გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

13

რამეთუ ვიდრე მოსლვადმდე გრიგოლ მწყემსისა მის კეთილისა მხეცთაგან უხილავთა ლტოლვილნი მცირედნი იგი ცხოვარნი ქრისტეჲსნი განბნეულ იყვნეს თითო ანუ თუ ორ-ორი სივრცესა მას უდაბნოთასა, ხოლო მოსლვასა წმიდისა გრიგოლისსა ცხოვარნი იგი განმხნდეს და მხეცნი იგი ეშმაკნი განიოტნეს და ყოველი წესი საღმრთოჲ განემართა.

ხოლო მამაჲ გრიგოლ გულს ეტყოდა, ვითარმედ: „ვითარცა მონასტრისა ჩემისა მამანი სათნოებითა უზეშთაეს არიან ჟამისა ამის მონაზონთა, ეგრეთცა წეს არს წესი საღმრთოჲ საეკლესიოჲ ეკლესიასა შინა ჩემსა დაწესებად ბრძენთაგან განუკითხველი“.

ამისთვის განიზრახა წარსლვაჲ ქრისტეჲს საჭურჭლედ, მეორედ იერუსალემდ, რომელ არს კოსტანტინეპოლისი, და ყოველთა საჩინოთა საბერძნეთისა წმიდათა ადგილთა მოხილვად და ლოცვად.

მას ჟამსა იერუსალემს წარმავალი ვინმე პოვა მეგობარი თვისი და მას დაჰვედრა საბაწმიდისა წესისა დაწერაჲ და წარმოცემაჲ. და ძმათა თვისთა კაცნი მოღვაწენი უჩინნა და მშვიდობაჲ დაუტევა მათ და აღუთქვა კვალად ადრე მოსლვაჲ და თანაწარიყვანა საბა, დედის დისწული თვისი, და ერთი ვინმე სხვაჲ მოწაფე, და წარემართა საბერძნეთად.

და მიიწია კოსტანტინეპოლის, და თაყვანის სცა ძელსა ცხორებისასა და წმიდათა ყოველთა ნაწილთა. და სიხარულით მოვლნა ყოველნი წმიდანი ადგილნი სალოცველნი, რამეთუ მრავალთა ენათა წვრთილ იყო იგი და მრავალმოსწავლე ყოფილ ხელითა კეთილად მსახურებისაჲთა. და რომელიმე სახილავი მოძღვარ კეთილის ექმნის და რომელიმე განსაკრძალველ ბოროტისათვის. და ესრეთ აღმოივსო გული მისი სიმდიდრისაგან დაუბეჭდველისა ახლისა შჯულისა და სულითა მადლისაჲთა განმხიარულებულნი წარმოემართნენ საყოფელად თვისა.

14

და ვითარცა მოიწინეს ტაოს, ესმა მუნ მყოფთაგან კაცთა, ვითარმედ აშოტ კურაპალატი მოიკლა და მის წილ ხელმწიფებენ ძენი მისნი. მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთისმსახურისა მის ხელმწიფისა დაცემისათვის და ტირილითა სავსენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა. ხოლო ნეტარი გრიგოლ ჰმადლობდა ღმერთსა და გლოით იტყოდა:

- ჰოჲ, მეფეო ჩემო ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადაჲთ-მე მოგელოდი, აღმოსავალით-მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ-მე ანუ სამხრით? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავთა მფლობელი იყავ, რომელიცა წყობით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკვირველი ეგე დიდებული, ღმრთისმსახური ხელმწიფეჲ. აწ ვითარ-მე მიეცი ხელსა შეურაცხთა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი-იგი იუდაჲს მსგავსად შენ, უფლისა თვისისა მკლველ იქმნნეს მოსაკვდინებელად ჩვენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე?

ამისსა შემდგომად ულოცვიდეს შვილთა მისსა დიდებულთა ხელმწიფეთა, რაჲთა უფალმა დაიცვნენ დიდებით და დღეგრძელებით კეთილსა შინა ღმრთისმსახურებასა.

15

და ვითარცა მოიწინეს მახლობელად იშხანსა, გამოეცხადა ღმრთისა მიერ ნეტარსა გრიგოლს და ღირსსა საბას იშხნისა პირველი დიდებულებაჲ, დაბასა მისსა - წმიდანი ეკლესიანი, და ეუწყა, ვითარმედ კვალად განახლებად არს პირველებრ ხელითა საბანისითა. და ეცნობა გზაჲცა მისავალად, რამეთუ მის ჟამისა კაცთაგან მიუვალ იყო ადგილი იგი. და მი-რაჲ-ვიდეს იშხანს, ფრიად უხაროდა პოვნაჲ დიდებულისა მის ადგილისაჲ, რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის საცემელი სულიერი და ხორციელი. და საბას მუნქვესვე გულს ედვა დადგომაჲ. ხოლო ნეტარმან გრიგოლ ჰრქვა:

- ძმაო, პირველად ვიხილნეთ ძმანი ჩვენნი ხანძთას შინა მყოფნი და ნებითა ღმრთისაჲთა და ლოცვითა მათითა კვალად მოიწიო ადგილსა ამას წმიდასა.

და მიერ წარმოსლვასა მათსა მიიწინეს წინაშე ძეთა კურაპალატისათა და დაულოცეს ნუგეშინის ცემით სიკვდილისათვის მამისა მათისა.

16

და ესრეთ მოვიდეს ხანძთად, მონასტრად თვისა, და მოიყვანნეს ნაწილნი წმიდათანი და ხატნი წმიდანი და სხვაჲ ევლოგიაჲ ფრიად, და პოვნეს ძმანი ცოცხლებით და მშვიდობით ყოველნი მხიარულნი შეუშფოთებლად საღმრთოჲთა სიყვარულითა სავსენი და განიხარეს, რამეთუ კვალად მაცხოვრისა მადლმან შეკრიბნა ნებისმყოფელნი თვისნი.

და შემდგომად მცირედთა დღეთა საბა განუტევა იშხანს და ორნი მოწაფენი მისცნა მას და თვით განაგებდა სულიერსა ცხორებასა ხანძთისასა ნებისაებრ უფლისა.

17

მაშინ იერუსალემით მოიწია კაცი, რომელმან მოართვა საბაწმიდისა განგებაჲ დაწერილი. ხოლო ნეტარმან გრიგოლ მას ჟამსა განაწესა წესი თვისისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასეჲ დაულევნელთა კეთილთაჲ.

ხოლო აწ წესთა მათგანი სულიერთაჲ მცირედი რაჲმე გვიპყრიეს, ვითარმცა ზღვისაგან წვეთი ერთი წყალი ვინმე აღმოიღო. რამეთუ ესრეთ იყო ცხორებაჲ ნეტართაჲ მათ: სიმართლესა შინა მათსა მარადის თავთა თვისთა ბრალობაჲ აქვნდა და სიყვარულისა ძირი მტკიცე, მოთმინებაჲ სიმდაბლით და სიმშვიდით, მარხვაჲ ლოცვითა შეზღუდვილი, სარწმუნოებასა თანა მართალსა დამტკიცებული, სიწმიდე გულისაჲ და ჭეშმარიტებაჲ ენისაჲ და უბიწოებით კრძალვაჲ სრულიად ყოველსავე ზედა. ხოლო წმიდასა ეკლესიასა ლოცვასა მათსა არა აქვნდა უბნობაჲ ურთიერთას, არამედ შიშით დგანედ, ვითარცა ზეცას წინაშე ღმრთისა. და რაჟამს „დავითსა“ იტყვიედ, ვიდრე „ალელუჲასა“ განსრულებამდე მემხრეთა ვერ იკადრიან მუხლისა აღებაჲ დაწყნარებულსა მას ლოცვასა მათსა. რამეთუ არა აქვნდა ჩვეულებაჲ სწრაფით თქმისაჲ ყოველსავე ზედა საგალობელსა მათსა, არამედ მდაბლად და გვიანად იყო ლოცვაჲ მათი. და კედელსა თვინიერ ბერთაჲსა არავინ მიეყრდნებოდა, ხოლო ძილსა და უკრძალველად ჯდომასა ყოვლადვე არა იკადრებდეს ეკლესიასა შინა.

და ესევითარი მრავალი სათნოებაჲ კეთილი სხვაჲცა დამკვიდრებულ იყო შორის მათსა, რომლისათვის არა არს აწ თითოეულად ყოვლისათვის სიტყვაჲ, რამეთუ შემოკლებულ არს ჟამი ესე და გონებაჲ ისწრაფის, რაჲთა არა იყოს ნამეტნავ სასმენელსა მსმენელთასა. ამისთვის განგებაჲ ყოველი ვერ დაიწერა წიგნსა ამას, არამედ თოთო სიტყვაჲ ყოვლისაგან, რომელ აქამდე წესი აქვნდა ხანძთასა და აწ რომელ აქვს, ესრეთ:

ყოველთა ღამის თევათა შემწუხრებითგან განთენებამდე ლოცვაჲ, და ღამის თევათა წინადღით დღისა ჟამთა ყოველთა ლოცვაჲ, და ჟამისწირვაჲ ჟამსა ცხრა ჟამისასა, და კვერექსთა შემატებაჲ. ხოლო ჟამისწირვასა ყოველსა „წმიდაო ღმერთოსა“ წინა კვერექსი ზეცით გარდამოჲ და კვირიაკეთა ჟამისწირვასა „წმიდაო ღმერთოჲ“ ექვსი. და საკურთხეველისა მსახურებასა ფესვედითა სამოსლითა და ტყავითა არა იკადრებოდა მსახურებაჲ.

ხოლო გარდაცვალებულთათვის ყოველთა გარდაიხდიან, გარდაცვალებითგან რასაცა დღესა მიხვდის, სამი დღეჲ და შვიდი, ორმეოცი და წელიწადი. და მათ დღეთა ჟამისწირვაჲ არა შეათვალიან ორასთა მათ დღეთა განწესებულთა ხანძთას დამარხულთათვის. და განყოფაჲ პაქსიმადისაჲ პირველითგანვე განწესებული არს, გიორგიწმიდობისა თვეჲ რაჲ დადგეს, მარხვაჲ წველითა ვიდრე გიორგიწმიდობამდე, ეგრეთვე ქრისტეჲსშობისა მარხვანი და წმიდათა მოციქულთანი საეკლესიოდ დიდითა მოღვაწებითა და კეთილად კრძალულებითა აღასრულნიან.

ხოლო ნოემბრისა თვისა დადეგითგან ყოველთა შაბათთა ცისკრად ვიდრე პირმარხვადმდე - კანონი ოთხი, და დიდთა მარხვათა ვიდრე ბზობამდე ყოველსა ცისკარსა - კანონი ოთხი, ეგრეთვე წიგნის კითხვაჲ ოთხი. და ვნებისა კვირიაკისა ფრიად განგებაჲ იყო. ხოლო აღვსებითგან ვიდრე ახალ-კვირიაკემდე ჭირისა კანონი არა თქვიან. და სერობასა „ხადილსა ჩემსა“ წართქვიან და ადგომისა წარდგომანი და ცისკრად დაწესებულნი და თითო კანონი - ახალკვირიაკემდე. ხოლო სულთა ხსენებასა შემდგომად აღვსებისა ცისკრად „ნეტარ არიანნი“ და გალობანი წართქვნიან, ვითარცა ყოველი წერილ არს განგებასა ეკლესიისასა ამის ყოვლისა ნეშტი. ეგრეთ ჰყოფდიან ყოველსა მამანი ჟამთა შინა ჩემთა.

18

არამედ პირველთა მათ დღეთა ნეტარისა მამისა ჩვენისა გრიგოლისთა ფიცხელ იყო ფრიად კანონი მოწაფეთა მისთაჲ. რამეთუ სენაკთა მათთა შინა იყო მცირე სარეცელი და შეურაცხი საგებელი და თითოჲ სარწყული წყლისათვის. ხოლო სხვაჲ ნუგეშინის საცემელი ხორცთაჲ არაჲ აქვნდა საჭამადისაჲ და სასვამადისაჲ ყოვლადვე, არამედ რომელი ტრაპეზსა ზედა ერთბამად ჭამიან, მით იყო ცხორებაჲ მათი. და მრავალნი მათგანნი არა სუმიდეს ღვინოსა ყოვლადვე და რომელნიცა მიიღებდეს, მცირედ იხმევდეს. და სენაკებსა მათსა საკვამი არა აქვნდა, რამეთუ ცეცხლი არა აღეგზებოდა. და არცა ღამე სანთელი აღანთიან, არამედ ღამე იყო ფსალმუნებაჲ და დღისი წიგნის კითხვაჲ და ლოცვაჲ მარადის, ვითარცა იტყვის დავით: „დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე - გალობაჲ მისი“.

ხოლო ნეტარმა მამამან გრიგოლ თავადნი დიდნი მარხვანი გარდავლნის მცირედითა კალნაბითა უმგბვრითა. ხოლო მრჩობლად საზრდელად მისა იყო ყოველთა დღეთა მისთა - პური ნაკლულევანებით დღესა შინა ერთ ჭამის და წყალი წონითვე მცირედი. ღვინოჲ კვლა სიყრმითგანვე არა ესვა. და უმრავლესნი სათნოებანი მისნი და მოწაფეთა მისთანი ღმერთმან მხოლომან უწყნის.

19

ხოლო პირველითგან მოყვასთა მათ კეთილთა ნეტარისა გრიგოლისთა, თევდორეს და ქრისტეფორეს, აქვნდა გულსა მათსა საღმრთოჲ შური მონასტრისა შენებისაჲ. და არა გამოუცხადეს მამასა გრიგოლს განზრახვაჲ მათი, არამედ ფარულად წარვიდეს აფხაზეთს და თანა ძმანიცა ვინმე წარჰყვეს.

და ვითარ მოიწინეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისაჲთა ძე დიდისა მირეან აზნაურისაჲ დაიმოწაფეს, სახელით არსენი, რომელსა ეწოდა ღირსად დიდი არსენი, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გვირგვინი დაუჭნობელი. ხოლო ყრმაჲ იგი მცირეჲ იყო ჟამითა, ვითარ ექვსისა წლისაჲ, და სახლსა შინა მამისა თვისისასა იზარდებოდა. არამედ კაცთა მათ ღმრთისათა განზრახვითა მირეანისითა მოწესეთა სამოსლითა შემოსეს ყრმაჲ იგი და მარჯვენაჲ მისცეს ფიცისაჲ მირეანს და ჰრქვეს:

- მოძღვარი ჩვენი გრიგოლ არს, მამაჲ ხაძთელი, და უფალსა თუ უნდეს, ესეცა მოწაფე იყოს მისი ჩვენ თანა, სადაცა ჩვენ ვიყვნეთ, - და წარვიდეს აფხაზეთად.

ხოლო მეფემან აფხაზთამან დემეტრე, დიდითა პატივითა პატივ სცა და ადგილსა კეთილსა დაამკვიდრნა.

20

და რაჟამს ცნა ნეტარმან გრიგოლ წარსლვაჲ თევდორესი და ქრისტეფორესი, შეწუხნა ფრიად და თანაწარიყვანნა ოთხნი ძმანი და წარვიდა ძიებად კრავთა მათ რჩეულთა მწყემსი იგი კეთილი. და ვითარ მოიწია ქართლისა სანახებსა, ნებითა ღმრთისაჲთა ძიებასა მას ძმათასა პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი, და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდით, და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთა მოქმედი, ხოლო ეპისკოპოსობასა შინა მიიწია მოხუცებულებასა კეთილსა, და აღესრულა საკვირველებით და ნაწილნი მისნი წმიდანი მიეცნეს ნათლად სამცხესა. ესე ეფრემ ღირსი ღმრთისაჲ დაიმოწაფა ნეტარმან გრიგოლ და უბრძანა ესრეთ:

- რაჟამს მოვიქცე აფხაზეთით, თანაწარგიყვანო შენ ხანძთად, - და თვით წარემართა აფხაზეთს.

და მი-რაჲ-იწია წინაშე ხელმწიფისა მის, ზე აღდგა, და წინამოეგება, და სიმდაბლით მოიკითხა, რამეთუ ზარი აჰხდა მადლთაგან სიწმიდეთა მისთაჲსა და დიდებულებისაგან პირისა მისისა. რამეთუ ვითარცა პირი მოსე წინაჲსწარმეტყველისაჲ იყო დიდებულ ამის ნეტარისაცა ხატი მადლითა ღმრთისაჲთა.

და შემდგომად მოკითხვისა დასხდეს მეფეჲ და ნეტარი გრიგოლ. ხოლო წმიდამან განგრძობილად ულოცა და მრავლითა კურთხევითა შეამკო. და მეფემან მან თქვა:

- კურთხეულ არს ღმერთი, რომელი მოგიძღვა აქა, წმიდაო მამაო, არამედ ვინაჲ არს მიზეზი მოშრომისა შენისაჲ, მაუწყე მე.

და ნეტარმან გრიგოლ ჰრქვა:

- მეფეო ღმრთისმსახურო და დიდებულო! მოწევნულ არიან წმიდანი მამანი, ძმანი ჩემნი, წინაშე შენსა და აწ არიან სამეუფოსა ამას და მათთვის არს მოსლვაჲ ჩემი აქა. არამედ ბრძანენ ხელმწიფებამან შენმან და მოვიდენ იგინი ჩვენდა.

ხოლო მეფესა დაუმძიმდა ძიებაჲ მათი და ჰრქვა:

- არა მოსრულ არიან აქა ეგევითარნი მონაზონნი, რომელთასაცა ბრძანებს სიწმიდე შენი.

მაშინ ნეტარი მამაჲ გრიგოლ სიტყვასა ზედა მეფისასა განრისხნა და ჰრქვა:

- მეფეო, ნუ შრომასა შემამთხვევ, მომცენ ძმანი ჩემნი, რომელნიცა მოიწინეს შენდა!

და ვითარ ღონეჲ სიტყვისაჲ არღარა აქვნდა მეფესა მართლმხილებისაგან მის წმიდისა, უბრძანა მოყვანებაჲ ძმათაჲ მათ. და ვითარ იხილეს მამაჲ გრიგოლ, შეუვრდეს ცრემლით. ხოლო წმიდამან მან აღადგინნა და შეიტკბნა სიყვარულით და ჰმადლობდა ქრისტესა პოვნისა მათისათვის. და რამეთუ იყვნეს ბუნებით მომლოდებელ წმიდისა მის ძმანი იგი, მათცა უხაროდა ურთიერთასი იგი შეკრებაჲ თვისი. და მეფემან მან ჰრქვა ნეტარსა გრიგოლს:

- წმიდაო მამაო, აჰა, იქმნა წადიერებაჲ ნებისა შენისაჲ. არამედ უფალმან ყავნ ნებაჲცა გულისაჲ ჩემისაჲ. რამეთუ მაქვს სულსა ჩემსა მონასტრისა ახლად შენებაჲ. აწ ბრძანე და მოვიხილნეთ მრავალნი ადგილნი აფხაზეთისანი და სადაცა სიწმიდემან შენმან ინებოს, მონასტრად აღვაშენოთ ადგილი იგი.

და მოვლნეს ქვეყანანი, საგონებელნი სამონასტრედ, და არა სთნდეს წმიდასა მას. და ჰრქვა მეფესა მას:

- არა არს მიწაჲ, არცა წყალი ქვეყანასა ამას, სადამცა მონასტერი აღეშენა. რამეთუ ტალანტი მონაზონისაჲ მარხვაჲ არს და ამას მიწასა ზედა ვერ ეგების მარხვაჲ სულისაგან ხორშაკისა მაკვდინებელისა.

და შეწუხნა ფრიად მეფეჲ იგი ამის მიზეზისათვის და ჰრქვა მათ:

- არა სამართალ არს კეთილთა თქვენთაგან უნაწილობაჲ ამის ქვეყანისაჲ.

21

მაშინ მამამან გრიგოლ, სარწმუნოებისაებრ მეფისა, აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეჲ და ილარიონ ვინმე, იერუსალემით მოსრული, სარწმუნოჲ მოხუცებული, დაადგინა მამასახლისად, რამეთუ ხანძთით წარყოლილ იყო იგი თევდორეს და ქრისტეფორეს თანა და აქვნდეს მას კეთილნი წიგნნი. და მამამანცა გრიგოლ თვისნი წიგნნი, რომელ აქვნდეს, და-ვე-უტევნა მონასტერსა მას. ხოლო ხელმწიფე იგი სიხარულითა აღივსო მონასტრისა მის შენებისათვის და შეწირა საშენებელად მისა ფრიად შესაწირავი და მიანიჭა მამასა გრიგოლს და მოყვასთა მისთა დრამაჲ ათი ათასი და ყოვლითა კეთილითა აღავსნა.

22

ხოლო ჟამსა წარმოსლვისა მათისასა გამოჰკითხა მეფემან დიმიტრი მამასა გრიგოლს გულსმოდგინედ სახეჲ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ, რაჲთა აუწყოს მას ადგილთა მათ წმიდათა ნიშანი ყოველი. და მამამან გრიგოლ ჰრქვა მას:

- ღმრთისმსახურო მეფეო, დაღაცათუ ფრიად განვამრავლო სიტყვაჲ, ვერვე მისწვთების გონებაჲ ჩემი ყოველსა მას უდაბნოთა მათ სიკეთესა უწყებად შენდა, ვინაჲთგან წესი მონაზონებისაჲ მათ შორის აღორძინებულ არს და უფროჲსად ყვაოდის და აღემატოს მომავალთა ჟამთა. არამედ ვთქვა მრავლისაგან მცირედი ესრეთ: რამეთუ ბუნებით ერთგვამ არს ქვეყანაჲ უდაბნოთაჲ მათ და კეთილად შეზავებულ მზისაგან და ჰაერისა. რამეთუ არცა ფრიადი სიცხეჲ შესწვავს მათ და არცა გარდარეული სიცივე შეაურვებს მყოფთა მისთა. არამედ განწესებით დგას თვისსა საზღვარსა უნოტიოჲ, უხორშაკოჲ, უმიწოჲ, მზვარეჲ. რამეთუ კაცთა ნახჭნი ფერხთანი არაოდეს თიხიან ექმნებიან სლვასა მათსა. ხოლო წყალი კეთილი და შეშაჲ ნებისაებრ უნაკლულოდ აქვს აღმოცენებული ქვიშათა მათ შინა, ურიცხვი მაღნარი და სიმრავლე წყალთა ჰამოთაჲ. ბუნებით მხიარულებაჲ მიცემულ არს ღმრთისაგან. და არს იგი უგზო და მიუვალ რაჲთურთით სოფლისა წესითა მცხორებელთაგან, რამეთუ ღადოთა მთათა შინა მაღალთა არს მკვიდრობაჲ მათი. და მორტყმულ არს ერთ კერძო მთაჲ იგი და ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდისსახედ უძრავისა. და ესრეთ ყოვლითა კერძო შეზღუდვილ არიან მთათა მიერ და ხევნებისა, და წყალთა მათგან საშინელად ძნელოვანთა ადგილთა მავალთაჲსა. და მონასტერთა მათ შინა არა არს სათიბელი ქვეყანაჲ, არცა ყანაჲ სახნავი, არამედ დიდითა შრომითა როჭიკისა მისლვაჲ აქვს კარაულისა ზურგითა. და მცირედ ვენახნი ჭირით და ურვით დაუნერგვიან და ეგრეთვე მტილები. ხოლო მხალთა ველისათაჲ არს სიმრავლე ურიცხვი. და ამას ყოველსა თანა უშიშ არს გული მათი უქრისტოთა მათ ურწმუნოთაგან შერყევისაგან და ყოვლისა ძრვისა ჟამსა ხელმწიფეთა მტერობისასა. და ესრეთ მრავლითა მშვიდობითა მყუდროებით არიან ყოვლადვე და ქრისტესა ადიდებენ. რამეთუ ღმერთმან დასაბამსავე დაბადებისასა უკანაჲსათვის ჟამთა დაჰბადნა იგინი მონაზონთა სამკვიდრებელად და ყოველთა ქრისტეანეთა შესავედრებელად ორკერძოვე. და რამეთუ განგებასა ღმრთისასა ესე ჩვეულებაჲ აქვს, რაჲთა წმიდათა მათ უდაბნოთა მონასტერნი ხელითა გლახაკთაჲთა აღაშენნეს, რომელნიცა სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან. დაღაცათუ წმიდათა უდაბნოთა ხელმწიფენი იღვწიან, ხოლო წოდებად სახელი გლახაკთაჲ ჯერიჩინა ქრისტემან შენებასა წმიდათა მონასტერთასა. არამედ მისცა ღმერთმან ხელმწიფებაჲ მორწმუნეთა მეფეთა აღშენებად საყდართა საებისკოპოსოთა და ქალაქთა სოფლებითურთ და ყოველსა ერსა ზედა მთავარ ყვნა, რაჲთა სიმართლით განიკითხვიდენ მათ შემკობილნი სამოსლითა ბრწყინვალითა. ხოლო რაჲთა არა დაუტეონ გონებაჲ მათ ხილულთა მათ ნივთთა შინა, არამედ კეთილთა მათ საუკუნეთა გულისხმა ჰყოფდენ, რამეთუ სიბრძნემან საღმრთომან სამოსელთა მრავალსახეთა მიერ გულისხმა უყო ყოველთა კაცთა პატივი თითოეულისა წესისა მათისაჲ ღმრთისმსახურებით. ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქვეყანასა ზედა არა ვისსა ხელმწიფებასა ქვეშე არიან, ვინაჲთგან მოჰრიდეს საშვებელთა საწუთროჲსათა ნებსით და აღირჩიეს ღმრთისათვის მწუხარებაჲ ადგილთა გლოვისათა, მსგავსად პირველთა მათ მამათა წმიდათა, რომელთა სიგლახაკესა შინა დიდსა მყოფთა აღაშენნეს წმიდანი უდაბნონი, თვინიერ ქვეყანისა მეფეთა ბრძანებისა, შეწევნითა ყოვლისა შემძლებელისა ღმრთისაჲთა. და აწცა ჟამთა ჩვენთა არიან მსგავსნი პირველთა მათ ნეტართა კაცთანი მაშენებელ მონასტერთა ადგილთა უქმთა შინა ღმრთისა სამკვიდრებელად. ხოლო ხელმწიფენი კეთილად მსახურნი შრომასა მათსა თანამონაწილე იქმნებიან საფასეთა უხვად მიცემითა, ვითარცა-ესე დღეს დიდებულებამან შენმან მეფობამან განამდიდრა სიგლახაკე ჩვენი ფრიადითა კეთილითა. და ყოვლადვე მოზიარე ხარ ლოცვასა ჩვენსა თანა.

ხოლო მეფე განმხიარულდა სიტყვათაგან ნეტარისა გრიგოლისთა და ფრიადი სარწმუნოებაჲ და სიყვარული დაამტკიცნა გულსა მისსა უდაბნოთა მიმართ კლარჯეთისათა და ჰმადლობდა ქრისტესა, კეთილისმყოფელსა ნებისმყოფელთა მისთასა. და ესრეთ მშვიდობაჲ დაუტევეს ხელმწიფესა მას და წარმოვიდეს აფხაზეთით.

23

და მგზავრ სლვასა მათსა ჰრქვეს ნეტარსა გრიგოლს სანატრელთა მათ თევდორე და ქრისტეფორე:

- წმიდაო მამაო, ჟამსა მას წარმოსლვისა ჩვენისასა ხანძთით სამცხეს რაჲ მოვიწიენით მახლობელად ადგილსა მირეან აზნაურისასა, და გვიხილნეს ჩვენ კაცთა მისთა, რამეთუ სადგური ჩვენი ჟამსა მწუხრისასა ველსა ზედა ვყავთ, და აუწყეს უფალსა თვისსა. და მსწრაფლ ხოლო მოვიდა მირეან თვით და მოგვიკითხნა სიმდაბლით და წარგვიყვანნა ტაძრად თვისად და განგვისვენნა კეთილად. და ვითარცა განთენა, შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თვისისა, რომლისაჲ არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მხევალი ქრისტეჲსი. და ვითარცა ულოცეთ მას და ვსხედით, მაშინ მირეან, დიდებულმან უფალმან, დაადგინნა წინაშე ჩვენსა ძენი თვისნი ბრძანებით, სამნი იგი ყრმანი ყოვლად კეთილნი და შვენიერნი. და ვითარცა ულოცეთ მათ, ჰრქვა კრავის: - აწ ვყოთ ჩვენ სასწაულ კეთილ და ერთი ძეთა ჩვენთაგანი განვაწესოთ მონაზვნად და მოწაფედ ამათ ქრისტეჲს მოწაფეთა. და ამათითა ლოცვითა მოეცეს მადლი, რაჲთა იხილონ მოძულეთა ჩვენთა და ჰრცხუენოდის. აწ თქვი, რომელი იყოს მოწესედ შორის შვილთა ჩვენთა! - ხოლო მან ჰრქვა: - უფალო ჩემო, შვილნი შენნი არიან წინაშე შენსა, რომლისაჲცა ჰბრძანო, უფალმან გამოირჩიენ რჩეულად მოწესედ. - ხოლო მან თქვა: - მრწემი ესე იყოს მონაზონ და სულიერად შვილ უდაბნოჲსა მამათა ამათ. - და მოიყვანა ხელითა თვისითა და ჯვარი დაწერად გვცა ჩვენ და სამოსლითა მოწესეთაჲთა შემოსა. და ჩვენ სახელი არსენი უწოდეთ, და აღუთქუთ შენდა მოწაფედ შვილი მისი ყოფად მსგავსად ჩვენდა. და მან უფროჲს განიხარა. აწ ვითარცა სათნო უჩნს სიწმიდესა შენსა, ეგრეთცა ქმენ.

ხოლო წმიდამან ჰრქვა:

- ძმანო სანატრელნო, ნებაჲ არს ღმრთისაჲ, რაჲთა ხელითა ჩვენითა იქმნეს იგი რჩეულ შორის მოწესეთა და მიიწიოს საზომსა დიდსა.

და მანცა წარმოუთხრა ამისვე პასუხისა მსგავსად ღირსისა ყრმისა და ჭაბუკისა ეფრემისთვის ყოველი. და განიხარეს ძმათა მათ სიტყვასა ზედა მოძღვრისა თვისისასა.

და მოიწინეს ერთობით, სადაცა იყო ეფრემ, და წამოიყვანეს, და ეგრეთვე სანატრელი არსენი. ხოლო წმიდაჲ ეფრემ იყო დღითა უხუცეს, რომელთათვისცა თქვა ნეტარმან გრიგოლ სიტყვაჲ იგი დავითისი, ვითარმედ:

- განცხადებაჲ ღმრთისა სიტყვათაჲ განმანათლებელ არს და გონიერ ჰყოფს ჩჩვილთა, რომელთა მიერ დაემტკიცოს ქებაჲ ქრისტეჲსი. ჭეშმარიტად უბიწონი და წრფელნი ესე შემომეყვნეს ჩვენ დათმენად ღვაწლსა მონაზონებისასა მოსრულნი ბრძანებისაებრ უფლისა, ვითარმედ: „ნუ აყენებთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ“. არამედ ესე უწყოდეთ, ძმანო, დრტვინვაჲ ყოფად არს ჩვენთვის სამართალი ძმათა შორის ჩვენთა, ხოლო უფალმან იზრუნოს თვით ამათთვის, რომელმანცა თქვა: „ეკრძალენით, ნუ ვინმე დააბრკოლოთ ერთი მცირეთაგანი, რამეთუ ანგელოზნი მათნი მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსა“. და აწ თქვენ, ძმანო თევდორე და ქრისტეფორე, ძლევაშემოსილნო, ექმნენით ამათ მზარდულ კეთილ ნებისაებრ ღმრთისა!

ხოლო მათ აღუთქვეს და თავს იდვეს მოღვაწებაჲ მათი. მაშინ ჰრქვა მათ ნეტარმან გრიგოლ:

- ძმანო, უფროჲს არს ესე ყოველთა სათნოებათა თქვენთა, რაჲთა თვალნი თქვენნი იყვნედ მარადის ამათ ზედა და გეხსენედ დიდებულებაჲ მშობელთა ამათთაჲ და სარწმუნოებაჲ მათი ქრისტეს მიმართ, და ჩვენ გლახაკთა მომართ, ვითარ-იგი მათ ქრისტეჲს სიყვარულისათვის შვილობისა სიყვარული დაივიწყეს და ხელითა ჩვენითა უფალსა მსხვერპლად მიუპყრნეს და ჩვენ, უცხოთა, ვითარცა ძმათა თვისთა, სასოებით მოგუანდვნეს. აწ ვითარცა წარმოვიყვანენით მშობელთაგან უბიწონი დასამარხველად წმიდად, ეგრეთვემცა ჰპოვებს ქრისტე, რაჟამს ითხოვდეს ხელთაგან ჩვენთა სამკვიდრებელად თვისად!

და რაჟამს მოიწინეს ხანძთას, ფრიად განიხარეს ძმათა, ქრისტეჲს მიერ კრებულთა, მათ საღმრთოთა, სულიერისა მამისა და ძმათა მათ მოსლვაჲ.

ხოლო დრტვინვაჲ იყო მათ შორის ყრმათა მათთვის მოყვანებისა. და მოვიდეს წინაშე მამისა გრიგოლისა და ჰრქვეს:

- წმიდაო მამაო, მოციქული იტყვის - სრულმან სიყვარულმან შიში განდევნოსო. უკეთუ ბრძანოს სიწმიდემან შენმან, უშიშად ვიტყოდით, რომლისათვისცა მოსრულ ვართ.

ხოლო მან ჰრქვა:

- ძმანო, ჭეშმარიტად ძირმტკიცე არს ჩვენ შორის სიყვარული და შიში არა არს მას შინა. ბრძანეთ, რაჲცა გნებავს.

ხოლო მათ ჰრქვეს:

- საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი, თვინიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოიყვანენ, და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენ ზევე გამოეხვების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩვენი ჟამისა ამისთვის, არამედ გარეშე წესისა არს საქმე ესე. და აწ ესე არს სიტყვაჲ ჩვენი, წმიდაო ღმრთისაო.

ვითარცა ესმა კეთილი იგი გულისსიტყვაჲ, ცხადად განიხარა ნეტარმან მამამან გრიგოლ და ჰრქვა მათ:

- ჰოჲ, ძმანო სანატრელნო, ნუ იყოფინ ჩემდა წესისა მის პირველთა წმიდათა მამათაგან შეკრებულისა ცვალებაჲ ხორციელისა რაჲსამე მიზეზისათვის, არამედ ჭეშმარიტსა ვიტყვი წინაშე ღმრთისა, რამეთუ არაოდეს გასმია ნაცილი სიტყვაჲ პირისაგან ჩემისა. ესრეთ არს ყრმათა ამათ მოწევნაჲ აქა, რამეთუ ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ - ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას შინა ვიდრე ჟამადმდე პატივისა მათისაო. აწ უკვე შემძლებელ ვართ ცილობად უფლისა ბრძანებასა? „რამეთუ უნებელი ზედა მაც“, - სიტყვისაებრ მოციქულისა: „უკეთუ არა ვახარებდე, ვაჲ არს ჩემდა“. ხოლო თქვენ ნეტარ ხართ, რამეთუ უფალმან გამოგირჩინა ამათ მონათა თვისთა. არამედ თვინიერ ესევითარისა მიზეზისა, უკეთუ ვინმე ცვალოს წესი პირველი და ყრმაჲ მოიყვანოს ყოფად მონასტერსა ამას, პატიჟეულ იყოს იგი ფრიად დიდებულსა მეორედ მოსლვასა უფლისა და ღმრთისა ჩვენისასა!

ხოლო ძმანი იგი დაჯერებულ იქმნნეს და აღეშენნეს ამას ზედა და ჰმადლობდეს ქრისტესა, მოქმედსა საკვირველებათასა. მაშინ თევდორე და ქრისტეფორე, რამეთუ სენაკნი მათნი ერთგან იყვნეს და სხვათა ძმათაგან განშორებულ, წარიყვანნეს ღმერთშემოსილნი იგი ყრმანი, სულიერთა მათ მამათა, სენაკად თვისად, მცნებისაებრ ნეტარისა მამისა გრიგოლისსა. და აღზარდნეს კეთილად ნაცვალად სძისა - ღმრთისა მადლითა.

გაგრძელება...