წმიდა მღვდელმოწამე პროტერი, ალექსანდრიელი პატრიარქი (+450)

28 (12.03) თებერვალი

მღვდელმოწამე პროტერი, ალექსანდრიელი პატრიარქი და მასთან ერთად აღსრულებული ექვსი მოწამე.

ევტიქის მონოფიზიტური ცრუმოძღვრების მიმდევრის, დიოსკორეს (444-451) პატრიარქობის დროს ალექსანდრიაში ცხოვრობდა ხუცესი პროტერი, რომელიც უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს და გაბედულად აღიარებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. 451 წელს გამართულ ქალკედონის მსოფლიო კრებაზე წმიდა მამებმა დაგმეს ევტიქის მწვალებლობა და შეადგინეს სარწმუნოების მართლმადიდებლური განსაზღვრება. დიოსკორეს ხარისხი აჰყარეს და განკვეთეს, ალექსანდრიის საპატრიარქო ტახტზე კი მკაცრი და კეთილმსახური ცხოვრებით განთქმული პროტერი აღასაყდრეს.

მწვალებელი მწყემსმთავრის განდევნის შემდეგ ალექსანდრიაში დარჩა მისი ბევრი მიმდევარი, რომლებიც აღსდგნენ ახალი პატრიარქის არჩევის წინააღმდეგ. ამბოხებულებმა მათ დასაშოშმინებლად გამოგზავნილი მეომრები დაწვეს. კეთილმსახურმა იმპერატორმა მარკიანემ (450-457) გამხეცებულ ალექსანდრიელებს წაართვა ყოველგვარი პრივილეგიები, რომლებითაც ისინი სარგებლობდნენ და ქალაქში მეომართა ახალი, გაძლიერებული რაზმი გაგზავნა. მაშინ კი დაცხრნენ მეამბოხენი და თავად პროტერის სთხოვეს, ეშუამდგომლა იმპერატორთან მათთვის ძველი პრივილეგიების დასაბრუნებლად. მშვიდმა და უბოროტო მწყემსმთავარმა დახმარება აღუთქვა ალექსანდრიელებს და შეუსრულა კიდეც დანაპირები.

მარკიანეს სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსებმა კვლავ წამოყვეს თავი. ხუცესმა ტიმოთემ, რომელიც პატრიარქობაზე აცხადებდა პრეტენზიას, ისარგებლა ქალაქის თავის არყოფნით და სათავეში ჩაუდგა მოჯანყეებს. წმიდა პროტერიმ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ალექსანდრია, მაგრამ იმ ღამით ძილში ეჩვენა წინასწარმეტყველი ესაია, რომელმაც უთხრა: „დაბრუნდი ქალაქში, მე იქ დაგელოდები!“ ნეტარი მამა მიხვდა, რომ ეს ხილვა მისი მოწამეობრივი აღსასრულის მოახლოვებას მოასწავებდა, დაბრუნდა ალექსანდრიაში და სანათლავს შეაფარა თავი. ამბოხებულმა ერეტიკოსებმა მიაგნეს თავშესაფარს, შეცვივდნენ შიგ და პატრიარქი მისი ექვსი თანმხლები პირით სიცოცხლეს გამოასალმეს. უღმერთოები იმანაც კი ვერ შეაჩერა, რომ ბრწყინვალე აღდგომის წინა დღე – დიდი შაბათი იდგა. მათი გააფთრება იქამდე მივიდა, რომ მოკლული მღვდელმთავრის ცხედარს თოკი გამოაბეს, ქუჩაში გამოათრიეს, გვემეს, დაასახიჩრეს, ბოლოს კი დაწვეს და ფერფლი ქარს გაატანეს.

მართლმადიდებლებმა მომხდარის შესახებ წმიდა იმპერატორს ლეონს (457-474) და კონსტანტინეპოლელ პატრიარქს ანატოლის (449-458) აუწყეს. ალექსანდრიაში დიდი მხედრობა ჩავიდა და ჩააცხრო შფოთი. ტიმოთე სამსჯავროს გადასცეს, შემდეგ კი გადაასახლეს.

მღვდელმოწამის აღსრულების შემდეგ მისი თანამედროვე ოთხი თრაკიელი ეპისკოპოსი წერდა: „უწმიდესი პროტერი წმიდათა დასში გვეგულება და შევთხოვთ უფალს, წყალობა გარდამოგვივლინოს მისი ლოცვების მეოხებით“.

წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.