წმიდა მოწამე ელიკონიდა (244)

 28 (10.06) მაისი

წმიდა მოწამე ელიკონიდა (+244) ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმიდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმების წოდებას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს აღასრულებდა. მოულოდნელად წმიდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს. ღვთის ნებით ელიკონიდა უეცრად გოლიათური ძალით აღივსო და ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნებულმა ქურუმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმიდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმიდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილად მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული წარმართთა ბრბო მოითხოვდა, მოეკვდინებინათ წმიდანი. ლომები გამოცვივდნენ საკნიდან და ხალხს დაერივნენ. პერინიუსის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მოწამის ნეშტი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.