იური (გიორგი) დიმიტრის ძე ანუა დაიბადა 1934 წლის 6 აგვისტოს ქ. ოჩამჩირეში, ღვთისმოშიშ მართლმადიდებლურ ოჯახში. იგი დაიბადა გიორგი მთაწმინდელის მოძღვრის წმ. ილარიონ თვალელისა და კეთილმორწმუნე მოწ. ბორისისა და გლების ხსენების დღეს. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. სწავლა განაგრძო მოსკოვის სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
იური (გიორგი)
ანუა და მისი მეუღლე ზოია ადამია (ამჟამად მონაზონი მარიამი) |
1963 წლის 18 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის მშობლების - მართალთა ზაქარიასა და ელისაბედის ხსენების დღეს, თბილისში, ყოვლადწმიდა სამების ეკლესიაში - იური ანუამ და ზოია ადამიამ ჯვარი დაიწერეს.
ალბათ ღვთის განგება იყო, რომ ორივენი უფლის დაუღალავი მლოცველები იყვნენ და მათ საყვარელ სალოცავ ადგილს ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია წარმოადგენდა.
ბატონი იური წლების განმავლობაში თაბამდებობებზე მუშაობდა. იგი საერთაშორისო მნიშვნელობის სამი პროექტის ავტორია. მისი მეუღლე განათლებით იურისტია. მათ შეეძინათ ქალიშვილი მანანა და ვაჟიშვილი მალხაზი. მანანამ დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი ენდოკრინოლოგიის სპეციალობით, მალხაზმა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიური ფაკულტეტი.
მალხაზი და მისი
მეუღლე ციალა ჩქარეული |
ქრისტიანული სათნოების განსახიერებაა ანუების მთელი ოჯახი. შვილებიც, მალხაზი და მანანა, და რძალი ციალა მშობლების მიერ გაკვალულ გზას მიუყვებიან. ანუებმა ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე აღადგინეს ნანგრევებად ქცეული მეხუთე საუკუნის წმ. იოანე ოქროპირის ტაძარი.
1990 წლის 25 ნოემბერს წმ. იოანე ოქროპირის სასწაულმოქმედი ქვის სარკოფაგი სოხუმის საკათედრო ტაძრიდან კომანის განახლებულ ეკლესიაში დააბრუნეს. ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ იური (გიორგი) ანუას გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.
მორჩილი მარიამი
(მანანა ანუა) თავის სახლში - თბილისში |
კომანის მთებში წმ. იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნის ადგილამდე მისვლის გასაასვილებლად იურიმ 1500 საფეხურიანი რკინის კიბე აღმართა. ყოველი 100 საფეხურის შემდეგ გაკეთებული იყო სკამი მომლოცველთა დასასვენებლად. მორწმუნენი ყოველი წლის 7 ივლისს ადიოდნენ ამ მთაზე. ადგილობრივი კომუნისტური პარტიის აქტივისტებმა წმიდა მოწამე ვასილისკოს სასწაულმოქმედ წყაროსთან საკალმახე მეურნეობის მოწყობა გადაწყვიტეს. უზარმაზარი რეზერვუარი ააშენეს. მოხდა საოცრება. თევზები კვდებოდა, რეზერვუარი ტალახით ივსებოდა და იქურობა ისე ყარდა, რომ მისი სუნი მთელი კომანის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. იურიმ გაასუფთავა წმ. წყალი და მისი მიმდებარე ტერიტორია. წმ. წყაროს კოლოსალური სულიერი და სამკურნალო ძალა აქვს. იური (გიორგი) ანუას წმ. წყაროზე მცირე ბაზილიკის ტიპის ეკლესიის აშენება ჰქონდა განზრახული. ასევე წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ვასილისკოს საფლავთან ტაძრების აღდგენა, ხოლო წმ. იოანე ნათლისმცემლის მთაზე სალოცავის გაკეთება სურდა.
იური (გიორგი) ანუამ დაიწყო მომცრო აეროდრომის მშენებლობა, სპეციალური რეისის - კომანი-იერუსალიმი-კონსტანტინეპოლი-კომანი - შესასრულებლად. ჩაფიქრებული და თითქმის დაგეგმარებული იყოი საბაგირო გზა მარშრუტით: სოხუმი-კომანი. აფხაზებს ომი რომ არ წამოეწყოთ, იური გაცილებით მეტის გაკეთებას მოასწრებდა. იპოდიაკონი იური, მისი მეუღლე ზოია და მათი ქალიშვილი მანანა, მღვდელმონაზონ მამა ანდრიასთან ერთად ტაძარს არ მოცილებიან.
1993 წლის 5 ივლისს დილის 5 საათზე ეშერას ბატალიონი, რომელიც ძირითადად ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდებისგან შედგებოდა, შეუერთდა აფხაზებს და კომანის დაპყრობის შემდეგ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას მოედო. მათ ტაძრისან გაიყვანეს მამა ანდრია და იპოდიაკონი გიორგი.
- კარები გააღეთ! - ყვიროდნენ მომხდურები. მამა ანდრიას კურთხევით იურიმ კარები გააღო. იგი ავტომატის კონდახების ცემით გაიყვანეს. - ეროვნებით ვინ ხარ? - ჰკითხა ერთმა ბოევიკმა.
- აფხაზი! - ამაყად უპასუხა იურიმ.
- აჰა, აფხაზი? მოღალატე? თუკი აფხაზი ხარ ქართველებთან რა გინდა?
- მე ვიცი, ვინ იყვნენ ჭეშმარიტი აფხაზები და ვის ეკუთვნის ეს მიწა!
- დაიჩოქე! - გაისმა ბრძანება.
- არავითარ შემთხვევაში! - იყვირა იურიმ.
იური (გიორგი) ანუას 24 საათის განმავლობაში აწამებდნენ მისი ხელითა და სახსრებით მოწყობილ კეთილმოწყობილ უძველეს სიწმიდესთან - წმ. ვასილისკოს წყაროსთან. მას დიდხანს სცემდნენ, ესროდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში. ხეზე დაკიდეს და შემდეგ მოკლეს მართლმადიდებლობის ნამდვილი ქომაგი, ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებელი და დიდებული ერისკაცი.
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის მართალ სულს.
სუკუნოდ იყოს ხსენება მისი. ამინ!