წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+877-878)

23 (05.11) ოქტომბერი

წმიდა ეგნატე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (847-857; 867-877), ერისკაცობაში - ნიკიტა, სამეფო გვარის ჩამომავალი იყო. როცა მისი მამა, იმპერატორი მიხეილ I (811-813) ლეონ სომეხმა (813-820) ტახტიდან ჩამოაგდო, ყრმა ეგნატე მონასტერში გამოამწყვდიეს. მონასტერში ცხოვრებამ წმიდანი სარწმუნოებასა და კეთილმსახურებაში განამტკიცა. მალე იგი სავანის იღუმენად აირჩიეს, მოგვიანებით კი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა დადგენილი.

იმპერატორ მიხეილ III-ის (855-867) არასრულწლოვნების ჟამს ქვეყანას განაგებდა მისი ბიძა - უღმრთო და უზნეო ბარდა. წმიდა პატრიარქი ამ უკანასკნელს შეაგონებდა, დაეგდო ცოდვილი ცხოვრება და ამხელდა მის უსჯულოებას. როცა ბარდამ მღვდელმთავარს წმიდა დედოფალ თეოდორას მონაზვნად აღკვეცა მოსთხოვა, რომ ამ გზით იგი ქვეყნის მმართველობისგან ჩამოეშორებინა, წმიდა ეგნატე არ დაჰყვა ბარდას ნებას და განაყენა იგი ზიარებისგან. თხუთმეტი დღე აწამებდნენ პატრიარქს და აიძულებდნენ, უარი ეთქვა ხარისხზე, შემდეგ კი კუნძულ ტერებინზე გადაასახლეს. იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) დროს წმიდა ეგნატე გადასახლებიდან გამოიწვიეს და სამღვდელმთავრო ტახტზე დააბრუნეს. ამის შემდეგ ნეტარი კიდევ ათი წლის მანძილზე მესაჭეობდა ეკლესიას, ბოლოს კი, ოთხმოცდაცხრა წლის ასაკში, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+877-878).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.