წმიდა შიო მღვიმელის ცხოვრება

(გაგრძელება)

15. ამ და სხვა სწავლებებით განამტკიცა ღირსმა შიომ მონაზვნები, რის შემდეგაც უთხრა მათ: „გამოირჩიეთ ძმებიდან ერთი, რომელიც იღვაწებს თქვენი ცხონებისათვის, რადგან მე ამიერიდან მომიწევს ჩასვლა მღვიმეში, რომელიც მოვამზადე სამყოფლად და სასაფლაოდ ჩემთვის“.

დიდად შეწუხდნენ ნეტარი ევაგრე და მონასტრის ძმები, დაიწყეს მწარედ ტირილი, მოისმინეს რა მეტად საზარელი და გაუგონარი, ამიტომ ეუბნებოდნენ ნეტარ შიოს: „წმიდაო მამაო, რა განგიზრახავს ეგ, ვის გაუგონია ოდესმე, რომ ცოცხლად ჯოჯოხეთში დაიმარხო შენი ცხოვრება, უფრო მეტად ახლა, როცა მოხუცებულს გეკუთვნის შრომისაგან დასვენება? განა არ არის საკმარისი ის დიდი გარჯა, რასაც ეწევი და, რაც უცხოა ადამანის ბუნებისათვის? არც ღმერთს მოეწონება ასეთი ღვაწლი, რომელიც დღემდე უცხოა ადამიანისათვის. და კიდევ ამდენი მოღვაწის სულები, რომლებიც შენი მადლით არიან ამ უდაბნოში შეკრებილნი, როცა ვეღარ დაგინახავენ და ვეღარც შენს ტკბილ სწავლას მოისმენენ, გაიფანტებიან, როგორც ცხვრები, რომელთაც არ ჰყავთ მწყემსი“. ამას და ამის მსგავსს ბევრს ეუბნებოდნენ ცრემლით წმიდა შიოს მონასტრის ძმები და ევედრებოდნენ, რომ ობლად არ დაეტოვებინა ისინი და არ ჩასულიყო მღვიმეში.

ხოლო წმიდა შიო ანუგეშებდა მათ და ეუბნებოდა: „ჩემო ძმებო, ღმერთმა მოგცათ ჩემი სიყვარულის მადლი, მაგრამ მე ცოდვილი კაცი ვარ და, თუ მართალთ გაუძნელდათ ცხონება, მე რამდენჯერ მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ დავკარგო სასუფეველი, რადგან ჩვენი  მამა და მოღვაწეთა წინამძღვარი დიდი ანტონი, როგორც ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი, როგორ მატებდა მოღვაწეობას და სიბერეშიც კი არ მოუკლია მისთვის, რომელსაც ნამდვილად შეეძლო დაიმედებული ყოფილიყო ანგელოზებთან სიახლოვეში დამკვიდრებით. ასევე დიდი მაკარი, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება მოღვაწეობაში გაატარა, ნახეთ, როგორ შიშობდა, როცა სული მისი გამოვიდა ხორციდან, ბოროტი ანგელოზები ეუბნებოდნენ: მაკარი, გახვედი და გაგვერიდე. ხოლო სანატრელმა წმიდანმა ხორციელი სიმდაბლე სულითაც დაიცვა, ვიდრე არ მიიღო იგი ღვთის ნათელმა, არ უთხრა თავის მდევრებს, რომ მათ განეშორა. ყველა წმიდა მამა დიდი წვალებით გადაურჩა ეშმაკის მზაკვრობას, ხოლო მე, ცოდვილს, რამდენჯერ მეტი გარჯა მეკუთვნის, რომ არ ჩავვარდე საუკუნო სატანჯველში, რადგან დაწერილია, რომ: ვისაც რა მდგომარეობაში იპოვნიან, იმითვე განიკითხავენო. ამიტომ ილოცეთ ჩემთვის, ძმებო, რომ მომცეს ღმერთმა მოთმინება და ძალა, რათა ეს მღვიმე ჩემთვის გახდეს ჩემი უბედური ხორცის დასამარხიც. ხოლო თქვენ გამოირჩიეთ თქვენთვის წინამძღვარი, რომელიც შესძლებს თქვენი სულების ცხონების სწორად წარმართვას“. მამებმა უთხრეს მას: „წმიდაო მამაო, ჩვენ შენით ვართ შეკრებილნი ამ უდაბნოში და შენს წმიდა ლოცვასა და სწავლა-დარიგებებს ვართ მინდობილნი, ვმოღვაწეობდით და ჩვენი სულების გადარჩენას შენგან მოველოდით. ხოლო ახლა, რადგან ვერ შევძელით შენი ნების შეცვლა, შენ თვითონ გადაწყვიტე, ვინ შეძლებს ჩვენი სულების პატრონობას და გადარჩენას“. ნეტარმა შიომ უთხრა ევაგრეს, რათა შემოეკრიბა ძმები და გაძღოლოდა მათ, როგორც აქამდე უძღვებოდა.

ხოლო წმიდა ევაგრეს, რომელიც იყო მშვიდი და თავმდაბალი, არ უნდოდა ძმების მთავრად და წინამძღვრად დადგენა და მიზეზდა გონიერების ნაკლებობას ასახელებდა შემდეგი სიტყვებით: „ვერ შევძლებ ძმების მსახურების გაძღოლას, ნუ მაიძულებ იმ საქმის შეჭიდებას, რაც აღემატება ჩემს ძალას, რადგან გამოუცდელი ვარ და სუსტი, რომ ვიტვირთო ამდენი მონაზონის მართვა“. ნეტარმა შიომ მიუგო მას: „თუ დაგვემორჩილები, დიდ სასყიდელს მიიღებ ღვთისგან და მორჩილთა ნეტარებას მიპოვებ ზეციურ დიდებაში, ხოლო, თუ ურჩობას ამჯობინებ, მაშინ ურჩობისათვის მოგიწევს გადახდა. ისურვე ძმების სამსახური, რომელიც შეგძენს დიდებას, როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე: „რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მონაჲ და მსახური“ (მკრ. 10,44). ამიტომ უმჯობესია შენთვის, რათა დიდების შემძენი სიმდაბლე მიიღო“.

მაშინღა ძნელად ირწმუნა ბერის სიტყვა და თაყვანი სცა მას სიტყვებით: „პატიოსანო მამაო, რასაც მიბრძანებ, ყველაფერს მორჩილებით მივიღებ და შევასრულებ შენს წმიდა ლოცვას მინდობილი“. ამის შემდეგ ევაგრემ, ურჩთა სასჯელის შიშით, მიიღო წინამძღვრობის კვერთხი ნეტარი შიოს ხელიდან. წმიდა შიომ მრავალი სწავლით განამტკიცა იგი და შეავედრა ძმები. ძმებმა ნეტარ შიოს სთხოვეს, რომ მიეცა მათთვის მისეული სწავლა-დარიგებანი, რათა ყოველ კვირას წაეკითხათ, რითაც მისი წმიდა პირიდან მოსმენის სურვილს შეივსებდნენ.

16. ნეტარმა შიომ დაწერა მათთვის ასსამოცი თავი სწავლა, მეტად მშვენიერი და ტკბილი, რომლითაც სწავლობდნენ მონასტრის ძმები და მათგან ისე ირწყვებოდნენ, როგორც სამოთხის წყაროსაგან ღვთის ნერგები. და იზრდებოდნენ და ნაყოფად გამოიღებდნენ კეთილ საქმეებს. მაშინ ნეტარმა შიომ აღაპყრო ხელები ღვთის მიმართ და შეავედრა მას მონასტრის ძმები, შემდეგ თითოეულს ეამბორა, დაჯდა მღვიმის თავთან და უთხრა ძმებს: „ჩემო საყვარელო შვილებო და ჩემო სულიერო ძმებო, კურთხეულია ქრისტე, ღმერთი ჩვენი, რომელმაც შეგკრიბათ თქვენ ამ უდაბნოში მისი წმიდა სახელის სადიდებლად. ახლა ისმინეთ ჩემი, შვილებო, თქვენი მოხუცებული მამისა, იცით, რომ არავის იძულებით არ მიგიღიათ მონაზვნობა, არამედ საკუთარი ნებით და ღვთის სიყვარულისათვის აღუთქვით მას და მის ანგელოსებს, განშორება და უარყოფა ამქვეყნისა და მისი საქმეებისაგან და სიწმიდით ცხოვრება და მთელი გულით წმიდა სახარების მორჩილება შეუორგულებლად, მისი ჯვრის საკუთარი მხრებით ტვირთვა, და მამის, დედის, ცოლისა და შვილის, ძმებისა და დების და თვით თქვენი სულების მოძულებაც და ასე მას მიყოლა.

მოერიდეთ ჩემო ძმებო, იმ ბოროტ მტერს, რომელსაც მუდამ სურს ჩვენი დაღუპვა, არსად მიენდოთ სულების მკვლელ გველს და არ უარყოთ თქვენი აღთქმა, რადგან დღე და ღამე მღვიძარეა ჩვენი მტერი, როგორც ამბობს წმიდა და მოციქულთ თავი პეტრე, რომ: „განიფრთხვეთ და მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინა მოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა. რომელსა წინა აღუდექით მტკიცენი სარწმუნოებითა, უწყოდეთ, იგივე ვნებათაჲ მათ ამას სოფელსა შინა ძმობასა მას თქუენსა კეთილად და სათნოდ აღასრულებდით“ (I პეტ. 5,8-9).

ჩემო ძმებო, მტკიცედ იდექით იმ გზაზე, რომელიც აირჩიეთ, რადგან უმჯობესი იყო საერთოდ არ შესულიყავით მონაზვნობაში, თუ არ დაიცავდით თავს იმ ცოდვებისაგან, რომლებსაც სხეული სჩადის და, რომლებიც ხორცის გარეშეა ჩადენილი. ყური დაუგდეთ წმიდა სახარებას, რომელიც ამბობს, რომ: უქმი სიტყვებისათვის პასუხს აგებთო ბოლოს. აი, როგორი საზარელია მეუფის ეს ბრძანება, რადგან იგი წინასწარმეტყველს, მოციქულს ან ანგელოზს კი არ უთქვამს, არამედ თქვა თვით უფალმა, ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულმა. ვერიდოთ მიუკერძოებელ მსაჯულს, რომელსაც მოუწევს ჩვენი საქმეების განსჯა, რათა ჩვენი სიტყვებისათვის არ გავმტყუნდეთ მასთან, როგორც დაწერილია კიდეც, რომ „სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო“ (მთ. 12,37).

იცოდეთ, საყვარელნო, რომ სიკვდილი ახლოს არის, იგი კარს მომდგარია, აკი ბრძანებს მეუფე: მღვიძარედ იყავით, რადგან არ იცით, როდის მოვა თქვენთან ქურიდ, რომ არ გააპოს თქვენი სახლის გვერდი, როცა არ გეცოდინებათ ეს, და მოგპაროთ თქვენ სული, და ვეღარ ირგოთ მისგან; მღვიძარედ იყავით, რადგან არ იცით არც დღე და არც საათი, როცა უნდა მოვიდეს ძე კაცისა.

მოერიდეთ, ძმებო, ყველაფერს, რაც ღუპავს ჩვენს სულებს. სწავლისას იყავით მორჩილნი და მსახურების დროს თავმდაბალნი. და თქვენი თავები ისე მიიჩნიეთ, როგორც საზარელი მიცვალებულები, რადგან სათნოებების პირველი საფეხურია სიმდაბლე, რომელსაც აჰყავს ღმერთთან მისი შემყვარებელი, რადგან, თუ შეიყვარებთ სიმდაბლეს, მაშინვე კეთილად მოიხედავს თქვენსკენ უფალი, რაზედაც ამბობს იგი: - ვის მივხედო, თუ არა მშვიდსა და მდაბალს და, რომელიც ძრწის ჩემი სიტყვებისაგან.

გაიხსენეთ, როცა ერიდან გამოდიოდით, როგორ აღუთქვით ღმერთს, რომ საჭირო სახმარსაც კი არ იქონიებდით, არამედ საერთოს დასჯერდებოდით, როგორც არის დაწერილი, რომ ყველას სულები და გულები უნდა იყოს, როგორც ერთი. ნუ გაკლიათ სასოება ქრისტესი და ნუ ესასოებით სიმდიდრესა და მონაგებს, რადგან არის ყოველი ბოროტების მშობელი და იგი აჭუჭყიანებს უმანკოთა გონებას, რადგან პირველად რაიმე მცირე სახმარის ქონების სურვილს გაუჩენს კაცს და ამბობს იგი: ეს არაფერია. შემდეგ სხვასაც შეიძენს და იტყვის: ეს არ არის სიმდიდრე, არამედ სხეულისათვის არის აუცილებელი. შემდეგ ისევ რაღაცას იყიდის და იტყვის: არ ივარგებდა კაცისათვის ამის გარეშე ყოფილიყო და სხვისი ხელისათვის ეცქირა, არმაედ უმჯობეისა შევიძინო და შემდეგ გავისარჯო გლახაკებისათვის. ამის შემდეგ ვინმეს ასესხებს და სურს ნამატით მიღება მისი და ამბობს: არავისთვის არ წამირთმევია, არამედ ჩემია და არ ჰქვია ამას ვახში და სარგებელი. და კიდევ იტყვის: ვინმეს მივცემ ამას, რათა ახლა ამით ვიარსებო, ხოლო ბოლოს სხვებმა გასცენ ჩემთვის.

ჰოი, უბედურს, რადგან ხშირად ერთი დანგიც კი არ უნდა გაიმეტონ სხვისთვის და ასე მცირე ანგარიშებსა და ყველაზე მეტს - კერპთმსახურებას მისდევენ ისე, რომ არც კი იციან. მოერიდეთ, ძმებო, სულის დამღუპველ ამ სენს, რომელიც ჰქონდა იუდას და ნახეთ, თუ ჯოჯოხეთის როგორი სიღრმისათვის გაიმეტა მან თავი. ნუ იქნება თქვენ შორის შეკრება რაიმესი, ვაჭრები და ვაჭრობანი. ყველაზე მეტად ეცადეთ, რომ შეიძინოთ ცათა სასუფეველი, რადგან რა უნდა შეიძინოს კაცმა, მთელი ქვეყანაც რომ იყოს მისი, რა შეიძლება გავიყოლიოთ ამქვეყნიდან, კეთილი საქმეების გარდა, რომელთა საფასურსაც მივიღებთ იქ? შეიყვარეთ უპოვარება, რომელიც ღმერთთან აახლოებს ადამიანს. აკი გვესმის წმიდა მამების ცხოვრებიდან, რომ ამით მოიპოვეს ღმერთი. და თუ ასე იქნებით, თქვენც მოგიახლოვდებათ უფალი. თუ მხოლოდ მასზე გექნებათ სასოება, თქვენი ლოცვები, როგორც სურნელოვანი საკმეველი, მაშინ მიაღწევს მას, რადგან ამბობს: „ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი“. ამიტომ, გამამდიდრებელი სიგლახაკე შეიყვარეთ, რათა ამით შეიძინოთ შემუსვრილი გული და მდაბალი სული, რომელსაც არ შეურაცხყოფს უფალი.

ერიდეთ, ჩემო ძმებო, ქვეყნიური გულისთქმების ჭუჭყს, ისწავლეთ მოციქულთა სიტყვა, სარწმუნოებით მოიპოვეთ სათნოება, სათნოებაში - მეცნიერება, მეცნიერებაში - მარხვა, მარხვაში - მოთმინება, მოთმინებაში - ღვთისმსახურება, ღვთის მსახურებაში - ძმათა სიყვარული, ძმათა სიყვარულით - სრული სიყვარული. თუ გექნებათ სიყვარული, თქვენში დამკვიდრდება ღმერთი. ამ ცნებებში გამოაწვრთეთ თითოეულმა თქვენი თავი და ერთმანეთისათვის იყავით კეთილი მაგალითი, ერთმანეთს სიკეთე ასწავლეთ და არა ბოროტება და სულთა დამღუპველი სიმთვრალე, საიდანაც ხდება არაწმიდებანი. ნუ შეუშვებთ თქვენში ეშმაკს, ნუ იქნება თქვენში ლაღობანი; ნუ დარჩებით მრისხანებაში მზის ჩასვლამდე; ნუ დრტვინავთ, ნუ იქნებით ურჩნი და მოცილენი და უხუცესების მიმართ წინააღმდეგნი; ნუ გიყვართ ერში გასვლა, რომელსაც თქვენ მოერიდენით; ნუ იქნება თქვენ შორის შური და მტრობა; კეთილ საქმეში იყავით მოშურნე და მიმბაძველები და ასევე ერთმანეთის გადარჩენაში; რაც გისწავლიათ ქრისტესაგან, ისე მოიქეცით და ერთმანეთსაც ის ასწავლეთ, რათა გეწოდოთ ღვთის ძე და სასუფევლის შვილი; მოიძულეთ ყოველი ქვეყნიური შვება და შეიყვარეთ ქრისტეს მცნებები ისე, როგორც წმიდა მამებმა და ჩვენმა მოძღვრებმა შეიყვარეს და შეასრულეს და დაიმკვიდრეს სასუფეველი, რადგან, რამდენადაც ქვეყნიურს მოერიდებით< იმდენად მოიპოვებთ სულიერს. ხოლო, თუ ქვეყნიურად იფიქრებთ და იმოქმედებთ, გაგშორდებათ ზეციური, რადგან დაწერილია, რომ ამ ქვეყნის სიყვარული ღმერთის მტრობაა. ზიდეთ ჩვენი უფლის იესოს ჭრილობები სხეულით, როგორც ამბობს პავლე: ყოველივე მოითმინეთ ქრისტეს სიყვარულისათვის, რადგან მან ჩვენი სიყვარულისათვის დაითმინა გინება და საყვედური, ცემა, დაცინვა, ძმარი და ნაღველი, ჯვარზე დასჯა და სიკვდილი. ეს ყველაფერი და ამაზე მეტიც მან მოითმინა ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისათვის. ჩვენც მოვითმინოთ, ძმებო, მისი სახელისათვის სიღარიბე, სიშიშვლე, წყურვილი, დაცინვა, შეურაცხყოფა, გინება და საყვედური, რათა ბოლოს, როგორც მან თავად აღგვითქვა ჩვენ, მივიღოთ ნეტარება და გავიხაროთ ცათა სასუფეველში.

ნუ დაბრკოლდებით, ძმებო, როცა ღმერთი თქვენ გასწავლით. ისმინეთ დაწერილი მხილების შესახებ და უსჯულოების გამო დაარიგეთ კაცი. უფლის ძმა იაკობი ამბობს: „უკეთუ განვიცდებოდით, თვისთაგან გულის-თქუმათა განვიცდებით“ (იაკ. 1,14). ამიტომ უფალი გვასწავლის თუ გვცდის, ყოველთვის გვმართებს დიდი სიფრთხილე, ლოცვა უნდა ვიწყოთ და არა უსარგებლო შფოთი, რომელსაც მოაქვს მეტი განსაცდელი. მოწყინების გარეშე ილოცეთ, ძმებო, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელში. ნუ ითხოვთ ლოცვისას იმას, რაც თქვენა გსურთ, არამედ ითხოვეთ ის, რაც სურს უფალს, რადგან მას თავისი გაჩენილისათვის სიკეთე უნდა.

ნამდვილად გჯეროდეთ, ძმებო, რომ ჩვენი აღთქმანი ჩაიწერეს წმიდა ანგელოზებმა და მიართვეს უფალს, და დაფარულნი არიან უფლის მოსვლის დღემდე. ხოლო ჩვენი მცველი ანგელოზები აღწერენ ჩვენს ცხოვრებას და ესეც უფლის მოსვლის დღისათვის ინახება. ადამიანთა მოდგმის დიდი მტერი და მებრძოლი, ჩვენი ადრეული მსაჯული, ყველაფერს, რასაც კი გვაცდენს და სიმართლის გზიდან გვაშორებს, ამას წერს და ისიც ინახავს დაწერილს უფლისაგან ყველაფრის გამოძიებამდე. ამიტომ, ძმებო, გვეშინოდეს ამ სამი დაწერილისა, რადგან მაშინ მარტო სამართალი იქნება და არა წყალობა, დღეს შეიძლება მივიღოთ შეწყალება, ხოლო მაშინ იქნება დრო მშვიდობისა. მაშინ არც ქრთამი გაჭრის, არც სიტყვა, არც ცრემლებს გაუწევენ ანგარიშს, არც დრო მოგვეცემა, არამედ ყველანი წარვდგებით სამსჯავროზე შიშვლები და თავმოდრეკილები და გაიხსნება თითოეულის საქმეები და ყოველს მიეგება თავისი ვალი, თავისი აღთქმა და თავისი საქმენი. მაშინ გაისმება საშინელი ხმა, გამართლებულების სასუფეველში შესვლისა, ხოლო ცოდვილების საუკუნო ცეცხლში ჩაყრის შესახებ. ვაი, მე, ძმებო, როგორ მაძრწუნებს ის დღე, ვაითუ აღმოვჩნდე მარცხნივ და მომესმას ხმა, საუკუნო სატანჯველში ჩამგდები. რაღა ვქნა მე უბედურმა მაშინ, რადგან იმ სასჯელს არ ექნება დასასრული, აღარ იქნება სიხარული, უკან აღარ დაბრუნდება საუკუნეები, ხელახლა აღარ განხორციელდება ქრისტე, აღარ შეიცვლება ერთხელ გადაწყვეტილი, რადგან, როგორც ღმერთია უცვლელი, ასევე აღარ შეიცვლება იმ დროის განაჩენი, არც გამართლებულებსა და არც ცოდვილებზე.

გვეშინოდეს, შვილებო, რომ, რაც ჩვენი ნებით აღვუთქვით, ჩვენი ნების გარეშე არ მოგვკითხონ მისთვის სიტყვა. ვიმოღვაწოთ მცირე ხანს, რომ საუკუნო ცხოვრებაში მივიღოთ წმიდანებისათვის გამზადებული სასუფეველი, შვება დაუსრულებელი და სამოთხის სიკეთენი, როგორც ამბობს მოციქული: „რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა“ (I კორ. 2,9). ნუ გვიჭირს მცირე ხანს ხორციელ ნაკლოვანებათა დათმენა, რადგან, რაც იღვაწეთ, იმაზე ასჯერ მეტია თქვენთვის გამზადებული“.

ასე ესაუბრა მათ დიდხანს, ანუგეშა ისინი და სწავლით განამტკიცა. ამიერიდან მონასტრის ძმებს ყოველმხრივ ემსახურებოდა და მარჯვედ უძღვებოდა ევაგრე და არიდებდა მათ ეშმაკის ყოველ სივერაგეთა და მანქანებათაგან. ევაგრე მონასტრის კეთილად მართვით და პირმეტყველი ცხვრების სამწყსოს წინ გაძღოლით დიდად სათნო ეყო უფალს.

17. ხოლო წმიდა და სანატრელი შიო ჩავიდა ბნელ და ღრმა მღვიმეში - მიწის სიღრმეში, რათა თავისი ხორცის ლპობით აღმოეცენებინა ჯეჯილი წმიდა ხორბლისა, რადგან მიწაში ჩათესილი ხორბლის მარცვალიც, ლპობის შემდეგ იწყებს კეთილი ნაყოფის გამოღებას, რომელიც არ არის შემხმარი ეკლებისაგან, რადგან ფესვები ღრმად გაუდგამს. ასევე ეს წმიდა მამაც, რომელმაც საკუთარი თავი მიწისათვის გაიმეტა, გონების თვალით ზემოთ იხედებოდა და მოელოდა შეწევნას - სულის საკურნებელ ზეციურ ნამს, რომლითაც აპოხიერებდა მას, როგორც ღვთის კეთილად მოხედვით შემდეგ წვიმით მორწყვით ხდება.

მღვიმეში ჩასვლის შემდეგ, როგორ შეძლებს ადამიანური ენა ღირსეულად გამოთქვას ნეტარი მამის მხნეობა და მოთმინება, ან ის მოღვაწეობა, რომელიც თავიდან და ბოლოს წესად ჰქონდა, რადგან მუდამ მარხვასა და მუხლმოდრეკილ ლოცვაში იყო, მიწაზე დამხობილი ცრემლებით ასველებდა იატაკს, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, როგორც წყაროები, რომლებიც არ წყდებოდა. და ამბობდა: „ნუ დადუმდები! რადგან შენს წინაშე უცხო ვარ, მომიტევე, რომ ჩემს გასვლამდე მოვისვენო“. ხოლო ფეხზე მდგარს გონების თვალები ზემოთ ჰქონდა მიქცეული და ხელაპყრობილი ევედრებოდა: „წარემართენ ლოცვაჲ ჩენი, ვითარცა საკუმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ...“ ცოტას მოასვენებდა რა სხეულს, თავისთვის ჩუმად ამბობდა: „ჩემი ნებით ჩავედი ამ მღვიმეში, ღრმა სიბნელეში, ამიტომ შენ, მოწყალეო, ნუ მიიბრუნებ პირს ჩემგან, რომ არ დავემსგავსო ჯოჯოხეთის სიღრმეში ჩამავალთ, არამედ ამოიყვანე ბოროტების საპყრობილედან ჩემი სული შენი სახელის სადიდებლად, რადგან მოთმინებით შენ დაგითმობ, ვიდრე მომხედავდე და შეისმენდე ჩემს ლოცვას და ამომიყვან ხორციელი სიგლახაკის მღვიმიდან და ჩემი დანაშაულის ლაფიდან“. ამის შემდეგ ღებულობდა ცოტაოდენ საჭმელს, რომელიც მას მიეცემოდა ზემოთ დატოვებული სარკმლიდან ერთი ბერისაგან და ესეც იმდენი, რაც მხოლოდ სხეულის შესანარჩუნებლად იყოს საჭირო. შემდეგ ფეხზე ამდგარი, როგორც ჩვეულება ჰქონდა, ამბობდა: „არა ვსცე ძილი თუალთა ჩემთა და ჰრული წამთა ჩემთა და განსუენებაჲ ხორცთა ჩემთა, ვიდრემდის ვპოვო ადგილი უფლისაჲ და საყოფელი ღმრთისა იაკობისი“.

ამით და ასეთ ქება-დიდებათა და ვედრებების უფლისადმი შემწირველი, იდგა სრულიად ბნელ ორმოში, რადგან ესასოებოდა დაუსრულებელ და საუკუნო ნათელს, რომელსაც მიაღწევდა მცირე ხანს ამ სიბნელის მოთმინებით, და ლმობიერი სულით ამბობდა: „შენ გაანათლე ჩემი სანთლი, უფალო, და გააბრწყინვე ჩემი სულის სიბნელე, ღმერთო, რადგან ეს ხილული სიბნელე, შენგან არ დაბნელდება, თვალთშეუდგამო ნათელო; ხოლო ღამე, როგორც დღე, ისე განათლდება, ამიტომ ნუ მიმატოვებ შენი სიყვარულისათვის საკუთარი ნებით ამის მომთმენს“.

ასეთ დიდ მოღვაწეობაში იყო რა მღვიმეში დიდხანს, ნეტარი შიოს სხეული დიდი შრომითა და გაჭირვებით მოუძლურდა და შავი ფერი შეიძინა, სინესტისა და ჰაერის სიმძიმისაგან შეიძინა უცხო შესახედაობა, დაილია და დაჭკნა. მხოლოდ ტყავიღა ფარავდა მის ძვლებს, ისე რომ ამაზე ითქმოდა: „ხორცი ჩემი შეიცვალა ზეთისა მიერო“. ანდა უფრო მიმსგავსებული: „გამოიფიტა ჩემი ძალა, როგორც თიხა, ზედმეტი მარხვისაგან და ენა სასაზე მიმეკრა, მრავალი ლოცვისა და ფსალმუნებისაგან“.

18. ამ წმიდა მამის მადლით უდაბნო გაცოცხლდა და აივსო სათნოებებით. შემკული მონაზვნებისაგან და შემდგომში და დღესაც იზრდება ქრისტეს შეწევნით, რადგან წმიდანმა გაიარა გზა, და სულისა და ხორცის განწმენდით სარწმუნოება დაიცვა, რადგან საკუთარი თავი მუდმივი ცრემლების ნაკადულებით განბანა და მარად სიკვდილს იხსენებდა, და ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, თავისუფალი იყო ხორცისაგან, სრულიად დაევიწყებინა რა კაცობრივი ბუნება, გონების თვალი მუდამ ზეცისაკენ ჰქონდა მიქცეული, იდგა რა სულიერად სამეუფო საყდრის წინაშე.

და ზეციურმა მეუფემ ინება დიდად ნატანჯი და ნაღვაწი მამის უჭკნობ შვებასა და დიდებაში გადაყვანა, რომელმაც აუწყა მას ხორციდან გასვლა და ამდენი ტკივილებისა და ტანჯვისაგან დამშვიდება, რომელბითაც სძლია ყველას მტერ ბოროტ სატანას, რისთვისაც ძლევისათვის განკუთვნილი ელოდა ღვთისაგან. რადგან წმიდა სულით იგრძნო სხეულის დატოვება, ითხოვა მღვდელმსახურებისაგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა ზიარება. პატიოსანი და წმიდა ხორცისა და სისხლის მიღების შემდეგ ხელები აღაპყრო ზეცას და წარმოთქვა: „მეუფეო, შენს ხელებს შევავედრებ ჩემს სულს, რომელიც მომეცა შენგან“, და ამ სიტყვებზე განუტევა თავისი სანატრელი სული იმავე მღვიმეში, რომელიც მისი სხეულის სამარხადაც იქცა, სადაც იმყოფებოდა და ცხოვრობდა სიცოცხლეში, როგორც ეს ადრევე იწინასწარმეტყველა, რომ მისი გარდაცვალების შემდგომ იგი იქნებოდა სამარე მისი სხეულისა. დიდი სურვილითა და სიყვარულით შეგრაგნეს ძმებმა ნეტარი შიო თავისივე დაკონკილი ტანსაცმლით, რითაც შემოსილი იყო, და დაასვენეს მისი წმიდა გვამი იმავე მღვიმეში, როგორც იყო წმიდა მამის სურვილი, რომელიც დღესაც სიქადულია და სიმტკიცეა მღვიმედ წოდებული ამ მონასტრისათვის. უმეტესად ქართველთა მოდგმას ეგულება დიდ მცველად და ხილული და უხილავი მტრების განმდევნელად. და რომლებიც სარწმუნოებით მიდიან მისი საფლავისა და სამყოფელის თაყვანსაცემად, გაჭირვებაში პოულობენ ძლიერ შემწეს და მწუხარებათა და განსაცდელებისაგან მხსნელს.

ასე იმოღვაწა ამ წუთისოფელში სანატრელმა მამა შიომ და უძლური ხორცით შეძლო ამდენის დათმენა. შიმშილი და წყურვილი შეურაცხყო, სივიწროვის ცეცხლს არ მოერიდა, უდაბნოს უნუგეშობა არაფრად ჩააგდო. მტრისაგან ნასროლი უამრავი ისარი მოარბილა, ხილული მზის ყურება აუკრძალა თავს, რათა სიმართლის გონიერი მზე ეხილა. ამიტომაც ცოცხალი, როგორც მკვდარი, მღვიმეში იმყოფებოდა, სიცოცხლეში მიწაში ჩავიდა, რომ პირნი დაეხშო ხილული და გრძნობადი გონიერი ლომებისათვის, როგორც ეს წინასწარმეტყველ დანიელს შეემთხვა. იყო ანგელოზთა და კაცთათვის საჩვენებელი, მტრის წინააღმდეგ ბრძოლებით გააკვირვა თვით უსხეულო ძალებიც და ხრწნადი და უძლური ხორცით სძლია უხორცო ძალებს და შერცხვენილნი განდევნა, მიიღო ძლევის გვირგვინი, რითაც ახლაც დგას თვალით უხილავი ნათლის წინაშე და მუდამ ევედრება ჩვენი ცოდვების მიტევებისათვის ყოვლადწმიდა სამებას, რომელსაც ჰშვენის ყოველი დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცხოვრება წმიდა და ნეტარი შიო მღვიმელისა აღწერა ღირსმა მარტვირმა, რომელსაც ეწოდა იოანე, რომელიც იყო წმ. იოანე კონსტანტინეპოლელი მოწაფეთაგანი