ღირსმოწამე პარასკევა (+138-161)

26 (08.08) ივლისი

ღირსმოწამე პარასკევა კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა. როცა ამის შესახებ იმპერატორ ანტონინუს პიუსს (138-161) მოახსენეს, წმიდა პარასკევა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება მსაჯულთა წინაშე. ვერც პატივისა და დიდების აღთქმამ, ვერც წამებისა და სიკვდილის მუქარამ ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. წმიდანს გახურებული მუზარადი დაახურეს თავზე, ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამლღვალი კუპრი თუხთუხებდა, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული მარტვილი უვნებელი გადარჩა. როცა იმპერატორმა ქვაბში ჩაიხედა, პარასკევამ მდუღარე ფისის რამდენიმე წვეთი შეასხა სახეში და იგი დაბრმავდა. სასოწარკვეთილმა თვითმპყრობელმა ქრისტეს ტარიგსვე სთხოვა შემწეობა და მანაც უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა უსჯულოს. ამის შემდეგ იმპერატორმა შეწყვიტა პარასკევას წამება და გაათავისუფლა იგი.

მიმოდიოდა რა სახარების ქადაგებით, ნეტარი დედა ჩავიდა ქალაქში, რომელსაც ასკლიპიოსი მართავდა. აქ იგი ისევ დაატუსაღეს, სამსჯავროზე წარადგინეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სიკვდილმისჯილი ერთ გამოქვაბულში დაბუდებულ საზარელ გველეშაპთან მიიყვანეს შესაჭმელად, მაგრამ მან ჯვრის გადასახვით მოაშთო ქვეწარმავალი. ამ სასწაულით შეძრულმა ასკლიპიოსმა და ქალაქის მცხოვრებლებმა ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მისი მხევალი გაათავისუფლეს. პარასკევამ ისევ განაგრძო მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება. ქალაქში, სადაც ვინმე ტარასი იყო მმართველად, ღირსი დედა შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს (+138-161).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.