახური შესძლებოდა.
381 წელს ბიზანტიაში დაიწყო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც 150-მა ეპისკოპოსმა მოიყარა თავი. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს წმიდა მელენტი ანტიოქიელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი ნების წინააღმდეგ, მეფისა და მთელი ხალხის თხოვნით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანეს. მალე მელენტი, ანტიოქიის პატრიარქი, ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ დროს კრებაზე ჩამოვიდნენ მაკედონიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსები, რომლებმაც დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს გრიგოლის არჩევის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, კონსტანტინეპოლის პატრიარქის არჩევა ალექსანდრიის პატრიარქის საქმეა და არა ანტიოქიისაო. ეპისკოპოსებს შორის დავა ატყდა. ერთნი ამბობდნენ, გრიგოლი სამართლიანად არის არჩეულიო, მეორენი კი საწინააღმდეგო აზრისანი იყვნენ. მაშინ წმიდა გრიგოლმა შეკრიბა ეპისკოპოსები და სიტყვით მიმართა მათ:
- წმიდანო მწყემსმთავარნო! არასოდეს ვცდილვარ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ტახტზე დამკვიდრებას, ხოლო თუ ეს ეკლესია ჩემი ღვაწლით გაიზარდა და გაძლიერდა, ამისთვის ღმერთს ვწირავ მადლობას და მისგანვე მოველი სასყიდელს. მხოლოდ ჩემი სამწყსოს სიყვარულმა და მღვდელმთავართა საერთო რჩევამ მაიძულა პატრიარქობის მიღება, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი მტრულად მიყურებს. მაშ იცოდეთ, მე არც სიმდიდრე მიზიდავს, არც მაღალი თანამდებობა და პატივი, არ მსურს კონსტანტინეპოლის პატრიარქის სახელი და დაუნანებლად ვთმობ ეპისკოპოსობას; თქვენ კი ითათბირეთ და, როგორც უმჯობესად მიიჩნევთ, ისე გადაწყვიტეთ. მე დიდი ხანია მონასტრის სიმყუდროვე მიხმობს - ვინც პატრიარქობას მართმევს, ის უფალს ვერ წამართმევს.
ამის შემდეგ გრიგოლმა დატოვა პატრიარქის სამყოფელი და ეკლესიის მახლობლად, პატარა სახლში განმარტოვდა. იგი ცდილობდა თავი აერიდებინა მასთან მისული ხალხის ლაპარაკისა და მითქმა-მოთქმისათვის, მაგრამ ხალხი ევედრებოდა, არ მიეტოვებინა ქალაქი, რომელსაც ამდენი წყალობა უყო და ასეთი ღვაწლი დასდო. წმიდა გრიგოლს შეებრალა ისინი და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო - ღმერთს ევედრებოდა, თავად მას გადაეწყვიტა ეს საკითხი.
ამასობაში კრებაზე თავმოყრილ ეპისკოპოსთა რიცხვმა იმატა, შფოთი და უთანხმოება კი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლი კვლავ წარსდგა მათ წინაშე და მიმართა:
- მამანო და მღვდელმთავარნო! სირცხვილია, რომ თქვენ, ვინც სხვებს ასწავლით მშვიდობით ცხოვრებას, ერთმანეთთან ვერ დაგიმყარებიათ მშვიდობა. როგორ უნდა შესძლოთ სხვების დარწმუნება, თუ თქვენ თვითონ ვერ მიაღწევთ მშვიდობას? მაგრამ გვედრით ერთარსი და ყოვლადწმიდა სამების წინაშე, ზავი ჩამოაგდეთ და სიყვარული უჩვენეთ ერთმანეთს. თუ თქვენი ქიშპობის მიზეზი მე ვარ, მაშ იონა წინასარმეტყველივით გადამაგდეთ გემიდან - იქნება შეწყდეს ეს განხეთქილება. და თუმცა მე არა ვარ დამნაშავე ქარიშხლის ამოვარდნაში, მაგრამ ვარჩევ, მე დავზარალდე, ოღონდაც თქვენ გქონდეთ მშვიდობა ერთმანეთთან. გადამაგდეთ ტახტიდან, გამაძევეთ ქალაქიდან, მხოლოდ შეიყვარეთ მშვიდობა და ჭეშმარიტება: ამას გთხოვთ ზაქარია წინასწარმეტყველთან ერთად (ზაქ. 8, 19). სიკეთეს გისურვებთ, წმინდანო მღვდელმთავარნო! ნურც ჩემს შრომას დაივიწყებთ!
ამ სიტყვამ ყველა მის მოწინააღმდეგესაც კი მოულბო გული. მაგრამ წმიდა გრიგოლმა მტკიცედ გადაწყვიტა, სამშობლოში დარბუნებულიყო. იგი მივიდა მეფესთან და სთხოვა:
- მეფეო! ღმერთმა მოგაგოს ყველა იმ სიკეთისათვის, რაც ეკლესიას უყავი. მაგრამ შეისმინე, მაღალო ხელმწიფეო, ჩემი დღევანდელი სათხოვარი: არც მამულის სათხოვნელად მოვსულვარ, არც ჩემი ნათესავების პატივს დავეძებ, მხოლოდ ჩემს შრომათა შემსუბუქება მსურს. დაე ამით მოეღოს ბოლო მრავალთა შურს, დაე შენი მცდელობით მშვიდობა ჩამოვარდეს ეპისკოპოსებს შორის! შენ, ვინც გამარჯვება მოიპოვე ბარბაროსებზე - მღვდელმთავართა შუღლიც დააცხრე! ამას კი მაშინ მიაღწევ, თუ მე სამშობლოში გამიშვებ. მხოლოდ ამ წყალობის სათხოვნელად მოვედი შენთან, მაშ ნუ მეტყვი უარს ამ უკანასკნელ სიკეთეზე!
ამ სიტყვებმა შეძრეს მეფე და მას ცრემლი მოერია, ატირდნენ იქ მყოფი დიდებულებიც. ყველა დიდ სიყვარულს გრძნობდა წმიდა გრიგოლის მიმართ და არ სურდათ მისი გაშვება. წმინდანმა კვლავ რამდენჯერმა გაუმეორა თხოვნა, თან თავის სიბერესა და სნეულებასაც ახსენებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაარწმუნა მეფე, გაეშვა იგი, რათა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა და დაესვენა ამდენი შრომის შემდეგ. მაშინ გრიგოლი ყველას გამოეთხოვა, უკანასკნელი დარიგება მისცა თავის სამწყსოს და გასცილდა ქალაქს. ხალხმა ტირილით გააცილა საყვარელი მღვდელმთავარი. რამდენიმე ეპისკოპოსმა, ვისაც უყვარდა გრიგოლი და განიცდიდა მის წასვლას, დატოვა კრება და შინ გაემგზავრა. ასეთები იყვნენ გრიგოლ ნოსელი, ამგილოქე იკონიელი, ევლოგი ედესელი და სხვები. კრებაზე დარჩენილმა ეპისკოპოსებმა პატრიარქად სენატორი ნექტარიოსი აირჩიეს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კაპადოკიაში, პატარა სოფელ არიანზში განმარტოვდა. აქ იგი ისვენებდა, თან ბევრს შრომობდა ეკლესიის საკეთილდღეოდ. ამ დროს მისი სამშობლო, ნაზიანზი აპოლინარიუსის წვალებით იყო შებილწული. წმიდა გრიგოლი თავისი სიტყვითაც და ეპისტოლეებითაც მტკიცედ ებრძოდა ამ ცრუმოძღვრებას. ქალაქის მცხოვრებნი სთხოვდნენ, ეკლესიის მმართველობა ეკისრა, მაგრამ გრიგოლმა უარი თქვა ამ პატივზე და სხვა, ღირსეული ეპისკოპოსი დაუდგინა, თვითონ კი კვლავ არიანზში განაგრძობდა განმარტოებულ ცხოვრებას. იგი აღესრულა 389 წლის 25 იანვარს, ღრმად მოხუცებული, და პატივით დაკრძალეს მშობლიურ ქალაქ ნაზიანზში. 950 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენა.
შეადგინა და თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ