წმიდა მოწამენი: ფავსტა ქალწული, ევილასი და მაქსიმე (+305-311)

6 (19) თებერვალი

წმიდა ქალწულმოწამე ფავსტა და მასთან ერთად ევილასი და მაქსიმე დიოკლეტიანეს დროინდელ დევნულობისას ეწამნენ ქალაქ კვიზიკში (მიზია), 305-311 წლებს შორის.

ღვთისმოშიში ქრისტიანების ასული, ადრე დაობლებული ფავსტა მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა. ქრისტიანი ქალწული მმართველთან დაასმინეს და მანაც 80 წლის ქურუმი ევილასი გააგზავნა ფავსტის ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადასაცდენად. წმიდანმა ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც იგი საშინლად აწამეს და ხის ყუთში ჩასვეს. მტარვალები ქანცის გაწყვეტამდე ცდილობდნენ გაეხერხათ, ან ცეცხლში დაეწვათ ყუთში გამოკეტილი მარტვილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ: არა მხოლოდ ქალწული, ღვთის მადლით დაცული ყუთიც უვნებელი რჩებოდა. ქურუმი ევილასი გააოცა ღვთის მადლის ასეთმა გამოვლინებამ, ირწმუნა და უშიშრად აღიარა ქრისტე.

მომხდარის გამოძიება მეფემ ეპარქ მაქსიმეს დაავალა, რომელმაც გაქრისტიანებული მოხუცის წამება დაიწყო. ევილასმა ფავსტას სთხოვა, ელოცა მისთვის, შემდეგ კი ახოვნად დაითმინა სატანჯველები. წმიდა ფავსტა მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ მათ პირი არ დააკარეს მოწამეს. მაშინ მარტვილები მდუღარე წყალში ჩააგდეს, მოწამეები კვლავ უვნებლად რჩებოდნენ და ლოცულობდნენ ჯალათებისთვის.

წმიდანების სარწმუნოებითა და მოთმინებით გაოცებულმა მაქსიმემ შესთხოვა უფალს, მისთვისაც მოწყალე თვალით მოეხედა. უეცრად გაიხსნა ცა და ეპარქმა იხილა იესო ქრისტე ნათელმოსილ ანგელოზებთან, მთავარანგელოზებთან და სხვა წმიდანებთან ერთად. ამ საოცარი ჩვენებით შეძრწუნებულმა ხმამაღლა ღაღადჰყო: „უფალო, მიიღე ჩემი სულიც’’, გაიქცა ცეცხლზე შემოდგმული ქვაბისკენ, რომელშიც ცოტა ხნის წინ მისივე ბრძანებით ჩაყარეს წმიდა მარტვილები და შიგ გადაეშვა. ზეციდან გაისმა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ!’’ და ამ მოწოდებით გამხნევებულმა და სიხარულით აღვსილმა ტარიგებმა უფალს შეჰვედრეს სული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.