გიორგი მაჭარაშვილი

წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი

წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია გამოვარკვიოთ, როგორ დამოკიდებულებას იჩენდა კათოლიციზმისადმი წმიდა ექვთიმე ათონელი.
როგორც ცნობილია, მისი იკონომოსობისა და ფაქტობრივი წინამძღვრობის დროს ივირონის ლავრაში ქართველებმა შეიკედლეს ლეონ დიდი ბერი და სხვა რომაელები. ეს ფაქტი ზოგიერთმა მეცნიერმა იმის დასტურად მიიჩნია, რომ ათონის ქართველთა მონასტერი ლათინთაკენ იყო მიდრეკილი. ჩვენ ეს აზრი უმართებულოდ მიგვაჩნია.

წმიდა ექვთიმე ათონელი მეტად სახელოვანი ქართველი საეკლესიო მოღვაწეა. მართლმადიდებელ აღმოსავლეთში იგი ცნობილია, როგორც ეკლესიის ბრწყინვალე მნათობი [1:213- 214] და როგორც სვეტი და სიმტკიცე მონაზონთა კრებულისა [1:209]. მას ეწოდება ახალი ოქროპირი [1:111, 202-203] და ახალი მოციქული [1:209]. მისდამი მიძღვნილ საგალობელში ვკითხულობთ, რომ მან ცხოვრების გზა განვლო „მიუდრეკლად გზასა ღუთისა მცნებათასა“ [1:213]. იგი იშვა დაახლოებით 955 წელს და აღესრულა 1028 წლის 13 მაისს [2:105; 3:16]. ეს ის დროა (X-XI საუკუნეთა მიჯნა), როდესაც მართლმადიდებელ აღმოსავლეთსა და რომს შორის ურთიერთობა იმდენად არის გამწვავებული, რომ საქმე ბოლოსდაბოლოს დიდ სქიზმამდე მიდის [4:45].

ასეთი დაპირისპირების დროს, სწორედ მაშინ, როდესაც მამა ექვთიმე იყო ივირონის წინამძღვარი (1005-1019 წწ.) [2:105]. კერძოდ 1014 წელს, ლათინთა მიერ მრწამსში ოფიციალურად იქნა ჩამატებული ფილიოკვე. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მართლმადიდებელ აღმოსავლეთში [5:79]. ცოტა ადრე კი, სანამ მამა ექვთიმე ივირონის წინამძღვარი გახდებოდა, წმიდა იოანე ათონელი „ნეკრისისა სენსა შთავარდა“ და მძიმედ დასნეულდა. ამის გამო, მან „ზრუნვაჲ მონასტრისაჲ“ წმიდა ექვთიმეს მიანდო [1:30-32; 6:65-66]. ისიც დამორჩილდა და იტვირთა მონასტრის იკონომოსობა [1:30-32; 6:65-66]. სწორედ ამ დროს, „ვიდრე-ღა მამაჲ იოვანე ცოცხალ იყო, მო-ვინმე ვიდა მონაზონი ჰრომისა ქუეყანისაჲ, კაცი განთქმული სათნოებითა, რომლისა სათნოებათა წამებდა ქუეყანაჲ ჰრომისა და საბერძნეთისაჲ, ძმაჲ ვენევენტოს დუკისაჲ, წარჩინებული ნათესავით. ესე მოვიდა ექუსთა მოწაფეთა თჳსთა თანა... ხოლო იგი, ვინაჲთგან საჩინო კაცი იყო და სახელოანი, ვითარცა ცნეს ჰრომთა, რომელნი იყვნეს 4 სამეუფოს და სხუათა ქალაქთა, მრავალი ერი შემოკრბა, რაჲთამცა მონაზონ იქმნნეს მისგან“. ლეონმა „აღაშენა მონასტერი შუენიერი და ძმანი მრავალნი შეკრიბნა და თანადგომითა მამათა ჩუენთაჲთა სრულ-ყო ყოველივე საქმე შენებისაჲ. და ზედაჲს-ზედა მოვალნ იგი ხილვად მათდა, და დაყვნის დღენი მრავალნი, და კუალად მიიქცის თჳსსავე მონასტერსა. და იგი ხოლო მონასტერი არს ჰრომთაჲ დღეს მთაწმიდას და კეთილად და წესიერად ცხონდებიან კანონსა და განგებასა ზედა წმიდისა ბენეტიკტესსა, რომლისა ცხორებაჲ წერილ არს დიალოღონსა შინა“ და „ამას ბერსა ლეონს ჰრომსა ფრიადი სიყუარული აქუნდა სულიერი“ გაბრიელ ქართველისა „და ოდესცა მოვიდის ხილვად მამათა, მახლობელად სენაკისა გაბრიელისსა აქუნდა სენაკი, და მუნ დაყვნის დღენი იგი“ და იგინი „დიდ იყვნეს წინაშე ღმრთისა და სრულ“ [1:30-32; 6:65- 66].

მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით, ზემოთ მოხმობილი წყარო წარმოაჩენს ათონელი ქართველი სასულიერო მოღვაწეების „სიმპათიებს ლათინი ბერებისა და კათოლიკური სარწმუნოებისადმი“ [7:98]. მათი აზრით, X საუკუნეში „ქართველ-ლათინთა ურთიერთობას ათონზე მტკიცე საფუძველი ჩაეყარა...“ [4:67].

ვფიქრობთ, ეს მოსაზრებები გარკვეულ შენიშვნებს საჭიროებს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თვითონ წყარო არაფერს გვეუბნება ქართველთა და ლათინთა ურთიერთობების შესახებ, არამედ მასში საუბარია წარმომავლობით რომაელ სასულიერო პირებზე. ჩვენთვის გაუგებარია, აღნიშნულ ისტორიულ პერიოდში რატომ უნდა მივიჩნიოთ წარმომავლობით რომაელობა, როგორც სარწმუნოებით ლათინობის სინონიმი.

ეკლესიის ისტორიიდან კარგად არის ცნობილი წარმომავლობით რომაელი სასულიერო პირების სარწმუნოებრივი ანტილათინობის შესახებ. მაგალითად: რომაული მონასტერი, სადაც წმიდა ანტონ რომაელი მოსაგრეობდა, ლათინებმა დაარბიეს მათი მართლმადიდებლობის გამო [8:183-184]. ცნობილია აგრეთვე, რომ რომაელი, მაგრამ ანტილათინი, საეკლესიო პირები ქალაქ ბარში 1098 წელს გამართული კრების მუშაობაშიც მონაწილეობდნენ, სადაც მათ ისეთი დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მრწამსში ფილიოკვეს ჩამატების მსურველ ლათინებს, რომ თვით რომის პაპი აიძულეს გაჩუმებულიყო [9:15]. ვფიქრობთ, ეს ორი მაგალითი სავსებით საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რომ რომაელობა და ლათინობა არ უნდა გავიგოთ, როგორც სინონიმები. მიგვაჩნია, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, ლეონ დიდი ბერის წარმომავლობით რომაელობა გავიგოთ, როგორც მისი სარწმუნოებრივი არამართლმადიდებლობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, ლეონ რომაელი ბერის სარწმუნოებასთან დაკავშირებით გიორგი ათონელს საგანგებოდ აქვს აღნიშნული, რომ მის სათნოებებს მოწმობენ რომსა და საბერძნეთში. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, უპირველესი და უმთავრესი სათნოება მართლმადიდებელი სარწმუნოების აღიარებაა, ურომლისოდაც სულის ცხონება შეუძლებელია [1]. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ლათინებთან დაპირისპირებული საბერძნეთის ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდა ლეონ დიდი ბერის სათნოებებს, ისიც ლათინი რომ ყოფილიყო სარწმუნოებით და არამართლმადიდებელი. ამგვარად, მართალია, ლეონ ბერი წარმომავლობით რომაელია, მაგრამ სარწმუნოებით იგი ნამდვილი მართლმადიდებელია. მისი და მისი მოწაფეების შეკედლება ათონის ივერთა მონასტერში სულაც არ აღნიშნავს ექვთიმე ათონელისა და სხვა ქართველი ბერების სიმპათიებს ლათინი ბერებისა და კათოლიკური სარწმუნოებისადმი.

ექვთიმე ათონელის ცხოვრება და შემოქმედება ცხადყოფს, რომ მისთვის მისაბაძი სარწმუნოების მართლმადიდებლობის თვალსაზრისით არის სწორედ საბერძნეთის ეკლესია. ეს ჩანს თუნდაც მისი ორი კანონიკური ეპისტოლედან („კითხვა-მიგებაჲ, რომელი მოსცა თეოდორე საბაწმიდელსა ეფთჳმი მთაწმიდელმან“ და „წიგნი, რომელი მოსწერა დიდმან ეფთჳმი დიდსა ბერსა გიორგის“). მამა ექვთიმეს ეპისტოლეთა მიხედვით, საქართველოს ეკლესიაშიც არ უნდა აღიარებდნენ კანონიკურად იმ წიგნებს, რომელთაც „ეკლესიაჲ საბერძნეთისაჲ არა შეიწყნარებს“ [10:5, 13].

თეოდორე საბაწმიდელის კითხვაზე, თუ როდის შეიძლება მუხლის მოდრეკა, წმიდა ექვთიმე პასუხობს: „საბერძნეთისა დაყუდებულნი და ეკლესიანი ქრისტეს შობისა და განცხადებისა შემდგომად, ვიდრე მსგეფსამდე მუხლთა არა იდრეკენ და ეგრეთვე აღვსებითგან ვიდრე მარტვილიადმდეო“ [10:14].

ეს რაც შეეხება საბერძნეთს. მისი ეკლესია, როგორც ვთქვით, მისაბაძია მამა ექვთიმესთვის. ახლა ვნახოთ, როგორ დამოკიდებულებას იჩენს იგი უშუალოდ კათოლიკური სწავლებისა და ლათინთა სარწმუნოებრივი წეს-ჩვეულებებისადმი.

წმიდა ექვთიმეს დამოკიდებულება ფილიოკვესადმი (რომელმაც სწორედ მისი მოღვაწეობის დროს ჰპოვა საყოველთაო გავრცელება დასავლეთში [4:45]), ჩანს მისი ეგზეგეტიკური თარგმანებიდან. კერძოდ მათესა და იოანეს სახარებათა წმიდა იოანე ოქროპირისმიერი განმარტებებიდან, სადაც სულიწმიდის მხოლოდ მამისაგან გამომავლობის შესახებ ვხვდებით სწავლებას [11:326; 12:246-247]. იგივე ჩანს მის მიერ თარგმნილი ბასილი დიდის თხზულებებიდან: „თქმული წმიდისა მამისა ჩუენისა ბასილისი სულისა წმიდისათჳს“ და „თქმული მისივე წმიდისა მამისა ჩუენისა ბასილისი სარწმუნოებისათჳს წმიდისა სამებისა“ [13:151-157, 163-170]. აქაც, ლათინთაგან განსხვავებით, სულიწმიდის მხოლოდ მამისაგან გამომავლობის შესახებ ვხვდებით სწავლებას და არაფერია აღნიშნული ფილიოკვეს შესახებ.

იგი ასევე ემიჯნებოდა და გმობდა ლათინთა წესს, რომლის მიხედვითაც, საევქარისტიო ღვინოში არ ურთავენ წყალს. ეს ჩანს თხზულებიდან, რომლის სათაურია „განგებაჲ მსოფლიოთა მღდელთათჳს, რომელი გამოსცა ბერძულისაგან ქართულად ნეტარმან მამამან ეფთჳმე“. მასში ვკითხულობთ: „...ბარძიმსა შინა ზედაშესა წყალი ურთე, უწყლოდ ნუ სწირავ...“ [14:51]. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წმიდა ექვთიმე ათონელის „წინამძღვარშიც“ დაგმობილი არიან, ვინც საევქარისტიო ღვინოში წყალს არ ურთავენ [15:140-142] [2].

ცალკე აღსანიშნავია წმიდა ექვთიმე ათონელის „მცირე სჯულისკანონი“, რომელიც დაუფარავად უპირისპირდება კათოლიკების სამღვდელოთა უქორწინებლობისა და შაბათის მარხვის წესებს. ამ კანონიკურ ძეგლში წმიდა ექვთიმეს მიერ საგანგებოდ არის შერჩეული და შეტანილი მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების ანტილათინური განწესებები, რომელთა გამოც, მათი მიღბის შემდეგ, რომაელ პაპისტებსა და მართლმადიდებელ აღმოსავლეთს შორის დაირღვა ერთობა და კავშირი გაწყდა, რადგან რომის პაპმა სერგი I-მა არ შეიწყნარა [4:40]. და აი, ლათინთათვის ასეთ მიუღებელ კანონიკურ განწესებებს, საგანგებოდ შეარჩევს და თარგმნის წმიდა ექვთიმე, თანაც მაშინ, როცა ურთიერთობა რომსა და საბერძნეთს შორის გართულებულია. ძნელად დასაჯერებელია, რომ ლათინთა მომხრე კაცი ასე მოქცეულიყო.

ამგვარად, „მცირე სჯულისკანონში“ წმიდა ექვთიმეს მიერ დაგმობილია რომის ეკლესიის წესი, რომელიც „მღვდელთა სრულიად უქორწინებელთა განაგებს“ [16:25] და იგი მიიჩნევა, როგორც „გარდასრულთა ამათ წვალებისა წელთა“ შემოღებული სიახლე [16:25]. იქვე წმიდა ექვთიმე ჰგომბს ლათინთა მარხვის წესებსაც და განიხილავს მათ არიანოზთა, იაკობიტთა, მარკიანელთა და მასალიანელთა ერეტიკული მარხვების დარად [16:32-33]. „მცირე სჯულისკანონში“ ვკითხულობთ: „რამეთუ გუასმიეს, თუ რომსა ქუეყანასა მარხვათა შაბათსა იმარხვენ, არა კვირიაკესა. ვამცნობთ უკუე მათცა, რაჲთა არა იქმოდინ ამას. ამისთჳს ვაუწყოთ პაპასა ჰრომისასა, რაჲთა განაწესოს არღარა ქმნად ერისა მის მარხვაჲ შაბათისაჲ“ [16:33]. ამგვარად, „მცირე სჯულისკანონი“ ცხადყოფს, რომ წმიდა ექვთიმე ჰგმობდა პაპისტურ სიახლეებს და ემიჯნებოდა მათ. უფრო მეტიც, „მცირე სჯულისკანონში“ წარმოდგენილია „ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ“, სადაც ანტილათინი საეკლესიო მოღვაწე წმიდა ფოტი დიდი მოხსენიებულია სხვა პატრიარქთა შორის რომელნიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არიან კანონიზებული და აღნიშნულია, რომ „საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი“ [16:130, 133]; ხოლო „ყოველივე, რაოდენცა აღიწერა ვიეთგანმე (მათ შორის ლათინთაგანაც - გ.მ.) შემასმენელად წმიდათა ამათ პატრიარქთა“ დაგმობილია, რამეთუ „ცუდმცა არს და ამაო“ [16:130]. როგორც ცნობილია, ლათინების მიერ უამრავი რამ იყო დაწერილი წმიდა ფოტი პატრიარქის შემასმენლად. ისტორიკოსი ევგრაფი სმირნოვი კათოლიკების მიერ მის წინააღმდეგ წარმოთქმულ თორმეტამდე შეჩვენებას ჩამოთვლის [5:40].

ყოველივე ზემოთქმულიდან ჩანს, რომ წმიდა ექვთიმე ნამდვილად არ ყოფილა ლათინთაკენ მიდრეკილი, არამედ იყო შეუორგულებელი აღმსარებელი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, როგორადაც იცნობდნენ კიდეც მას მისი თანამედროვენი. მაგალითად „არცა პროტი, არცა სხვანი მამასახლისნი თვინიერ მისისა ბრძანებისა არარას იქმოდეს“ და „იშვიათი დღეჲ გარდაჴდის, რომელსა ათი ანუ თხუთმეტი მამასახლისი არა მოვიდა მათ წინაშე“ [2:106]. მას კვიპროსის მწყემსმთავრობასაც კი სთავზობდნენ ბერძნები [16:241] და, ბუნებრივია, რომ ასეთ დიდ პატივში არ ეყოლებოდათ წმიდა ექვთიმე, იგი რომ ყოფილიყო მათი მეტოქე ლათინებისაკენ მიდრეკილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წმიდა გიორგი ათონელის მიერ აღწერილი მისი და იოანეს ცხოვრება ადრევე ითარგმნა ბერძნულად [2:106], ხოლო საბერძნეთის ეკლესიამ ექვთიმე ათონელი თავის ეროვნულ წმიდანად აღიარა [2:106- 107].

მიუხედავად ამისა, როგორც წმიდა ეფრემ მცირე მოწმობს, ბერძნები გვაყვედრიდნენ იმას, რომ წმიდა ექვთიმეს მიერ თარგმნილ ერთ-ერთ თხზულებაში რაღაც ხარვეზები ჰპოვეს (წმიდა ეფრემი თავსაც კი იმართლებს: არ ვიცი გადამწერისაგან შეირყვნა წმიდა ექვთიმეს ნათარგმნი თხზულება, თუ ასეთი დედანი შეხვდაო მას [3:170]. თუკი ბერძნები არ მოერიდნენ და ხმა აღიმაღლეს მისი ერთ-ერთი თარგმანის ხარვეზების გამო, განა ისინი დადუმდებოდნენ, თუკი იგი მათი სარწმუნოების მოწინააღმდეგე ლათინებისკენ იქნებოდა მიდრეკილი? ხომ იყო დრო, როცა ბერძნებს ივირონის მაშენებელთა სახელთა აღხოცვაც კი ეწადათ. ცილიც კი დაგვწამეს ქართველებს ერესში, მაგრამ წმიდა ექვთიმეს მართლმადიდებლობა მათ ეჭვქვეშ არასდროს არ დაუყენებიათ.

ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვით ლეონ დიდი რომაელი ბერი, როგორც ჩანს, ნამდვილად კარგი მართლმადიდებელია (რადგან მის სათნოებებს სწამებს ქვეყანა რომისა და საბერძნეთისა). იგი თავისი ექვსი მოწაფითურთ ქართველებმა შეიკედლეს ივირონში წმიდა ექვთიმეს ფაქტობრივი წინამძღვრობისას „ვიდრე-ღა მამაჲ იოვანე ცოცხალ იყო“ (ესე იგი 1005 წლამდე), ანუ მანამდე, ვიდრე წმიდა ექვთიმე შეადგენდა „მცირე სჯულისკანონს“ [17:4]. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ის რომაელები, რომლებიც მრავლად დაემოწაფნენ ლეონ დიდ ბერს და მოაშურეს ათონის მთას, ლეონისგან განსხვავებით, არიან ლათიკური ტრადიციების მატარებელნი. ივირონში მათი მომრავლების შემდეგ კი, როდესაც წმიდა ექვთიმე ახლოს გაეცნო მათ სარწმუნოებრივ ადათ-წესებს (ერთად მარხულობდნენ, ერთად ეზიარებოდნენ და, ბუნებრივია, წააწყდებოდნენ საწესჩვეულებო განსხვავებებს შაბათის მარხვისა თუ წყალდაურთავი ღვინით ევქარისტიის აღსრულების შესახებ), მან საჭიროდ მიიჩნია, სათანადო ანტილათინური კანონიკური განწესებებისა თუ სხვა საღვთისმეტყველო თხზულებების საგანგებოდ შერჩევა და ქართულად თარგმნა, რათა ქართველთა შორისაც არ მოეკიდებინა ფეხი ლათინურ წესებს. ამგვარად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ წმიდა ექვთიმე და მისი მონასტერი კათოლიციზმის სათნომყოფელად მივიჩნიოთ.

თბილისი, 2009 წ.
http://www.nplg.gov.ge/

 


შენიშვნები

1 . „უკუეთუ ქმნნეს კაცმან ყოველნი სათნოებანი და არა აქუნდეს მას მართალი სარწმუნოებაჲ, ამას ადგილსა (საუბარია ჯოჯოხეთზე - გ.მ.) მომავალ არს“. იხ. იოანე მოსხი, ლიმონარი, ილია აბულაძის გამოცემა, თბ., 1960 წ., გვ. 10.

2 . მართალია ეს თხზულებები მიმართულია სომხების წინააღმდეგ, მაგრამ, რადგან ლათინებსაც იგივე პრაქტიკა ჰქონდათ, ბუნებრივია, მათაც შეეხება.

 


გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა

  1. ათონის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით, საიუბილეო გამოცემა საეკლესიო მუზეუმისა, თბ., 1901 წ.
  2. ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი, წიგნი I, თბ., 1984 წ.
  3. კორნელი კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, თბ., 1951 წ.
  4. მურმან პაპაშვილი, საქართველო-რომის ურთიერთობა VIXX საუკუნეებში, თბ., 1995 წ.
  5. Огицкий Димитрий, Козлов Максим, Православие и западное христианство, М., 1999 г.
  6. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი 2, თბ., 1967 წ.
  7. ელენე მეტრეველი, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998 წ.
  8. წმინდანთა ცხორება, შედგენილი დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის, მაკა ბულიასა და მარინე ჩხეიძის მიერ, ტ. 3, თბ., 1998 წ.
  9. გვანცა კოპლატაძე, გრიგოლ რუხაძე, „ლათინთა საკითხი გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში (ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება)“, გაზ. „მადლი“, 1997 წ., 1 ივლისი, #6- 7(121-122).
  10. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, 3, თბ., 1970 წ.
  11. წმ. იოანე ოქროპირი, თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ, თარგმანი ექვთიმე მთაწმიდელისა, რედ. მზექალა შანიძე, 3, თბ., 1998 წ. 12
  12. წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა, თარგმანი წმ. ექვთიმე მთაწმიდელისა, რედაქტორები: მ. შანიძე, ზ. სარჯველაძე, ნაწილი 2, თბ., 1993 წ.
  13. ბასილი კესარიელის „სწავლათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა ციალა ქურციკიძემ, თბ., 1983 წ.
  14. ვ. დონდუა, საისტორიო ძიებანი, 2, თბ., 1973 წ.
  15. ნანა ჩიკვატია, ექვთიმე მთაწმიდელი ერესების წინააღმდეგ („წინამძღვარში“ დაცული 14 შეჩვენება), კრ. მრავალთავი, 18, 1999 წ.
  16. კორნელი კეკელიძე, ეტიუდები, 12, თბ., 1973 წ.
  17. მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ე. გიუნაშვილმა, თბ., 1972 წ.