ღირსი მიქაელ მალეინი (+962)

12 (25) ივლისი

ღირსი მიქაელ მალეინი (ერობაში - მანუელი) მალეინების ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო და იმპერატორ ლეონ VI ბრძენს (886-912) ენათესავებოდა. იგი დაახლოებით 894 წელს დაიბადა კაბადოკიაში. სიჭაბუკეში მანუელი კონსტანტინოპოლში გაგზავნეს სამეფო კარის ზნე-ჩვეულებათა შესათვისებლად, საღვთო შურით აღძრულმა ყმაწვილმა კი ფარულად მიაშურა ბითვინიას, კიმინის მთაზე მდებარე სავანეს, სადაც მოღვაწების გაოკვეული დროის შემდეგ მოძღვარმა - იოანე ელადელმა მიქაელის სახელით აღკვეცა ბერად. მშობლები მეტად შეურაცხყო შვილის ამ საქციელმა, ძალით წაიყვანეს იგი შინ, მაგრამ ბერობის დატევებაზე ვერ დაითანხმეს. ჭაბუკი მოსაგრე კვლავ დაუბრუნდა მონასტერს, სადაც მეტრაპეზედ დანიშნეს. ღირსი მამა თავად ამზადებდა საჭმელს, რეცხავდა ჭურჭელს, დაუზარლად აღასრულებდა სხვა ამგვარ საქმეებს... მთელ დღეებს კვართის ამარა, ფეხშიშველი ატარებდა, ღამღამობით, ზამთარშიც კი, ფიცრებზე ეძინა... როცა ორი წლის შემდეგ მამამ მიქაელი იხილა, მეტად გაიხარა და ასე მიმართა: „გაფრთხილდი, შვილო, ნურასოდეს განუდგები უფალს, რომელიც მშობლებზე და ამსოფელზე მეტად შეიყვარე!“ მალე წმიდანის მამა გარდაიცვალა, დედა მონაზვნად აღიკვეცა და კეთილმსახურებაში შეჰვედრა სული უფალს. მემკვიდრეობით მიღებული ქონების ნაწილი ნეტარმა გლახაკებსა და განთავისუფლებულ მონა-მხევლებს დაურიგა, ნაწილი კი - მონასტერს შესწირა.

მიქაელმა მოძღვარს სავანის მახლობლად, კლდის ერთ გამოქვაბულში დაყუდებით ცხოვრებაზე გამოსთხოვა კურთხევა: კვირაში ხუთ დღეს იქ ატარებდა განმარტოებით, შაბათ-კვირას კი ღვთისმსახურებაზე დასასწრებად და საზიარებლად მონასტერს უბრუნდებოდა. ოთხი წლის შემდეგ ღირსი მამა თავის კეთილმსახურ ნათესავთან, აღაპისთან ერთად შიდა უდაბნოში დამკვიდრდა. შემდგომ მოსაგრეებმა გადაწყვიტეს, განმარტოებით ეღვაწათ, მდუმარებაში. მიქაელმა მშრალ ტბად წოდებულ უდაბურ ადგილას პატარა ქოხი მოიწყო და იქ დაეყუდა. მალე წმიდანთან მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველებმა დაიწყეს მისვლა. თავდაპირველად ნეტარი ყველას უარით ისტუმრებდა, მაგრამ შემდეგ მომსვლელთა გულმოდგინება რომ იხილა, თითო-თითოდ დაიწყო მათი მიღება და სულიერ ცხოვრებაში დამოძღვრა. როცა ძმების რიცხვმა ორმოცდაათს გადააჭარბა, მიქაელმა მათთვის ლავრა დააარსა მკაცრი წესდებით, ღირს აღაპის მოუხმო, სავანეზე ზრუნვა მას მიანდო, თვითონ კი რამდენიმე ბერთან ერთად, უფრო შორეულ ადგილებს მიმართა და ახალი მონასტერი დააფუძნა. მალე ნეტარი მამის ღვაწლით მთელი კიმინის მთა დაიფარა ბერმონაზონთა საცხოვრისებით, სადაც დაუდუმებლად აღევლინებოდა ლოცვა-ვედრება.

წმიდანის ბაგეებიდან არასოდეს თქმულა სხვისი შეურაცხმყოფელი, ბოროტი სიტყვა. ანგელოზის თანამოსახელე, ანგელოზივით ცხოვრობდა, მკაცრი თავშეკავების მაგალითს იძლეოდა- მკაცრად მარხულობდა, ხორცს მხოლოდ მძიმე სნეულებისას, საღვთო დღესასწაულებზე, ან დიდებული სტუმრების მასპინძლობის დროს აძლევდა განსვენების ნებას. ბერობის პირველ წლებში იგი დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, შემდეგ - ხუთ დღეში ერთხელ, ბოლოს კი, თორმეტ დღეში ერთხელ; იკვებებოდა მხოლოდ მცენარეულით; როცა ჯანს არ უჩიოდა, სკამზე მჯდომს ეძინა, სნეულებისას კი - მაგარ საწოლზე. ნეტარს ძლიერ უყვარდა დღესასწაულები, განსაკუთრებით - საუფლო და ღვთისმშობლისა, ამ დღეებში ღამისთევის ლოცვებზე სიხარულით ატაცებული გალობდა ხოლმე. წმიდა მიქაელი ღირსი ათანასეს (ხს. 5 ივლისს) მოძღვარი იყო.

წმინდანმა 962 წელს შეჰვედრა სული უფალს. მის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.