ნეტარი ქსენია პეტერბურგელი

ნეტარი ქსენიას (ქსენია გრიგოლის ასული პეტროვა) წარმოშობის შესახებ ცნობები არ შემონახულა. არ ვიცით, ვინ იყვნენ მისი მშობლები, სად მიიღო განათლება და აღზრდა. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ქსენია უბრალო წარმოშობისა არ იყო, რამდენადაც გათხოვილი იყო ანდრეი თეოდორეს ძე პეტროვზე, რომელიც პოლკოვნიკის ხარისხში გახლდათ და მეფის კარის მუსიკოსი იყო. ხალხის ხსოვნამ არაფერი იცის ქსენია გრიგორის ასულზე, როგორც ჩვეულებრივ ქალზე, ჩვეულებრივი ადამიანური ინტერესებით. მაგრამ, იყო რა პოლკოვნიკის ცოლი, იგი არც არაფრით გამოირჩეოდა მისი თანამედროვე სხვა ქალებისგან, არ ჰქონდა არანაირი გამორჩეული დამსახურებანი არც მართლმადიდებელი ეკლესიის, არც სამშობლოს წინაშე. სწორედ ამიტომ, მისი ცხოვრების პირველ წლებზე არანაირი ცნობები არ გაგვაჩნია. სამაგიეროდ ხალხის ხსოვნამ კარგად შემოინახა სახე ქსენია გრიგორის ასულისა, როგორც ქალისა, ქრისტესათვის სულელისა, როგორც ღვთის მოღვაწისა და როგორც ნეტარისა. ხალხის ხსოვნამ შემოინახა აგრეთვე მიზეზი ქსენიას მიერ სოფლის სრული უარყოფისა და ყველა ამსოფლიური სიხარულისაც. ამის მიზეზი იყო სრულიად მოულოდნელი სიკვდილი მის მიერ ღრმად შეყვარებულ, სასიცოცხლო ძალების გაფურჩქვნის პერიოდში მყოფი ქმრისა - ანდრეი თეოდორეს ძე პეტროვისა.

ამ მოულოდნელმა დარტყმამ ისე ძლიერ შეძრა ქსენია გრიგორის ასული, ისე ძლიერ იმოქმედა ახალგაზრდა 26 წლის, უშვილო ქვრივზე, რომ მან თითქმის ერთბაშად დაივიწყა ყოველივე მიწიერი, ადამიანური, ყველა სიხარული და გართობა, და ამის გამო ბევრს შეშლილად, გონებაარეულად ეჩვენებოდა.

ასე დაუწყეს ყურება მას მისმა ნათესავებმა და ნაცნობებმაც კი და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქსენიამ მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლი კი თავის კარგ ნაცნობს პარასკევა ანტონოვას აჩუქა.

ქსენიას ნათესავებმა სარჩელითაც კი მიმართეს გარდაცვლილი ანდრეი თეოდორეს ძის უფროსობას, არ დაერთოთ ნება ქსენიასათვის გონებანაკლულებაში დაერიგებინა თავისი ქონება. გარდაცვლილი პეტროვის უფროსობამ ქსენია თავისთან გამოიძახა, მაგრამ მასთან საუბრისას დარწმუნდა, რომ ქსენია სავსებით ჯანმრთელია და ამიტომ უფლება აქვს განკარგოს თავისი ქონება ისე, როგორც მოესურვება.

ასე უყურებდნენ ხორციელი ადამიანები მხევალს ღვთისას, ქსენიას და არ ესმოდათ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მის სულში დიდი გადატრიალება ხდებოდა, ხდებოდა სრული გარდაქმნა ხორციელი ქალისა სულიერ ქალად.

და მართლაც, საყვარელი ქმრის მოულოდნელმა სიკვდილმა, რომელშიც თავი მოიყარა მისი სიცოცხლის მთელმა მიზანმა და ცხოვრებისადმი მთელმა ინტერესმა, ნათლად უჩვენეს ქსენიას თუ რაოდენ არამყარია და ამაო მიწიერი ბედნიერება.

იგი მაშინვე მიხვდა, რომ დედამიწაზე მყარი ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია, რომ ყველაფერი მიწიერი მხოლოდ ხელისშემშლელი და დამაბრკოლებელია ნამდვილი ბედნიერების მიღწევის გზაზე ზეცაში, ღმერთში. აი, რატომ გადაწყვიტა ღვთის მხევალმა ქსენიამ ქმრის სიკვდილისთანავე გათავისუფლებულიყო ყოველგვარი მიწიერი მიჯაჭვულობისაგან: ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლი ქალბატონ ანტონოვას აჩუქა, ხოლო თავად არაფერი დაიტოვა, რათა არაფერს შეეშალა მისთვის ხელი ჭეშმარიტი სულიერი ბედნიერების მიღწევაში.

ამის მისაღწევად მან სალოსობის მძიმე გზა აირჩია. ქმრის კოსტუმში გამოწყობილმა დაიწყო ყველას დარწმუნება იმაში, რომ ანდრეი თეოდორეს ძე სრულიადაც არ მომკვდარა, არამედ მოკვდა მისი მეუღლე ქსენია გრიგორის ასული და არასოდეს ამის შემდეგ არ გამოპასუხებია მას, ვინც ქსენია გრიგორის ასულს ეძახდა და ყოველთვის ხალისით პასუხობდა, როდესაც ანდრეი თეოდორეს ძეს ეძახდნენ.

რაიმე განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი ქსენიას არ ჰქონდა. უმეტესად იგი მთელი დღე დაეხეტებიდა პეტერბურგში და უპირატესად წმიდა მოციქულ მათეს სახელობის ეკლესიის მრეველის რაიონში, სადაც მაშინ პატარა ხის სახლებში ღარიბი ხალხი ცხოვრობდა. უცნაური სამოსი ღარიბი, ძლივს შემოსილი ქალისა, რომელსაც არ ჰქონდა ადგილი სადაც თავს მიიდრეკდა, მისი გადაკრული ლაპარაკი, მისი სიმდაბლე, ურისხველობა ხშირად ბოროტ ხალხს და განსაკუთრებით კი ქუჩის ბიჭებს, აძლევდა საბაბს ეჭვით ეცქირათ, თამამად გაეკილათ და დაეცინათ ნეტარი დედისთვის.

მაგრამ ნეტარ დედას ყოველთვის თვალწინ ედგა ტანჯული ქრისტეს სახე, რომელმაც უდრტვინველად გადაიტანა ლანძღვა-გინება, ფურთხება, ჯვარცმა და სიკვდილი. აი, რატომ იყო, რომ ნეტარი დედაც უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ დაცინვას.

მხოლოდ ერთხელ, როდესაც ქსენია უკვე ღვთის სათნომყოფელად ითვლებოდა, პეტერბურგელებმა იგი საშინელ მრისხანებაში ნახეს. ქუჩის ბიჭებმა სალოსის დანახვაზე ჩვეულიებისამებრ დაცინვა და გაბრაზება დაუწყეს. ნეტარი დედაც, ჩვეულებრივ, უდრტვინველად იტანდა ამას, მაგრამ ბოროტი ბავშვები დაცინვით არ შემოიფარგლნენ. ნახეს რა, უდრტვინველობა და უმწეობა ნეტარისა, მათ დაცინვასთან ერთად დაუწყეს ტალახისა და ქვების სროლა... მაშინ კი, როგორც ჩანს, ნეტარ დედასაც არ ეყო მოთმინება. ქარიშხალივით გამოენთო ბოროტ ბიჭებს, თან თავისი ჯოხით ემუქრებოდა, რომელსაც მუდამ თან დაატარებდა. პეტერბურგელებმა ასეთ საშინელ მრისხანებაში რომ დანახეს, შეძრწუნდნენ უპატრონო, ბოროტი ბავშვების საქციელით და მაშინვე მიიღეს ზომები, რათა აღარავის ეწყენინებინა ნეტარისთვის.

თანდათანობით ნეტარი დედის უცნაურობებს შეეჩვივნენ, თანდათნობით მიხვდნენ, რომ ის უბრალო მთხოველი - გლახაკი არ არის, არამედ რაღაც განსაკუთრებული. ამიტომ ეცოდებოდათ და ცდილობდნენ რამით დახმარებოდნენ.

ეს სიბრალული განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კამზოლი და კოფთა ნეტარ დედას მთლიანად შემოაცვდა და ზამთარ-ზაფხულ საცოდავი ძონძებით დადიოდა. შიშველ ფეხებზე კი, ყინვისაგან დასიებულსა და წითელზე, დახეულ ფეხსაცმელს ატარებდა. ძლივსშემოსილი, სველი და გათოშილი სალოსის შემხედვარე, ბევრი აძლევდა მას თბილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მოწყალებას, მაგრამ ქსენია არაფრით არ თანხმდებოდა თბილი ტანსაცმლის ჩაცმაზე და მთელი ცხოვრება საცოდავი ძონძებით დადიოდა - წითელი კოფთითა და მწვანე ბოლოკაბით, თუ პირიქით - მწვანე კოფთითა და წითელი ბოლოკაბით. მოწყალებასაც ასევე არ იღებდა. მხოლოდ ხანდახან კეთილი ადამიანებისგან იღებდა „მეფეს ცხენზე“ (კაპიკებს მხედრის გამოსახულებით) და მაშინვე აძლევდა ამ „მეფეს ცხენზე“ ისეთივე ღარიბებს, როგორიც თვითონ იყო.

მთელი დღეები დაეხეტებოდა რა პეტერბურგის ჭუჭყიან ქუჩებში, იშვიათად შეუვლიდა ხოლმე თავის ნაცნობებს, სადილობდა მათთან, ესაუბრებოდა, ხოლო შემდეგ კვლავ სახეტიალოდ მიდიოდა.

სად ატარებდა ღამეებს დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო. ამით დაინტერესდნენ არა მხოლოდ პეტერბურგის მცხოვრებნი, არამედ ადგილობრივი პოლიციაც, რომელსაც ის, რომ ნეტარი დედის ღამისთევის ადგილი ცნობილი არ იყო, საეჭვოდ ეჩვენებოდა. გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, გაეგოთ, სად ატარებდა ღამეებს ეს უცნაური ქალი და რას აკეთებდა ამ დროს. პეტერბურგის მცხოვრებლებმა და ადგილობრივმა პოლიციამ, შეძლო დაეკმაყოფილებინა თავისი ცნობისმოყვარეობა და დამშვიდებულიყო.

აღმოჩნდა, რომ ქსენია, მიუხედავად წელიწადის დროისა, მიუხედავად ამინდისა, ღამით მინდორში მიდის, მუხლს იყრის და ლოცვაზე დგება და თვით მზის ამოსვლამდე არ წყვეტს მუხლმოდრეკილი ლოცვას, პერიოდულად კი დიდ მეტანიებს აკეთებს ოთხივ კუთხით.

სხვა დროს მუშებმა, რომლებიც სმოლენსკის სასაფლაოზე აგურის ეკლესიას აშენებდნენ, შეამჩნიეს, რომ ლამით, როდესაც ისინი არ იყვნენ, მშენებლობაზე ეკლესიის ზედა უბნებზე ვიღაცას აგურის მთელი მთები აჰქონდა. დიდხანს აკვირვებდათ ეს მუშებს, დიდხანს ვერ გაეგოთ, თუ საიდან ჩნდებოდა მშენებარე ეკლესიაზე ზემოთ აგურები. ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტეს გაეგოთ თუ ვინ იყო ეს უფასო, დაუღალავი მუშაკი, რომელიც ყოველ ღამე აგურებს უზიდავდა? აღმოჩნდა, რომ ეს დაუღალავი მუშაკი მხევალი ღვთისა - ქსენია იყო. შესაძლოა ბევრი სხვა, ქვეყნისათავის უცნობი ღვაწლი ჰქონდა ნაკისრი ნეტარ ქსენიას. სამწუხაროდ მის გვერდით არ იყო ვინმე, ვინც ამ ღვაწლთა მოწმე იქნებოდა.

მან მარტომ განვლო თავისი ცხოვრებისეული გზა. ამასთან ეს გზა გრძელი იყო: მთელი 45 წელი ცხოვრობდა იგი ქმრის სიკვდილის შემდეგ, მთელი 45 წლის მანძილზე დაუღალავად ებრძოდა კაცობრიობის მტერს - ეშმაკს და ამსოფლიურ ამპარტავნებას!

სად ასვენებდა თავის თითქმის შეუმოსავ, ძონძებით დაფარულ სხეულს ნეტარი ქსენია თავისი მწირობის მანძილზე, მხოლოდ ღვთისთვისაა ცნობილი. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავოცდეთ, თუ როგორ შეეძლო მას, მოხუცსა და სუსტს აეტანა რუსეთის თავსხმა წვიმები, რომლებიც ძვლებადე ატანს, რუსეთის საშინელი ყინვები, როდესაც ჩიტები ჰაერში იყინებიან და ადვილად ცივდებიან კარგად ჩაცმული, ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები! ალბათ, საჭირო იყო ზეადამიანური ძალების ფლობა, ანდა ისეთი შინაგანი, სულიერი სიმხურვალის ქონა, ან ისეთი ღრმა, შეურყეველი რწმენა, რომლის წყალობითაც შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება.

მაგრამ, თუ გავიხსენებთ ღვთის დიდ სათნომყოფელთა გასაოცარ, ადამიანურ ძალებზე აღმატებულ და ადამიანური გონებისთვის მიუწვდომელ სასწაულებს, ნეტარი დედის ღვაწლსაც ნუ ჩავთვლით არ არსებულ, ადამიანის სხეულისთვის შეუძლებელ ღვაწლად.

ნეტარ ქსენიას მართლაც ჰქონდა იმგვარი რწმენა, რომლითაც ყველაფერი შესაძლებელია. დიდი სიმდაბლით, სულიერი ღვაწლითა და ხორციელი სიგლახაკით, მოყვასისადმი სიყვარულით და ლოცვით მოიპოვა მან წინასწარხედვის მადლმოსილი ნიჭი. ამ თავისი ნიჭით იგი ბევრს დაეხმარა ცხოვრების მოწყობაში და სულის ხსნაში რომელზეც ცნობილი შემთხვევებიც მოწმობს, პეტერბურგის მცხოვრებთა მეხსიერებამ რომ შემოინახა.

 

ვაჭრის ცოლის, კარაპივინას სიკვდილის წინასწარმეტყველება

ერთხელ ნეტარი დედაა, სტუმრად მყოფი ვაჭრის ცოლთან კრაპივინასთან, ესაუბრებოდა დიასახლისს და თან მისი მასპინძლობით სარგებლობდა. რადგანაც ეცოდებოდა ვაჭრის ახალგაზრდა ცოლო, რომელიც ასე გულღიად იღებდა მას და წინასწარ ხედავდა რა ამ უკანასკნელის მოახლობულ სიკვდილს, ქსენიამ ისურვა გაეფრთხილებინა იგი სიკვდილისათვის აუცილებელი ქრისტიანული მომზადების შესახებ. ამიტომ წასვლისას, მან ყველას გასაგონად, სხვათაშორის, თქვა: „აი ჭინჭარი მწვანეა, მაგრამ მალე, ძალიან მალე დაჭკნება“ (კრაპივა რუსულად ჭინჭარს ნიშნავს - მ.შ.). ამის გამგონე კრაპივინას არცერთ სტუმარს არ მიუქცევია ქსენიას სიტყვებისთვის ჯეროვანი ყურადღება, თუმცა მოგვიანებით, ვაჭრის ახალგაზრდა ცოლის მოულოდნელი სწრაფი დაღუპვის შემდეგ, გაიხსენეს ეს სიტყვები და ძლიერ გაოცებულნი და შეძრულნი დარჩნენ.

 

ღმერთმა ძე გამოგიგზავნა

სხვა დროს ქსენია თავის კარგ ნაცნობთან, ქალბატონ პარასკევა ანტონოვასთან მივიდა, რომელსაც ადრე თავისი სახლი აჩუქა და ეუბნება: „აი, შენ აქ ზიხარ და წინდებს აკერებ და არ იცი, რომ ღმერთმა ძე გამოგიგზავნა! ჩქარა წადი სმოლენსკის სასაფლაოზე!“ ანტონოვამ, რომელიც ახალგაზრდობიდან იცნობდა ნეტარ დედას, კარგად იცოდა, ქსენიას ბაგეს ტყუილი არასოდეს მოსწყვეტია. ამიტომ ახლაც, მიუხედავად მისი სიტყვების უცნაურობისა, მაშინვე დაიჯერა, რომ შესაძლოა მართლაც რაღაც განსაკუთრებული მოხდა და საჩქაროდ გაიქცა სმოლენსკის სასაფლაოზე. ვასილევსკის კუნძულის ერთ-ერთ ქუჩაზე, სმოლენსკის სასაფლაოს მახლობლად, ანტონოვამ ერთად შეკრებილი ხალხი დაინახა. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ანტონოვა მივიდა ხალხთან და შეეცადა გაეგო, თუ რა მოხდა.

აღმოჩნდა, რომ ვიღაც თავზე ხელაღებულმა მეეტლემ ფეხმძიმე ქალი გაიტანა, რომელმაც აქვე, ქუჩაში იმშობიარა და გააჩინა ბიჭი, ხოლო თვითონ მაშინვე აღესრულა. შეეცოდა რა ბიჭი, პარასკევა ანტონოვამ მაშინვე წაიყვანა ბავშვი თავისთან. მიუხედავად, როგორც პეტერბურგის პოლიციის, ისე თვითონ ანტონოვას ძლიერი მცდელობისა, ვერ მოხერხდა იმის გარკვევა, თუ ვინ იყო მისი გარდაცვლილი დედა, ან ვინ იყო მისი მამა და ბიჭი ანტონოვას დარჩა ხელზე. მან ბიჭს შესანიშნავი აღზრდა-განათლება მისცა.

შემდგომში იგი გამოჩენილი ჩინოვნიკი გახდა და სიკვდილამდე უფრთხილდებოდა და უვლიდა თავის დედობილს, იყო რა მისი ძლიერ პატივისმცემელი და მხურვალედ მოყვარული შვილი. იგი ასევე ღრმა მოწიწებით ეკიდებოდა ღვთის მხევალ ნეტარ დედა ქსენიას ხსოვნას, რომელმაც ამდენი სიკეთე უყო მის დედობილს და ასეთი მონაწილეობა მიიღო მისი ბედის წარმართვაში, როგორც დაბადებისთანავე ობლად დარჩენილი ბავშვისა.

 

ფაშატისთავა

ღვთის მხევალ ქსენიას სამრეკლოს მახლობლად მდებარეობს ევდოკია დენისის ასულ გაიდუკოვას სამარე, რომელიც 1827 წელს გარდაიცვალა. ეს გაიდუკოვა იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც უყვარდა და რომელთაც ხანდახან სტუმრობდა მხევალი ღვთისა ქსენია.

ერთხელ, ნეტარმა ქსენიამ მასთან მაშინ შეიარა, როცა სადილობა იყო მოახლოვებული. მისი მოსვლით გახარებულმა ევდოკია დენისის ასულმა მაშინვე სუფრა გაშალა, ქსენია მაგიდასთან დასვა და გაუმასპინძლდა იმით, რაც ღმერთმა მისცა. დამთავრდა სადილობა. ევდოკია დენისის ასულმა მადლობა გადაუხადა ქსენიას სტუმრობისთვის და ბოდიში მოიხადა ცუდი გამასპინძლებისთვის.

„ნუ დამემდურები - ამბობდა იგი - საყვარელო ანდრეი თეოდორეს ძევ, მეტი არაფერი მაქვს რომ გაგიმასპანძლდე, არაფერი მომიმზადებია“.

„გმადლობთ, გეთაყვა, გმადლობთ მასპინძლობისთვის, - უპასუხა ქსენიამ, - ოღონდ რა საჭიროა თვალთმაქცობა? შენ ხომ შეგეშინდა ჩემთვის იხვის მოცემა!“

ევდოკია დენისის ასულს ძლიერ შერცხვა: ღუმელში მას მართლაცჰქონდა შემწვარა იხვი, რომელიც ქმრისთვის შეინახა. მაშინვე გაიქცა ღუმლისაკენ და დაიწყო იქადან იხვის გამოღება, მაგრამ ქსენიამ მაშინვე გააჩერა: „არა, არა, რას შვები, არ არის საჭირო! მე არ მინდა იხვი. მე ხომ ვიცი, რომ ყველაფრით გამამასპინძლდებოდი, მაგრამ შენი ფაშატის გეშინია, რატომ უნდა გააბრაზო?“- „ფაშატისთავას“ ქსენია ევდოკია დენისის ასულის ქმარს ეძახდა, რომელიც ძლიერ არ უყვარდა მისი ლოთობისთვის, უხეში ხასიათისა და ბილწი გინებისათვის მთვრალ მდგომარეობაში.

 

შენი ქმარი ცოლს ასაფლავებს

ღვთის მხევალ ქსენიას ნაცნობთა რიცხვს, რომელთაც იგი ზოგჯერ მოინახულებდა ხოლმე, მიეკუთვნებოდა, აგრეთვე, გოლუბევების ოჯახიც, რომელიც ქვრივი დედისა და 17 წლის ულამაზესი გოგონასგან შედგებოდა. ქსენიას ძლიერ უყვარდა ეს გოგონა მისი მდაბალი, წყნარი ხასიათისა და კეთილი გულისათვის.

ერთხელ მათ ქსენია ესტუმრა. დედა-შვილი მაგიდასთან ისხდა და ყავას ამზადებდა. „ეჰ, მზეთუნახავო, - მიმართა ქსენიამ გოგონას, - შენ აქ ყავას ხარშავ, შენი ქმარი კი ცოლს ასაფლავებს ოხტაზე. ჩქარა იქ გაიქეცი!“

„ეს როგორ?! - უპასუხა გოგონამ - მე არა მხოლოდ ქმარი, საქმროც კი არა მყავს. აქ კი ვიღაც ჩემი ქმარი, თანაც ცოლს ასაფლავებს?“ „წადი!“ - გაბრაზებით უთხრა ქსენიამ, რომელსაც არ უყვარდა შეწინააღმდეგება. გოლუბევებმა, როძლებმაც კარგად იცოდნენ, რომ ქსენია არასოდეს არაფერს ამბობს ტყუილად, თვლიდნენ რა მას ღვთის სათნომყოფელად, დაუჯერეს მის ბრძანებას და ოხტაზე გაემგზავრნენ.

აქ მათ დაინახეს, რომ სასაფლაოს პროცესია უახლოვდება. გოლუბევები შეერივნენ ხალხს და გაჰყვნენ პროცესიას სასაფლაოზე. ახალგაზრდა ქალს ასაფლავებდნენ, ექიმის ცოლს, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. დაიწყო და დამთავრდა ლიტურგია, შემდეგ კი პანაშვიდი. განსვენებული მის უკანსკნელ ადგილზე გადაასვენეს. სასახლეს გოლუბევებიც მიჰყვებოდნენ.

დამთავრდა დაკრძალვა. ხალხმა დაშლა დაიწყო, გოლუბევებიც წავიდნენ. უეცრად მწარედ მოქვითინე ახალგაზრდა ქვრივს გადაეყარნენ, რომელმაც დაინახა რა საფლავის ბორცვი საყვარელი მეუღლისა, გონება დაკარგა და უგრძნობლად ჩაუვარდა ხელში გოლუბევებს, რომლებმაც საშველად მიირბინეს. ისინი შეეცადნენ მის გონზე მოყვანას, გაიცნეს იგი და ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა გოლუბევა ექიმის ცოლი გახდა. მან ბედნიერად და უშფთთველად იცხოვრა თავის ქმართან ღრმა სიბერემდე. სიკვდილის წინ კი თავის შვილებს დაუბარა ეპატრონათ ღვთის მხევალ ნეტარი ქსენიას საფლავისათვის და პატივი ეცათ მისი ხსოვნისათვის.

 

„აიღე ხუთიანი, ჩაქრება...“

ერთხელ ქსენია ქუჩაში ერთ კეთილმსახურ ქალს შყხკდა, თავის ნაცნობს. გააჩერა იგი და მისცა რა სპილენძის ხუთკაპიკიანი მხედრის გამოსახულებით, უთხრა: „აიღე ხუთიანი, ჩაქრება“.

ქალმა აიღო ხუთკაპიკიანი, დაემშვიდობა ქსენიას და გაურკვევლობაში მყოფი, თუ რას ნიშნავდა ქსენიას სიტყვები, სახლისაკენ გაეშურა. მაგრამ როგორც კი გავიდა იმ ქუჩაზე, რომელზეც ცხოვრობდა, დაინახა, რომ მისი სახლი იწვის. ვერ მოასწრო თავის სახლამდე მირბენა, რომ ცეცხლის ალი ჩაქრა.

მხოლოდ ახლაღა მიხვდა იგი, თუ რას ნიშნავდა ქსენიას სიტყვები: „აიღე ხუთიანი, ჩაქრება“.

 

იქ სისხლია, სისხლი!

ყველასთვის ცნობილია, რომ იმპერატრიცა ანა იოანეს ასულმა, რომელსაც სურდა განემტკიცებინა რუსეთის ტასტი თავისი მამის, მეფე იოანე ალექსანდრის ძის (პეტრე დიდის ძმის), შთამომავლებისათვის, დაიბარა თავისთან დისშვილი ანა ლეოპოლდის ასული, გაათხოვა იგი პრინც ანტონ ულრიხზე და როდესაც ამ ქორწინებიდან დაიბადა ბიჭი იოანე (1740), იგი თავის მემკვიდრედ დანიშნა. ანა იოანეს ასულის სიკვდილის შემდეგ, იოანე ანტონის ძე მართლაც აკურთხეს იმპერატორად. ამ მოვლენიდან ერთი წლის შემდეგ, კერძოდ კი 24-დან 25 ნოემბრამდე 1741 წლისა, რუსეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. იმპერატრიცად აკურთხეს პეტრე დიდის შვილი - ელიზავეტა პეტრეს ასული. იოანე ანტონის ძე შლისებურგის ციხე-სიმაგრეში გამოკეტეს, ხოლო მისი მშობლები ხოლმოგორში გადაასახლეს, სადაც აღესრულნენ კიდეც. უბედური იოანე ანტონის ძე შლისებურგის ციხე-სამაგრეში, მკაცრი ზედამხედველების ქვეშ, 23 წელს იტანჯა. 1764 წელს, უკვე იმპერატრიცა ეკატერინე დიდის მეფობის დროს, ერთ-ერთმა ყარაულის ოფიცერმა, მიროვიჩმა, განიზრახა იოანე ანტონის ძის განთავისუფლება ტყვეობიდან და მისი იმპერატორად გამოცხადება. მაგრამ მოროვიჩის მცდელობა ჩაიშალა: სხვა ოფიცრები იმპერატრიცას ერთგულები დარჩნენ. მომხდარი შეტაკების დროს იოანე ანტონის ძე მოკლეს.

ამ სამწუხარო მოვლენამდე სამი კვირით ადრე ნეტარმა ქსენიამ დაიწყო ყოველდღიურად მწარედ ქვითინი. ყველას ვინც შეხვდებოდა, ხედავდა რა მას ცრემლიანს, ეცოდებოდა, ფიქრობდა რომ ვიღაცამ აწყენინა და ეკითხებოდა: - „ანდრეი თეოდორეს ძევ, რატომ ტირი? ვინმემ ხომ არ გაწყენინა?“ ნეტარი დედა პასუხობდა:

„იქ სისხლია, სისხლი, სისხლი. იქ მდინარეები სისხლით აივსო; იქ სისხლიანი არხებია, იქ სისხლია, სისხლი“ - და კიდევ უფრო უმატებდა ტირილს.

არავის ესმოდა, თუ რა მოუვიდა მუდამ მშვიდ და კეთილმოსურნე ნეტარს. არავის ესმოდა მისი უცნაური სიტყვებიც. მხოლოდ სამი კვირის შემდეგ, როდესაც პეტერბურგში ხმა დაირხა იოანე ანტონის ძის წამებით სიკვდილზე, ყველანი მიხვდნენ, რომ თავისი ტირილით და სიტყვებით: „იქ მდინარეები სისხლით აივსო, იქ სისხლიანი არხებია, იქ სისხლია სისხლი“, ნეტარი დედა იოანე ანტონის ძის წამებით სიკვდილს წინასწარმეტყველებდა.

 

წინასწარმეტყველებისა და ნეტარი ქსენიას შემწეობის სხვა შემთხვევები

რაღა თქმა უნდა, ეს ნეტარი დედის წინასწარმეტყველების სრული ჩამონათვალი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ყველა შემთხვევის შესახებ ცნობები არ შემოინახა. თუმცა, მოყვანილი მაგალითებიც საკმარისია, რათა დავინახოთ, რომ ნეტარი დედა მართლაც ფლობდა მომავლის ხედვის სასწაულებრივ უნარს.

ამბავი ნეტარი დედის მკაცრი, მოღვაწეობრივი ცხოვრების, მისი სიკეთის, სიმდაბლის, მორჩილების, არამომხვეჭელობის, წინასწარმეტყველების სასწაულებრივი უნარის შესახებ ფართოდ გავრცელდა მთელს პეტერბურგში. ყველამ ისე დაუწყო ყურება, როგორც ღვთის სათნომყოფელს, როგორც უდიდეს მოღვაწეს. მის მიმართ უკვე არა მხოლოდ სიბრალულით იყვნენ გამსჭვალულნი, არამედ პატივს სცემდნენ და ეთაყვანებოდნენ. ყველა გაოცებული და გულმომლბარი იყო მისი მკაცრი, მოღვაწეობრივი ცხოვრებით. ამიტომ იყო, რომ ვაჭრებიც, მეშჩანებიც, ჩინოვნიკებიც და პეტერბურგის სხვა მცხოვრებნიც მოხარულნი იყვნენ ქსენიას სტუმრობის, მით უფრო, რომ ყველამ, შენიშნა: რომელ სახლშიც ან ოჯახშიც არ უნდა მისულიყო ნეტარი დედა, იქ ყველგან მადლმოსილი სიმშვიდე და განსაკუთრებული ბედნიერება ისადგურებდა.

ვაჭრები ამჩნევდნენ, რომ თუკი ნეტარი რომელიმე დახლს ესტუმრებოდა, სადაც მანამდე ვაჭრობა არ იყო და აიღებდა რაიმე უმნიშვნელოს გასაყიდი ნივთებიდან - კაკალს, თაფლაკვერას, - ის დახლი მშვენიერ ვაჭრობას იწყებდა, რადგან ხალხი ცდილობდა ეყიდა რაიმე სწორედ იმ დახლიდან სადაც ნეტარმა შეიხედა.

მეეტლეებმა შენიშნეს, რომ თუ რომელიმე მათგანი მოახერხებდა, თუნდაც რამოდენიმე ნაბიჯი გაეტარებინა ნეტარი დედა, მას მთელი დღე მშვენიერი მგზავრობა ჰქონდა და კარგ ანაზღაურებას იღებდა. აი რატომ იყო, რომ მეეტლეები შორიდანვე, მოჰკრავდნენ თუ არა თვალს ნეტარ დედას, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ პირველი მივიდოდა თავისი ეტლით და ევედრებოდნენ, თუნდაც ჩამომჯდარიყო მათთან, დარწმუნებულნი იმაში, რომ ეს მათ კარგ ანაზღაურებას მოუტანთ და უსაზღვროდ ბედნიერი იყო ის, ვინც მოახერხებდა თავისი ეტლით გაეტარებინა ნეტარი დედა.

დედებმა შენიშნეს, რომ თუ ნეტარი მოეფერება ანდა დაარწევს საწოლში ავადმყოფ ბავშვს, ის უეჭველად გამოჯანმრთელდება. აი რატომ იყო, რომ მოჰკრავდნენ თუ არა თვალს, მაშინვე მისკენ მიემართებოდნენ თავიანთი ბავშვებით და სთხოვდნენ დალოცვას ან მათ მოფერებას, დარწმუნებულნი იმაში, რომ ის ბავშვი, ვინც ნეტარი დედის მოფერების ან დალოცვის ღირსი გახდა, ან ვისაც უბრალოდ თავზე ხელი გადაუსვა ნეტარმა, უეჭველად ჯანმრთელი და ბედნიერი იქნებოდა.

და ამ მოღვაწემ, თავისი ქმრის სიკვდილის შემდეგ, მთელი 45 წელი იცხოვრა მუდმივ მცდელობაში ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოვებისა უფალში, მუდმივ ბრძოლაში კაცობრიობის მტეროან და მუდმივ მზადყოფნაში თითოეულისათვის სიკეთის კეთებისა.

მთელი ამ ხნის მანძილზე, მას არა მარტო არ ჰქონდა ადგილი სადაც თავს მიიდრეკდა, არამედ არ ჰქონდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლითაც შეიძლებოდა დაეფარა და გაეთბო დამზრალი სხეული. მიუხედავად ამისა, ის სრულიად ბედნიერი იყო დღისითაც, როგორც ფრინველი ზეცისა, დაფრინავდა იგი პეტერბურგში, მსურველი ყველასათვის და თითოეულისთვის აღმოეჩინა რაიმე დახმარება, ხოლო ღამით თავად უფალს ესაუბრებოდა ლოცვით და სხვაგვარ ღვაწლს მიცემული.

სიმდაბლე, მორჩილება, სიკეთე განუწყვეტლივ უბრწყინავდა შრომით გადაღლილ სახეზე; ჩანდა, რომ ნეტარის სული შორს დაფრინავს ამ სოფლისგან და თუმცა მისი სხეული ჯერ კიდევ მიწაზე იმყოფება, მისი სული ზეცაშია, რომელსაც იგი დაუღალავად ესწრაფვოდა.

და აი მოღვაწემ მიატოვა მიწა. დადგა ჟამი, როდესაც უფალმა ინება გაენთავისუფლბინა ის სოფელთან ბრძოლისაგან და თავისთან, სამოთხის სანახებში წაეყვანა.

1988 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოახდინა წმინდა ნეტარი ქსენია პეტერბურგელის კანონიზირება.

მთარგმნელი მელანია შანავა-ვეფხვაძე