მეხუთე მსოფლიო კრების ხსენება (553)

25 (07.08) ივლისი

მეხუთე მსოფლიო კრება 553 წელს, კეთილმსახური მეფის, იუსტინიანე I-ის (527-565) ზეობისას გაიმართა კონსტანტინოპოლში. მისი მიზანი იყო სამი უკვე გარდაცვლილი ეპისკოპოსის: თეოდორე მოფსუეტელის, თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის საკითხის განხილვა, რომლებიც ჯერ კიდევ მესამე მსოფლიო კრების (431; ხს. 9 სექტემბერს) დროს თავიანთ თხზულებებში ნესტორიანულ შეხედულებებს გამოთქვამდნენ. ქალკედონის კრებას (451; ხს. 16 ივლისს), რომელმაც შეაჩვენა მონოფიზიტები, ეს მღვდელმთავრები არ განუსჯია, რის გამოც ევტიქის მიმდევრები კრების მონაწილეებს ნესტორიანელობაში დებდნენ ბრალს. ერეტიკოსებისთვის მართლმადიდებელთა გმობის საბაბი რომ გაექარწყლებინა, წმიდა იუსტინიანემ გამოსცა ბრძანება, რომლის სამ თავშიც ცალ-ცალკე იყო გაკიცხული სამივე ზემოხსენებული მამა; მაგრამ, რადგან ამ ბრძანებამ ეკლესიის წარმომადგენელთა შორის საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვა (განსაკუთრებით დასავლეთში, და კერძოდ, აფრიკაში), წარმოიქმნა დავა „სამი თავის“ შესახებ. სწორედ ამან გამოიწვია მეხუთე მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობა.

კრებას ასსამოცდახუთი ეპისკოპოსი ესწრებოდა. კონსტანტინოპოლში მყოფმა პაპმა ვიგილიუსმა (535-555) უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, თუმცა სამჯერ იქნა მოწვეული შეკრებილი მღვდელმთავრებისა და თავად იმპერატორის სახელით გაგზავნილი ოფიციალური დეპუტაციის მიერ.

კრებას თავმჯდომარეობდა წმიდა კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ევტიქი (552-565; 577-582). იმპერატორის ედიქტის თანახმად „სამი თავის“ საკითხი საგულდაგულოდ იქნა განხილული 553 წლის 4 მაისიდან 2 ივნისამდე გამართულ რვა სხდომაზე. საბოლოოდ თეოდორე მოფსუეტელი და მისი სწავლება ანათემას გადაეცა; შეაჩვენეს თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის რამდენიმე თხზულებაც, თავად ეს მამები კი, როგორც სინანულით განწმენდილები, შეწყალებულ იქნენ. პაპი ვიგილიუსი, როგორც ერეტიკოსთა თანამდგომი, ეკლესიიდან განკვეთეს, მაგრამ კრების შემდგომ იგი შეუერთდა მამათა საერთო აზრს და ხელი მოაწერა კრების დადგენილებას.

კრების მამებმა განიხილეს და შეაჩვენეს III საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ხუცეს ორიგენეს მწვალებლური სწავლება. დაიგმო ის ერეტიკოსებიც, რომლებიც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.