პირველად მამა გაბრიელი სამთავროს მონასტერში, 1988 წელს, მძიმე მარხვაში, შვიდჯერ ზეთისცხების დროს ვნახე. ის შემოვიდა ტაძარში და რიგრიგობით მიდიოდა სხვადასხვა მორწმუნესთან, ძირითადად ისინი ახალგაზრდები იყვნენ, მიუახლოვდებოდა მათ და მჭექარედ დასძახებდა: „დაიჩოქეთ!“ მრევლი მართლაც, იჩოქებდა მის წინაშე. ეს ჩვენთვის განსაცვიფრებელი სანახაობა იყო.
1990 წლის მძიმე მარხვისას, ნაშუადღევს მამა გაბრიელი სიონის საპატრიარქო ტაძარში ვნახე. ამ დროს ტაძარში არანაირი მსახურება არ მიმდინარეობდა, მამა გაბრიელი კი შესასვლელიდან ხელმარჯვნივ, სკამზე იჯდა და დიდი ხმით გაჰყვიროდა: „სისხლი, სისხლი, საქართველოში სისხლი დაიღვრება, საქართველო სისხლში ცურავს!“ საოცარი და შემზარავი ხმით მოთქვამდა და გოდებდა, მის დამშვიდებას ორი ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა, მაგრამ მამა გაბრიელი არ მშვიდდებოდა. ბოლოს წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაემართა ამბიონისკენ. მივხვდი, რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მეც მივუახლოვდი ამბიონს. ამ დროს ტაძარში ძალიან ცოტა, სულ რამდენიმე კაცი იყო და ისინიც თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულები. მამა გაბრიელი მოტრიალდა, თვალებში შემომხედა და ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა, რაც შემდეგ მართლაც ასრულდა. ეს იყო 1990 წლის გაზაფხული, როდესაც თითქოს არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრებოდა, ერთი შეხედვით ქვეყანა აღმავლობის გზაზე მიდიოდა, მაგრამ იმ მოვლენებმა, რომლებიც შემდეგ განვითარდა, აბსოლუტურად დაადასტურეს მამა გაბრიელის სევდიანი წინასწარმეტყველება.
ერთხელ მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში ჩავედი მამა გაბრიელის სანახავად. იმ დროს სულიერად დამძიმებული ვიყავი. ჩვეულებისამებრ, მასთან კელიაში შესვლამდე ვთქვი ლოცვა და შესვლის უფლება მივიღე. მამა გაბრიელთან ვნახე მასთან მისული ერთი მცხეთელი ქალბატონი, რომელიც მას თავისი შვილის ავადმყოფობის შესახებ უამბობდა... შესვლისთანავე საოცარი სინანული დამეუფლა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შიშველი ვიდექი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მასთან ყოველი შეხვედრისას სინანულის გრძნობა ეუფლებოდა ადამიანს, მაგრამ იმ დღეს ეს განსაკუთრებულად ძლიერი იყო... კუთხეში ვიჯექი და, მიუხედავად იმისა, რომ მამა გაბრიელი ამ ქალბატონთან საუბრობდა, საოცრად მძიმედ და უხერხულად ვიგრძენი თავი, სინდისი საოცრად მქენჯნიდა, ძალიან მინდოდა, იქაურობას გავცლოდი. უცებ გამახსენდა, როგორ გავაკეთე ერთხელ წვრილმანი სიკეთე, გამუდმებით ვიხსენებდი ამ მომენტს და იმ საქებარ სიტყვებს, რომლითაც მაშინ მომმართეს, რათა ამ საქებარი სიტყვებით როგორმე ჩამეხშო სინდისის ქენჯნა ჩემში და გადამეფარა სინანულის ის გრძნობა, რომელმაც მაშინ მთელი ჩემი არსება მოიცვა და რომლის დატევნაც უკვე მიჭირდა. აი, ამ დროს მოხდა საოცრება, მამა გაბრიელმა, რომელიც ჩემგან გვერდულად იჯდა, უცბად თავი ოდნავ ჩემსკენ მოატრიალა, თვალი თვალში გამიყარა და მითხრა: „აბა, როგორ ამბობ მაგას, (შემდეგ გაიმეორა ის საქებარი სიტყვები, რომელსაც მე ვიმეორებდი გონებაში), როდესაც ყოველდღიუად ამას და ამას ჩადიხარო, - და ის ცოდვები ჩამომითვალა, რასაც ჩავდიოდი. მან გამოიცნო არა მარტო ჩემი წინა დღეების სულიერი მდგომარეობა, არამედ ის ფიქრი, რომელიც მაშინ გონებაში მიტრიალებდა. ეს ისე მოხერხებულად ჩართო საუბარში, რომ მისი მოსაუბრე ქალბატონი ვერც მიხვდა, რა ხდებოდა და მამა გაბრიელმა კვლავ განაგრძო მასთან საუბარი, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
ამან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ სინანული კვლავ გამიძლიერდა. ცოტა ხანში მამა გაბრიელისგან კურთხევა ავიღე და წამოვედი. წამოსვლისთანავე ვიგრძენი შემსუბუქება, იმ წუთიდანვე ისევ ჩავდექი ეკლესიური ცხოვრების კალაპოტში.
ერთხელ მამა გაბრიელმა მომიწოდა, სინანული მომეხვეჭა. გავიდა გარკვეული ხანი და მორიგი სტუმრობისას ვუთხარი, რომ ვერ შევძელი სინანულის მოხვეჭა, რაზეც მან ასეთი რამ მიპასუხა: „არა მაქვს სინანული იმიტომ, რომ არ მინდა!“ და სხვა თემაზე განაგრძო საუბარი. ამ შეხვედრიდან სულ მცირე დროის შემდეგ სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ არ მითხოვია უფლისათვის სინანული, უცებ ჩემში სინანულის გრძნობამ გაიღვიძა, რომელიც თანდათანობით ძლიერდებოდა და ჩემი სულიერი სნეულებების უფრო და უფრო მეტ სიღრმეს ეხებოდა. ეს გრძნობა იმდენად მომძლავრდა, რომ ზოგჯერ საჭმლის ჭამაც კი მიჭირდა. ეს მდგომარეობა შეიძლება მივამსგავსოთ იმ ადამიანის განცდებს, რომელმაც მოულოდნელად ახლობელი ადამიანი დაკარგა და დიდი გაჭირვების, უბედურებისა და ტკივილისაგან საჭმლის მიღების თავიც კი არა აქვს... გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მამა გაბრიელზე მასალების შეგროვება დაიწყო, წავიკითხე ერთ-ერთი მორწმუნის მოგონება, რომელშიც იგი წერდა: „მამა გაბრიელმა ერთხელ ასე ამიხსნა, რა არის სინანული. მან მითხრა, რომ სინანული არის ისეთი მდგომარეობა, როცა საჭმლის ჭამაც კი არ შეგიძლია; აი, ეს არის ნამდვილი სინანული“. ამის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ რამდენიმე წლის წინათ ჩემს გულში შემოსული მოულოდნელი სინანული სწორედ მამა გაბრიელის ლოცვით იყო მიღწეული.
ერთხელ მამა გაბრიელმა ჩემი იქ ყოფნის დროს დედა პარასკევას დაავალა რაღაც გაზეთის მოძებნა. კარგა ხანს აძებნინა, შემდეგ კი წააკითხა. ამ გაზეთში განკითხული იყო სასულიერო პირი და მოყვანილი იყო არგუმენტები, რომლებიც იმ არეულობის პერიოდში (სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა) ხშირად მომდიოდა ხოლმე თავში. მეხამუშა მამა გაბრიელისგან ასეთი საქციელი და ვიფიქრე, თუკი მე ჩემი სისუსტის გამო, ხანდახან ცხელ გულზე განვიკითხავ სასულიერო პირს, ადამიანებს, ასეთ დიდ ბერს რატომ ემართება მსგავსი რამ-მეთქი. მამა გაბრიელი კითხვისას კომენტარსაც ურთავდა სტატიას. ეს კომენტარები ძალიან ჰგავდა ჩემს არგუმენტებს. შინ დავბრუნდი, გზად მიმავალმა უეცრად აღმოვაჩინე, რომ ის ყველაფერი, რასაცა მამა გაბრიელი ამბობდა და გაზეთებში კითხულობდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა ჩემს მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამი და ნაფიქრი სიტყვები. მისი ამგვარი საქციელი გახლდათ ის, რომ გავაცნობიერე, რაოდენ არასწორი იყო ჩემი საქციელი და განკითხვის სურვილი მომეხსნა. სიმძიმე ჩამომეცალა გულიდან, მივხვდი, რომ მამა გაბრიელმა ეს შეგნებულად გააკეთა, ეს იყო ჩემი აზრებისა და ფიქრების მხილება და არა მარტო მხილება, არამედ მისი განკურნება. მან თავისი ლოცვით ეს ჩემი დაბრკოლება, ცდომილება განკურნა.
იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მამა გაბრიელი მოულოდნელად იწყებდა ცეკვას, სიმღერას, თითქოსდა დასალევად მოითხოვდა ღვინოს, ამ ცეკვის დროს უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, წარმოთქვამდა სხვადასხვა სიტყვებს, ზოგჯერ შეიძლება უხამსი რამეც ეთქვა. ერთი სიტყვით, იქცეოდა ისე, როგორც სალოსი. საოცარი იყო, რომ რაც არ უნდა უცნაური და თითქოსდა შეუფერებელი რამ ელაპარაკა, ეს არ ახდენდა ცუდ გავლენას ადამიანზე, არ ამძიმებდა მის სულსა და გულს, როგორც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარ რამედ მოიმოქმედებდა ან იტყოდა რომელიმე სხვა პიროვნება. თითქოს ამითაც რაღაცას გვეუბნებოდა, გვასწავლიდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მასთან ურთიერთობის დროს არამარტო სიტყვას ჰქონდა დიდი ძალა და მნიშვნელობა, მის გვერდში ყოფნისას ისეთი რამ ხდებოდა ადამიანის სულში, რომ შედეგად ეს ადამიანი მცირე ხნით მაინც იცვლებოდა ხოლმე. ეს მართლაც საოცრება იყო, მამა გაბრიელს ისეთი ზემოქმედება ჰქონდა ადამიანებზე, რომლის შესახებაც პატერიკებში წაგვიკითხავს და რომელიც ძველ წმიდა მამებს ახასიათებთ.
მახსოვს, ერთხელ საუბრისას ღვინის სმას შეეხო... ისე მოხდა, რომ იქიდან წამოსულმა სამი კვირის განმავლობაში ღვინოს საერთოდ პირი ვერ დავაკარე. ღვინის დანახვაც კი არ მსიამოვნებდა. რა თქმა უნდა, ესეც მამა გაბრიელის ლოცვით მოხდა.
ერთხელ 90-იანი წლების დასაწყისში მამა გაბრიელის კელიაში ვისხედით. ის სხვადასხვა საკითხზე გვესაუბრებოდა და უცბად ასეთი სიტყვა წარმოთქვა: „ახლა რასაც ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ ღვთის წინაშე, აგერ, მეორედ მოსვლა კარზე არის მომდგარი!“ როცა მან სათქმელი ჩაამთავრა, მოკრძალებით შევეკითხე: „მამა გაბრიელ, ხომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც წინა საუკუნეებში ადამიანებს ეგონათ, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდებოდა, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა, იქნებ ახლაც ასეთი მდგომარეობაა?“ მამა გაბრიელმა სიტყვა შემაწყვეტინა, თავი გააქნია და მითხრა: „არა, არა, შვილო, ახლა ნამდვილად ახლოსაა!“
საოცარი თვალები ჰქონდა, გამჭოლი... საკმაოდ ძნელი იყო მასთან ყოფნა, ძნელად იტევდა ადამიანი იმ ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა ხოლმე. მისგან ძალიან დიდი ძალა მოდიოდა. ვამჩნევდი, რომ მასთან დიდხანს გაჩერება მიძნელდებოდა. მამა გაბრიელი არა მარტო სიცოცხლეში, არამედ გარდაცვალების შემდეგაც არ გვტოვებდა, ჩემი ცხოვრების მანძილზე ხშირად მიგრძვნია მისი შემწეობა და დახმარება. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს, ეჭვი შევიტანოთ ამაში. როდესაც მისთვის პანაშვიდს გადავახდებინებდი ხოლმე განსაცდელის წუთებში, თუ რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას, მისგან აუცილებლად შემწეობას ვიღებდი და ვიღებ დღესაც. იგი ნამდვილად ჩვენს გვერდითაა და გვმფარველობს, მფარველობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავმდაბლობით, სასოებითა და იმედით მიმართავს მას. შემთხვევითი არაა, რომ სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი პატარა საფლავი მომლოცველობის ადგილად იქცა, რომელისკენაც განუწყვეტლივ მიეშურებიან მორწმუნენი არა მარტო საქართველოს ყოველი კუთხიდან, არამედ უცხოეთიდანაც და მის საფლავთან ყველა ჭეშმარიტად მლოცველი და სასოებით მიახლებული „ხელცარიელი“ არასდროს ბრუნდება უკან.
ღმერთმა მოიხსენოს მამა გაბრიელი - სიყვარულის მოძღვარი.
ზურაბ ცხოვრებაძე
P.S. გაბრიელ ბერმა ასეთი თხოვნა დაგვიტოვა: ჩემი გარდაცვალების შემდეგ ფსალმუნების XVII კანონი წამიკითხეთ.