წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესნი, პეტრე და ანტონინე (IX)

23 (06.10) სექტემბერი

წმიდა მოწამენი: ანდრია, იოანე და ძენი იოანესი, პეტრე და ანტონინე აფრიკაში ეწამნენ მრისხანე იბრაჰიმის მმართველობის დროს. იბრაჰიმმა სიცილიის ქალაქ სირაკუზის აღებისა და მოოხრების შემდეგ ტყვედ ჩაიგდო იოანე და მისი ორი ძე, პეტრე და ანტონინე, რომლებიც იძულებით განსწავლა არაბულ ენასა და მეცნიერებებში. როცა ჭაბუკები წამოიზარდნენ, სიბრძნისა და კეთილმსახური ცხოვრების გამო მმართველმა იმდენად შეიყვარა ისინი, რომ ანტონინე თავის ნათესავად გამოაცხადა, პეტრე კი მსახურთუხუცესად დაადგინა. როცა იბრაჰიმმა გაიგო, რომ ყმაწვილები ფარული ქრისტიანები იყვნენ, იგი ენით აღუწერელმა მრისხანებამ შეიპყრო და ბრძანა, რკინის ხუნდებით შეებორკათ და დაუნდობლად ეგვემათ უფლის რჩეულები. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ ანტონინე ვირზე შესვეს, ქამრებით დააკრეს ზედ და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით შემოატარეს ქალაქი. მარტვილი მოთმინებით იტანდა შეურაცხყოფას და მადლობას სწირავდა უფალს. საშინლად ნაგვემი წმიდა პეტრე საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველმა ბრძანება გასცა, მოეყვანათ მოწამეთა მამა - იოანე. უსჯულო იბრაჰიმმა მას ყელში მახვილი ჩასცა. მშობლის ცხედარი შვილებს მიუგდეს, შემდეგ კი ისინიც გამოასალმეს სიცოცხლეს, დიდი კოცონი დააგზნეს და მარტვილთა ცხედრები დაწვეს.

მათ მოძღვარს, წმიდა ბერ ანდრიას მტარვალი დიდხანს შიმშილით ტანჯავდა, შემდეგ კი შუბი აძგერა მკერდში. როცა მოწამემ უფლისადმი სამადლობელი აღავლინა, იბრაჰიმმა ხელმეორედ დაჰკრა, ბოლოს კი სისხლისაგან თითქმის მთლად დაწრეტილს, ჯალათებმა თავი მოჰკვეთეს (+867-886).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.