ამონარიდები დედა თამარის წერილებიდან სულიერი შვილებისადმი

„და წარიყვანნა პეტრე. და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად. მაშინ ჰრქუა მათ იესო: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილამდე; დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა“ (მათე 26, 37-38). შეწუხებულია სული ჩემი, მაგრამ მწამს, რომ უფალი, რომელიც ხედავს, თუ რა მორჩილებით მინდა მივცე მის წმინდა ნებას, გამომიგზავნის ნუგეშინისცემას.

შვილებზე ალბათ მოგითხრეს, წერილსაც წაიკითხავდი. რაც შეეხება მეუფის უზომო მწუხარებასა და მძიმე ავადმყოფობას (დაპატიმრებას), ამის გახსენებაზე თითქოს რაღაცნაირი სიმშვიდე და სიხარულიც კი მეუფლება, თითქოს გული მკარნახობს, რომ ამჟამად კარგად უნდა იყოს. რაღაც გაუგებარია.

ყველას შევავედრებ ზეციურ დედასა და ღირს სერაფიმე საროველს. მჯერა, რომ უფალი დაგვიფარავს. მტკიცედ უნდა გვწამდეს და ღმერთი გადაგვარჩენს უცილოდ.

წინასწარ გილოცავ დამდეგ დღესასწაულს!“

 

ამ წერილის გამოგზავნის შემდეგ მალე დედა თამარი დააპატიმრეს და ჩასვეს ციხეში, შემდეგ კი ირკუტსკში გადაასახლეს. აქედან იგი ირკუტსკის ოლქის სოფელ უსტ-უდაში გადაიყვანეს.

 

29 სექტემბერი, 1931 წლისა, უსტ-უდა.

ერთი საათი არ გაივლის ისე, რომ თქვენ არ დამიდგეთ თვალწინ. ძალიან მენატრებით და მინდა ცხადად გნახოთ! ხანდახან ეს იმედიც აღარა მაქვს. წარმოიდგინეთ ხუთი წლით ცხოვრება ასე შორს. ირკუტსკიდან აქ მოხვედრა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე ვლადივოსტოკში. გემები საერთოდ უგანრიგოდ დადიან, ზოგჯერ სულ წყდება მიმოსვლა. ფოსტა ეტყობა ცხენებით დააქვთ, რადგან წერილები მაშინაც მოდის, როცა გემები არ მოძრაობენ. ცხადია, ირკუტსკში რომ ვცხოვრობდე, მაშინ უფრო მოვერეოდი ამ უზომო შიშსა და უბედურებას, რასაც აქ განვიცდი. ირკუტსკიდან რომ მოვდიოდი, არ მეშინოდა. მართალია, ძალზე შორია, მაგრამ სარკინიგზო კავშირი მყარია და ეს სიშორე არ მაშინებდა. ქალაქი მაინც ქალაქია, იქ, ასე თუ ისე, შეიძლება მოეწყო, მიეჩვიო, ბაზარში იარო... მეტი არაფერი მინდა, ოღონდაც ირკუტსკში ვცხოვრობდე... აქ საშინელ სიმარტოვეს განვიცდი. ცხოვრების გარეგნულ მხარეზე არაფერს ვიტყვი, ალბათ ყველა ჩემნაირს უჭირს... ვცხოვრობ ქოხის კუთხეში, ღუმელის გვერდით... მაინც ღვთის მადლიერი ვარ, თუნდაც იმისთვის, აქ რომ დამტოვეს!.. საშინელებაა იქ მოხვედრა, სადაც არა გყავს არც ერთი ნაცნობი... ირკუსტკში შეიძლებოდა სამუშაოც მეშოვნა: საბნებს დავალიანდაგებდი, ქარგვას დავიწყებდი, აქ კი ეს არავის სჭირდება...

 

სამშაბათი, 25/8 დეკემბერი, 1932 წლისა.

რაც შემეხება მე: ავადმყოფობის პირველი დრეების ელდამ რამდენადმე გამიარა. აუტანელია ეს საზარელი სიშორე, სავსებით მოუხერხებელი კავშირი და სრულიად უჩვეულო გარემო. მაგრამ ეს ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს. უკეთესის მოლოდინი არც შეიძლება და არცაა საჭირო. რაც უფრო მძიმეა განსაცდელი, მით უფრო ახლოა გოლგოთა. ოღონდ მოთმინება მღალატობს. მინდა აღვესრულო ჩვეულებრივ გარემოში. მთლიანად უნდა მივენდო ჩემს ზეციურ მფარველს. თუ საჭიროა რამე ჩემი სულის გადასარჩენად, მას ძალუძს მოახდინოს სასწაული, როგორც მრავალჯერ მოუხდენია ჩემს ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ ტანჯვის ფიალა გაცილებით უფრო ძნელი შემხვდა, ვიდრე ჩემს შვილებს. ასეც უნდა იყოს. ოღონდ ეს არის, დროდადრო ძალზე ვდარდობ მათზე. მაგრამ ალბათ ასეც იყო საჭირო, რომ ცოდვებისაგან განსაწმენდად ჩემი ახლობლებისაგან, ჩემი საყვარელი ადამიანებისგან შორს, სულიერ სიმარტოვეში დამელია სული. იყავნ ნება მისი!

იტვირთეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულეთ ქრისტეს სჯული! ყველაფერი, რაც ამ წლებში ხდება, თუნდაც თავად ცხოვრება, განა სასწაული არ არის?!

 

სამშაბათი, 15/18 ოქტომბერი, 1932 წლისა.

შეგნება იმისა, რომ გყავს მოსიყვარულე, ახლობელი ადამიანები, გიმსუბუქებს მძიმე ჯვარს.

მშვენიერი შემოდგომა დგას. მართალია, ღამით 5 გრადუსამდე ყინავს, მაგრამ დღისით მზე ისე ათბობს, რომ ფანჯრებს ვაღებ.

როგორა ვარ? რა არ ხდება! ხანდახან სულმოკლეობა მიპყრობს, მწუხარება მეუფლება, ხშირად მძიმე ნაღველიც მაწვება გულზე. ასეთ წუთებში წმინდა იოანე ოქროპირს მივმართავ ხოლმე. ავადმყოფობამდე ცოტა ხნით ადრე წავიკითხე მისი წერილები მეგობრებისადმი, სადაც ითხოვდა უფრო ხშირად მიეწერათ წერილები და არ დაევიწყებინათ იგი. ასე რომ, მადლობელი იყო ყოველი ცნობისათვის! თუ წმინდანებს შორის ასეთი დიდი წმინდანი წუხდა ახლობლების სიშორის გამო, რაღა შეიძლება ითქვას ჩემნაირ პატარა ადამიანზე?! ზოგჯერ მინდა ფრთები გამომესხას და სუყველას შემოგიფრინოთ, ჩემო საყვარლებო. მარად თქვენთან ვარ სულით.

როგორ მოგწონთ ჩემი ნახელავი კონვერტი? ნიუშა და ლიზა მოკითხვას გითვლიან ყველას.

 

25 დეკემბერი, 1932 წლისა.

საერთოდ, ოცდაცამეტი წელი ძალიან მძიმე იქნება. შეგვეწიე უფალო და გადაგვატანინე. ჩვენთან თითქმის ყოველთვის ყინვა 30 გრადუსს აღწევს. ახლახან, იძულებით გასეირნებისას, ისე მომეყინა ხელ-ფეხი, განსაკუთრებით ფეხები, რომ ვიფიქრე, შინამდე ვეღარ მივაღწევ-მეთქი. ტერფები გამიშეშდა, თვალადაც ეტყობოდა და გრძნობითაც. დიდხანს მიზელდნენ თოვლით, მაგრამ არაფერმა მიშველა, ვიდრე მე თვითონ ნაკურთხი ზეთით არ დავიზილე. მერე ერთბაშად გამიარა“.

 

სამშაბათი, 26 აპრილი, 1933 წლისა.

დიდი მადლობა ანგელოზის დღის მოლოცვისათვის. გუშინ მივიღე ცნობა ჩემი საყვარელი ძმის კონსტანტინეს გარდაცვალების შესახებ. ნათესავები ადრევე მწერდნენ მის უნუგეში მდგომარეობაზე, თუმცა მაინც არ ვკარგავდი იმედს. მერე უკვე ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის. ძალიან ვწუხვარ, რა თქმა უნდა, მეშინია იმ უდიდესი აქტისა - სააქაო ცხოვრებიდან მარადიულ სასუფეველში გადასვლისა, მაგრამ იმავდროულად დიდად მანუგეშებს ის, რომ იგი აღდგომის მეორე დღეს აღესრულა. ეს რაღაცნაირ სიხარულს მიღვრის გულში.

მომწერეთ. ჩვენთან უკვე გამოჩნდა ერთი გემი, როგორ მინდა ვინმე ჩემიანის ნახვა.

 

5 მაისი, 1933 წლისა.

ჭეშმარიტად აღსდგა! ყოველთვის და ყველაფერში, რა თქმა უნდა, ღმერთს უნდა უმადლოდე, რომელიც ასე ზრუნავს ჩვენზე. ხშირად ვესწრაფვით ერთს, გულმოწყალე ღმერთი კი სულ სხვას ამწესებს. ეს სხვა ჩვენთვის ყველაზე უკეთესი გამოდის. როგორ მინდა ყველას ჩავუნერგო ძალი და სიმხნე. მაგრამ მწამს, რომ ჩვენი ზეციური დედა, რომელმაც იტვირთა ჩვენი მფარველობა, თავად გვამხნევებს და გვხელმძღვანელობს.

ალბათ შეიტყვეთ უკვე მარუსიას სიკვდილი. მას ღვთის რჩეულად ვთვლი. ღმერთმა გაათავისუფლა ყველა მიწიერი ტანჯვისა და გამოცდისაგან. უკანასკნელი დღეები ისეთ გარემოში გაატარა, რომ უკეთესს ვერ ინატრებდა. მართალია ტყეში, ფარდულში, მაგრამ გარშემორტყმული თავისნაირი ქალებითა და კაცებით, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ მის ნუგეშისცემას.

 

25 დეკემბერი, 1933 წლისა.

გილოცავ დიდ დღესასწაულს, დამდეგ ახალ წელსა და ღირსის ხსოვნის დღეს. მთელი სულითა და გულით გისურვებ მშვდობასა და სიხარულს.

იმდენი რამ განვიცადე ამ ორ თვეში, რომ შეუძლებელია მისი გადმოცემა. მოხარული ვარ, რომ შიმშილიც გამოვცადე. ადრე გატყობინებდი, მოვდივარ-მეთქი. წამოსვლასთან დაკავშირებით უამრავი დაბრკოლება გვეღობება. არ ვიცი რა ხდება: ღმერთი გვაყოვნებს და გვიცავს რაღაც განსაცდელისაგან, თუ მტერი გვემუქრება და გვაშინებს.

წამოსვლა აუცილებელია, გადაუდებელია. და მტკიცედ მწამს, რომ ბეწვიც არ ჩამომივარდება თავიდან ღვთის ნების გარეშე.

 

22 აგვისტო, 1934 წლისა.

გაუფრთხილდით ერთმანეთს, ჩემო ძვირფასებო, მხოლოდ ერთმანეთის თანადგომამ და ურთიერთმფარველობამ შეიძლება განგიმტკიცოთ და შეგინარჩუნოთ ურყევი ბედნიერება. უსტ-უდადან ჩემი წამოსვლის დღიდანვე უმძიმესი გამოცდები დამატყდა თავს. რა თქმა უნდა, ღვთის ნებით მოხდა ყველაფერი. დიასახლისი, რომელთანაც მოვხვდი, თავიდან ანგელოზად მომეჩვენა, მაგრამ გავიდა ერთი თვე და მისმა ქცევამ შემაძრწუნა. ის გვაწამებდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს იყო წმინდა წყლის დამნაშავე. მსგავსი ადამიანების შესახებ მხოლოდ წიგნებში წამეკითხა. ამის აღწერა შეუძლებელია. ვცდილობდით, რაიმე გამოსავალი გვეპოვა, და თავი დაგვეღწია მისგან, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ბოლოს ღირსმა შეგვიბრალა და სრულიად მოულოდნელად, ოთახი გვიწყალობა ღმერთმა. მაშინვე გადმოვბარგდით. აქ გაცილებით უკეთესია ყველაფერი. ბინის პატრონები, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მოხუცი მამა, უკრაინელები არიან. ისე მიმიღეს, როგორც ახლობელი. თუმცა მეშინია წინასწარ ქების. ნეტავ ღმერთმა ინებოს და ბოლომდე ასე შეგვინარჩუნოს. წინა ხუთი თვე ისე გაწამებული ვიყავი, რომ ცრემლები ღვარად ჩამომდიოდა. მერე ავადაც ვიყავი. ეს მესამე დღეა წამოვდექი, ჯერაც ძალიან სუსტად ვგრძნობ თავს. ღმერთს მადლობას ვწირავ ყველფრისათვის. ასეთია მოკლედ ჩემი ცხოვრება...

ყველას სწადია, თავისი გაიტანოს. საბრალოთ ავიწყდებათ, რომ ბედნიერება მორჩილებაშია...