მოწამე იულიანე ტარსელი (დაახლ. 305)

21 (04.07) ივნისი

წმიდა მოწამე იულიანე ტარსელი დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ერთ-ერთ პროვინციაში. მისი მამა წარმართი სენატორი იყო, დედა კი ქრისტიანობას აღიარებდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იულიანეს დედა ქალაქ ტარსში გადასახლდა, სადაც მონათლა შვილი და კეთილმსახურებაში აღზარდა. როცა წმიდანს 18 წელი შეუსრულდა, იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად იულიანეც შეიპყრეს და მმართველ მარკიანეს წარუდგინეს სამსჯავროზე. დიდხანს სთავაზობდნენ ღვთისმოყვარე ჭაბუკს, განშორებოდა ქრისტეს, მაგრამ ვერც ძღვნისა და პატივის აღთქმამ, ვერც მუქარამ და ვერც წამებამ ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი. ნეტარ მარტვილს მთელი წლის განმავლობაში დაატარებდნენ კილიკიის ოლქის ერთი ქალაქიდან მეორეში, დაკითხვებს უწყობდნენ, ტანჯავდნენ. ბოლოს კი საპყრობილეში ჩააგდეს. იულიანეს დედა ყველგან თან დაყვებოდა ძეს, ამხნევებდა მას და მხურვალედ შესთხოვდა უფალს, კიდევ უფრო განემტკიცებინა შვილის სარწმუნოება. ბოლოს მანაც ახოვნად აღიარა ქრისტე მმართველის წინაშე. განრისხებულმა მარკიანემ ბრძანა, ქალისთვის ფეხები მოეკვეთად. ნეტარი მარტვილი ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავად იულიანე ქვიშითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ტომარაში ჩასვეს და ზღვაში გადააგდეს (+305). მოწამის ნეშტი, რომელიც ტალღებმა ალექსანდრიის მახლობლად გამორიყა, ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა ქალმა პატივით მიაბარა მიწას. შემდგომში იულიანეს უხრწნელი ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს. წმიდა იოანე ოქროპირმა სახოტბო სიტყვით განადიდა უფლის რჩეული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.