ღირსი ავქსივიუსი, სოლონის ეპისკოპოსი (+102)

17 (01.03) თებერვალი

წმიდა ავქსივიუსი მდიდარ რომაელთა შვილი იყო. მშობლებმა ყმაწვილს კარგი საერო განათლება მიაღებინეს, რის შემდეგაც მის დაქორწინებას აპირებდნენ. როცა ეს შეიტყო, ავქსივიუსმა ფარულად დატოვა სახლი, კუნძულ კვიპროსს მიაღწია და ქალაქ სოლონის მახლობლად დასახლდა. ღვთის ნებით, აქ წმიდანი შეხვდა წმიდა მოციქულსა და მახარებელს მარკოზს, რომელმაც ქალაქ სოლონის ეპისკოპოსად დაადგინა იგი, თვითონ კი ალექსანდრიას მიაშურა ღვთის სიტყვის საქადაგებლად. წმიდა ავქსივიუსი ქალაქის დასავლეთ კარიბჭესთან, ზევსის წარმართული ტაძრის მახლობლად დაემკვიდრა და თანდათანობით ქრისტიანობაზე მოაქცია იქაური ქურუმი და სხვა კერპთმსახურები. ერთხელ მღვდელმთავართან მოვიდა წმიდა ჰერაკლე, კვიპროსის ყოფილი ეპისკოპოსი, და ურჩია მას, სახარება საჯაროდ ექადაგა. მართლაც, ერთხელ ავქსივიუსი სავაჭრო მოედანზე გავიდა და აქ დაიწყო ქრისტეს მოძღვრების სწავლება. მღვდელმთავრის მიერ აღსრულებული ნიშნებისა და სასწაულების მრავალმა მხილველმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.