გიორგი მერჩულე

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

30

არამედ თევდორე და ქრისტეფორე, სანატრელთა მათ დიდთა მამათა, რაჟამს იხილნეს განჭაბუკებულნი და სრულნი სიბრძნითა და ჰასაკითა ღირსნი იგი ღმრთისანი არსენი და ეფრემ, გულპყრობილ იქმნნეს ფიცებისაგან მამისა გრიგოლისა, რომლისადა აღეთქვა, ვიდრე ყრმათა მათ აღორძინებადმდე არა განეშორნეს მათგან.

მაშინ ფარულად ხანძთით ღამე გამოვიდეს და ძმანიცა ვინმე თანაწარიყვანეს და კვალად წარვიდეს კერძოთა ქართლისათა, რამეთუ უფალი უწოდდა მათ უხილავად ბრძანებით და აღაშენებდა წმიდათა მათ მონასტერთა მათ მიერ ნეძვსა და კვირიკე-წმიდისასა.

ხოლო ნეტარსა გრიგოლს ეუწყა უფლისა მიერ, რაჲთა არღარა დააბრკოლნეს გულსმოდგინებისა მისგან მათისა, არამედ თანამდგომ ექმნეს კეთილსა მას საქმესა. და ძიება ყო მამამან გრიგოლ და პოვნა იგინი სამცხეს და აბრალა ფარულად წარსლვაჲ მათი. ხოლო იგინი შეუვრდეს და ჰრქვეს:

- შენდობა იყავ ჩვენდა, წმიდაო მამაო, რამეთუ ამის მიზეზისათვის იქმნა გამოსლვაჲ ჩვენი ხანძთით, რაჲთამცა ნაყოფი რაჲმე ნაწილ ჩვენდა ჩნდა ახლად შენებითა მონასტერთაჲთა.

ხოლო წმიდამან მან ჰრქვა:

- კეთილ არს განზრახვაჲ ეგე თქვენი ნებითა ღმრთისაჲთა, არამედ მე თანამონაწილე მყავთ გულსმოდგინებასა მაგას, რამეთუ არა ვარ მახრწეველ კეთილისა.

და წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა, არეთა მათ უდაბნოთა, და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშენეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თევდორეს ვანსა ნეძვი, ხოლო ქრისტეფორეჲსსა - კვირიკე-წმიდაჲ, და მოწაფენი დაუტევნეს.

და სამნივე ესე ნეტარნი - გრიგოლ და თევდორე და ქრისტეფორე წარმოვიდეს ხანძთად ძმათა განყოფად ჯერისაებრ. და ვითარცა მოიწინეს კრებულსა მას თანა, ღმრთისა სათნოსა, და მოიკითხნეს იგინი, სიტყვად იწყო ნეტარმან გრიგოლ ძმათა მათ მიმართ.

- ერნო ქრისტეჲსნო, ისმინეთ ჩემი! პირველად ჩვენ ზოგად მოვიწიენით უდაბნოსა ამას წმიდასა მე, გლახაკი გრიგოლ, და საბან, იშხნისა ეპისკოპოსი, და თევდორე და ქრისტეფორე, ოთხნი ესე. და მრავალთა წელიწადთა ვითარცა მოწაფენი მორჩილ იყვნეს ჩემდა, ვიდრე ჟამადმდე ღმრთის წოდებისა, დიდნი ესე მამანი, სათნონი ქრისტეჲსნი. და ოდეს ინება ქრისტემან, საბა ეპისკოპოს ყო იშხანსა ზედა, და წარიყვანნა მან ძმანი აქაჲთ. ხოლო აწ ქრისტე აღაშენებს ორთა მათ მონასტერთა ფრიად კეთილთა ქართლს შინა თევდორეჲს და ქრისტეფორეჲს მიერ. და ვითარცა იგი ხორციელად მშობელთა მონაგები შვილთა განუყვიან, ეგრეთვე ხანძთაჲ სულიერად მშობელი არს ჩვენ ყოველთაჲ. დაღაცათუ ხატი მონაზონებისაჲ გვაქვნდა პირველ მოსლვისა, ხოლო კურთხევაჲ ყოველი აქა მოგვიღებიეს ჩვენ. და აწ ამათ, შვილთა თვისთა, ხელითა ჩემითა ძმათა უბოძებს, რაჲთა ახლად შენებასა მათსა უზრუნველ იყვნენ კეთილად გამოცდილთა მონაზონთა თანადგომითა, და რაჲთა მტკიცედ ეგოს სულიერი სიყვარული ჩვენ მიერ აღშენებულთა მონასტერთა.

და ვითარცა სიტყვანი ესე დაასრულნა, უბრძანა შემოკრებაჲ ძმათა ყოველთაჲ. და თევდორეჲს და ქრისტეფორეჲს განზრახვითა გამოირჩინა მათ შორის ძმანი ათცამეტნი ხანძთისათვის საუხუცესოდ, და სხვანი ყოველნი სწორად განყვნა სამად გუნდად, რამეთუ შატბერდისა ხვედრნი წარეგზავნნეს პირველვე შატბერდსა. და უბრძანა აღთქმისაებრ წილით განყოფაჲ. ხოლო თევდორე და ქრისტეფორე განმხიარულდეს, არამედ მცირედ მკსინვარებაჲ იყო მათ შორის, რამეთუ ეფრემ და არსენი გრიგოლის ნაწილსა იყვინეს, ხოლო ეფრემ მიანიჭა თევდორეს და არსენი თვით იჩინა და სწორი მისი სხვაჲ ძმაჲ მისცა ქრისტეფორეს. და დაჯერებულ იქმნნეს იგინი სიხარულით.

ხოლო საკვირვლ ესე იყო ნეტრეულთა მათ სამწყსოთაჲ, რამეთუ არა აცილობდეს მწყემსთა მათ კეთილთა, ვითარმცა სიტყვასა უგებდეს ადგილისათვის, სადამცა ვისმე ჰმარჯვდა. რამეთუ ვითარცა საცხოვარნი შეჰრაცხნეს თავნი თვისნი მარადის ქრისტეს თანა მყოფთა მათ ქრისტეჲს გამორჩეულთა. ესრეთ იყო მორჩილებაჲ ძლევითშემოსილთა მათ კაცთაჲ.

და ნეტარნი იგი მამანი ჩვენნი წარუძღვეს ძმათა მათ და კვალად მიიწინეს ნეძვს და კვირიკე-წმიდას. ხოლო მამაჲ გრიგოლ თანადამდგომ ექმნა მათ ყოვლითა გულითა ახლად შენებასა მათსა. და აკურთხნეს ადგილნი წმიდათა ეკლესიათანი და დასხნეს საფუძველნი.

და ვითარცა წარმოვიდოდა ნეტარი გრიგოლ, მაშინ ძმათა მათ ყოველთა ტირილით ჰრქვეს:

- ჰოჲ წმიდაო ღმრთისაო, სიტყვაჲ იგი უფლისაჲ აწვე აღესრულების ჩვენ ზედა, ვითარმედ „ინატრიდეთ ხილვასა მოძღვრისა თქვენისასა და ვერ იხილოთ!“ ჰოჲ სიწმიდეთა შენთა მძლავრებაჲ, არამედ იყავ ნებაჲ შენი და ნუ ნებაჲ ჩვენი. შენ, წმიდაო, დაღაცათუ საწუთროსა ამას განგვიშორენ, საუკუნოდ ნუ გნებავს განშორებაჲ ჩვენი და გახსოვსმცა მარადის წმიდათა შინა ლოცვათა შენთა, გამორჩეულო ღმრთისაო!

და აკურთხნა ყოველნი იგი ნეტარმან მან ცრემლით და ნუგეშინის სცა გულთა მათთა და შეჰვედრნა ქრისტესა და სანატრელთა მათ მამათა და ჯვარი დასწერა წმიდათა მათ მონასტერთა. და წარმოსლვასა მისსა გზაჰყვეს მამაჲ თევდორე და მამაჲ ქრისტეფორე და ცრემლით ჰამბორს უყვეს ურთიერთას. და იგინი თვისთა მონასტერთა დაადგრეს, ხოლო ნეტარი მამაჲ ჩვენი მოვიდა ხანძთად.

ესე მცირედი ვახსენე სამთა მათ წმიდათა - თევდორეჲსი და ქრისტეფორეჲსი და საბან იშხნელისა ცხორებაჲ, ამით, რამეთუ ფრიად განგრძობაჲ იქმნებოდა საქმეთა მათთა სრულიად აღწერითა ჭეშმარიტად.

31

რაჟამს ხანძთაჲ იქმნა სახელოვან მადლითა და სახარულევან სულიერთა შვილთაგან, მას ჟამსა მიძნაძოროჲთ ხანძთად მოვიდა დიდი მეუდაბნოე მიქელ მამაჲ, რომელიცა დაემკვიდრა პარეხთა, რამეთუ იყო იგი მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისა. და ეძიებდა მარტოდმყოფებასა და პოვა თავისა თვისისა სამკვიდრებელი ბერთისა პარეხთა და განზრახვითა ამის წმიდისაჲთა, დაემკვიდრა მათ შინა და კეთილად წარემართა სათნოებათა მიმართ უფლისათა.

ხოლო მტერი - ეშმაკი იგლოვდა ფრიად, რამეთუ ხედვიდა წმიდათა კაცთა განმრავლებითა ჟამისა თვისისა შემოკლებასა. და მიქელისთვის დიდსა საუცრებასა ცხადად და ფარულად ჰყოფდა, რაჲთამცა განიოტა უდაბნოჲთ. ხოლო იგი ძლიერად მოითმენდა გვემათა დაუძინებელისა მის მხდომისათა და არცხუენდა თითოსახეთა მათ მანქანებათა მისთა შეწევნითა ქრისტეჲსითა და წმიდათა ყოველთა ოხითა.

32

ხოლო იყო ჟამსა რომელსამე მამაჲ მიქელ განშორებულად სენაკსა თვისსა მდგომარე მაღალსა კლდესა ზედა მცირედ რაჲმე უდბად. და კადნიერ იქმნა მის ზედა ბელიარ და სიმაღლისა მისგან გარდამოაგდო ქვე. ხოლო დაიცვა ყოვლად უვნებელად ყოველთა მეუფემან ქრისტემან ღმერთმან.

არამედ მამაჲ მიქელ შეზრუნდა მიმდემი სამარადისოსა მას ბრძოლასა და მოწაფე თვისი მიავლინა სულიერად მოძღვრისა თვისისა მამისა გრიგოლისსა და აუწყა ყოველი იგი განსაცდელი სულთა ბოროტთაჲ. და წმიდაჲ იგი მსწრაფლ მივიდა შეწევნად ძმისა თვისისა ძალითა უფლისაჲთა და განამხნო იგი სულითა. და ახლად ხელითა თვისითა შექმნნა ძლევისა მომცემელნი ქრისტეჲს ბეჭედნი, ორნი ჯვარნი ძელისანი, საფარველად მისა და განსაოტებელად მტერთა, და იმიერ და ამიერ განშორებულად სენაკსა მისსა აღჰმართნა და საზღვრად უჩინნა წმიდასა მას, ვითარმედ:

- ორთა ამათ ჯვართა ქრისტესთა შუა უშიშად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯვარისაჲთა. ხოლო უკეთუ წარჰვლო, კვალად განიცადო უძვირესად პირველისა.

და ლოცვა ყვეს და წარმოვიდა სანატრელი გრიგოლ. ხოლო ნეტარმან მიქელ პოვა სრულიად განსვენებაჲ, რამეთუ სიმდაბლითა დასცა მტერი ამპარტავანი. ვინაჲთგან არა სიმართლეთა თვისთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოჲსა მინდობითა მოიყვანა მოძღვარი თვისი და სულიერი ძმაჲ გრიგოლ შემწედ, ვითარცა წერილ არს: „ძმაჲ ძმისა შემწე ვითარცა ზღუდე დაუცემელი“, სიტყვისაებრ იაკობ მოციქულისა, ვითარმედ: „ერთიერთისათვის ილოცევდით, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“. და ესრეთ მტერთა ზედა მძლე ექმნა სრულიად მადლითა ღმრთისაჲთა.

ხოლო იყო ნეტარი მიქელ ქვეყანისა შავშეთისაჲ, სოფლისა ნორგიალისაჲ და მიძნაძოროს მონაზონ იქმნა, ხოლო პარეხთა შინა მრავალთა წელიწადთა ცხოვნდა და აღ-რაჲ-ესრულა, მუნვე დაემარხა. და აწ საფლავი მისი და დიდებულისა მამისა ბასილისი, რომელიცა შემდგომად მისსა პარეხთა მკვიდრ იყო, ერთგან არიან და კაცთა კურნებასა მიჰმადლებენ, რომელნი სარწმუნოებით მივლენან მათდა.

33

ხოლო ნეტარი მამაჲ ჩვენი გრიგოლ, ორთა მათ მისთა შენებულთა მონასტერთა შინა - ხანძთას და შატბერდს იქცეოდა მარადის და მოძღვრებისა მისისა სწავლითა აღავსებდა გულსა მოწაფეთა თვისთასა. რამეთუ არა ხოლო თუ წიგნთა საღმრთოთა ოდენ სიბრძნისმეტყველებდა ყოვლით კერძო, არამედ წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა საქადაგებელსა გალობასა სრულიად წელიწდისა განგებითა მოძღვარ იყო განუკითხველად და ყოველთა დღესასწაულთა განგებაჲ კეთილად იცოდა, რამეთუ, რომელიცა დაესწავა, დაუვიწყებელად ახსოვდა. და აქვნდა ხმისა ნებიერობაჲ და ტკბილობისა შეუნიერებაჲ. ხოლო განსაკვირვებულ იყო ხსოვნებაჲ მისი.

რამეთუ აწ არს ხანძთას ხელითა მისითა დაწერილი, სულისა მიერ წმიდისა, საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყვანი ფრიად კეთილ არიან. ხოლო ახლისა შჯულისა დაბეჭდულნი წიგნნი ზეპირით იცოდნა და მრავალნი წიგნნი ძუელისაცა შჯულისანი. არამედ დაუბეჭდველნი წმიდათა მოძღვართა თქმულნი აღურაცხელნი წარმოითქმოდეს უწიგნოდ ენითა მისითა უმეტეს ზეშთა ბუნებისა ჩვენისა. რამეთუ ძალი ღმრთისაჲ სადაცა დაადგრეს, ყოველსავე აღასრულებს უფროჲს ბუნებისა და ცნობისა კაცობრივისა. და ადამისდაცა პირველ მცნებისა შეურაცხებადმდე ყოველი დამორჩილებულ იყო, ხოლო ამათ მცნებათა უბიწოდ დამარხვითა ყოველივე კეთილად განემარჯვებოდა. და ამის მიერ არა ხოლო თუ მონასტერნი მისნი განმტკიცნებოდეს, არამედ სიბრძნისა მისისა მდინარეთაგან ირწყვოდეს ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი. და მრავალგზის მოვიდიან წმიდანი იგი მამანი, წინამძღვარნი მონასტერთანი, მრავალთათვის მიზეზთა, და სიბრძნითა მისითა პოვიან განსუენებაჲ ყოველსა ზედა საქმესა.

34

ხოლო ყოველთა დღეთა ამის ნეტარისათა წმიდათა მათ მამათა მონასტრებისათა აღებაჲ ამას წინაშე გარდაიხადიან ხანძთას და პირმარხვად მიიღიან კანონი დიდთა მარხვათათვის და წარვიდიან. და იყო ოდესმე ერთად შეკრებაჲ ამათ ნეტართაჲ წმიდისა ამის წინაშე. და თვინიერ ოპიზისა წინამძღვარისა ყოველთა მათ ასწავებდა კეთილთა მათ სიტყვათა სულისა ცხორებისათა მამაჲ გრიგოლ. ხოლო ოპიზელი მამაჲ შეწუხნა და ჰრქვა მას:

- წმიდაო მამაო, რაჲსათვის თანაწარმხდი სულიერთა სიტყვათა შენთა?

ხოლო მან ჰრქვა:

- მამაო პატიოსანო, არა თუ შეურაცხებისათვის თანაწარგხედ შენ, არამედ ამის მიზეზისათვის, რამეთუ ამათ ყოველთა უდაბნოთა უწინარეს აღშენებულ არს ოპიზაჲ და არა განვაგებ ოპიზასა ზედა, არცა წინამძღვარსა მისსა ზედა.

ხოლო მან სიმდაბლით დაარწმუნა წმიდასა მას თავისა თვისისა სწავლაჲ სწორად სხვათა მათ მამათა, რაეთუ ესრეთ აქვნდა ყოველთა, ვითარცა წმიდათა მოციქულთაგანი შუვამდგომელად ღმრთისა და კაცთა.

35

არამედ მრავალგზის მის ჟამისა ხელმწიფეთა განიზრახეს დამტკიცებით ამის ნეტარისა ეპისკოპოსობაჲ და ფრიადითა შრომითა აწყინეს, რაჲთამცა დაემორჩილა. ხოლო მან არა ინება დიდებაჲ ესევითარი და გულისხმა უყო მათ განმარტებულად, ვითარმედ:

- მსოფლიოთა მათ წმიდათა საყდართა არა უმრწემეს არიან წმიდანი უდაბნოთა ეკლესიანი, საყდარნი ღმრთისა დიდებისანი. დაღაცათუ მღდელობაჲ ეპისკოპოსთაგან მიეცემის ყოველთა მღდელთა, არამედ პირველთა წმიდათა მამათა მეუდაბნოეთაგან ესრეთ ვისწავეთ, ვითარმედ: რომელი მადლი მიეცემინ კაცსა ჟამსა ნათლისღებისასა, იგივე მადლი ვიხილეთ, ოდეს ხატი მონაზონებისაჲ მიაქვნ ახლად მონაზონსა და ეგრეთვე წმიდისა სქემისა მიღებასა. და სხვაჲცა წამებაჲ ფრიად არს. არამედ ვითარცა-იგი ისრაელსა შორის ქალაქნი განეწესნეს შესავედრებლად კაცისმკვლელთა, ეგრეთვე წმიდანი უდაბნონი ყოველთა შესავედრებელ არიან. რამეთუ უმანკოთა მფარველნია ვნებისაგან მსოფლიოსა, და ვნებულთა ნავთსადგურნი არიან სასოებით სინანულისა მიცემითა და შჯულისდებითა. და კმა არს ჩემდა ორკერძოვე დიდებად, უკეთუ შე-ვითა-უძლო მოღვაწებაჲ წმიდათა ამათ უდაბნოთაჲ ჯერისაებრ, რომელთა შინა პოვეს კაცთა თავისუფლებაჲ, ვითარცა თქვა პავლე: „აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩვენ განგვააზნაურნა“, და „სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ“. რამეთუ მოეცა მათ ხელმწიფებაჲ „შვილ ღმრთისა ყოფად“, სიტყვისაებრ იოვანე მახარებელისა.

და ესევითარითა სიტყვითა აღეშენნეს ხელმწიფენი იგი და ადიდებდეს ქრისტესა.

36

ამისსა შემდგომად იხილა ნეტარმან მამამან გრიგოლ აღორძინებული ერი საღმრთოჲ შატბერდს და წმიდაჲ ეკლესიაჲ პირველი განსრულებად და კურთხევად. მაშინ სიხარულითა აღივსო, რამეთუ მოჰმადლა უფალმან გულისაებრ მისისა საქმე იგი კეთილი მადლითა და მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობლისაჲთა, რომლისაცა სახელსა ზედა აღეშენა წმიდაჲ იგი მონასტერი მარადის დიდებად დედისა ღმრთისა, შეუწევნელთა შემწისა და ყოვლადვე მფარველისა მოსავთა და მაქებელთა მისთაჲსა აწ და უკუნისამდე, რომელიცა უფრჲს ყოველთა ხელმწიფებისა თვისისა დაბადებულთა გამოუთქმელად ადიდა ძემან მისმან და ყოველთა ღმერთმან.

რამეთუ აწვე დაამკვიდრა სუფევასა წარუვალსა სულითა და ხორცითა შეერთებული წინაშე დიდებისა ღმერთეებისა თვისისა, ვითარცა არს პირმშოჲ ყოველთა წმიდათაჲ, ნათელი იგი ქრისტეანობისაჲ. და მეოხებითა მისითა და ყოველთა წმიდათაჲთა მაცხოვნებს ჩვენ უფალი ყოველთა მორწმუნეთა მისთა. უფროჲს ხოლო რჩეულთა მისთა ადიდებს, ნებისა წმიდისა მისისა აღმასრულებელთა, რამეთუ იტყვის: „მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე“ და „მივანიჭო ასი წილი აქავე და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაუმკვიდრო“.

ხოლო ესე ბრძანებაჲ უტყუველი აღუსრულა ქრისტემან ნეტარსა გრიგოლს. წარუვალისა დიდებისა პატივად მიჰმადლა შენებაჲ დიდებულთა უდაბნოთაჲ და ხორცთა შინა ყოფასა მისსა შიში და ზარი სიწმიდეთა მისთაჲ მიჰფინა მეფეთა და ყოველსა ერსა ზედა, ვითარცა მძლავრებაჲ წინააღუდგომელისა ხელმწიფისაჲ. ხოლო შემდგომად სოფლით ჯმნისა, უმეტეს ცნობათა ჩვენთა ადიდა ცათა შინა ანგელოზთა თანა. და აწ ქვეყანასა ზედა პირითა მოწაფეთა და მაქებელთა მისთაჲთა იდიდების მარადის.

37

ხოლო სანატრელი დედაჲ ფებრონია ზრუნვასა შინა იყო, რამეთუ მწყემსად მათდა ჩინებული სარწმუნოჲ მღდელი, მამისა გრიგოლის მივლენილი, გარდაიცვალა. არამედ ეუწყა ღმრთისაგან, ვითარმედ - უმჯობეს მისსა აწ იყოს სხვაჲ მღდელი მწყსად თქვენდაო. და წიგნი მიწერა ნეტარისა გრიგოლისსა და ითხოვდა მღდელსა ღირსსა. მაშინ წმიდამან მან ჰრქვა წმიდასა მატოის:

- შვილო საყვარელო, მხედარი ვიდრე წყობასა არა შესრულ არნ, ძლევაჲ მისი სიმრავლესა შინა ლაშქართასა არა საცნაურ არნ, არცა მეფეთაგან ნიჭი მიიღოს, ხოლო ვინაჲთგან ახოვნად გამოჩნდის ძალი ბრძოლისა მისისაჲ ყოველთა ზედა, საცნაურ იქმნის, და ნიჭი დიდძალი მიანიჭის მას სამართლად მეფემან. და შენცა იქმენ მორჩილ სიტყვათა ჩემთა, ვითარცა ყოვლადვე თავს იდევ ყოვლადვე წმიდისა ღმრთისმშობლისა ეკლესიასა მერეს მღდელობაჲ ვითარცა ძლევით შემოსილმან მხედარმან უფლისამან. და ვესავ ქრისტესა, კეთილი ღვაწლი მოიღვაწო.

ხოლო იგი ცრემლით შეუვრდა და ჰრქვა მას ლმობიერად:

- შემინდვე, მამაო, რამეთუ უწყის სიწმიდემან შენმან, არაოდეს ურჩქმნილ ვარ ბრძანებასა შენსა. ხოლო აწ ვერ ძალმიც ამისა ყოფად, რომელიცა მიბრძანე.

და წმიდამან მან ჰრქვა:

- შემძლებელ ხარ ძალითა უფლისაჲთა. აწ კეთილთა სათნოებათა შენთა თანა მოიპოვე სრული მორჩილებაჲ. ჯვარითა ქრისტეჲსითა ჯვარი დამიწერია, რაჲთა მიზეზი ყოველივე დაჰხსნა.

და ვითარცა იხილა მოძღვრისა თვისისა უცილობელი ბრძანებაჲ, თვინიერ ნებისა თვისისა დაემორჩილა სიტყვათა მისთა და იქმნა მღდელ მონასტრისა დედათაჲსა ნებითა ღმრთისაჲთა სანატრელი და სასწაულთა მოქმედი მატოი, დიდი და დიდებული საქმითა თვისითა. რამეთუ წელიწადთა ორმეოცთა მერეს მღდელობასა შინა მისსა უქმი სიტყვაჲ და უსარგებლოჲ პასუხი არავის ესმა მისგან, რომელი კაცთა ცოდვად ეყოფვის, ვითარცა უფალი იტყვის: „ყოვლისათვის სიტყვისა უქმისა, რომელსა კაცნი იტყვიან, სიტყვაჲ მისცენ მისთვის დღესა მას საშჯელისასა“. და არა ხოლო ესე ოდენ, არამედ რომელნი ხედვენ მას, ვერ იკადრიან უდბად განცხრომაჲ კრძალულებათაგან მისთა და სიწმიდით და უბიწოდ ქცევისა, რამეთუ ექმნა ყოველთა სახე კეთილის.

და ამან დაიმარხა ჭეშმარიტი ქალწულებაჲ არა ხოლო ხორცითა ოდენ, არამედ სულითა და სიტყვითა, სასმენელითა და თვალითა. რამეთუ ნეტარმან მან თქვის, ვითარმედ მონაზონებაჲ ჰრქვიან კრძალვასა, რომლისათვისცა ღმრთისმოყვარემან მან დედაკაცმან თემესტია, მერისა დეკანოზმან, თქვა, ვითარმედ - ორმეოც წელ დეკანოზობასა ჩემსა და მატოის მღდელობასა საცეცხურნი მან ხელისა ჩემისაგან არა ოდეს მიმიხვნაო.

ხოლო გარდარეულისა შრომისაგან მოუძლურდა, რამეთუ მოუკლებელი ლოცვაჲ, წყურილი და შიმშილი მარადის, და უძილობაჲ, ზედგომაჲ და მუხლთა მოდრეკაჲ ფრიადი აქვნდა ნეტარსა მას. დასცემდა ვნებასა ხორცთასა და სულისა მტერნი მოაუძლურნა. ხოლო ჟამისწირვაჲ არაოდეს დააცადის თვინიერ მიზეზისა და უძლურებისა. და სამოსელი მისი ყოვლადვე შეურაცხი იყო და საზრდელი ეგრეთვე.

38

ხოლო იყო მატოი ოდესმე თვისსა მას საყოფელსა მახლობელად მერესა. და ცნა მოსლვაჲ მპარავთაჲ. და დღისივე დაჰმზადა მათთვის პური. და ვითარცა მოიწინეს ღამე მპარავნი იგი, ჰრქვა მათ:

- გრწმენინ ჩემი, შვილნო, წმიდაჲ ღმრთისმშობელი გიბრძანებს არა ვნებად ჩემდა, არამედ მოვედით და ჭამეთ პური, რომელი განგიმზადე თქვენ.

ხოლო ერთი იგი, რომელსა მოეყვანნეს, კადნიერ იქმნა წარღებად, რაჲცა-იგი აქვნდა წმიდასა მას. და მან ჰრქვა:

- წინაშემდგომელი ვარ წმიდისა ღმრთისმშობლისაჲ, რომელმანცა პატიჟეულ გყოს შენ, წარმდები ეგე!

და მუნქვესვე დაეცა იგი მტერისაგან ბოროტისა. მაშინ მოყვასნი მისნი ცრემლით შეუვრდეს წმიდასა მას, რაჲთა განკურნოს იგი. ხოლო მან ჯვარი დასწერა და ჰრქვა:

- განგკურნებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი, - და მსწრაფლ განმრთელდა იგი. და წმიდამან მან ჰრქვა: - საწყალობელო, რაჲსათვის წინამძღვარ ექმენ კაცთა ამათ ბოროტისყოფად ჩემდა? - და ისტუმრნა და განუტევა მშვიდობით.

და ესევითარნი სასწაულნი მრავალნი ქმნნა წმიდამან მან და მიიწია სიბერედ, რამეთუ სნეულებაჲცა შეემთხვია ძლიერთა მათ შრომათაგან და ვერ ეძლო თავისა თვისისა მსახურებად. მაშინ თქვა ნეტარმან მატოი:

- ესე ღონე მხდომისაჲ იქმნა, რაჲთამცა დედანი მმსახურებდეს მე. დაღაცათუ ნებისა ღმრთისანი არიან დანი ესე, ხოლო უწესო არს მონაზონისა ხელითა დედათაჲთა მსახურებაჲ, არამედ მე ღონე მაქვს, რომლითა განვთავისუფლდე.

და იყვნეს ვინმე ბერთას მამისა გრიგოლის დედისა მსახურთაგანნი, ნათესავნი მატოისნი, კეთილნი მონაზონნი და მეგობარნი მისნი. მათ აცნობა და მოვიდეს სიხარულით წარყვანებად მისსა ცხედრითა, რამეთუ ფრიად უძლურ იყო დიდისა მოღვაწებისაგან.

ხოლო დანი იგი ყოველნი გოდებისა ცრემლითა აღივსნეს, რამეთუ ობოლ იქმნებოდეს სულიერისა მამისა და მოძღვრისაგან. და აკურთხნა ყოველნი ცრემლითა სავსემან, ჯვარი დასწერა და მშვიდობაჲ დაუტევა და ჰრქვა:

- ქრისტემან დაგიცვენინ მადლითა მშობლისა თვისისა ქალწულისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, არამედ ჩემთვის ლოცვა ყავთ მარადის, - და წამუყვნა ძმათა მათ და აღიქვეს იგი ცხედრითა. და ვითარ მცირედ ვლეს, უბრძანა დადგომაჲ და თქვა:

- უფალო, სიტყვამან შენმან გვამნი უძლურთანი გუამ ცხოველ ყვნა. მეცა მომეც ძალი, უძლურსა მონასა შენსა.

და მსწრაფლ სრულიად განძლიერდა და თვისითა ფერხითა მიიწია ბერთას. და დაყვნა ჟამნი წელიწადისა ერთისა დღეთანი ყოვლად მრთელად და მერმე გარდაიცვალა საჭირველისა ამისგან სოფლისა და მივიდა სოფელსა მას ცხოველთასა, ვითარცა მხნე, ახოვანი მოღვაწე ქრისტეჲსი და სრულიად ძლევითშემოსილი წინაშე ღმრთისა სიხარულით და მეოხ არს ჩვენთვის უკუნისამდე.

39

ხოლო ჟამსა გარდაცვალებისა მისისასა ჩვენებაჲ იხილეს მერეს შინა სანატრელთა მათ დედათა თემესტია დეკანოზმან და ანატოლე (რომელსა უწოდეს ანტონიოს) დაყუდებულმან, ორთავე, შუაღამეს ოდენ. და ეკლესიად მივიდა მარტოდ მყოფი იგი უწინარეს ჟამისრეკისა. და ეგრევე დეკანოზიცა მიიწია სტოვასა ეკლესიისასა და მოიკითხნეს ურთიერთას. ხოლო დეკანოზმან ჰრქვა:

- რაჲსათვის არს მოსლვაჲ შენი? მაუწყე, რაჲ იხილე.

ხოლო მან ჰრქვა:

- მსგავსად ხილვისა შენისა ვიხილე, რამეთუ აწ აღესრულა მაკურთხეველი ჩვენი მატოი, - და წარმოუთხრა ყოველი, ვითარმედ: - მო-ვინმე-ვიდა კაცი ბრწყინვალედ შემკობილი და მრქვა მე: დიდი მატოი მიიცვალების წინაშე ღმრთისა, არამედ შემომიდეგ მე, რაჲთა ღირს იქმნე ხილვად დიდებით მიცვალებასა მისსა ამიერ სოფლით ზეცისა სასუფეველსა. ხოლო მე შეუდეგ და მიმიყვანა ბორცვსა მახლობელად ბერთისა და მრქვა მე: მიხედე ბერთას ზედა და იხილე დიდებული ხილვაჲ! და მე ვხედევდ სვეტსა ნათლისასა, რომელი შთამოიწეოდა ზეცით ზედა მონასტერსა მას, და სიმრავლე წმიდათა ანგელოზთაჲ სვეტსა მას თანა გარდამომავალი, და ერთი ვინმე დიაკონისსახედ ოლარითა მათ თანა, რომელნი უგალობდეს ღმერთსა ბრწყინვალითა ხმითა. და კვალად ვიხილე კრებული იგი წმიდათა ანგელოზთაჲ, ეგრეთვე სახედ აღმავალი ზეცად და საშუალ მათსა წმიდაჲ მატოი, ხელპყრობით აღჰყვანდა ნათლითა შემკობილთა მათ უხორცოთა დიდებითა გამოუთქუმელითა, გალობით მაღალთა შინა. ესე არს ხილვაჲ ჩემი წმიდისა მისთვის.

ხოლო მან ჰრქვა:

- ჭეშმარიტად სარწმუნო არს ჩვენებაჲ ეგე შენი, არამედ აწ ისმინე ჩემი. რამეთუ ვითარ-იგი პირველ სიჭაბუკესა იყო სანატრელი მატოი ჰასაკოვან და შვენიერ, უმეტესად აწ ვიხილე შემკობილი დიდებითა, შემოსილი ჟამისწირვად სამოსლითა მოუგონებელად ბრწყინვალითა. და ხელთა აქვნდეს ოქროჲსა საცეცხურნი. და მე დამიკვირდა ხილვაჲ იგი და მე ვარქვ: - ვითარ განძლიერებულ ხარ უძლურებისაგან, მოძღვარო! - ხოლო მან მრქვა: - საკურთხეველსა, რომელსა ვჰმსახურებდ სიყრმით ჩემითგან, აწ ამით საკურთხეველით დაუსრულებელად მისსა მსახურებად მივიცვალე, რამეთუ ღირს ვიქმენ ზეცისა საკურთხეველსა წინაშე წარდგომად და მარადის მსახურებად.

ესე ვითარცა იხილეს, მო-ხოლო-ვინმე-ვიდეს ბერთით და უთხრეს მატოის გარდაცვალებაჲ მასვე ჟამსა შინა. და ჰმადლობდეს ქრისტესა საკვირველთმოქმედსა.

40

ხოლო სხვანი მოწაფენი ნეტარისა გრიგოლისნი მრავლნი უდიდესსა საზომსა მონაზონებისასა მიწევნულ იყვნეს, რამეთუ ოდესმე იხილვებოდა წმიდათა ანგელოზთა ბრწყინვალებაჲ გუამთა მათთა შემოსილი უფროჲს მატოისსა. და სასწაულნი დიდნი მათ მიერ იქმნებოდეს ხორცთა შინა ყოფასა მათსა და შემდგომად სიკვდილისა მათისა. არამედ ვთქვა სარწმუნოჲსა მისთვის შვილისა ქრისტეშემოსილისა, რომელსა სახელი ეწოდა დიმიტრიოს. რამეთუ იგი ნეტარსა დედასა ფებრონიას განეზარდა და მამისა გრიგოლისდა დაემოწფა, რომელიცა შერაცხილ იყო პირველთა თანა მოწაფეთა მისთა.

41

და მრავალგზის იხილვა მის ზედა სვეტი ნათლისაჲ კაცისა მიერ ღმრთისა ღამე ყოველ ლოცვასა მას ღირსებისასა, რამეთუ სული წმიდაჲ განისვენებნ მის ზედა მარადის. ესე წარემართა იერუსალემდ. და ვითარცა მიიწია ჰემსას, მცირედ დასნეულდა და ცანა სულითა ღმრთისამიერი წოდებაჲ და დაწერა ეპისტოლე ხელითა თვისითა ესრეთ:

„რჩეულნო ქრისტეჲსნო, სამკვიდრებელნო სიწმიდისანო, მამაო გრიგოლ და დედაო ფებრონია, სულიერად მშობელნო ჩემნო, რომელთა ნაცვალად სძისა აღმზარდეთ სულიერითა მოძღვრებისა საზრდელითა და საღმრთოჲსა სწავლისა საგზლითა წარმგზავნეთ კეთილსა ამას გზასა, აწ სიტყვაჲ ჩემი დადუმნების თქვენდა მომართ უფლისა დიდებით მოსლვადმდე, რამეთუ მე ჰემსას მივიწიე და მუნ დამიძინებია მეორედ მოსლვადმდე ქრისტეჲსა. რაჟამს მოწაფეთა თქვენთა მოითვალვიდეთ, მუნ მიკითხეთ შვილი თქვენი და მარადის ხსენებულ მყავთ წმიდათა ლოცვათა თქვენთა, წმიდანო ღმრთისანო“.

და მასვე ჟამსა აღესრულა და მუნვე, ჰემსას, დაეფლა.

გაგრძელება...