აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა ლაზარესი,
ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა (898)

17 (30) ოქტომბერი

აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა ლაზარესი, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარისა. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა (ინ. 11; 3,11);

როცა ლაზარე მოკვდა, მაცხოვარი ბეთანიაში ჩავიდა, და ოთხი დღის წინ დაფლული მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა (ინ. 11,17-44) (ლაზარეს აღდგინებას ეკლესია იხსენიებს დიდმარხვის მეექვსე კვირიაკეში - „ლაზარეს შაბათს“). მომხდარმა სასწაულმა მრავალი იუდეველი ქრისტეს სარწმუნოებაზე მოაქცია. ამის გამო იუდეველმა მღვდელმთავრებმა ლაზარეს მოკვლა გადაწყვიტეს. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინაჴეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული მეორეჯერ კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით.

ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა აღმოყვანებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.