წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახლ. 137)

17 (30) სექტემბერი

კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების მიხედვით პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა. იმპერატორ ადრიანეს (+117-138) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას დედა და შვილები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და მას დაუფარავად აღიარებდნენ ყველას წინაშე. ქალაქის თავმა ანტიოქოსმა ამის შესახებ უღმრთო თვითმპყრობელს აუწყა, მან კი, პირუტყვული გულისწყრომით აღსავსემ, ბრძანა, დაუყოვნებლად რომში ჩაეყვანათ აღმსარებლები. ქრისტეს სასძლოები სიხარულით აღივსნენ, მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს, სატანჯველთა დათმენის ძალა მიემადლებინა მათთვის. როცა წმიდანები იმპერატორის წინაშე წარდგნენ, ყველა გააოგნა მათმა სიმშვიდემ: გეგონებოდათ, საწამებლად კი არა, ბრწყინვალე დღესასწაულზე მოუხმიათო. ადრიანემ არტემიდეს კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა მარტვილებს. სოფიომ ყველას მაგივრად მიუგო: მისთვის მოვსულვართ „აქა ჰრომედ, რაჲთა სარწმუნოებაჲ ჩუენი დავიცვათ, ვიდრე სიკუდილადმდე“. უსჯულომ სამი დღე მისცა მათ საბოლოო პასუხის მოსაფიქრებლად, შემდეგ კი ასულები ცალკე გაიხმო, პირფერობით მოუწოდა გამზრდელი დედის სიბრალულისკენ და უწინდელი მოთხოვნა გაუმეორა. გოგონებმა მტკიცედ მიუგეს: „რაჲ უტკბილეს არს ქრისტეანისა, ვითარ ვნებაჲ ქრისტესთჳს!“ ამის შემდეგ მტარვალმა დები ურთიერთს დააშორა - იმედოვნებდა, რომ ასე მაინც მოაუძლურებდა ნეტარებს, მაგრამ ვერაფერს გახდა. პირველად უფროსი - თორმეტი წლის პისტი ეწამა. უსჯულოებმა მას სამოსელი შემოაძარცვეს, ხელები ზურგს უკან შეუკრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ მკერდი მოაჭრეს. ჭრილობებიდან სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა, მაგრამ ამ სასწაულმა გონს ვერ მოიყვანა „მძლავრი იგი“ - ბრძანა, გახურებული კეცებით მოეწვათ წყლულები; პისტი ცეცხლზე შემოდგმულ, ფისითა და ქონით სავსე ტაფაზე დააყენეს, მაგრამ ალს სიმხურვალე დაეკარგა და ქრისტეს სასძლოს არაფერი დაშავებია. ბოლოს მას თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. შემდეგ შუათანა - ათი წლის ელპიდე აწამეს. ისიც ტანსაცმელშემოძარცული გვემეს გამხმარი ძარღვებით და ცეცხლში ჩააგდეს; უვნებლად გადარჩენილი, ძელზე დაკიდეს და რკინის ჩანგლებით ჯიჯგნეს, შემდეგ - ადუღებული ფისით სავსე ქვაბში ჩააყენეს, მაგრამ ქვაბი ცვილივით გალღვა, მდუღარე დაითხია, შემოკრებილთაგან მრავალი დაწვა, წმიდა მოწამე კი გადარჩა. ბოლოს ისიც მახვილით მოაკვდინეს. ამის შემდეგ ჯერი ნაბოლარაზე, ცხრა წლის აღაპიზე მიდგა. იგი ისე სასტიკად გვემეს, რომ „ასოთა იგი შეგდმულებაჲ დაიჴსნებოდა თჳსისა შენაწევრებისაგან“. ნაწამებს უღმრთო მსაჯულმა აღუთქვა, თუ სიტყვით მაინც აღიარებ, რომ „დიდ არს არტემი“, ცეცხლში დაწვას გადაურჩებიო. გოგონა კი არც ჯალათებს დაელოდა, არც მტარვალის ბრძანებას - „ესრეთ წადიერად შევიდა და დადგა შორის საჴუმილსა მას“. ყრმა უფლის ანგელოზებმა დაიცვეს დაწვისგან. გააფთრებულმა წარმართებმა „რკინითა საჴურეტელითა შეშისაჲთა“ ბარძაყები დაუხვრიტეს ნეტარს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს. სოფიოს ყველაზე სასტიკი წამება ხვდა წილად - საკუთარი თვალებით უმზერდა შვილების ტანჯვას, მაგრამ „არარაჲ შეემთხუეოდა სულმოკლებისა და დედობრივისა მოშიშებისაჲ“. საკვირველ ასულთა საკვირველი დედა სიტყვითა და ლოცვით განაძლიერებდა მარტვილებს, შემდეგ კი ლუსკუმაში ჩაასვენა მათი ცხედრები, ურმით წაასვენა მშობლიურ ქალაქში და თავის მიერვე აგებულ საყდარში დაფლა. სამი დღე არ განშორებია ნეტარი წმიდა საფლავებს, შემდეგ კი მისი სულიც შეივედრა უფალმა (+დაახლ. 137).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.