მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა
წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი (დაახლ. 850)

 25 (07.06) მაისი

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი (დაახლ. 850). როცა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 13 ნოემბერს) გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820) კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი ინახება წმიდა ათონის მთაზე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.