ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი

28 (12.03) თებერვალი

ნეტარი ნიკოლოზ ფსკოველი სამ ათწლეულზე მეტ ხანს სალოსობდა. უფლის სათნომყოფელმა მამამ სასწაულმოქმედების და წინასწარმეტყველების მადლი მიიღო. თანაქალაქელები მას „მიკულას“ ეძახდნენ, რაც ბერძნულად ნეტარს, სალოსს ნიშნავს.

1570 წლის თებერვალში გამძვინვარებული ივანე მრისხანე მოადგა ფსკოვს, რომლის მცხოვრებლებსაც ღალატში დებდა ბრალს. განსაცდელში მყოფი ქალაქი ლოცვად იყო დამდგარი. დილით, როცა მორწმუნეებს ზარების რეკვამ საცისკრო მსახურებაზე მოუხმო, თვითმპყრობელის სულს უეცრად საოცარი ნეტარება მოეფინა და დამშვიდებულმა ბრძანა: „დაუშვით მახვილები, შეწყდეს სისხლისღვრა!“

ფსკოველები ქუჩაში გამოეფინნენ. ყველას თავისი სახლის წინ მოეყარა მუხლი და პურსა და მარილს სთავაზობდა მეფეს. ერთ-ერთ ქუჩაზე ივანე მრისხანის შესახვედრად ჯოხზე ამხედრებულმა მიკოლა-სალოსმა გამოირბინა და შესძახა: „ივანუშკა, პური და მარილი ჭამე, ხალხის სისხლის სმას კი თავი დაანებე“. მეფემ სალოსის შეპყრობა ბრძანა, მაგრამ ის მყისვე გაუჩინარდა.

ივანე მრისხანემ ხოცვა-ჟლეტაზე ხელი აიღო, მაგრამ განზრახული ჰქონდა, გაეძარცვა ქალაქი. იგი სამების ტაძარში დაესწრო ლოცვას და ნეტარი ნიკოლოზისაგან კურთხევის მიღებაც მოიწადინა. წმიდა მამამ კელიაში მოსულ მეფეს უთხრა: „გამვლელო, ხელს ნუ გვახლებ, გაგვეცალე, თორემ გასაქცევსაც ვერ იშოვი"“ შემდეგ კი დაურიდებლად ამხილა იგი.

ივანემ ყურად არ იღო გაფრთხილება და ბრძანა, სამების ტაძრის ზარი ჩამოეხსნათ. ბრძანების გაცემა და მისი საუკეთესო ცხენის დავარდნა ერთი იყო. ამ სასწაულმა შეძრა მეფე, სინდისისგან მხილებულს თავზარი დაეცა, დაუყოვნებლივ შეწყვიტა ძარცვა-გლეჯა და გაიქცა ქალაქიდან.

წმიდანი გარდაიცვალა 1578 წლის 28 თებერვალს.

წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.