დედა თამარის სულიერი შვილის ვ.მ.-ს მოგონებები

დედა ფამარის სადაგი დღე

1935 წელს შევიტყვე, რომ დედა ფამარი დაბრუნებულიყო და ბელორუს-ბრიანსკის რკინიგზის პ-ს სადგურზე ცხოვრობდა. დიდი სიფრთხილე იყო საჭირო, გზის კითხვაც არავისთვის შეიძლებოდა.

პირველივე უქმე დღეს მისკენ გავეშურე. ამის შემდეგ ხშირად ვეწვეოდი ხოლმე. როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონდა სულიერი ცხოვრების აღმავლობისა და დაცემის პერიოდები. ჩემი შინაგანი ცხოვრების საზომად გამოდგებოდა ის, თუ რამდენად ხშრიად დავდიოდი დედა ფამართან. ზოგჯერ ისე ხდებოდა, რომ არცერთ უქმე დღეს არ ვაცდენდი, ზოგჯერ კი კარგა ხნით ვიკარგებოდი. რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვისაც და ყველასთვისაც, ვინც კი მასთან დადიოდა, ამ შეხვედრებს. როგორ გვამაღლებდა, თითქოს ცხოველ წყალს გვაპკურებდა.

მინდა გიამბოთ ჩემი მორიგი ჩასვლის შესახებ ერთ სადაგ დღეს.

დიმიტროვოდან საღამოსვე ჩავიდავარ მოსკოვში, იქ ღამეს ვათევ რომელიმე ნაცნობთან, დილაადრიან ფრთხილად ვდგები, რომ მასპინძლები არ გავაღვიძო და პირდაპირ მივფრინავ სადგურისაკენ - პირველსავე შვიდსაათიან მატარებელს უნდა მივუსწრო.

დედა ფამარს უკვე ხელი დარია ყელის ტუბერკულოზმა და გვთხოვს დილით ადრე ჩავიდეთ ხოლმე - „დილას ჯერ კიდევ ადამიანს ვგავარო“. საღამოობით დაქანცულია. ვუახლოვდები ნაცნობ პატარა სახლს, ვაკაკუნებ, კარს მიღებს ჭროღათვალება ნიუშა. ან შავგრემანი დუნია. ეს ორი და, დედა ვერონიკასთან ერთად, მუდმივად ცხოვრობს დედა ფამართან. პატარა სამზარეულოდან გავიდავარ დიდ, თეთრშპალერგაკრულ ოთახში, სადაც დიდი მაგიდა დგას. ოთახის მეოთხედი გადატიხრულია თეთრი ფარდებით. იქით დედა ფამარის „სენაკია“, სადაც უდგას საწოლი და თავისი საყვარელი ხატები. უმეტესად იქ არის, განსაკუთრებით ბოლო, სიკვდილისწინა პერიოდში. დედა ვერონიკა კითხულობს და გალობს წირვის სიტყვებს. ფარდებს იქიდან ისმის დედა ფამარის მხურვალე ლოცვა. მთავრდება ხანგრძლივი „დილის წესი“. დედა წყნარად ლოცულობს თავისთვის. მე კი, უკვე მერამდენედ, ხელახლა ვათვალიერებ საყვარელ ოთახს. კუთხეში ღირსი სერაფიმეს დიდი ხატი მოჩანს. დიდსა და პატარა მაგიდაზე კალათებითა თუ ქოთნებით, სეზონის მიხედვით, ყოველთვის სხვადასხვა, ლამაზი ყვავილები აწყვია. ისინი დედა ფამარის სულიერ შვილებს მოაქვთ ხოლმე. დღესაც რამდენიმე ჰორტენზია მოუტანიათ. ერთ მომცრო მაგიდაზე ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის წიგნებია: „წერილები სულიერი ცხოვრებაზე“, „რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მისთვის“, „უხილავი ბრძოლა“, ოპტინელი ბერების - ამბროსისა და მაკარის წერილები, უსამღვდელოესი ეგნატე ბრიანჩანინოვის შესანიშნავი თხზულებები (რაც განსაკუთრებით უყვარდა დედა ფამარს).

მეორე მაგიდაზე ძველი სევრული და საქსონური ფაიფურის რამდენიმე უმშვენიერესი ფიალაა. კედელზე ჰკიდია მოოქროვილი საათი ლუი XV-ის სტილისა. გაისმის ვერცხლის ზარის წყნარი წკრიალი - ეს დედა ფამარია, დაძახება არ შეუძლია. ლოცვა დაამთავრდა და დუნიას უხმობს. დუნია შედის და მოახსენებს ჩემი მისვლის შესახებ. შევდივარ მის თეთრ კუთხეში, მუხლს ვიყრი და კურთხევას ვიღებ. დედა ფამარი საწოლზე ზის, თოვლივით ქათქათა თავსაბურავით. ძველი ჩვეულებით სქემოსნებს კუბოში ეძინათ. მაგრამ დედას კუბო წინკარში უდგას, ხოლო საწოლის გასწვრივ, კედელზე, კუბოს გამოსახულება ჰკიდია.

საბრალო დედა ფამარი მძიმეს სუნთქავს, ხმამაღლა ლაპარაკი უჭირს. როგორც გახდომია ლამაზი ხელები! ალერსიანად გაისმის მისალმება: „აბა, ახლა მიდი მაგიდასთან, ჯერ რაიმე მიირთვი და მერე ვისაუბროთ“. ისევ ვბრუნდები დიდ ოთახში. ისევ წკრიალებს ვერცხლის ზარი: „მაშას მიხედეთ როგორც საჭიროა“. „როგორც საჭიროა“ დედა ფამარის საყვარელი გამოთქმაა. მისი სიკეთე, მოყვასის სიყვარული საოვარ სტუმართმოყვარეობაში ვლინდება. დედას განსაკუთრებით უყვარს გამასპინძლება. წუხს, თუ სამარხვო დღეს ეწვევით. სულიერი შვილების ყველა შესაწირავს თვითონ ნახულობს და მათსავე და სხვა სტუმრების გასამასპინძლებლად ანაწილებს. ტრაპეზის წინ დედა ვერონიკა კითხულობს ლოცვას, როგორც წესი „მამაო ჩვენოს“. ტრაპეზზე ყოველდღიური საუბარი იმართება. არსად არ მიგემნია ისეთი გემრიელი საჭმელები, როგორც დედა ფამართან. ყავის სმის დროს კვლავ რეკავს ზარი და საამო მბრძანებლური ხმა ფარდის მიღმა ამბობს: „რატომ არ შესთავაზებთ მაშენკას მესამე ფინჯან ყავას? აუცილებლად დალიოს, როგორც საჭიროა“.

მერე ისევ დედა ფამართან ვარ, მის სენაკში და გულს ვუშლი მას. იგი დღეს არც ისე ძალიან დაღლილია, არც სტუმრები ჩანან და ნება მეძლევა დიდხანს დავრჩე მასთან. ვუამბობ ყველაფერს ჩვენი ოჯახის შესახებ. დედა ფამარი ჩემი მონათხრობით უკვე იცნობს ყველა ჩემიანს. ყველა მიიღო და შეითვისა მისმა კეთილშობილურმა სულმა. ახლა ცალ-ცალკე გამომკითხავს მათ ამბებს. ზოგჯერ, როცა ლაპარაკ კიდევ შეეძლო, თავის თავზეც მიამბობდა ხოლმე რამეს. ვუსმენ და თან თვალებში შევციცინებ, ვათვალიერებ ცისფერ ხარებას, ღირსი სერაფიმეს საოცარ სახეს, ყვავილებს... კიდევ ერთი მონაზონი ჩამოდის... მაგრამ დედა ფამარი მაინც არ მიშვებს, უნდა, სადილად დავრჩე: „წადი, საქმეზე უნდა ვილაპარაკო, წადი, ცოტა გაისეირნე პიონერის ქუჩაზე“. დავდივარ, დავსეირნობ პიონერის ქუჩაზე. თავი რაღაცა მგონია. უკან დაბრუნებულს მეუბნებიან, რომ დედა ფამარი შეშფოთებულია: „სადა ხარ ამდენ ხანს, არ გამიფრთხილებიხარ მთავარი ქუჩებიდან არსად გადაგეხვია. დარდი მქონდა!“ და ამას მეუბნებოდა მე, ვინც მოსკოვის არხის მშენებლობაზე ღამღამობით სამ კილომეტრს გავდიოდი დიმიტროვოდან სამუშაომდე, ღამის ცვლაში ვმუშაობდი და ღამეს ტყეში, ჭაბურღილის კოშკთან, ვათევდი ცეცხლის შუქზე ქურდი მუშებისა და ყველა ჯურის დამნაშავეთა გარემოცვაში!

ლოცვის შემდეგ სადილად ვსხდებით. დღეს დედა ფამარი შედარებით უკეთაა. ჩვენთან ზის, კერძებს არიგებს, თანაც მე და მეორე სტუმარს დამატებით საჭმელებს გვთავაზობს. იგი მხოლოდ სადილის შემდეგ გვიშვებს და ჩვენც მოვდივართ მატარებლით.

დედა ფამარი ხშირად მასაჩუქრებდა ხოლმე. ხან საკაბეს მომცემდა, ხანაც რაიმე ნუგბარს ჩემი ძმისწულების ან მოხუცებისათვის. ერთხელ თავისი ხელით დაწნული ქამარი მომცა, თეთრი, ღიაცისფერშერეული. ყველას ურიგებდა ხოლმე ნაირნაირი ფერის სარტყელებს და თანას ყველას თავის შესაფერისს. საჩუქარზე უარს ვერ ეტყოდი.

 

დღესასწაულები დედა ფამართან

შევეცდები დაგიხატოთ ერთი ღირსშესანიშნავი დღე. მგონი აღდგომის მეორე დღე იყო. დედა ფამართან ჩავედი მისალოცად. წირვის ჩასატარებლად მეუფე არსენი ჩამოსულიყო. უნდა ითქვას, რომ დედა ფამარს ძალიან ახლო ურთიერთობა და დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა ორ მეუფესთან - არსენთან (წინათ ჩუდის მონასტრის არქიმანდრიტი იყო) და სერაფიმესთან, დიმიტროვოში ყველასათვის საყვარელ ეპისკოპოსთან.

სულ ცოტა ოცდაათი კაცი მაინც ჩამოსულიყო. მეუფე წირავდა დედა ფამარის სენაკში და თავად დედა ფამარი ემსახურებოდა. ვგალობდით ყველანი, ვისაც კი შეგვეძლო გალობა. მეუფემ ყველასაგან მიიღო აღსარება და ყველანი გვაზიარა. ვფიქრობ, ვისაც კი ოდესმე მოუსმენია, სიკვდილამდე ემახსოვრება ეს საოცარი ღვთისმსახურება. ბევრი ტიროდა. წირვას რაკიღა მეუფე ესწრებოდა, დედა ფამარი თითქოს განზრახ თავს იჩქმალავდა, მას უთმობდა პირველ ადგილს. დედა ფამარს თითქმის ვერ ვხედავდით. მეუფეს თაყვანს სცემდა, ეთათბირებოდა ხოლმე სულიერი შვილების შესახებ. მე საერთოდ ყოველთვის ცოტაში შებოჭილი ვიყავი დედა ფამართან, სხვებთან შედარებით თავი არარაობად მიმაჩნდა. ახლა კი ისეთი დიდებული სტუმრების გვერდით, როგორებიც იყვნენ მეუფე, რამდენიმე ხანდაზმული და მკაცრი მონაზონი, დედა ფამარის ნათესავები და ცნობილი მხატვარი (დედა ფამარის პორტრეტი მისი შესრულებული იყო) თავის მეუღლითურთ, თანაც ასეთ სივიწროვეში, მეგონა, ჩემთვის ადგილი არ იყო. რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად სამზარეულოში გავედი და წამოსვლაც დავაპირეთ, რათა ცოტა განგვეტვირთა ხალხით გაჭედილი აგარაკი. მაგრამ მოვიდა დედა ფამარის განკარგულება: „გაუმასპინძლებლად არც ერთმა არ გაბედოს აქედან წასვლა!“ სხვებთან ერთად სამზარეულოში დავრჩი. როგორც ჩანს, დედა ფამარის რჩევით თვითონ მეუფე არსენი გამოვიდა ჩვენთან, თითოეულს ცალ-ცალკე მოგვესალმა და გამოგვესაუბრა. მე მითხრა, რომ კარგად ახსოვს და ხშირად იგონებს თავის სულიერ შვილებს - ბაბუაჩემის ძმას - ალექსანდრე მიხეილის ძე გ-ს, მკაცრ, გულმხურვალე რელიგიურ მოხუცს, სლავიანოფილსა და თავგამოდებულ მონარქისტს. მე გაგონილი მქონდა, რომ ალექსანდრე მიხეილის ძე დიდად აფასებდა მაშინ ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონ არსენს, თავის სულიერ მამადაც აირჩია და ხშირად ეპიატიჟებოდა მოსკოვთან ახლომდებარე საკუთარ მამულში (პეტროვსკოეში). ალექსანდრე მიხეილის ძეს ძალიან ჰყვარებია მეუფე არსენის წირვა. ხელი რომ არ შეეშალათ, თურმე წირვის დროს ეკლესიის კარს ხურავდა და შიგ არავის უშვებდა, თავადვე გალობდა და თავადვე ემსახურებოდა.

ტრაპეზის წინ რიგრიგობით მივდიოდით დედა ფამართან და ვულოცავდით მას. იგი საწოლზე იჯდა, იქვე ედგა წითელი კვერცხებით სავსე დიდი ლამაზი კალათა და ყველას თითო კვერცხს ურიგებდა. იმ დღეს მთელი მისი სახლი, განსაკუთრებით კი მისი კუთხე, ერთიანად ყვავილებში იყო ჩაფლული. მაგიდა გაეშალათ, ფიცრები ჩაემატებინათ და თეთრი სუფრები გადაეფარებინათ. ასე რომ, ყველანი მოვთავსდით! იმ დღეს ბევრი შესაწირი შემოვიდა და საუცხოოდ გაგვიმასპინძლდნენ. მაგონდება შესანიშნავი პასქა, უამრავ ნაწილებად დაჭრილი ტორტები და სხვა. გამასპინძლების შემდეგ ბევრს წამოსვლის ნება დაგვრთეს.