ღირსი გერასიმე (+475)

4 (17) მარტი

ღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს (+475), წარმოშობით ლიკიიდან (მცირე აზია) იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450 წელს კი, პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა.

ერთ დროს ღირსი გერასიმე ევტიხისა და დიოსკორეს ერესით იყო ცდუნებული და იესო ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა, მაგრამ ღირსი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) თანადგომით ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა.

სავანეში წმიდა ბერმა მკაცრი წესები განაჩინა: კვირაში ხუთი დღე მეუდაბნოეები განმარტოებით ცხოვრობდნენ, ცეცხლზე გამზადებულ საზრდელს არ ღებულობდნენ, მხოლოდ გამხმარი პურით, ბალახითა და წყლით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას საღვთო ლიტურღიაზე იკრიბებოდნენ და ეზიარებოდნენ.

თითოეულ ბერს გააჩნდა მხოლოდ ძველი სამოსელი და ჭილოფი დასაძინებლად. კელიიდან გასვლისას მამები კარს არ კეტავდნენ, რათა გამვლელი შემოსულიყო, დაესვენა და საჭირო ნივთები წაეღო.

თვით ღირსი გერასიმე სამაგალითო იყო თავისი ღვაწლით. დიდმარხვაში ბრწყინვალე აღდგომამდე არაფერს ჭამდა, მთელ მარხვას უდაბნოში ატარებდა საყვარელ მოწაფესთან, ნეტარ კირიაკესთან (ხს. 29 სექტემბერს) ერთად, რომელიც ექვთიმე დიდმა გამოგზავნა მასთან.

როცა ექვთიმე დიდი გარდაიცვალა, ღირსმა გერასიმემ იხილა, თუ როგორ აღიყვანეს წმიდანის სული ანგელოზებმა ზეცად, ნეტარი კირიაკე ეახლა, წმიდა ექვთიმეს სავანეში წავიდა და მისი ცხედარი მიწას მიაბარა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

წმ. გერასიმე იორდანელის ცხოვრების ვრცელი ვერსია