ღირსი კოზმა - მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი (+დაახლ. 787)

12 (25) ოქტომბერი

ღირსი კოზმა, მაიუმელი ეპისკოპოსი, კანონმთქმელი იერუსალიმში დაიბადა, მაგრამ დამასკოში აღიზარდა ღირსი იოანე დამასკელის მშობლების ხელით. მან, ისევე როგორც იოანემ, ბრწყინვალე განათლება მიიღო, შემდეგ კი, სრულწლოვანებას მიღწეულმა, პალესტინის ერთ-ერთ სავანეს მიაშურა. წმიდა ხატთა დევნის დროს ღირსი კოზმა წმიდა იოანესთან ერთად აღდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. მათ ბევრი თხზულება დაწერეს ხატმბრძოლთა სამხილებლად. 743 წელს კოზმა მაიუმის ეპისკოპოსად დაადგინეს. უფლის რჩეულმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 787) და დაგვიტოვა მრავალი სადღესასწაულო კანონი და საგალობლები.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.