წმიდა მელეტი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი (+381)

12 (25) თებერვალი

წმიდა მელეტი, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი თავდაპირველად სებასტიის სამწყსოს განაგებდა (დაახლ. 357), შემდეგ კი იმპერატორმა კონსტანტინემ ანტიოქიაში უხმო არიანელებთან საბრძოლველად და ანტიოქიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

წმიდა მელეტი მხურვალედ იბრძოდა არიანელთა წინააღმდეგ, რის გამოც მწვალებელთა მანქანებით სამჯერ განიდევნა კათედრიდან: არიანელები გარს ერტყნენ კონსტანცის და თავიანთი გავლენის ქვეშ იქცევდნენ. ანტიოქიელი მღვდელმთავარი საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა და ცდილობდა, სულიერი შვილები სათნოებითა და კეთილი ზნით აღეჭურვა, რადგან თვლიდა, რომ ამგვარ ნიადაგში ადვილად გაღვივდებოდა ჭეშმარიტი სწავლების მარცვლები.

წმიდა მელეტიმ აკურთხა დიაკვნად წმიდა ბასილი დიდი; მანვე მონათლა და სულიერად მის თვალწინ იზრდებოდა მართლმადიდებლობის დიდი ლამპარი – წმიდა იოანე ოქროპირიც.

კონსტანცის შემდეგ ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა და ნეტარი მელეტი კვლავ განიდევნა. მას შემდეგ, რაც 363 წელს იმპერატორმა იობიანემ კათედრა დაუბრუნა, წმიდა მამამ დაწერა „გადმოცემა სარწმუნოებისა”, რომლის გავლენითაც მრავალი არიანელი მოექცა მართლმადიდებლობაზე.

381 წელს, იმპერატორ თეოდოსი დიდის (379-395) დროს, კონსტანტინეპოლში გაიმართა II მსოფლიო საეკლესიო კრება. თავდაპირველად მას მელეტი ანტიოქიელი ხელმძღვანელობდა. ღირსი მამა კრების დროს გარდაიცვალა. წმიდა გრიგოლ ნოსელმა მის სახოტბო სიტყვით მიაგო პატივი.

მწყემსმთავრის პატიოსანი ცხედარი კონსტანტინეპოლიდან ანტიოქიაში გადმოასვენეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.