ღირსი ამბროსი ოპტელი (+1891)

10 (23) ოქტომბერი

ღირსი მამა ამბროსი (ერში ალექსანდრე მიხეილის ძე გრენკოვი) დაიბადა 1812 წლის 23 ნოემბერს ტამბოვის გუბერნიის სოფელ ბოლშაია ლიპოვიცაში. მამა - მიხეილ თეოდორეს ძე მნათედ მსახურობდა ეკლესიაში, ბაბუა მღვდელი იყო. ალექსანდრე მეექვსე შვილი იყო მიხეილის მრავალრიცხოვანი ოჯახისა. პატარა ალექსანდრე ძალიან ცოცხალი, მოუსვენარი და მხიარული ბავშვი იყო. საეკლესიო სლავური, ჟამნი და დავითნი მას ოჯახში შეასწავლეს. მამას დღესასწაულებზე მუდამ თან დაჰყავდა ხოლმე ალექსანდრე, რომელიც ტაძარში მშობლებთან ერთად გალობდა და მედავითნეობდა. ტამბოვის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1830 წელს ალექსანდრე მძიმედ დაავადდა. უნუგეშო მდგომარეობაში მყოფმა ჭაბუკმა ღვთის წინაშე აღთქმა დადო, რომ თუკი გამოჯანმრთელდებოდა, მონასტერში წავიდოდა. უფალმა ისმინა მისი ლოცვა. იგი განიკურნა. „განკურნების შემდეგ მთელი ოთხი წელი ვყოყმანობდი, ვერ გადაემწყვიტა, მეტად მიმძიმდა ამა სოფელთან განშორება“, - იგონებდა შემდეგში თავად მამა ამბროსი. სემინარიის დამთავრების შემდეგ ის ლიპეცკის სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა ბერძნულ ენას, მაგრამ წლები გადიოდა და აღთქმის შეუსრულებლობით გამოწვეული სინდისის ხმა სულ უფრო მეტად ამძიმებდა ჭაბუკის სულს. მან რჩევისთვის მიმართა მამა ილარიონს (ფოკინი), რომლის ბაგეებმაც ჭეშმარიტად წინასწარმეტყველური სიტყვები აღმოთქვეს. „შენ ოპტინას სჭირდები, - მიმართა მან მომავალ ბერს, - ოპტინაში წადი!“ 1839 წლის 8 ოქტომბერს - აღდგომა დღეს - ალექსანდრემ ოპტინას მიაშურა. იგი ღირსმა ლევმა მიიღო. 1840 წლის 2 აპრილს წმიდანი მონასტრის ძმათა რიცხვში იქნა ჩარიცხული.

რამდენიმე ხნის მანძილზე ღირსი ლევის თანამესენაკე იყო. 1840 წლის ნოემბერში იგი მონასტრიდან სავანეში გადაიყვანეს და ოსტიგნის თანაშემწედ განაწესეს. 1841 წლის ზაფხულში ალექსანდრე ანაფორით იქნა შემოსილი. მორჩილების აუცილებლობიდან გამომდინარე ის ხშირად მიმართავდა ხოლმე ღირს მამებს - ლევს და მაკარს. „დიდი ადამიანი იქნება“, - წინასწარმეტყველურად ამბობდა მის შესახებ მამა ლევი, რომელიც მასში თავის სულიერ მემკვიდრეს ჭვრეტდა.

1842 წლის 29 ნოემბერს ალექსანდრე წმიდა ამბროსი მედიოლანელის პატივად ამბროსის სახელით მონაზვნად იქნა აღკვეცილი, 1843 წლის 2 თებერვალს კი დიაკვნად დაასხეს ხელი. ამის შემდეგ მამა ამბროსი ღირსი მაკარის მორჩილებაში იქნა გადაყვანილი და იგი მომსვლელთა მიღებაში შეეწეოდა წმიდანს. ღვთივსულიერ მოძღვართან აღნიშნულ მორჩილებაში განვლილმა წლებმა დიდი გამოცდილება შესძინეს ოპტინის მომავალ სულიერ ლამპარს.

1845 წლის 9 დეკემბერს კალუგის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა მამა ამბროსის მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. ავადმყოფობისა და, ნაწილობრივ, ხარისხის გამო 1846 წლის 2 იანვარს იგი გათავისუფლებულ იქნა მამა მაკარის მესენაკის მოვალეობისაგან. აგვისტოს თვეში კი ყოვლადუსამღვდელოესმა ნიკოლოზმა მას ლოცვა-კურთხევა მისცა ღირს მაკართან ერთად მონასტრის ძმათა და მომსვლელთა დამოძღვრის ღვაწლი ეტვირთა. მღვდელ-მონაზონი ამბროსი მაშინ 34 წლის იყო.

უფალმა, რომელიც ახალგაზრდა მოძღვარს დიდი მსახურებისთვის განამზადებდა, მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობა დაუშვა მასზე, რომელმაც 1846 წლის სექტემბრიდან 1848 წლის ზაფხულამდე გასტანა. მამა ამბროსის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ აღარავინ იმედოვნებდა მის გადარჩენას. იგი სახელის შეუცვლელად დიდ სქემაში იქნა აღკვეცილი. 1848 წლის ზაფხულში ბერის ჯანმრთელობა თანდათან გაუმჯობესდა, თუმცა საბოლოოდ არ აღმდგარა და პერიოდულად კვლავ მძაფრად შეახსენებდა ხოლმე თავს წმიდანს. 1860, 1868-69 და 1871 წლებში მას ისევ მოუხდა მძიმე ავადმყოფობის გადატანა, რომლისგანაც მეტად იქნა დაუძლურებული. „მონასტერში სნეულნი მალე როდი აღესრულებიან, - ამბობდა შემდეგში მამა ამბროსი, - არამედ მათი სნეულება მანამ გრძელდება და ჭიანურდება, სანამ ჭეშმარიტ ნაყოფს არ გამოიღებს. მონასტერში აუცილებელიც კია მსუბუქად ავამდყოფობა, რათა ხორცი ნაკლებ აღიძრას და ამხედრდეს, განსაკუთრებით ახალგაზრდობისას, და ნაკლები სისულელეები მოგვივიდეს თავში“. „ღმერთი არ ითხოვს სნეულთაგან ხორციელ ღვაწლთ, - ამბობდა წმიდანი, - არამედ მოთმინებას მხოლოდ, სიმდაბლითა და მადლიერებით“.

გამოჯანმრთელების შემდეგ მამა ამბროსი დიდად შეეწეოდა ღირს მაკარს მის მრავალრიცხოვან ღვაწლში: ღებულობდა მომსვლელებს, მისი ლოცვა-კურთხევით თარგმნიდა და გამოსაცემად ამზადებდა წიგნებს, ნაწილი მონასტრის ძმათაგან მისი სულიერი ხელმძღვანელობით წარმართავდა ცხოვრებას. შეცოდებულთა, მაგრამ წმინდა გულით მონანულთა და გამოსწორების გზაზე შედგომილთა მიმართ იგი ზომაზე მეტად გულმოწყალე იყო. არ განასხვავებდა მდიდარს და გლახაკს, ღირსეულსა და უღირსს, მსგავსად მაცხოვრისა, რომელიც მეზვერეთა და მეძავთა თანა ჭამდა და სვამდა, ოღონდაც ჭეშმარიტების გზაზე დაეყენებინა ისინი. წმინდანი არასდროს კიცხავდა სხვის შეცოდებებს, სიყვარულით შეიტკბობდა მოქცეულთ, მხოლოდ ცილისწამებას ვერ ეგუებოდა და მეტად შეურიგებელი იყო მოყვასის მიმართ ცილისმწამებლებისადმი.

ღირსი ამბროსის მსახურების საფუძველს ოპტინის უდაბნოს ძმათა სულიერი ცხოვრების წარმართვა შეადგენდა, რომელიც მეტად უყვარდა მას და დაუცხრომელად იღვწოდა თითოეული მათგანის ცხონებისათვის. ერთხელ ბერმა სრულიად ჯანმრთელი მღვდელ-მონაზონი პალადი რამდენიმეჯერ გააფრთხილა, ზეთის კურთხევის საიდუმლო მიეღო და დიდ სქემაში აღკვეცილიყო, რაც ოპტინაში ჩვეულებრივ გარდაცვალების წინ ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მღვდელ-მონაზონი უარზე იდგა. ბოლოს მაინც დათანხმდა, მაგრამ ვიდრე ზეთისცხებისთვის ემზადებოდა, დამბლა მიიღო და ენა წაერთვა. მამებმა ზეთი სცხეს მას, ქრისტეს წმიდა საიდუმლოთ აზიარეს და იგი იმავე ღამეს გარდაიცვალა. წმიდანის წინასწარმჭვრეტელობის მადლი სხვა დროსაც არაერთგზის გამოვლენილა და მამა ამბროსი მას მუდამ ძმათა სულიერი სარგებლობისაკენ მიმართავდა.

ღირსი მაკარის გარდაცვალების შემდეგ მამა ამბროსიმ თავის გარშემო შემოიკრიბა მოწაფენი და თავად გააგრძელა მამა მაკარის მიერ დაწყებული წიგნების გამოცემის საქმე. მისი ხელმძღვანელობით 2 ათეულამდე წიგნი გამოიცა - წმიდა მამათა თხზულებანი და სულისთვის სარგო შინაარსის სხვა წიგნები.

ღირსი ამბროსი დიდად შეეწეოდა ღარიბ-ღატაკებს, საოცარი სიმდაბლითა და გულისხმიერებით საუბრობდა სოფლის უბრალო ადამიანებთან, ტკიოდა მათი ტკივილები და მუდამ ცდილობდა ენუგეშებინა ისინი. ერთხელ ერთი გლეხი დედაკაცი აცრემლებული მივიდა მამა ამბროსისთან და თხოვა ესწავლებინა, როგორ გამოეკვება მისთვის მიბარებული ბატონის ინდაურები, რომ არ დახოცილიყვნენ ისინი. ბერმა გამოჰკითხა თუ როგორ კვებავდა მათ და შესაბამისი დარიგებაც მისცა. როდესაც მამა ამბროსის უთხრეს, რომ ამაო საუბარში ტყუილად ჰკარგავდა დროს, მან სიყვარულით მიუგო: „იმ ინდაურებში ხომ მთელი მისი ცხოვრებაა! მისი სულიერი სიმშვიდე ხომ იმათზე არის დამოკიდებული?! სული მისი კი ისეთივე ძვირფასია უფლისათვის, როგორც სული უფრო ამაღლებული პრობლემების მქონე პიროვნებისა!“

განსაკუთრებულ ზრუნვას მამა ამბროსი სნეული დედაკაცების, ქალწულების, ქვრივ-ობლებისა და გაჭირვებულების მიმართ იჩენდა და ცდილობდა ისინი რომელიმე იმ მონასტერში დაემკვიდრებინა, რომელიც მისი სულიერი მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. აღნიშნულ სავანეთა შორის განსაკუთრებული ადგილი შამორდინის დედათა სავანეს ეჭირა, რომელიც თავად წმინდანის მიერ იქნა დაარსებული.

ურიცხვი იყო წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულები. მისი ლოცვით იკურნებოდნენ სნეულნი. განსაცდელს განერიდებოდნენ განწირულნი. მისი მადლიანი სიტყვით ნუგეშს ღებულობდნენ განწირულნი. მისი მადლიანი სიტყვით ნუგეშს ღებულობდნენ ტანჯული და მწუხარე ადამიანები. მამა ამბროსისთან ოპტინაში ჩამოდიოდნენ XIX საუკუნის ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: მ.დოსტოევსკი, ვ.სოლოვიოვი, კ.ლეონტიევი (შემდეგში ბერი კლიმენტი), ა.პ.ტოლსტოი, ლ.ნ.ტოლსტოი, მ.პ.პოგოდინი და სხვები. უწყვეტ ნაკადად მოედინებოდა ხალხი და არცერთი მათგანი არ ბრუნდებოდა უკან უნუგეშოდ. წმინდანი ღვთის სიტყვით განაბრძნობდა ყველას, გამოუთარგმანებდა მათ სახარებისა და წმიდა მამათა სიტყვების არსს და მათ ცხოვრებასა და ღვაწლს ღვთივსათნო მიმართულებით წარმართავდა. კითხვაზე - როგორ გავიგოთ საღმრთო წერილის სიტყვები: „იყვენით ბრძენნი, ვითარცა გველნი“, - ღირსი ამბროსი განმარტავდა: „ძველი ტყავის ახლით შეცვლის მსურველი გველი მუდამ ვიწრო ხვრელს ეძიებს და მას გაივლის - ძველ ტყავს იგი ამ გზაზე ტოვებს. ძველი კაცის განძარცვის მაძიებელმა ადამიანმაც სახარებისეული მცნებების აღსრულების ვიწრო გზით უნდა იწყოს სრბა. საფრთხისა და განსაცდელის ჟამს გველი სხეულის ასოთაგან ყველაზე მეტად თავს უფრთხილდება. ადამიანიც ყველაზე მეტად ყოველივე სიკეთის დასაბამსა და თავის და თავის - სარწმუნოების გადარჩენას უნდა მიელტვოდეს. ვიდრე ჭეშმარიტი რწმენა დაცულია, ჯერ კიდევ შესაძლებელია ყოველივეს გამოსწორება“.

ბერის ძალები თანდათან სუსტდებოდა. 1890 წლის ზაფხულში მამა ამბროსი, ჩვეულებრივ, შამორდინის დედათა მონასტერში გაემგზავრა. წლის ბოლოს მან სამგზის სცადა ოპტინაში დაბრუნება, მაგრამ ავადმყოფობის მიზეზით ვეღარ შეძლო. ეს სამგზისი წინააღმდეგობა ღირსმა მამამ ღვთის ნების გამოვლინებად მიიღო და უკვე აღარ უფიქრია შამორდენის დატოვება.

1891 წლის 10 ოქტომბერს ღირსი ამბროსი გარდაიცვალა. ცნობა მისი აღსასრულის შესახებ სწრაფად მოედო მთელ რუსეთს. არ წყდებოდა მორწმუნეთა ნაკადი. შამორდენის სავანეში ყოველი მხრიდან შემოიკრიბნენ წმინდანის სულიერი შვილები. დაკრძალვაზე დაახლოებით 8 ათასმა ადმაიანმა მოიყარა თავი. განსვენებული ბერისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამო ოპტინისა და შამორდენის მონასტრებს შორის აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი: სად დაეკრძალათ ორივე სავანისთვის მშობლიური მამა? საკითხის გადასაწყვეტად წმიდა სინოდს მიმართეს, რომელმაც ღირსი მამის სამუდამო განსასვენებელ ადგილად ოპტინის უდაბნო სცნო. „დიდი ადამიანი იყო მამა მაკარი. ნეტავ ღმერთმა ინებოს და მის ფერხთით დაკრძალვის ღირსი გავხდე!“ - სიცოცხლეში ხშირად ამბობდა ხოლმე მამა ამბროსი. მართლაც, მისი ნეშტი ღირს მაკართან იქნა დაკრძალული. მისი საფლავის ფილაზე ამოტვიფრულია პავლე მოციქულის სიტყვები: „ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნე“ (1 კორ. 9, 22). ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავენ ღირსი მამა ამბროსის ამქვეყნიური ღვაწლის არსს.

„ღირსი ოპტინელი მამები“, 2000 წ.