ღირსი პაისი ხილენდარელი (ბულგარელი) (XVIII)

19 (2.07) ივნისი

ღირსი პაისი ხილენდარელი 1722 წელს დაიბადა ბანსკოში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მისი ერთი ძმა ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო, მეორე - ტაძრებისა და მონასტრების უხვი შემომწირველი. თავად პაისი რილის სავანეში მსახურობდა მორჩილად. 1745 წელს 23 წლის ასაკში, წმიდანი ძმასთან, ხილენდარის მონასტერში გადავიდა და ბერად აღიკვეცა. ღვთივგაბრძნობილი მოსაგრე მალე მღვდლად აკურთხეს. 1762 წელს ღირსმა პაისიმ დაწერა „სლავო-ბულგარეთის ისტორია“ - წიგნი, რომელმაც განამტკიცა ბულგარელი ხალხის ეროვნული თვითშეგნება. უცხოტომელთა უღლით დათრგუნულ და შევიწროებულ ქვეყანაში მან კვლავ ააელვარა მოციქულთასწორების, კირილესა და მეთოდეს (ხს. 11 მაისს) მიერ აგზნებული მართლმადიდებლობის ლამპარი.

ნეტარი მამის მიცვალების დრო და ადგილი დღემდე უცნობია. ბულგარეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით იგი 1962 წლის 26 ივნისს შერაცხა წმიდანად. პაისი ხილენდარელის (ბულგარელის) სახელი მიეკუთვნა პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბულგარეთის მრავალ ინსტიტუტსა და სკოლას, რაც მისადმი მთელი ერის დიდ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემაზე მეტყველებს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.