წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი (+270-275)

6 (19) მარტი

წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი (+270-275). წმიდა ღირსმოწამე კონონი ცხოვრობდა იკონიაში (მცირე აზია). დაქვრივების შემდეგ მან შვიდი წლის ვაჟთან ერთად მონასტერში დაიდო ბინა. ღვთისმოსავი ცხოვრების გამო უფალმა იგი განსაკუთრებული მადლით დააჯილდოვა: ბოროტ სულებს განასხმიდა, ავადმყოფებს კურნავდა და ბრმებს თვალის სინათლეს უბრუნებდა. კონონი დაუცხრომელად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს წარმართთა შორის. მისი მოღვაწეობის ამბავი გაიგო ქრისტიანთა მდევნელმა დომენტიანემ და წმიდანს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ღირსმა მამამ უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მასთან ერთად აწამეს მისი შვილი - დიაკონი კონონი. მამა-შვილი გახურებულ გრდემლზე დააწვინეს და ადუღებული ზეთი დაასხეს, გამლღვალი კალით სავსე ქვაბში ჩაყარეს, თავდაყირა დაკიდეს, მაგრამ წმიდანები ზეციურმა მადლმა დაიფარა და უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს, გამძვინვარებულმა მტარვალებმა გადაწყვიტეს, ხის ხერხით გაეხერხათ მამა-შვილი. წმიდანებმა ლოცვისთვის დრო სთხოვეს ჯალათებს და უფალს შეჰღაღადეს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ შენი სახელისთვის ტანჯვის ღირსად შეგვრაცხე. გავედრებ შენს წმიდა ეკლესიას, შემუსრე მბრძოლნი მათნი, დაამტკიცე და გააძლიერე შენი თაყვანისმცემელნი, მიიღე სული ჩვენი და მოგვმადლე მშვიდობა“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ზეცით გაისმა ხმა, რომელიც წმიდანებს თავისთან უხმობდა. წმ. მოწამეებმა პირჯვარი გადაისახეს და მშვიდად მიაბარეს სული უფალს. მაშინვე მიწისძვრამ შეარყია ქალაქი და ყველა კერპი შემუსრა.

მონაზვნებმა წმიდანთა სხეულები საიდუმლოდ დამარხეს მონასტერში, სადაც ისინი მსახურებდნენ. ეს მოხდა ვალერიანეს მეფობის დროს, 270-275 წლებში. მოგვიანებით მამა-შვილის წმიდა ნაწილები გადაასვენეს მიტალიაში, ქალაქ აცერუში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.