წმიდა მღვდელმოწამე პატრიკი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მინანდრი და პოლიენი (100)

 19 (01.06) მაისი

წმიდა მღვდელმოწამე პატრიკი, პრუსელი ეპისკოპოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენი (+100). წმიდა პატრიკი იყო ბითვინიის პრუსიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლიენთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს იულიუსს წარუდგინეს. მთავარი სამკურნალოდ მიდიოდა და ბრძანა, ბორკილდადებული ეპისკოპოსი და მღვდლებიც ეახლებინათ მისთვის. სამკურნალო წყლებში განბანვის შემდეგ იულიუსმა მსხვერპლი შესწირა კერპებს და წმიდა პატრიკს და სხვა პყრობილებსაც იგივე უბრძანა.

წმიდა პატრიკმა უპასუხა: „მე ქრისტიანი ვარ და ვემორჩილები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა და ეს ცხელი წყლებიც საკურნებელად კაცთა“. იულიუსის ბრძანებით წმიდა პატრიკი ცხელ წყალში ჩააგდეს. მღვდელმთავარი მხურვალედ ევედრებოდა უფალს: „უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მონასა შენსა“. ღვთის განგებულებით წმიდანი უვნებლად იქნა დაცული.

განრისხებულმა იულიუსმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტიანებისთვის.

მოწამენი აღესრულნენ 100 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.