წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა. ანთუსა შვილს ქრისტიანული ღვთისმოშიშების სულს უნერგავდა და ამასთან საერო განათლებასაც აძლევდა იმ დროის ცნობილი სწავლულების ხელმძღვანელობით. 18 წლის იოანე ათენს გაემგზავრა განათლების სრულყოფისათვის. აქ იგი თავისი სიბრძნითა და განსწავლულობით მალე აღემატა ყველა თავის თანატოლსა და ბევრ ფილოსოფოსსაც, რის გამოც მოშურნეებიც გაუჩნდა. უკვე იმ დროს წმიდანის ქადაგებით მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ათენის მთავარეპისკოპოსმა გადაწყვიტა მღვდლად ეკურთხებინა იგი და თავის მემკვიდრედაც დაედგინა. ეს რომ შეიტყო, იოანე ფარულად გაიპარა ათენიდან და მშობლიურ ანტიოქიაში დაბრუნდა.
ანტიოქიაში წმიდა იოანე განმარტოებით ცხოვრობდა, ამასოფლისეული არაფერი იტაცებდა და თავის მეგობარ ბასილისთან (შემდგომში რაფანის ეპისკოპოსი) ერთად მონაზვნობა სურდა. მაშინ დედამ, ანთუსამ, მოაგონა, რომ მას ამსოფლად აღარვინ რჩებოდა ნუგეშინისმცემელი და სთხოვა, ვიდრე ცოცხალი ვარ, ნუ მიმატოვებო. იოანემ შეისმინა დედის თხოვნა და დროებით ხელი აიღო განზრახვაზე, მაგრამ შინაც განდეგილივით ცხოვრობდა და მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ამ პერიოდში იოანე დაუახლოვდა ანტიოქისს პატრიარქს, წმიდა მელეტის, რომელმაც მონათლა იგი და მკითხველად დაადგინა ეკლესიაში. სამი წლის შემდეგ ანთუსა გარდაიცვალა. იოანემ პატივით დაკრძალა დედა, მერე კი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა, სადაც მკაცრ მოღვაწეობაში ატარებდა დღეებს. აქ დაწერა წმიდა იოანემ თავისი თხზულებები: „მღვდლობისათვის“, „გულის შემუსრვილებისათვის“, „ეპისტოლე თეოდორეს მიმართ“.
ერთ ღამეს ამ მონასტერში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ბერმა, ევსუქიმ იხილა, რომ იოანეს ეწვია სპეტაკ სამოსელში გამოწყობილი ორი მოციქული - იოანე და პეტრე. იოანეს ხელთ გრაგნილი ეპყრა, პეტრეს კი გასაღები. იოანე ღვთისმეტყველმა გადასცა გრაგნილი და უთხრა:
- უფალი განიჭებს უღრმეს სიბრძნეს, რათა დაჰმოძღვრო ქრისტეს სამწყსო, და დაადუმო მწვალებლები!
წმიდა პეტრემ კი გასაღები ჩააბარა:
- მე ვარ პეტრე, სასუფევლის გასაღების მპყრობელი. უფალი შენც გაძლევს ეკლესიის გასაღებს, რათა, ვისაც განხსნი, განიხსნას და ვისაც შეკრავ, შეკრულ იყოს.
იოანე მუხლებში ჩაუვარდა მოციქულებს და შეჰღაღადა:
- ვინა ვარ მე, კაცთა შორის უკანასკნელი, რომ თავს ვიდო ასეთი დიდი და ძნელი საქმე?
მაგრამ მოციქულებმა წამოაყენეს იგი და უთხრეს:
- ადექი, გამხნევდი და შეასრულე ის, რისკენაც უფალი იესო ქრისტე მოგიწოდებს. უქადაგე ხალხს სიტყვა ღმრთისა და ნუ შეუშინდები სიძნელეებს: ღმერთმა ინება, რომ შენი მეშვეობით მრავალი სული მოიქცეს ქრისტეს სჯულზე და იცნოს ჭეშმარიტი ღმერთი. ისიც იცოდე, რომ სიმართლის ქადაგებისათვის ბევრი განსაცდელი მოგელის, მაგრამ მხნედ დაითმინე ისინი, რადგან ამ გზით ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებ.
წმინდანმა განაგრძო მონასტერში ცხოვრება და დაუღალავად იღვწოდა სულის ცხონებისათვის, მალე მას სახელი გაუვარდა, როგორც სასწაულთმოქმედ მამას, მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა კურნების მისაღებად და სულის მარგი საუბრის მოსასმენად. კაცთა დიდებას რომ განრიდებოდა, წმიდა იოანე კიდევ უფრო შორს, გამოქვებულში განმარტოვდა. აქ იგი ორი წელი ცხოვრობდა, მაგრამ მკაცრმა მოღვაწეობამ ისე დაასნეულა, რომ საკუთარი თავის მოვლის ძალა აღარ შესწევდა და იძულებული გახდა ანტიოქიაში დაბრუნებულიყო. ესეც ღმრთის განგებით მოხდა, რათა მისი ქადაგებით მრავალი წარმართი მოქცეულიყო ქრისტეს სჯულზე და მრავალი ქრისტიანი განმტკიცებულიყო სარწმუნოებაში. ანტიოქიის პატრიარქმა, წმიდა მელეტიმ, დიდი სიყვარულით მიიღო იოანე, დიაკვნად აკურთხა და ექვსი წელი გვერდიდან არ იშორებდა. ამ პერიოდს ეკუთვნის იოანე ოქროპირის მრავალი თხზულება.
როდესაც წმიდა მელეტი აღესრულა, იოანემ კვლავ იმ მონასტერს მიაშურა, სადაც ადრე მოღვაწეობდა, და კიდევ სამი წელი გაატარა იქ. ამ დროს ანტიოქიის პატრიარქი იყო ფლავიანე, რომელსაც ერთხელ ღამით, ლოცვისას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, წასულიყო ამ მონასტერში, სადაც იოანე მოღვაწეობდა და წამოეყვანა იგი: ამიერიდან წმინდანს სახალხოდ უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. იმავე დროს ჩვენება იხილა იოანემაც - ანგელოზმა უბრძანა მას, რომ ფლავიანეს დამორჩილებოდა. მართლაც, პატრიარქი თვითონ ჩავიდა მონასტერში, სადაც ბერებმა დიდი პატივით მიიღეს იგი და ეკლესიაში შეაბრძანეს. პატრიარქმა ლიტურგია ჩაატარა და განუცხადა ძმებს, რომ იოანე თან უნდა წაეყვანა. ყველა დაამწუხრა წმიდა იოანესთან განშორებამ, მაგრამ უსიტყვოს დაემორჩილნენ ღმრთის ნებას.
ანტიოქიაში ჩასვლის მეორე დღესვე შედგა იოანე ოქროპირის მღვდლად კურთხევა. ხელდასხმისას ყველამ იხილა სასწაული: საიდანღაც მოფრენილი თეთრი მტრედი წმიდა იოანეს დასტრიალებდა თავს. ამიერიდან მოძღვარი დიდი მოსწრაფებით შეუდგა თავისი სამწყსოსათვის ზრუნვას: კვირაში ორჯერ, ხანდახან კი ყოველდღეც, იგი ამბიონიდან მოძღვრავდა ერს. წმიდა იოანე გულმოდგინედ განუმარტავდა ხალხს საღმრთო წერილს, რადგან ეს საქმე მეტად საჭიროდ და აუცილებლად მიაჩნდა. მან დაგვიტოვა ძველი აღთქმის წიგნების, მათესა და იოანეს სახარების, „საქმე მოციქულთა“-ს განმარტებები; განსაკუთრებით უყვარდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ხშირად განმარტავდა მათ.
ყველა მსურველი ვერ ახერხებდა წმიდა იოანეს ქადაგებების მოსმენას ხალხის სიმრავლის გამო, ამიტომ ბევრი იწერდა და მერე ერთმანეთს გადასცემდა მის სიტყვებს. ამ სიტყვებს კითხულობდნენ ტრაპეზების დროს, მოედნებზე, ხალხი ზეპირად სწავლობდა მათ. როდესაც შეიტყობდნენ, სადმე იოანე ქადაგებდა, ყველა იქითკენ მიისწრაფოდა: ქალაქის თავნი და მსაჯულნი თავს ანებებდნენ საქმეს, ვაჭრები - სავაჭროს, ხელოსნები - სახელოსნოებს, ყველა იოანეს მოსმენას ეშურებოდა და ცდილობდა, ერთი სიტყვაც კი არ გამოჰპარვოდა მისი ნათქვამიდან. ამიტომ შეარქვეს წმინდანს „ტკბილმოუბარი“, „თაფლმწთოლვარე“, ბოლოს კი „ოქროპირი“. წმიდა იოანე ცდილობდა, მისი სიტყვები ერთნაირად გასაგები ყოფილიყო სწავლულისა და მდაბიოსთვის, დაუღალავად ქადაგებდა და მუდამ პოულობდა ნუგეშის სიტყვას თავისი სამწყსოსთვის.
ამასობაში გარდაიცვალა კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნექტარიოსი, რის შემდეგაც კარგა ხანს ვერ შეძლეს მისი მემკვიდრის მოძებნა. ბოლოს ბიზანტიის იმპერატორმა არკადიმ შიკრიკი აფრინა ფლავიანესთან და უბრძანა, იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლში გაეშვა. ანტიოქია ღრმა მწუხარებამ მოიცვა. ხალხს არასგზით არ სურდა საყვარელ მოძღვართან განშორება. ყველა ანტიოქიის დიდ ტაძარში შეიკრიბა და, ფლავიანეს შეგონებების მიუხედავად, არ ანებებდა მეფის წარგზავნილებს წმიდა იოანეს წაყვანას. არც იოანე ოქროპირს უნდოდა გამგზავრება: თავისი თავი პატრიარქობის ღირსად არ მიაჩნდა. მაშინ მეფე კიდევ უფრო დიდი ცნობისწადილით აღივსო - სურდა ენახა, ვინ იყო კაცი, რომელმაც ხალხის ასეთი სიყვარული დაიმსახურა. თავის მსახურებს მან უბრძანა, ფარულად გამოეპარებინათ წმიდა იოანე ანტიოქიიდან, რაც მათ კიდევაც შეასრულეს.
კონსტანტინეპოლს რომ მიუახლოვდა, იოანე ოქროპირს მთელი ქალაქი შეეგება, მეფემაც პატივით მიიღო იგი. მალე ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელზეც იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. მისი აღსაყდრება 398 წლის 21 თებერვალს მოხდა. მეფე თავისი დიდებულებით ეახლა პატრიარქს ლოცვა-კურთხევის მისაღებად. პატრიარქმა დალოცა მეფე და უსურვა, მტკიცედ დაეცვა წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება, მორიდებოდა მწვალებლებთან ურთიერთობას, ხშირად ევლო ეკლესიაში, ყოფილიყო მოწყალე და სამართლიანი. იოანე ოქროპირი გულმოდგინედ იღვწოდა თავისი სამწყსოს სულის სარგოდ, დაუნდობლად ამხილებდა ბოროტ ჩვევებს, სიბილწეს, შურს, ანგარებას, მრუშობას და ყოველგვარ არაწმინდებას. იგი ქადაგებდა სიყვარულს, მოწყალებას, ზნეობრივ სიწმინდეს, სამართლიანობას, ყველას მოუწოდებდა ღმრთის სათნო ცხოვრებისაკენ.
ერთხელ, აღდგომის წინა დღეებში, იოანე ოქროპირს გული ატკინა ხალხის უმსგავსო საქციელმა, იმ ხალხისა, რომელიც ასე უყვარდა და რომლის სულიერი წარმატებისათვის ასე ზრუნავდა. ვნების შვიდეულის ოთხშაბათს ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, რომელიც წალეკვას უქადდა ქალაქს. ხალხს შეეშინა, შეინანა, ეკლესიებს მიაწყდა. მაგრამ როგორც კი საფრთხემ გადაიარა, მათ მაშინვე დაავიწყდათ მრისხანე გაფრთხილება და შაბათს კვლავ თავაწყვეტილ მხიარულებას მისცეს თავი: ცირკებსა და თეატრებს მიაშურეს, ნადიმების გამართვა დაიწყეს. გულის სიღრმემდე შეძრულმა იოანემ აღდგომის პირველ დღეს უმადურ სამწყსოს თავისი ცნობილი სიტყვით მიმართა: „სანახაობათა წინააღმდეგ“.
იოანე ოქროპირი მხოლოდ კონსტანტინეპოლზე კი არა, მის შემოგარენზეც ზრუნავდა. ახლო-მახლო ქალაქებში იგი აგზავნიდა გამოცდილ მოძღვრებს საღმრთო სჯულის საქადაგებლად და ქრისტიანობის განსამტკიცებლად. მან საძირკვლიანად შემუსრა ფინიკიაში საუკუნეთა მანძილზე მდგარი ბომონები, ქრისტეს სჯულზე მოაქცია კულტები, რომლებიც მანამდე არიანელებმა აცთუნეს, გააქრისტიანა დუნაისპირელი სკვითები - მოკლედ, მთელი სოფელი სარწმუნოების ნათლით გაანათლა. წმიდა იოანე განსაკუთრებით ზრუნავდა უძლურთა და გლახაკთათვის. მან ააშენა მრავალი საავადმყოფო და უსახლკაროთა თავშესაფარი, მსახურები და ექიმები მიუჩინა მათ და განუწყვეტლივ ეხმარებოდა სიტყვით თუ საქმით.
ერთხელ წმინდა მღვდელმთავარი მცირე აზიაში გაემგზავრა, რადგან იცოდა, რომ იქაურ ეკლესიაში სიმონიის ცოდვა იყო გავრცელებული (სიმონია - მღვდლობის ხარისხის ყიდვა-გაყიდვა). წმინდანმა ამხილა ეს უსჯულოება, მკაცრად დასაჯა დამნაშავე მღვდლები და ეპისკოპოსები, მათ ნაცვლად კი ღირსეულნი დაადგინა. ამის შემდეგ იგი კვლავ კონსტანტინეპოლში დაბრუნდა.
თავისი მაღალი წოდების მიუხედავად იოანე ოქროპირს არასოდეს შეუწყვეტია მკაცრი მონაზვნური მოღვაწეობა: მთელ თავისუფალ დროს იგი განმარტოებით ატარებდა, ლოცვას და მარხვაში, მას ცოტა ეძინა, ცოტას ჭამდა, არასოდეს დადიოდა ნადიმებსა და სანახაობებზე.
წმიდა იოანე დაუნდობლად ამხილებდა წარჩინებულთა ცოდვებს, მათ სიხარბეს, ანგარებასა და უსამართლობას, და ღმრთის რისხვას უქადდა უსჯულო საქციელისთვის. ამისთვის მან მრავალი დიდებულის მტრობა მოიმკო: წმინდანის სიტყვები მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა, რადგან თავიანთი ცოდვების დატევება არ სურდათ და მხილების მოსმენა ემძიმებოდათ. ისინი ცილს სწამებდნენ წმინდანს, ცდილობდნენ ხალხის თვალში სახელი გაეტეხათ მისთვის და როგორმე თავიდან მოეშორებინათ. ამის მიუხედავად, წმინდანის დიდება სულ უფრო მატულობდა და ბევრი შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდა მის მოსასმენად. იოანე ოქროპირის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო - დედოფალი ევდოქსია. იგი საშინელი ანგარების და სიხარბის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი, სიმდიდრის მოსახვეჭად არაფერს თაკილობდა და თავის ქვეშევრდომთა ქონებას ძალით თუ მოტყუებით იტაცებდა: იოანე ოქროპირის ყველა ქადაგებას, რომელშიც იგი ანგარებას ამხილებდა, დედოფალი პირადად თავის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევდა და სასტიკად სძულდა იგი. ევდოქსიამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ჩამოეშორებინა პატრიარქი. წმინდანების მტრებს შორის იყვნენ აგრეთვე ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, რამდენიმე ეპისკოპოსი და ის მღვდლები, ვისაც წმინდანის ქადაგებები უსჯულო ცხოვრებით ტკბობაში ხელს უშლიდა.
მაშინ თეოფილე ალექსანდრიელმა მოიწვია კრება კონსტანტინეპოლში, რომელმაც დაუსწრებლად დასდო მსჯავრი წმიდა იოანეს და პატრიარქობიდან გადააყენა. მეფე, რომელიც დედოფალმა გადაიბირა, დაეთანხმა ამ კრების განჩინებას და ბრძანა წმინდანის გაძევება. ამ ამბით აღშფოთებული ხალხი ეკლესიასთან შეიკრიბა; ისინი გმობდნენ მეფე-დედოფალს და თავიანთ მღვდელმთავარს იცავდნენ. სამი დღის მანძილზე ეკლესიას ვერავინ გაეკარა. მაგრამ წმიდა იოანეს არ უნდოდა, რომ მისთვის ახალი ბრალდება წაეყენებინათ - თითქოს იგი მეფის ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ამიტომ ჩუმად გაიპარა ეკლესიიდან და თვითონ ჩაბარდა ჯარისკაცებს.
როდესაც ხალხმა ეს ამბავი შეიტყო, ეპისკოპოს თეოფილეს ჩაქოლვა დაუპირა. თეოფილე შეშინდა და სასწრაფოდ გაიქცა კონსტანტინეპოლიდან. ხალხი გარს შემოერტყა მეფის სასახლეს და წმინდანის დაბრუნებას მოითხოვდა. იმავე დღეს დიდი მიწისძვრა მოხდა, რამაც დედოფალი ევდოქსია შეაშინა და სთხოვა მეფეს, დაებრუნებინათ პატრიარქი. მარმარილოს ზღვა ნავებმა გადასერეს - მეფის შიკრიკები წმიდა იოანეს უკან დაბრუნებას სთავაზობდნენ. მღვდელმთავარი დათანხმდა. კონსტანტინეპოლის მკვიდრნი ანთებული სანთლებით გამოეგებნენ თავიანთ პატრიარქს და მალე ზღვა გაჩირაღდნებული ნავებით აივსო. ქალაქში რომ შევიდნენ, ხალხმა იგი დიდი პატივით, ფსალმუნების გალობით შეაბრძანა ეკლესიაში. წმინდანმა ლოცვა აღუვლინა ღმერთს და მერე სიტყვით მიმართა ხალხს, რომელიც სასოებით უსმენდა საყვარელ მღვდელმთავარს. ხალხი ზეიმობდა, წმინდანის მტრები კი მიმოიფანტნენ.
პატრიარქმა განაგრძო თავისი მსახურება, მაგრამ მშვიდობა ორ თვესაც არ გაგრძელებულა. წმიდა სოფიას ტაძრის მახლობლად დედოფალმა ევდოქსიამ აღმართა მაღალი სვეტი თავისი გამოსახულებით, მის გახსნაზე გამართა დიდი ზეიმი და თამაშობები. ხმაური ეკლესიამდე აღწევდა და საღმრთო ლიტურგიის ჩატარებას ხელს უშლიდა. წმიდა იოანემ ქალაქის თავს მოსთხოვა, შეეწყვიტათ თავაშვებული ზეიმი, მაგრამ მან ყურიც არ ათხოვა პატრიარქის სიტყვებს. მაშინ წმიდა იოანემ ეკლესიაში მკაცრი, მამხილებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ასე იწყებოდა: „კვლავაც მძვინვარებს ჰეროდია, კვლავ დაძრწის და როკავს, კვლავ დაეძებს იოანეს თავს!“
ეს ამბავი სასწრაფოდ მიუტანეს ევდოქსიას, თანაც უთხრეს, ჰეროდიაში, ცხადია, შენ გგულისხმობსო. დედოფალი განრისხდა და ტირილით შეევედრა მეფეს, ხელმეორედ მოეწვია კრება იოანე ოქროპირის წინააღმდეგ. ისევ დაუგზავნეს სიგელები ყველა იმ ეპისკოპოსს, ვინც წინა კრებაში მონაწილეობდა, ისევ შეიკრიბნენ წმინდანის მტრები. არ გამოცხადდა მხოლოდ თეოფილე, ალექსანდრიის პატრიარქი, რომელსაც კარგად ახსოვდა, თუ რით დამთავრდა მისთვის წინა კრება, თუმცა თავის ნაცვლად სამი ეპისკოპოსი გამოგზავნა. უსჯულო კრებამ კვლავ დაგმო წმიდა იოანე.
აღდგომა რომ დგებოდა, მეფემ, ზოგიერთი ეპისკოპოსის რჩევით, შეუთვალა იოანე ოქროპირს:
- დატოვე ეკლესია, რადგანაც ორმა კრებამ დაგდო მსჯავრი! მე ვერ შემოვალ ტაძარში, ვიდრე შენ იქ იმყოფები!
იოანემ უპასუხა:
- ეკლესია იესო ქრისტემ ჩამაბარა და ჩემი ნებით ვერ მივატოვებ მას. მოვიდნენ შენი მსახურები და ძალით გამიყვანონ, მაშინ მე აღარ ვაგებ პასუხს ქრისტეს წინაშე ეკლესიის თვითნებური მიტოვებისათვის.
მეფე ჯერ შეყოყმანდა, მაგრამ მერე პატრიარქის მტრების წაქეზებით მართლაც გააგზავნა ტაძარში თავისი ერთ-ერთი მხედართმთავარი - მარინუსი და უბრძანა, ძალით გამოეყვანათ ეკლესიიდან პატრიარქი. ვიდრე მისი გადასახლების ბრძანება მოვიდოდა, მას ნება დართეს, რომ ორი თვის მანძილზე საპატრიარქო სახლში დარჩენილიყო. ამ ხნის განმავლობაში წმინდანს მრავალი განსაცდელი შეემთხვა მტრების მზაკვრობის გამო. მათ ორჯერ მიუგზავნეს მღვდელმთავარს დაქირავებული მკვლელები, მაგრამ სახლს ფხიზლად დარაჯობდა პატრიარქის ერთგული ხალხი, რომლებმაც გადაარჩინეს მღვდელმთავარი.
სულთმოფენობის დღეს წმიდა იოანეს გადასცეს ბრძანება, რომ იგი გადასახლებაში უნდა გამგზავრებულიყო. ერთ-ერთმა დიდებულმა ურჩია, ფარულად წასულიყო ქალაქიდან, რათა თავიდან აეცილებინა ხალხის მღელვარება და სისხლისღვრა. მაშინ წმინდანმა მოუხმო რამდენიმე ერთგულ ეპისკოპოსსა და სასულიერო პირს, აგრეთვე დიაკონისა ოლიმპიადას, და დაემშვიდობა მათ. ყველა ტიროდა, ტიროდა თვითონ წმიდა იოანეც - ისინი გრძნობდნენ, რომ სამუდამოდ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს. მალე მღვდელმთავარი ფარულად გავიდა სახლიდან და ზღვის ნაპირს მიაშურა, სადაც მას ჯარისკაცები უცდიდნენ: მათ ნავში ჩასვეს წმინდანი და გზას გაუყენეს.
წმიდა იოანეს გაძევების შემდეგ კონსტანტინეპოლში დიდი ხანძარი გაჩნდა, რაც აშკარად ღმრთის რისხვის გამოვლინება იყო. დაიწვა მრავალი შენობა, განადგურდა დიდი სიმდიდრე, დაიწვა სასახლე, სადაც იოანე ოქროპირის საწინააღმდეგო კრებები ტარდებოდა, მაგრამ ხალხი უვნებელი დარჩა. წმინდანის მტრებმა ხანძარი მისი მომხრეების მოწყობილად გამოაცხადეს.
ამასობაში წმიდა იოანე ოქროპირი თავისი გადასახლების ადგილისაკენ მიემგზავრებოდა. თანმხლები ჯარისკაცები სასტიკად გვემდნენ და აწამებდნენ მას, რითაც დედოფლის ბრძანებას ასრულებდნენ: ევდოქსიას სურდა, მღვდელმთავარი რაც შეიძლება ადრე გამოსალმებოდა წუთისოფელს. ჯარისაცებმა ვირზე შესვეს წმიდანი და მთელი ძალით მიერეკებოდნენ მას, დასვენებას არ აცლიდნენ, ღამეს ყველაზე ჭუჭყიან სასტუმროებში ათევინებდნენ, აშიმშილებდნენ, ეკლესიებში შესვლის ნებართვას არ აძლევდნენ და ლანძღვა-გინებით იკლებდნენ. გზად შეხვედრილი ბერ-მონაზვნები, ამ დიდი მამის ტანჯვა-წამების შემყურე, მწარედ ტიროდნენ.
როდესაც წმინდანმა მცირე სომხეთს, ქალაქ კუკუზას მიაღწია, იქ იგი დიდი პატივით მიიღო ამ ქალაქის ეპისკოპოსმა, ადელფიოსმა, რომელსაც წინასწარ ემცნო ჩვენებით მოსალოდნელი სტუმრობის შესახებ. კუკუზაში მან მრავალი ურწმუნო მოაქცია თავისი ქადაგებით, ყოველი მხრიდან მოდიოდა ხალხი მის მოსასმენად, ანტიოქიიდანაც ჩამოვიდნენ მისი ძველი ნაცნობები და პატივისმცემლები. ამ ამბავმა კონსტანტინეპოლამდეც მიაღწია. წმინდანის მტრები შეშფოთდნენ - მათთვის იოანე ოქროპირი გადასახლებაშიც საშიში იყო. მალე კუკუზაში ბრძანება მოვიდა, რომ იგი კიდევ უფრო შორს, შავი ზღვის პირას, ქალაქ პიტიუნტში (ბიჭვინთაში) უნდა გამგზავრებულიყო. კვლავ დაიწყო წმინდანის ტანჯვა-წამება: ჯარისკაცები წინანდელზე უფრო სასტიკად ექცეოდნენ ტუსაღს, გვერდს უვლიდნენ სოფლებსა და ქალაქებს, რომ მას დასვენების საშუალება არ ჰქონოდა, სიცხესა და ქარში დაუზოგავად მიერეკებოდნენ ვირს, რომელზეც წმიდა იოანე იჯდა. ამ გზამ საბოლოოდ დააუძლურა წმინდანი. ერთ ღამეს მას კვლავ გამოეცხადნენ წმიდა მოციქულები იოანე და პეტრე, მოახლოებული აღსასრული აუწყეს და ისიც უთხრეს, რომ დედოფალი სასტიკად დაისჯებოდა თავისი დანაშაულისთვის. წმიდა იოანეს თან ახლდა ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი, წმინდანის ერთგულნი, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს წმიდა მოციქულები და დიდება აღუვლინეს ღმერთს. რამდენიმე დღეში მათ კომანს (საქართველო, აფხაზეთი) მიაღწიეს. ამ ქალაქის ახლოს წმიდა ვასილისკოს ტაძარი იდგა (წმიდა ვასილისკო ეპისკოპოსი იყო და იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ეწამა). ეკლესიასთან მგზავრებმა ღამე გაათიეს. ღამით იოანეს წმიდა ვასილისკო ეჩვენა და უთხრა: „გამხნევდი, ძმაო იოანე! ხვალ ერთად ვიქნებით!“
|
წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი |
მეორე დღეს წმიდა იოანე შევიდა ეკლესიაში, სამღვდელმთავრო შესამოსელი შეიმოსა, თავისი ტანისამოსი კი თანმხლებთ დაურიგა; მერე საღმრთო ლიტურგია აღასრულა, ეზიარა, ყველა დალოცა, ყველას დაემშვიდობა და სიტყვებით: „დიდება შენდა ღმერთო ყოველივესთვის“ უფალს შეჰვედრა სული. ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს, 407 წელს, როდესაც წმიდა იოანე ოქროპირი 60 წლისა იყო. იგი ექვსი წელი მართავდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას, გადასახლებაში სამი წელი გაატარა.
წმინდანის თანმხლები მღვდლები და დიაკვანი მწარედ იგლოვდნენ მღვდელმთავრის სიკვდილს. მალე ისინი რომში გაემგზავრნენ პაპ ინოკენტისთან და დაწვრილებით უამბეს წმინდანის დევნისა და აღსასრულის ამბავი. ინოკენტიმ მკაცრი წერილი გაუგზავნა არკადის, რომელშიც წერდა: „შენ გააძევე ჭეშმარიტი მწყემსი, მისი სამწყსო კი უცხოთა ხელში ჩააგდე. მაგრამ მართლმსაჯული ღმერთი ისევე დაგსჯის ამ დანაშაულისთვის, როგორც კაენი დასაჯა თავისი ძმის, აბელის მოკვლისათვის!“
თავის მხრივ, საყვედურით სავსე წერილი მისწერა ძმას ჰონორიუსმა, რომის იმპერატორმა. ყოველივე ამის შედეგად არკადი საშინელმა შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო, შეინანა თავისი საქციელი, მოძებნა ყველა, ვინც იოანე ოქროპირის წინააღმდეგ იბრძოდა, ზოგი სიკვდილით დასაჯა, ზოგს კი მღვდლობის პატივი აჰყარა. ეპისკოპოსები, რომლებმაც უსჯულო კრებასა და იოანე ოქროპირის დევნაში მიიღეს მონაწილეობა, მან საპყრობილეში ჩასვა. ვერც დედოფალი გაექცა სასჯელს: მეფემ მოიცილა იგი, ცალკე სასახლეში ჩაკეტა და ყველას აუკრძალა მასთან ურთიერთობა.
ღმერთმა თვითონ მიუზღო წმინდანის მტრებს: ზოგს საშინელი სნეულებები მოუვლინა, ზოგს - უეცარი სიკვდილი, ზოგი დამუნჯდა, თეოფილე კი, ალექსანდრიის პატრიარქი, ჭკუიდან შეიშალა და ისე მოკვდა. დედოფალ ევდოქსიასაც უწია ღვთის რისხვამ: მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო, მატლები დაესივნენ და გარშემო ისეთ საშინელ სუნს ავრცელებდა, რომ ახლოს ვერავინ ეკარებოდა. ექიმებმა ვერაფერი უწამლეს მის სენს. მაშინ ევდოქსიამ თვითონ უთხრა მათ: თქვენ ვერაფერს მიშველით - ღმერთი მსჯის იმისათვის, რომ პატრიარქ იოანეს ვდევნიდიო. უსამართლოდ მიტაცებული ქონება მან პატრონებს დაუბრუნა, მაგრამ სნეულებას მაინც ვერაფერი ეშველა და ევდოქსია მალე გარდაიცვალა. მისი უსჯულოების სამხილებლად კუბო, რომელშიც ევდოქსია იწვა, 32 წლის მანძილზე ირყეოდა, ვიდრე არკადისა და ევდოქსიას ძემ, იმპერატორმა თეოდოსიმ წმინდანის ნაწილები კომანიდან კონსტანტინეპოლში არ გადმოასვენა (ეს მოხდა 436 წლის 27 იანვარს). მაშინ იმპერატორი ევედრა წმიდა იოანეს, რათა მიეტევებინა დედოფლისათვის საშინელი ცოდვა. წმიდანმა ისმინა მისი და იმ დროიდან დედოფალ ევდოქსიას კუბომ შეწყვიტა რყევა.
ასე დასაჯა ღმერთმა წმინდანის მტრები, ხოლო კუკუზას ეპისკოპოსი ადელფიოსი, რომელმაც ოდესღაც სიყვარულით შეიწყნარა წმიდა იოანე, ასეთი ხილვის ღირსი გახდა: ანგელოზი შეუძღვა სამოთხეში და უჩვენა ადგილი, სადაც ყველა წმიდა მამა და ეკლესიის მოძღვარი იმყოფებოდა. ადელფიოსი წმიდა იოანეს ეძებდა, მაგრამ ვერსად ნახა და დამწუხრებული გამოვიდა. ანგელოზმა ჰკითხა:
- რას დაღონებულხარ? ყველა, ვინც არ შედის, დამწუხრებულიც რომ იყოს, მხიარული გამოდის, შენ კი პირიქით იქცევი: მხიარული შეხვედი და მწუხარე სახით გამოდიხარ!
ადელფიოსმა მიუგო:
- მე ის მადარდებს, რომ ამ წმინდა მამებს შორის ვერსად ვნახე ჩემი საყვარელი მოძღვარი, იოანე.
- შენ ალბათ სინანულის მქადაგებელ იოანეს გულისხმობ?
- დიახ, - უპასუხა ადელფიოსმა.
- ხორციელ კაცს ძალუძს მისი ხილვა, რადგანაც იგი უფლის საყდრის წინაშე დგას ქერუბინ-სერაბინებთან ერთად. - თქვა ანგელოზმა.
ადელფიოსმა გაიხარა და მადლობა შესწირა ღმერთს ამ საიდუმლოს გამჟღავნებისათვის. წმიდა იოანე ოქროპირი, ღმრთის დიდი სათნომყოფელი, რომელმაც მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესათვის, ზეციურ სასუფეველში განისვენებს, მისი თხზულებები კი მრავალი საუკუნის მანძილზე შეეწეოდა და დღესაც შეეწევა მორწმუნეებს ცხონების გზაზე - დაცემულებს აღადგენს, სასოწარკვეთილებს ამხნევებს, მგლოვარეებს ნუგეშს სცემს და ცოდვილებს სინანულის კარს უღებს.
შეადგინა და თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ