ღირსი იოანე კოლოვი (V)

9 (22) ნოემბერი

ღირსი იოანე კოლოვი (ბერძნულად - ტანმორჩილი) ეგვიპტეში, სკიტის უდაბნოში მდებარე ღირსი პიმენ დიდის (ხს. 27 აგვისტოს) მონასტერში მოღვაწეობდა V საუკუნეში (შემდგომში სწორედ ამ უდაბნოს სახელწოდებიდან დაერქვა „სკიტები“ მონასტრისაგან მოშორებულ სავანეებს, სადაც ბერები განმარტოებით მოსაგრეობენ). მონასტერში იგი ძმასთან - დანიელთან ერთად მივიდა. ერთხელ ღირსმა იოანემ, თითქოსდა ანგელოზებრივი ცხოვრების მიბაძვით, გადაწყვიტა, სამოსელზე და საზრდელზე აღარ ეზრუნა, ტანსაცმელი განიძარცვა და სენაკიდან გავიდა. ღამით, როცა ძალიან აცივდა, მან სუსხს ვეღარ გაუძლო, დაბრუნდა და დანიელს კარებზე მიუკაკუნა. ძმა რამდენიმე ხანს კარებს არ უღებდა ნეტარს. უთხრა, ანგელოზები სხეულზე არ ზრუნავენო. წმიდანი მიხვდა, რომ საკუთარ თავს ზედმეტად მიენდო. ამ შეგონების შემდეგ იოანემ მტკიცე და ურყევი ნების მქონე მოძღვარს - ღირს პიმენს მიაშურა, სულიერი ხელმძღვანელობა სთხოვა და აღუთქვა, რომ ყველაფერში დაემორჩილებოდა.

ახალგაზრდა ბერის მოთმინება რომ გამოეწრთო, წმიდა პიმენმა მას უცნაური მორჩილება დაუწესა: ნეტარი იოანე სამი წელი ეზიდებოდა წყალს გამხმარი ხის მოსარწყავად, რომელიც ბოლოს მწვანე ფოთლებით შეიმოსა და ნაყოფებით დაიხუნძლა. სასწაულებრივად განედლებულ ამ ხეს „მორჩილების ხე“ უწოდეს. შემდგომში უფლის რჩეული თავად წინამძღვრობდა ცხონების გულწრფელად მაძიებელ მოღვაწეებს. მისი სულიერი შვილები იყვნენ: ღირსი არსენი დიდი (ხს. 8 მაისს), ნეტარი ტაისია (ხს. 10 მაისს) და ბევრი სხვა ცნობილი მოღვაწე.

წმიდა მამა საოცარი კაცთმოყვარეობითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა. ერთხელ იგი რამდენიმე ძმასთან ერთად სკიტიდან გავიდა. გზად შემოაღამდათ. სიბნელეში გამყოლს გზა დაებნა. „მამაო, როგორ მოვიქცეთ? ამგვარმა ხეტიალმა, შესაძლოა, დაგვღუპოს კიდეც“, - შესჩივლეს ბერებმა ღირს იოანეს. წმიდანმა მიუგო: „გამყოლს ნურაფერს ეტყვით: საბრალოს შერცხვება, დამწუხრდება, განაწყენდება და, იქნებ, დრტვინვაც დაიწყოს. უმჯობესია, ასე მოვიქცეთ: მე თავს ისე მოვიჩვენებ, თითქოს ავად ვარ, ვიტყვი, რომ გზის გაგრძელება არ შემიძლია და გათენებამდე აქ დავრჩეთ“. იოანე ასეც მოიქცა, სხვებმა კი განაცხადეს, ჩვენც მასთან დავრჩებითო: ყველანი შეჩერდნენ, იმ ადგილას გაათიეს ღამე და მოყვასს გული არ ატკინეს.

ჩვენამდე ღირსი იოანეს მრავალმა ბრძნულმა გამონათქვამმა, იგავმა და შეგონებამ მოაღწია. ერთ-ერთ იგავში წმიდანი ამბობს: ერთ ქალაქში ცხოვრობდა მომხიბლავი, მაგრამ გარყვნილი ქალი. ქალაქის თავს უყვარდა იგი, სურდა, გაებედნიერებინა და ხელი სთხოვა იმ პირობით, რომ ამიერიდან წმიდად და უბიწოდ იცხოვრებდა. ქალმა აღთქმა დადო და ქალაქის თავი დაქორწინდა მასზე. ეს რომ ქალის ძველმა საყვარლებმა შეიტყვეს, ერთმანეთს უთხრეს: „ოლქის მმართველმა სატრფო მოგვტაცა, როგორ გამოვიტყუოთ იგი? სახლში რომ მივადგეთ, მმართველი გვიცნობს და სასტიკად დაგვსჯის. უმჯობესია, ჩვენი მეგობრის სახლის ახლოს ჩავიაროთ, სტვენით ნიშანი მივცეთ და გამოვიხმოთ. ისიც ხმაზე გვიცნობს და თვითონ გამოვა ჩვენთან“. ასეც მოიქცნენ. მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდათ: როცა ქალს სტვენა შემოესმა, ყურები დაიცო, თავისი ქმრის საიდუმლო ოთახში გაიქცა და შიგ ჩაიკეტა.

ამ იგავის განმარტება ასეთია: გარყვნილი ქალი - სულია, მისი საყვარლები - ვნებები, ქალაქის მფლობელი - ქრისტე; ცოლ-ქმრობა - სინანული; სტვენა - ამსოფლიური საცთურნი; შიდა ოთახი კი - უფლის მცნებებით ცხოვრება.

წმიდა იოანეს ეკუთვნის ღირსი პაისი დიდის (ხს. 9 ივნისს) ცხოვრებაც.

უფლის რჩეული მამა V საუკუნის I ნახევარში 422, ან, 430 წელს გარდაიცვალა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.