ღირსი კონონი, პენტიკულის იღუმენი (+დაახლ. 555)

19 (03.03) თებერვალი

ღირსი კონონი კილიკიაში დაიბადა. ის ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა მდინარე იორდანის ნაპირას მდებარე პენტუკლის მონასტერში და იქვე ეკურთხა მღვდლად. იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ შეიტყო მკაცრი მოღვაწის შესახებ და ხალხს აგზავნიდა ხოლმე მასთან ნათლისღებისთვის. ღირსი კონონი ნათლავდა მომსვლელებს და მირონს სცხებდა მათ, მაგრამ ქალების მონათვლას ერიდებოდა და თავს იკავებდა. წმიდა მამას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ ცდუნებებთან ბრძოლაში ლოცვებით შეეწეოდა.

ერთხელ სპარსეთიდან მოსანათლად მოვიდა მომხიბლავი ასული, ღირს კონონს ვნება მოეძალა, ვერ შეძლო ნათლისღების საიდუმლოს ჩატარება. მოსაგრემ გადაწყვიტა, დაეტოვებინა სავანე, მაგრამ გზად კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა: „დაბრუნდი შენს მონასტერში, მე დაგეხმარები ცდუნებათაგან განთავისუფლებაში“. ღირსი კონონი შეეცადა შეპასუხებოდა, ეუბნებოდა, ადრეც ხომ იგივე აღმიქვიო. მაშინ წმიდა იოანემ ჯვარი გადასახა მოსაგრეს და თქვა: „ჯილდოვდები ვნებებთან ბრძოლისათვის“. მან ურჩია კონონს სავანეს დაბრუნებოდა და არაფერში დაეჭვებულიყო. წმიდა მამა დაემორჩილა უფლის წინამორბედს და დაუბრკოლებლად მონათლა სპარსი ასული. ამის შემდეგ წმიდა მოსაგრემ კიდევ 20 წელი იცხოვრა სავანეში და 555 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.