კათოლიკეთა სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო

 

თავი VI

ჩვილ ბავშბთა წმიდა მირონცხების უარყოფის შესახებ

კითხვა. სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკეები, რომდესაც ჩვილ ბავშვებს წმიდა მირონს სცხებენ არა უშუალოდ წმიდა ნათლისღების შემდეგ, არამედ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ?

პასუხი. არა, არ იქცევიან სწორედ. წმიდა ეკლესია მოციქულთა დროიდან ინახავს ტრადიციას ჩვილ ბავშვთა მირონცხებისა, იმწამსვე ნათლისღების შემდეგ.

კ.: როგორ ასწავლიდნენ ამის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები?

წმიდა კვიპრიანე, კართაგენის ეპისკოპოსი (III ს.) წერდა: „ნათელღებულისათვის აუცილებელია აგრეთვე მირონცხება, რათა (მიიღებს რა ქარიზმას ე.ი. ცხებას) გახდეს ზეგარდამოცხებული და ჰქონდეს ქრისტეს მადლი“. ლაოდიკიის საეკლესიო კრების (IV ს.) დადგენილება: „ჯერ არს წმიდა ნათლისღებით განათლებულმა აგრეთვე იცხოს ზეციური ცხებით, რათა გახდეს ღვთის სასუფევლის თანაზიარი“ (კანონი 48).

კ.: რატომ არის საჭირო ჩვილ ბავშვთა მონათვლის შემდეგ იმწამსვე მირონცხება?

პ.: წმიდა მირონცხების დროს, ადამიანს მიენიჭება ღვთიური ძალები, რომლებიც აღზრდიან და განამტკიცებენ მას სულიერ ცხოვრებაში. ბუნებირვია, რომ ეს ძალები განსაკუთრებით აუცილებელია იმ ადამიანისათვის, რომელიც ახლად იწყებს ახალ (სულიერ) ცხოვრებას და საჭიროებს დახმარებასა და განტკიცებას.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა: „თუ გარეშემოიზღუდავ საკუთარ თავს ბეჭდით (წმიდა მირონცხებისა), საუკეთესო და ჭეშმარიტი საშუალებით უსაფრთხოს გახდი შენს მომავალს, აღნიშნავ რა სულსა და სხეულს მირონცხებით და წმიდა სულით, როგორც ისრაელელებმა გადაარჩინეს პირველშობილი შვილები კარებზე სისხლის ნიშნით (გამოსვლათა 12, 1-14).

კ.: შეიძლება წარმატებას მივაღწიოთ სულიერ ცხოვრებაში თუ არ გვექნება წმიდა მირონცხების ბეჭედი?

პ.: არა, არ შეიძლება. როგორც მოგვითხრობს წიგნი „საქმე მოციქულთა“, „ესმა რა უკუე მოციქულთა, რომელნი იყვნეს იერუსალიმს, რამეთუ შეიწყნარეს სამარიას სიტყუა ღმერთისა, მიავლინნეს მათდა პეტრე და იოანე. რომელნი იგი, ვითარცა მივიდეს. ლოცვა-ჰყუეს მათთვის, რათა მიიღონ სული წმიდა. რამეთუ მანამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნული სული წმიდა, გარნა ბანილ ხოლო იყუნეს სახელითა უფლისა იესოსითა (საქმე მოციქულთა 8, 14-16).

კ.: ყოველთვის ჰქონდათ კათოლიკეებს ეს ჩვეულება - არ ეცხოთ ჩვილ ბავშვებისათვის წმიდა მირონი იმწამსვე ნათლისღების შემდეგ?

პ.: არა, თავიდან კათოლიკენი ისევე როგორც მართლმადიდებლები იმწამსვე ნათლისღების შემდეგ ასრულებდნენ წმიდა მირონცხებას ჩვილ ბავშვებზე.

კ.: რა მიზეზით უარყვეს კათოლიკეებმა ეს უძველესი ტრადიცია?

პ.: ლათინი ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, რომ ჩვილი ბავშვების მირონცხება უნდა მოხდეს მაშინ, როცა ისინი შეგნებულ ასაკს მიაღწევენ.

კ.: სამართლიანია ეს მტკიცება?

პ.: არა, არ არის სამართლიანი. მაშინ ამ საფუძველზე ბავშვთა ნათლისღებაც შეგნებულ ასაკამდე უნდა გადავდოთ, მაგრამ ამას კათოლიკეები არ აკეთებენ.

კ.: რა შეიძლება ითქვას კათოლიკეების ჩვეულებაზე. გადადონ ჩვილ ბავშვთა წმიდა მირონცხება შეგნებული ასაკის მიღწევამდე?

პ.: ეს ჩვეულება არაკანონიერია, რადგან ეწინააღმდეგება ძველ საეკლესიო გარდამოცემასა და სჯულის კანონს. კერძოდ ლაოდიკიის საეკლესიო კრების 48-ე კანონს.

 

თავი VII

ჩვილი ბავშვების უზიარებლობის შესახებ

კითხვა. სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკეები, როდესაც ბავშვებს არ აზიარებენ გარკვეულ ასაკამდე?

პასუხი: არა, არ იქცევიან სწორად, რადგან ზიარების აკრძალვით კათოლიკეები საუკუნო ცხოვრების მიღების საშუალებას უსპობენ ჩვილ ბავშვებს. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თქვა: „ამინ, გეტყვი თქუენ: უკეთუ არა ჰსჭამოთ ხორცი ძისა კაცისა, და ჰსუათ სისიხლი მისი, არა გაქუდეს ცხოვრება თავთა შორის თქუენთა“ (იოანე 6,53).

კ.: იქნებ მაცხოვრის ეს სიტყვები ჩვილ ბავშვებს არ შეეხება?

პ.: თუ მაცხოვრის ეს სიტყვები ჩვილ ბავშვებს არ ეხებოდა, მაშინ ძველი ეკლესია, რომელსაც თვით მოციქულები და მათი მოწაფენი მართავდნენ, არ იხელმძღვანელებდა მათით. ძველ ეკლესიაში ყოველთვის აზიარებდნენ ჩვილ ბავშვებს, დასავლეთშიც მთელი თორმეტი საუკუნის მანძილზე არსებობდა ეს ჩვეულება.

კ.: რატომ შეცვალეს კათოლიკეება ეს ტრადიცია?

პ.: ისინი ამბობენ, რომ ჩვილ ბავშვებს არ აქვთ შეგნებული რწმენა და ამიტომ არ შეიძლება მათი ზიარება.

კ.: შეიძლება თუ არა ამ მიზეზით ჩვილების უზიარებელყოფა.

პ.: არა, არ შეიძლება, რადგან ჩვილნი ეზიარებიან მათი მომყვანების რწმენით.

კ.: განა მომყვანების რწმენას უფალი ჩაუთვლის ბავშვს?

პ.: ჩაუთვლის. წმიდა სახარებაში მოთხრობილია, რომ უფალმა განკურნა ავადმყოფი მისი მომყვანების რწმენით: „და იხილა იესო სარწმუნოებაი მათი, და ჰრქუა განრღუეულსა მას შვილო მიგეტევნენ შენ ცოდუანი შენნი“ (მარკოზი 2,5).

კ.: თუ ასეა, რა შეიძლება ითქვას კათოლიკეების ჩვეულებაზე ჩვილი ბავშვების უზიარებლობის შესახებ?

პ.: ამ ჩვეულებას არ აქვს არავითარი საფუძველი, ეწინააღმდეგება საეკლესიო გარდმოცემას და ამიტომ უკანონოა.

 

თავი VIII

უარის თქმა საეროთათვის ქრისტეს წმიდა სისხლით ზიარებაზე

კითხვა: რამდენად მართებულია კათოლიკეთა საქციელი, როცა საეროთაგანს არ აზიარებენ ქრისტეს სისხლს?

მიგება: რა თქმა უნდა, არ არის მართებული ასეთი საქციელი, ზიარებისას უნდა ვბაძავდეთ მაცხოვარს, რადგან თვით უფალი მოგვიწოდებს: „ამას ჰყოფდით, მოსახსენებელად ჩემდა“ (ლკ. 22,19); სახარებიდან ვხედავთ, რომ ქრისტემ აზიარა მოციქულები არა მხოლოდ ხორცით, არამედ სისხლითაც: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაი თავთა შორის თქუენთა, ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი და მე აღვადგინო იგი უკანაისკნელსა მას დღესა (იოანე. 6. 53-54).

კ.: კათოლიკეები ამბობენ, როდესაც ვეზიარებით ქრისტეს ხორცს, თავისთავად სისხლსაც ვეზიარებით, რადგან სადაც ხორცია, იქ სისხლიც არისო, რამდენად მართალია მათი მსჯელობა?

მ.: ასე ხდება მხოლოდ ნამდვილ სხეულში, მაგრამ ზიარებისას ქრისტეს სისხლსა და ხორცს ჩვენ ვღებულობთ ღვინისა და პურის სახით. ასე დაადგინა თვით მაცხოვარმა საიდუმლო სერობის ჟამს, როცა ცალ-ცალკე მისცა მოციქულებს ხორცი თვისი და სისხლი თვისი და ამიტომაც ორივეს ღებულობენ ზიარებისას კათოლიკე მღვდლები.

კ.: როგორ არის სახარებაში ნათქვამი ამის შესახებ?

მ.: „მოიღო იესო პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და რჰქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი და მიიღო სასმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა (მ. 26, 26-28).

კ.: თუ თვითონ მაცხოვარმა აზიარა მოციქულნი ხორცითა და სისხლით, მაშ კათოლიკეები რატომ არ მალავენ მას?

მ.: ისინი ამბობენ, რომ მაცხოვრის მიერ მოციქულთა ზიარება არ ეხებათ საეროთ, არამედ მხოლოდ სამღვდელოებას, როგორც მოციქულთა მემკივდრეებს.

კ.: ასეა ნამდვილად?

მ.: არა. მოციქულთა ზიარების მაგალითს უნდა მიჰყვებოდნენ არა მხოლოდ სამღვდელონი, არამედ საერონიც და საერთოდ ყველა ქრისტიანი. წმ. მოც. პავლე ბრძანებს: „რავდენ გზისაც სჭამდეთ პრუსა ამას და ჰსუმიდეთ სასმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მოუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს“. (1 კორ. 11,26).

კ.: არასდროს არ აზიარებდნენ საერო ხალხს კათოლიკურ ეკლესიაში ქრისტეს სისხლით?

მ.: როგორ არა; კათოლიკურ ეკლესიაში ისევე ხდებოდა ზიარება, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიაში XV საუკუნემდე და მხოლოდ ამ პერიოდიდან იკრძალებოდა ეს რომაულ ეკლესიაში.

კ.: როგორ უნდა შევაფასოთ კათოლიკეთა ეს ჩვეულება?

მ.: როგორც თვითნებური და წინააღმდეგი მაცხოვრისა და მოციქულთა სწავლებისა და საეკლესიო გარდამოცემისა.

 

თავი IX

წმ. ზიარებაში ხმიადის ხმარების შესახებ

კ.: რამდენად სწორია კათოლიკეთა საქციელი, როცა წმ. ზიარებაში იყენებენ არა გაფუებულ პურს, არამედ გაუფუარს (ხმიადს)?

მ.: არ იქცევიან სწორად; ზიარების შესახებ მაცხოვარი როცა ბრძანებს: „ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლკ. 22, 19), იგულისხმება რომ მაცხოვარმა მოციქულები აზიარა გაფუებული პურით და არა ხმიადით.

კ.: საიდან ჩანს ეს?

მ.: ეს ჩანს სახარებიდან, სადაც ნათქვამია, რომ მაცხოვარმა აღასრულა საიდუმლო სერობა ჰასექის დღესასწაულის წინ, ანუ როცა ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ ხმიადს (იოანე 13,1).

კ.: სახარების რა ადგილებიდან ჩანს, რომ მაცხოვრის მიერ საიდუმლო სერობის დაწესების დღეს ჯერ კიდევ არ ჭამდნენ ხმიადს?

მ.: საიდუმლო სერობაზე, ზიარების დაწესების შემდგომ, უფალი ეუბნება იუდას: „...რომელი გეგულების საქმედ, ყავ ადრე“. ამის შესახებ მოციქულებმა იფიქრეს, რომ უფალი თითქოს იმიტომ ეუბნება იუდას ამ სიტყვებს, რომ მოახლოებულია დღესასწაული და მასთან დაკავშირებით იყიდონ რამე. (იოანე 13, 27-29). ე.ი. პასექის დღესასწაული ჯერ კიდევ არ იყო. და რაკი ეს ასეა, მაშინ ხმიადი ჯერ არ იყო ხმარებაში და კიდევ: როცა მეორე დღეს ფარისეველმა და მწიგნობრებმა პილატეს მიჰგვარეს იესო, ისინი არ შევიდნენ პილატეს სასახლეში, რათა არ შებილწულიყვნენ, არამედ შეძლებოდათ პასექის ჭამა (იოანე 18,28). აქედან ჩანს, რომ ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეს ებრაელნი არ ჭამდნენ ჯერ კიდევ ხმიადს (უცომოს).

კ.: თუ საიდუმლო სერობაზე მაცხოვარს უხმარია ხმიადი, როგორ გავიგოთ სახარებისეული სიტყვები: „ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა“, ან კიდევ „მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი“ (ლკ. 22,7)?

მ.: წმ. ი. ოქროპირი ამგვარად განმარტავს ამ სიტყვებს: უცომობის პირველ დღეს მახარებელი უწოდებს დღეს, რომელიც წინ უძღოდა უცომოების დღესასწაულს, „მოიწინეს“ იმას გვამცნობს, რასაც წმ. ი. ოქროპირი განმარტავს.

კ.: თუ მაცხოვარმა მის მოწაფეებთან ერთად საიდუმლო სერობაზე მოიღო გაფუებული-ჩვეულებრივი პური, მაშინ რომელი პასექის შესახებ საუბრობს მოციქულებთან: „გულის სიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა“ (ლკ. 22,15).

მ.: პასექი, რომლის ჭამაც მაცხოვარს სურდა თავის მოციქულებთან ერთად, ვიდრე აღესრულებოდა მისი ჯვარცა, რა თქმა უნდა, არის ახალი აღთქმის პასექი, რომელიც შეადგენს მაცხოვრის ხორცს და სისხლს.

კ.: ყოველთვის ხმიადით ხდებოდა კათოლიკეებთან ხალხის ზიარება?

მ.: რა თქმა უნდა, არა. თავდაპირველად კათოლიკეები იმგვარად იღებდნენ წმ. ზიარებას, როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ შემდგომში თანდათან დაუტევეს ეს კეთილი წესი და აღასრულებდნენ ზიარებას ხმიადით, რითაც საეკლესიო გარდამოცემა ფაქტიურად უარყვეს და მაცხოვრის მიერ დაწესებული საიდუმლოს საწინააღმდგო წესი დაამკვიდრეს.

 

თავი X

შაბათის მარხვის შესახებ

კითხვა. სწორად იქცევიან თუ არა კათოლიკენი, როცა შაბათს მარხულობენ?

მიგება. არ იქცევიან სწორად, რადგან წმინდა მოციქულთა 64-ე კანონი ამბობს: „თუ ვინმე სასულიერო პირთაგანი მარხვას შეინახავს კვირას ან შაბათს, გარდა ერთი დღისა (იგულისხმება დიდი შაბათი), განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს

კ.: მიუქცევია თუ არა ყურადღება კათოლიკეთა ამ უკანონო საქციელისათვის ეკლესიას, და თუ მიუქცევია, რაში გამოიხატა ეს ყურადღება?

მ.: მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრებამ 55 კანონით დაადგინა, რომ რომის ეკლესიამაც დაიცვას და აღასრულოს წმ. მოციქულთა 64-ე კანონი შაბათის მარხვი აკრძალვის თაობაზედ. „გავიგეთ რომ ქალაქ რომის მკვიდრნი დიდი ორმოცის წმინდა მარხვის დროს მარხვას იცავენ შაბათობითაც საეკლესიო განწესების წინააღმდეგ. წმ. კრება დაადგენს, რომ რომის ეკლესიამაც შეუცვლელად დაიცვას ეს კანონი (64-ე კანონი მოციქულთა) რომელიც ბრძანებს, რომ თუ სასულიერო პირმა დაიცვას მარხვა კვირას ან შაბათ დღეს, გარდა დიდი შაბათისა, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი უზიარებელი იყოს“.

შესაბამისად ზემოთ მოყვანილისა, შაბათის მარხვით კათოლიკეები არღვევენ წმიდა მოციქულთა და ეკლესიის მამათა კანონებს.

 

თავი XI

ორღანის შესახებ

კითხვა. გამართლებულია თუ არა კათოლიკეთა მიერ ღვთისმსახურებისას ორღანის გამოყენება?

მიგება. არა, არ არის სწორი, რადგან ეს არის ძველი აღთქმისეული ჩვეულება, რომელმაც დაკარგა აზრი ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში.

კ.: რატომ არ შეიძლება ქრისტიანული ღვთისმსახურებისას საორღანო მუსიკის გამოყენება?

მ.: იმიტომ, რომ ქრისტიანები თაყვანს უნდა სცემდნენ ღმერთს „სულითა ჭეშმარიტებითა“ (იოანე 4,24), ანუ ლოცვაში უნდა ამაღლდეს ადამიანი; ეს კი შეუძლებელია თუ ლოცვა სრულდება არა ადამიანის მიერ, არამედ უსულო საგნის მიერ.

 

დასკვნა

კითხვა. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამოკიდებულება კათოლიკეებთან, შეიძლება თუ არა მათს ტაძრებში ლოცვა, მათთან ერთად ლოცვა, რელიგიურ დღესასწაულთა აღნიშვნა მათთან ერთად?

მიგება. კათოლიკეები მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მოკვეთილნი არიან, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების დამამახინჯებელნი და ეკლესიაში მთელი რიგი ერეტიკული (მწვალებლური) სწავლებისა და საეკლესიო გარდამოცემის საწინააღმდეგო წეს-ჩვეულებათა შემომტანნი. ამდენად მართლმადიდებელ ქრისტიანთა დამოკიდებულება კათოლიკეთა მიმართ ისეთივეა, როგორც ერეტიკოსებთან და ეს დამოკიდებულება შემდეგნაირადაა განსაზღვრული ეკლესიის მიერ: „ვინც წარმართთა დღესასწაულზე წარმართებთან ერთად ისამხრებს ამისათვის მიჩენილ ადგილას, ოღონდ თავისი მოტანილის საჭმლით და მათთან ერთად ჭამს, დავადგენთ მათ შეწყნარებას ორი წლის შევრდომის შემდეგ...“ (ანკირიის კრების მე-7 კანონი). წმინდა მოციქულთა 65-ე კანონში ნათქვამია: „თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებელთა შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს“.

„თუ ვინმე ილოცებს უზიარებელთან (განკვეთილთან) ერთად, თუნდაც სახლში, ისიც უზიარებელი უნდა გახდეს“ (მოციქულთა მე-10 კანონი).

კ.: კათოლიკეებს ერეტიკოსებად რომ მოვიხსენიებთ, ნუთუ ისინი ქრისტიანად წოდების ღირსნი არ არიან? განა წმინდა წერილი ამის უფლებას გვაძლევს?

მ.: დიახ. როცა ეკლესია მათ ქრისტიანებადაც კი არ მოიხსენიებს, იცქევა ღვთის სიტყვის თანახმად. „ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო უკეთუ კრებულისაცა არა ისმინოს იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი“ (მათე 18,17)

კ.: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანის ქორწინება კათოლიკეზე? მისი (კათოლიკეს) ცოლად მოყვანა ან მასზე გათხოვება?

მ.: ეკლესიის კანონებით ამგვარი ქორწინება სასტიკად არის აკრძალული. მე-6 მსოფლიო კრების 72-ე კანონი კრძალავს ამგვარ ქორწინებას და მის დარღვევას ბრძანებს: „... თუ მოხდეს ასეთი რამ, ვისგანაც არ უნდა იყოს ოდესმე ჩადენილი უკანონოდ და დაუმტკიცებლად ჩაითვალოს ასეთი ქორწინება და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელთა შეერთება არ შეიძლება, არც ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება; ხოლო თუ ვინმემ დაარღვიოს ეს ჩვენი დადგენილება, უზიარებელ იქნეს“. ერთად-ერთი შემთხვევა, როცა შეიძლება ქორწინება არამართლმადიდებელზე, არის პირობა, რომლის თანახმადაც ერეტიკოსი პირი შეინანებს და ჭეშმარიტების გზას შეუდგება.

კ.: როგორი შეიძლება იყოს მართლმადიდებელთა დამოკიდებულება კათოლიკეების მიმართ?

მ.: უნდა ვილოცოთ მათთვის, ისევე როგორც ნებისმიერ სხვადასხვანაირად მოაზროვნეთათვის და ვევედროთ უფალს, რათა გაუნათლოს მათ გონება, გული და სული, განაშოროს ეშმაკთა საცდურისაგან და ყოველნი ჭეშმარიტებისა გზასა შეცდომილნი მოიყვანოს მშობელი ეკლესიის წიაღში და დაიფაროს მისი (ეკლესიის) კალთის ქვეშ.