ღირსი ევსტოლია (+610) და სოსიპატრა (+625)

9 (22) ნოემბერი

ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. მან უფლის მსახურებისთვის გადადო თავი, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და დედათა ერთ-ერთ სავანეში დამკვიდრდა. კეთილმსახური და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ნეტარმა დების სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მასთან არა მარტო მოწესეები, არამედ ერისკაცებიც მრავლად მოდიოდნენ სულიერი რჩევა-დარიგებისა და ნუგეშის მისაღებად.

წმიდა სოსიპატრა იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ასული იყო. მას წრფელი გულით უყვარდა ქრისტე და მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფოდა. ერთხელ ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ნეტარი ღირს ევსტოლიას შეხვდა და ესაუბრა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ეს სოფელი და წინამძღვრის - ევსტოლიას ხელმძღვანელობით შესდგომოდა სულიერ ღვაწლს. სასახლეში, რომელიც კეთილმსახურმა იმპერატორმა უძღვნა თავის ასულს, თანდათან შეიქმნა მონასტერი, რომელიც მკაცრი წეს-განგებით იყო ცნობილი.

წმიდა ევსტოლია 610 წელს გარდაიცვალა, სოსიპატრა კი - 625 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.