- სამშობლოს სიყვარულის გრძნობა ქართველ ერს გენეტიკურად მოსდევს, მაგრამ მოწამეობრივი თავგანწირვა არც ისე ადვილია. ამას დიდი სულიერი ზრდა სჭირდება. სამოცდაათწლიანი უღმერთობის ხანაში ბევრი როდი იყო ღვთის რწმენასა და სიყვარულს ნაზიარები. როდის შემოვიდა მასში ეს რწმენა და სასოება ღვთისა?
- მამა ქალაქ ოჩამჩირეში დაიბადა, ძალიან მორწმუნე ოჯახის ერთადერთი შვილი იყო; ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოინათლა, მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს დიდი სიყვარული და პატივისცემა ეკლესიისა და ხატების მიმართ. მოგეხსენებათ, მაშინ მართლმადიდებლობა იდევნებოდა, ამიტომ ეს იყო ის სულიერი მაქსიმუმი, რისი გადაცემაც ოჯახს მისთვის შეეძლო.
მამამ წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი ასევე წარმატებით - მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტი. ღვთის სიყვარული და სასოება მასში კი უჩინრად, შეუმჩნევლად ვითარდებოდა.
იპოდიაკონი გიორგი (იური) ანუა |
- მოწამეობრივ აღსასრულამდე ბატონმა იურიმ იოანე ოქროპირის ტაძარი აღადგინა კომანში, წმიდა მოწამე ვასილისკოს წყარო გაამშვენა...
- როგორც ცნობილია, კომანი მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთი წმიდა ადგილია. აქ დაასრულა თავისი მოღვაწეობა მსოფლიოს უდიდეს მნათობმა, წმიდა იოანე ოქროპირმა, აქ მოხდა წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნა. აქ ეწამა წმიდა მოწამე ვასილისკო.
აფხაზეთში ჩვენი უწმიდესის მიროპოლიტად მსახურების დროს, 2 აგვისტოს, ილიაობას, წმიდა ვასილისკოს წყაროზე გაჩნდა ღრუბელი, მასზე კი დედა ღვთისმშობელი ღვთაებრივი ყრმით ხელში და წმიდა ილია წინასწარმეტყველი. იქ მაცხოვრებლებს ეს ამბავი დღევანდელ დღემდე ახსოვთ, მისი ჩაცმულობა და ფერებიც კი.
როდესაც ჩვენ კომანში აგარაკი შევიძინეთ, მამამ შეიტყო, რომ ეს წმიდა ადგილია და მთლიანად მიუძღვნა თავისი ცხოვრება ამ სიწმიდეების აღდგენასა და დაცვას. მაშინ ეს ძალიან დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. მოგეხსენებათ, აფახაზეთი კომუნისტური იდეოლოგიის გამტარებელი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კერა იყო, იდევნებოდა ეკლესია; ქრისტიანები ფარულად მიდიოდნენ ხოლმე წმიდა ვასილისკოს წამების ადგილას მდებარე წყაროსთან. ტაძარი, სადაც წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი იყო დასვენებული და სადაც მან უკანასკნელი წირვა აღასრულა, მთლიანად დანგრეული იყო. აქ რევოლუციამდე დედათა მონასტერი მოქმედებდა, სადაც 1500 მონაზონი მოღვაწეობდა. იგი ცნობილი იყო თავისი მაღალი სულიერებით, ტიპიკონით და განთქმული იოყ მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში. რევოლუციის შემდეგ ეს მონასტერი დაიხურა, ტაძარი კი დაინგრა. მამამ, პირველ რიგში, ტაძარი აღადგინა. ფაქტიურად, ეს ხელახლა აშენება იყო. ძეგლთა დაცვის კომიტეტი კი დახმარების ნაცვლად, ყველანაირად ხელს უშლიდა მას; მაგრამ, ღვთის წყალობითა და შეწევნით, მშენებლობა მაინც დასრულდა. შემდგომ ტაძრის კურთხევისას, ქადაგებაში მისმა უწმიდესობამ ბრძანა, რომ ეს ტაძარი აღდგა არა პირვანდელი სახით, არამედ ბევრად უფრო გამშვენებული და გაბრწყინებული. აღნიშნა ისიც, რომ მამამ გააკეთა ეს მაშინ, როცა იდევნებოდა და აკრძალული იყოო. ამასთან დაკავშირებით მან მამა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
- წმიდა მოწამე ვასილისკოს წყაროს აღდგენა როგორ მოხდა?
წმიდა მოწამე ვასილისკოს სასწაულთმოქმედი წყარო |
- იმ მიზნით, რომ მორწმუნეებს ვერ შესძლებოდათ წმიდა ვასილისკოს წყაროსთან სიარული, კომუნისტებმა მასთან ახლოს ააშენეს უზარმაზარი თევზსაშენი, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მისი გამოყენება უნდა დაწყებულიყო, წყალმა ოჯახებში ამოხეთქა - მათ ტექნიკურად ვერ განახორციელეს ეს, შემდეგ კი ამოთხრილი უზარმაზარი აუზი დაჭაობდა და ქვეწარმავლები გაჩნდა; მიუხედავად იმისა, რომ მართლაც საშიში იყო წყაროსთან მისვლა, მორწმუნეები იქ მაინც დადიოდნენ. მამამ ათი ათასობით მანქანა მიწით შეავსო და გაამშვენა ეს მოედანი, თუმცა მთავრობასთან დიდი კონფლიქტით, ტელევიზიითაც კი აჩვენეს, მაგრამ მაინც გაკეთდა.
|
წმიდა ბასილისკოს საფლავი |
გარდა ამისა, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილას მამამ 1500 საფეხურიანი კიბე ააშენა. ბევრ ადამიანს უჭირდა იქ ასვლა, ამიტომ მან ააშენა იგი თავისი დასასვენელბლებით, რომ მორწმუნეთაგან ყველას შესძლებოდა, თაყვანი ეცა ამ სიწმიდისათვის.
ის ადგილი, სადაც წმიდა ვასილისკო იყო დასაფლავებული, ეკუთვნოდა ერთ-ერთ იქ მოსახლეს, რომელიც მორწმუნეებს ამ წმიდა ადგილას არ უშვებდა. ამიტომ მამამ მთლიანად შეისყიდა მისი სახლი და ბაღი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ამ სიწმიდეების თაყვანისცემა.
მამას უნდოდა აგრეთვე წმიდა ვასილისკოს წყაროზე და წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის პოვნის ადგილას აეშენებინა ტაძარი, მაგრამ აღარ დასცალდა. თვითონ ეს მშენებლობის პერიოდი კი, როგორც ჩანს, მისი გარეგნული, ხილული ღვაწლი იყო, მაგრამ, ამასთან ერთად, მის სულშიც ხდებოდა უხილავი ზრდა, რომელმაც მიიყვანა იგი მოწამეობრივ აღსასრულამდე. ასე შინაგანად მწიფდებოდა მისი სულიერი მრწამსი.
- რა თქმა უნდა, ეს გარეგნულად არ ჩანს, ხილული თვალი მას ვერ დაინახავს, ეს შინაგანად ხდება...
- იცით, მამას უსაზღვრო, უზარმაზარი სიყვარული ჰქონდა ჩვენი უწმიდესის მიმართ, ისეთი რწმენა, ისეთი ერთგულება, რომ შეეძლო, ნებისმიერ წუთს სიცოცხლე გაეწირა მისთვის. ტაძრის აღდგენის დროს მან მამას უზარმაზარი კელაპტარი აჩუქა და უთხრა: ბატონო იური, შენების დროს ეს კელაპტარი ყოველდღიურად აანთეო. ვერ წარმოიდგინეთ, როგორ სათუთად ასრულებდა იგი ამ კურთხევას ყოველდღე.
მამამ ერთხელ სიზმარში წმიდა სერაფიმე საროველი იხილა, რომელმაც უთხრა: „И будет нагота моя прикрыта красотою твоею“. მერე დილით მამამ გვიამბო ეს სიზმარი და გვკითხა, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვებიო? ცოტა ხანში მოსკოვში მოაბძანეს წმიდა სერაფიმე საროველის წმიდა ნაწილები. მამა აქ საგანგებოდ ჩავიდა, რათა თაყვანი ეცა ამ უდიდესი წმიდანისათვის, რომელმაც, ალბათ, გააძლიერა იგი მომავალი მოწამეობრივი აღსასრულისათვის.
მამა ბუნებით ძალიან რაინდული და კეთილშობილი, დიდი სულის პიროვნება იყო. წმიდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ელგუჯამ გვიამბო, თქვენ ხედავთ ამ ხატებს, ამ გამშვენებულ ეკლესიას, მაგრამ არ იცით, რომ ამაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ბატონ იურის, თქვენს მამასო. როცა პირველად მოვედი, აქ არაფერი არ იყო, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მოვიდა ბატონი იური და მითხრა - მამაო, ნუ გეშინია, მე დაგეხმარებიო. ჩვენთვის ეს არც კი უთქვამს; რაჭაში არის წმიდა გიორგის სახელობის მრავალძალის ტაძარი, შემთხვევით ვიყავით იქ და გვითხრეს, იური ანუამ მოიტანა ეს თუთიის მასალა სახურავისათვისო. მამა ქველმოქმედებას ეწეოდა, ფარულად ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ოცნება იყო, ძალიან დიდი საავადმყოფო აეშენებინა. მე რომ სამედიცინოზე ვსწავლობდი, მეუბნებოდა, ძალიან დიდ საავადმყოფოს აგიშენებ, სადაც ყველა გაჭირვებული და უპოვარი ყველანაირ დახმარებას მიიღებსო.
- ეს ოცნება ხომ აუხდა კიდეც, საპატრიარქოში მრავალი გაჭირვებული და უპოვარი მოდის, თქვენ ხომ ეხმარებით მას, როგორც ექიმი...
- მართლაც, 1999 წლიდან მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოში ექიმად ვმუშაობ, რისთვისაც უზომოდ მადლობელი ვარ მისი, რამეთუ ავადმყოფებთან მუშაობასა და გაჭირვებული ადამიანების ნუგეშისცემას უხილავი სიხარული და მადლიანი სიმშვიდე შემოაქვს სულში. უხილავად ადიოდა მამა თავის გოლგოთაზე და ეს მოწამეობრივი საწყისიც უფრო და უფრო გამოკვეთილი ხდებოდა. მისი სულის სიძლიერე განსაკუთრებით გამჟღავნდა ბოლოს, როცა კომანი უკვე გარშემორტყმული იყო, მაშინ თქვა, ჩვენ ეკლესიას არ მოვატოვებთო.
ღვთის განგება იყო ის, რომ ამ დროს მამა ანდრია იყო ჩვენს ტაძარში ნაკურთხი; ის იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, 27 წლის მღვდელმონაზონი, რომელიც გამოირჩეოდა რაღაც საოცარი, განუმეორებელი სულიერი თვისებებით, ძალიან მაღალი სულიერებით. ამ პერიოდში მამა ანდრია ნამდვილად ღვთის წყალობა იყო ყველა ჩვენგანისათვის. კომანში მან იტვირთა მთელი სულიერი სიმძიმე; მარტო მასთან შეხებაც კი საკმარისი იყო, რომ სხვანაირი სიმშვიდით აღვსილიყო გული. საოცარი მლოცველი იყო, სწორედ ისეთი, ძველ პატერიკებში რომ წაგვიკითხავს. ნამდვილად მათსავით ცხოვრობდა, დღე და ღამეს მდუმარებაში ატარებდა, ერთი დღის განმავლობაში მთლიანად კითხულობდა ფსალმუნს, სახარებას, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებდა ძალიან ფარულად, წარმოჩინების გარეშე. როცა მეუფე დანიელი თავისი მრევლით ჩამოდიოდა ჩვენთან, მათ შორის იყვნენ ახლანდელი მღვდელმთავრები, მეუფე სერაფიმე (ჯოჯუა) და მეუფე ანდრია (გვაზავა), რომელიც მაშინ შემოსილიც კი არ იყო; მამას ძალიან უხაროდა. ზამთარში დიდ ბუხართან მორებს შემოიტანდა, დაანთებდა, გავუმასპინძლდებოდით ხოლმე. ამ დროს მამა ანდრია ლოცვა-კურთხევას იღებდა მეუფე დანიელისაგან, თუ შეიძლება, მე არ მოვალო, რათა სიმყუდროვე არ დარღვეოდა. ასეთი გამორჩეული იყო იგი.
როდესაც აფხაზები შემოვიდნენ, მამა ანდრია საოცარი სიმშვიდით გამოირჩეოდა. გვეუბნებოდა, ახლა ყველა შეიძლება წარვდგეთ ღვთის წინაშე, ვეცადოთ, რომ ამ წუთებს ღირსეულად შევხვდეთ, ის ჯვარი, რომელიც უფალმა დაგვაკისრა, ბოლომდე მორჩილებით ვატაროთო.
- მან ამ სრულყოფილებას მიაღწია და აღარაფერი დარჩა მიწაზე...
- დიახ, სწორედ ასეა, აღარაფერი დარჩა მიწაზე... მამა ანდრიამ იმ უკანასკნელ წუთებში მამას სტიქარი ჩააცვა და იპოდიაკვნად აკურთხა. როდესაც კომანი აიღეს, ეკლესიის ეზოში შემოიჭრნენ, ჯერ მამა გაიყვანეს; მანამდე ვთხოვე, მამა ანდრიასგან კურთხევა აიღე-მეთქი, ასეც მოიქცა... მეგონა, რომ დაბრუნდებოდა, მაგრამ თურმე ეს კურთხევა იყო რაღაც უდიდესი ღვაწლისათვის, რომელიც მას იმ ჟამს უნდა გაეწია. ამ შემთხვევაში ეს უკვე ბოლო გამომჟღავნება იყო სულიერი სიმწიფისა, რომელსაც აღწევს ხოლმე ადამიანი თავის სულიერ ცხოვრებაში და ეს არის ლოგიკური დასრულება იმ გრძელი გზისა, რომელსაც იგი უხილავად გადის.
მამაჩემი ეროვნებით აფხაზი კაცი იყო, მაგრამ ის ეკუთვნოდა ამ ერის საუკეთესო ნაწილს, იმ ძველი ტრადიციების მიმკვიდრე იყო, მისთვის არასოდეს დამდგარა ცხოვრებაში ის საკითხი, რომ გაეცალკევებინა აფხაზი და ქართველი.
- ეს არც იყო სხვადასხვა...
- დიახ, ერთადერთი ტაძარი აფხაზეთში, სადაც ქართული წარწერები იყო ხატებზე, ქართველი წმიდანები იყვნენ გამოსახულნი, იყო იოანე ოქროპირის ტაძარი. ამან ძალიან დიდი პროტესტი და აგრესია გამოიწვია აფხაზებში, რომ შემოვიდნენ, გვიღალატეო, უთხრეს. ამ ამბებამდე ერთ ჩამოსულ ჟურნალისტს მამამ უთხრა, ეს არაბუნებრივი გაყოფა და დაპირისპირება უნდა განქარდეს, ამაში გარეშე ძალები მოქმედებსო. ამ ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებას არა აქვს ნიადაგი, არ შეიძლება, მას ღრმა ფესვები ჰქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ ერთნი ვართო; ძველი ურთიერთობა ისევ აღდგებაო, მაგრამ ეს პერიოდი მაინც მძიმეა და უნდა გადავლახოთო. იცით, რა ხდებოდა? ორ დაპირისპირებულ მხარეში იბრძოდნენ ისინი, ვინც ერთ მერხზე ისხდნენ. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ შეტევის დაწყებამდე ისინი გადადიოდნენ ერთმანეთთან, ესიყვარულებოდნენ, მერე ისევ ბრუნდებოდნენ და ისევ იწყებოდა დაპირისპირება.
- რას გაიხსენებთ კიდევ მამაზე?
- კომანი ჯერ აღებული არ იყო და ჩვენ გვესტუმრნენ გოგა ხაინდრავა, ჯაბა იოსელიანი და გენო ადამია. მეორე დღესვე დაბომბეს და დაწვეს ჩვენი სახლი. სახლს ცეცხლი რომ მოეკიდა, მამა გაიქცა იმ ოთახისაკენ, სადაც ხატები და სასულიერო წიგნები იყო და მათი გადარჩენა შეძლო. შემდეგ მამა ანდრიაც მოვიდა და ისიც უშიშრად შევიდა ცეცხლში, ორივემ გამოიტანა ხატები და წიგნები.
- იმ ხატებიდან თუ გაქვთ რაიმე ჩამოტანილი?
მონაზონი მარიამი (ზოია ანუა) |
- ძალიან ცოტა, პატარა ხატები აქვს დედა მარიამს (ბატონ იური ანუას მეუღლე, დღეს საპატრიარქოს მონაზონი მარიამი) ჩამოტანილი, ის, რაც გულზე გვეკეთა. ვარჩიეთ, ტაძარში დარჩენილიყო. გვითხრეს, რომ მათი ნაწილი გადასვენებულია ათონზე, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში, ნაწილი კი ტაძარშია. სარკოფაგი, მთავარი სიწმიდე, სადაც იმყოფებოდა წმიდა იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები, ხელუხლებელია. ჩვენი ტყვეობის დროს წმიდა წყაროში ძალიან ლაღად და ყოველგვარი მოკრძალების გარეშე შედიოდნენ მეომრები. რამდენიმე მათგანი დაბომბვის დროს დაიღუპა. იმის შემდეგ ისეთი შიში გაუჩნდათ, რომ აღარავინ შედიოდა იმ წყაროზე. ამბობდნენ, ნამდვილად წმიდა წყაროა, შეხებაც არ შეიძლებაო. მამა ანდრიას მკვლელი კი ნაღმზე აფეთქდა, როგორც თვითონ აფხაზებმა გვითხრეს, და მარჯვენა ხელი და ფეხი დაკარგა. ამაშიც ღვთის ხელს ხედავდნენ, ეს ხომ უდიდესი სასჯელი იყო.
კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: აფხაზთა მხარეს იბრძოდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც შეცდომილნი იყვნენ, მათ არწმუნებდნენ, რომ აფხაზეთის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. ამაში ჩვენ ტყვეობაში მათთან ურთიერთობის დროს დავრწმუნდით.
მამა ანდრია რომ მოკლეს, ერთი ბიჭი შემოვიდა, დაურ ზუხბა, დიოდოტად იყო მონათლული; 19 წლის იყო, ისეთი სუფთა, კეთილშობილი... მამა ანდრიას სხეულს (რომელიც 3 დღე და ღამის განმავლობაში პაპანაქება სიცხეში არ გახრწნილა) ჭრილობიდან სისხლი ჟონავდა, ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა და მაცხოვრის გარდამოხსნის სუდარა გადავაფარეთ, რომელიც ცისფერი აბრეშუმისა იყო; იგი მთლიანად შეიღება სისხლით. ის კი იწვა კრავივით, ზვარაკივით მოკლული, ღიმილი გადაჰკრავდა სახეზე. ამის ხილვამ ისე იმოქმედა მათზე, რომლებშიც სიკეთის მარცვალი არ იყო საბოლოოდ დაღუპული, რომ გაოგნებას ვერ მალავდნენ. დაურმა კი ტირილი დაიწყო - ეს როგორ მოკლეს, ამას როგორ ესროლესო. მე არცერთი ადამიანი არ მომიკლავს ამ ომში, ამის მკვლელი კი ჩემი ხელით უნდა მოვკლა, ეს როგორ ჩაიდინაო. დაურს ვარწმუნებდით, რომ არ შეიძლებოდა ასე მოქცევა, მამა ანდრიასაც არ გაუხარდება-თქო ეს, რადგან მიტევების გარდა ჩვენა არაფერი დაგვრჩენია, უნდა ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, რამეთუ მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ბოროტება მხოლოდ სიყვარულით აღმოიფხვრება.
- მტრობით დანგრეულს მხოლოდ სიყვარული აშენებს...
- დიახ, მხოლოდ სიყვარული, დიდ მტრობას კი ძალიან დიდი სიყვარული უნდა. დიოდოტი სულგანაბული გვისმენდა, ის ხომ კომანში შემოსვლამდე მოინათლა. თურმე ჩვენს სახლში ხატები და ჯვრები ძირს ეყარა, მან კი შეაგროვა და მოგვიტანა, ვერ ვუყურებ, რომ მასზე ფეხით დადიანო. მან თქვა, ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, მაგრამ ჯერ თქვენ უნდა გამოგიყვანოთ და მერე ერთად გავიდეთ, ეს ომი უაზრობააო.
- და ის თქვენთან ერთად გამოვიდა?
- სამწუხაროდ, არა. იმდენად იმოქმედა მასზე მამა ანდრიას სიკვდილმა, რომ გვთხოვა, მამა ანდრიას ნაქონი ხატი, ან ჯვარი, ან წიგნი მაჩუქეთო; ჩვენ წმიდა ნიკოლოზის ხატი და პატარა სახარება ვაჩუქეთ. იმ დღეს სულ გვეკითხებოდა, ადამიანი რომ გარდაიცვლება, რას განიცდისო? როგორიაო იქაური ცხოვრება? გულდასმით მისმენდა და მითხრა, ახლა შენ რომ მიყვებოდი, საერთოდ დამავიწყდა, რომ ომია გარშემოო. რომ მიდიოდა, შემოგვხედა და გაიღიმა, გულში კი გამკრა ამ ღიმილმა. იმ საღამოს კი ნაღმი მოხვდა და ნაფლეთებად აქცია. ისეთი გლოვა იყო მთელ აფხაზურ ჯარში, ძალიან განიცდიდნენ, უფალმა ჩვენგან ყველაზე სუფთა, საყვარელი, კეთილი წაიყვანაო, თითქოს ღმერთმა მამა ანდრიას მკვლელობისათვის დაგვსაჯაო. იმ მეომართათვის, რომელნიც ჩვენ გვიცავდნენ, ძალიან გულში ჩამწვდომი იყო ის, რასაც ჩვენ ვუყვებოდით, ამბობდნენ, ჩვენ ვიბრძვით, ეს ომი რომ მივატოვოთ, არ გვაპატიებენ, ყველას დაგვხვრეტენ, გვირჩიე, რა გავაკეთოთო; ჩემთვის ძალიან ძნელი იყო რჩევის მიცემა. მე ვუთხარი, ადამიანს შეუძლია, მოწყალება და სიკეთე ყველა სიტუაციაში გააკეთოს. დაჭრილს რომ ნახავთ, გადაარჩინეთ და შეუმსუბუქეთ ტანჯვა; თუ ხედავთ ქალს ან ბავშვს, შეიფარეთ-მეთქი. ისე გაუხარდათ, ამის გაკეთება ხომ მაინც შეგვიძლიაო. წინა ხაზზე ყოფნისას ისინი იგონებდნენ, თითქოს ტყვიები გაგვითავდაო და ეკლესიაში მორბოდნენ, აქ სიმშვიდე გვეუფლება, თავს ღვთის მფარველობის ქვეშ ვგრძნობთო. მე მაქვს ერთ-ერთი ჯარისკაცის წერილი, ისეთი მოულოდნელი იყო, მეუფე დანიელის ერთ-ერთი სულიერი შვილის საშუალებით მივიღე, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს. არც მეგონა, რომ ჩვენი საუბარი ასეთ ნაყოფს გამოიღებდა. იგი წერს, რომ ყოველდღე იხსენებს ჩვენს საუბრებს და ძალიან უნდოდა, რომ მომენათლა. თუ შეიძლება, ნებისმიერ ქალაქში შევხვდეთ, მე ჩამოვალო.
- მონათლეთ?
- სამწუხაროთ, ვერ მივაწვდინე პასუხი.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ გარკვეული დროით იქ ტყვეობაში იყავით...
- დიახ, ჩვენ 52 დღე დავყავით ტყვეობაში; ეს იყო ენით აუწერელი დღეები, მაგრამ აშკარად გვრძნობდით ღვთის ისეთ სიახლოვეს და შეწევნას, რომ ადამიანური ძალებით შეუძლებელია ამის გადატანა, თუ არა ღვთის მადლი და შეწევნა. ვგრძნობდით, ჩვენი უწმიდესის ლოცვებს, იგი ჩვენთან იყო, ვგრძნობდით მამა ანდრიას, მამაჩემის ლოცვებს; ეს ისეთ მადლს, სიმშვიდესა და სიმხნევეს გვაძლევდა, თვითონ აფხაზებს უკვირდათ, თითქოს მიუწვდომლები და მიუკარებლები ხართო; მაშინ, როცა მიწიერი თვალსაზრისით ხელმისაწვდომი და ყოველნაირად დაუცველნი ვიყავით.
„ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ...“ - ეს იყო ერთდაერთი ლოცვა, რომელსაც განუწყვეტლივ ვიმეორებდი, ზოგჯერ კი მხოლოდ „ღვთისმშობელო, ღვთისმშობელოს“ ვახერხებდი... და ეს ლოცვა ტყვეობის 52 დღის განმავლობაში ჩემი ერთადაერთი თანამგზავრი იყო, რომელიც შინაგანი სიმშვიდით მავსებდა.
მინდა გავიხსენო ასეთი რამ - კომანში შემოვიდა ეშერის ბატალიონი - რეციდივისტებისა და საჯარიმო ბატალიონის შემადგენლობდა. მამა ანდრია პირდაპირ ტაძრის კედელთან იყო დაკრძალული და მის საფლავთან ფსალმუნებს ვკითხულობდი. ამ ხალხმა ალყა შემომარტყა და ისეთი საუბარი დამიწყო, რეალურად ვიგრძენი, რომ ვიდექი ძალიან დიდი საშიშროების წინაშე, რომელიც სიკვდილზე უარესი იყო ჩემთვის. ის სიცხეში შიშისაგან სისხლი გამეყინა. კედელზე, სადაც მამა ანდრია იყო დასაფლავებული, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის უზარმაზარი ჭედური ხატია. მივეკარი ამ ხატს, არავინ მყავდა, მხოლოდ მამა ანდრია და მე ვიყავით, და ეს გაბოროტებული ხალხი. მეტი არაფერი შემეძლო და მთელი გულით შევძახე: მამა ანდრია, მიშველე-მეთქი. კომანი ჯერ არ იყო აღებული და უცებ, სწორედ იმ წუთას დაიწყო სროლა, იბომბებოდა იქაურობა. თვალიც ვერ მოვკარი, სად გაქრა ეს ხალხი. გარშემო ჭურვები სკდებოდა, მე კი იმ წითებში ვერაფერს აღვიქვამდი. ტაძარში შევედი და წმიდა გიორგის ხატთან მივედი. შინაგანად მაინც იქით გაივიწიე - ილორის წმიდა გიორგი ხომ ჩვენი სალოცავია. დავუჩოქე, ასე არასოდეს მილოცია. როგორც ცოცხალს, ისე შევღაღადე - ტყვეთა განმათავისუფლებელო, გიორგი, გიორგი! ასე ვყვიროდი ხმამაღლა - მეშინია, გიორგი, მიშველე, გიორგი-მეთქი. ასე რომ ვლოცულობდი, აშკარად ვიგრძენი პასუხი, მივხვდი, რომ წმიდა გიორგიმ ჩემი შეისმინა. იმიტომ, რომ იმ წამსვე შემოვიდა მეომარი და მომესმა ხმა - Где мой друг, сваятой Георгий? ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო ეს მეომარი, ვიცოდი მხოლოდ, რომ იგი წმიდა გიორგის გამოგზავნილი იყო. შემომხედა და მითხრა - რა ფერი გადევს, გოგონა, პატიოსნებას ვფიცავარ, შენი თავიდან თმის ერთი ღერიც არ ჩამოვარდება! ეს კაცი აღმოჩნდა კომენდანტი, აფხაზი, მაჰმადიანი. მართლაც საოცარია ღვთის განგება, ეს მაჰმადიანი ადამიანი (მას რაფაელი ერქვა) საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიცავდა, ისე ძლიერ, რომ უკვე ეჭვი შეეპარათ, ალბათ, დიდი ფული აქვთ გადახდილი, ასე რომ სწირავს მათთვის თავსო. ბოლოს უკვე გვითხრა, ძალიან საშიშია აქ დარჩენა, უნდა გამოგიყვანოთო. სხვათა შორის, მამა ანდრიას საფლავი მან შემოგვაღობინა, ჯვარი დაგვადგმევინა და ძალიან დიდი პატივით ეპყრობოდა. შემდეგ მეომრებსაც უყვებოდა, რომ აქ სიწმიდეებია და არავის აძლევდა უფლებას, უპატივცემულოდ მოქცეოდნენ სიწმიდეებს. წმიდა სარკოფაგთან და საკურთხეველშიც არავის უშვებდა. ბოლოს მანვე გამოგვიყვანა ტაძრიდან, რადგან უკვე ძალიან საშიში იყო ჩვენი იქ დარჩენა, უკვე მასაც აღარ ენდობოდნენ. წაგვიყვანა სადღაც შორს, თავის სოფელში, იქიდან კი ბომბორას აეროპორტში, გუდაუთაში გადაგვიყვანა.
ომის დაწყებამდე რაფაელი როსტოვში ცხოვრობდა, სოხუმში კი დედა და ძმა ჰყავდა. მისი ძმა მხედრიონელებმა დაჭრეს და შემდეგ მოსაკლავად ეძებდნენ. ქართველმა მეზობლებმა იგი სახლში შეიყვანეს და ტახტზე დაასვენეს - თითქოს მიცვალებული იყო; დააფარეს და დასტიროდნენ. იგი უგონოდ იყო სრულიად შესაძლებელი იყო, რომ გონებაზე მოსულიყო და უცებ ხმა ამოეღო, ან ხელი გაენძრია, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ისინი კი მას ეძებდნენ; მეზობლები, ფაქტიურად, თავს სწირავდნენ ამ ბიჭისთვის. მეომრები რომ წავიდნენ, მათ ბოლომდე მოუარეს მას ასეთი საშინელი შიშისა და რისკის ფასად. რაფაელი ამბობდა, ამ ომში უამრავი შემხვდა თქვენნაირი და ყველგან ვცდილობდი, რომ ეს ვალი გადამეხადაო. შემდგომში რაფაელს მონათვლის სურვილი გაუჩნდა...
ძალიან დაგვეხმარა აფხაზი მღვდელი, ბესარიონ ფილია, მისი დახმარებით უკვე გადმოვფრინდით სოხუმში, იქიდან კი - თბილისში. აქ უწმიდესი დაგვხვდა დიდი სიყვარულით, დაუვიწყარია მისი შეხვედრა, მშობელი მამასავით ჩაგვიკრა გულში და ვტიროდით, ისიც ტიროდა და ჩვენც. ჩვენი ოჯახის მიმართ უწმიდესის სათუთმა სიყვარულმა და ზრუნვამ გადაგვატანინა ტყვეობის შემდგომი ეს უმძიმესი პერიოდი...
- მამის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ იქ ვერ შეიტყვეთ?
- გვიმალავდნენ, ერიდებოდათ, რადგან ვეცოდებოდით.
აქ იყო ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი რუსული დაზვერვის რეზიდენტი. როცა მას ჰკითხეს, აფხაზების მიერ ჩადენილ ყველაზე ბარბაროსულ აქტს რომელს გაიხსენებთ, რომლის მომსწრეც თქვენ იყავითო, მან თქვა, ყველაზე მეტად ჩემზე იმან იმოქმედა, როგორ აწამეს და დახვრიტეს კომანის ეკლესიის აღმდგენელი, ჯერ ფეხებში ესროდნენ, ძალიან დიდხანს აწამებდნენ და მერე დახვრიტესო. თვითონვე ყვებოდნენ, რა გააკეთა და რა ააშენა მან. ვერ გავიგე, როგორ შეეძლოთ, რომ ასეთი ადამიანი ასეთი წამებით, ასე სასტიკად და უგულოდ დაეხვრიტათო. ეს იყო ჩვენთვის პირველი ცნობა მამის შესახებ. შემდეგ შეგვახვედრეს ამ ადამიანთან, სურათები მივუტანეთ და მაშინვე დაადო ხელი მამას სურათს, ეს კაცი იყოო. მერე უკვე ყვებოდნენ, რომ წმიდა ვასილისკოს წყაროსთან აწამეს, ჩვენ დაგვიმალეს, ვერ გავიგეთ, იქ აუყვანიათ და უწამებიათ...
- საფლავი თუ არის მისი?
- ამბობენ, რომ დასაფლავებულია მამა ანდრიას გვერდით, იქ ორი საფლავიაო ტაძრის გვერდით და ვარაუდობენ, რომ ეს არის მამას საფლავი. იგი ბოლომდე შეეწირა ჩვენს ეკლესიას, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო, რომლითაც ის ცოცხლობდა და რომელსაც ემსახურებოდა.
იმედი მაქვს, რომ მამაჩემის ეს მსხვერპლი, თავგანწირვა ეკლესიისა და საქართველოსთვის ერთ-ერთი იმ მსხვერპლთაგანია, რომელზეც უნდა აღდგეს ის ერთიანობა ამ ორი ხალხისა, რომელიც არასოდეს ყოფილა გაყოფილი. ვფიქრობ, მამას ასეთი მოწამეობრივი აღსასრული ბევრი აფხაზისათვის უსიტყვო ქადაგებაც იქნება, რამეთი ერთნი არიან, შვილები ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა.
- ამდენი განსაცდელი გადატანის შემდეგ რას გაიხსენებდით კიდევ განსაკუთრებულად?
- ჩვენი ტყვეობის ჟამს უფალმა დაგვანახა, რომ იმ აუტანელ პირობებში ყველაზე მძიმე განსაცდელის ჟამს, როცა გვერდით არანაირი ნუგეში არ არის, მაშინ მოდის უფლის მადლი და სიახლოვე და აუტანელი პირობები ყველაზე ტკბილი და სანატრელი ხდება, რადგან ამ დროსაც კი შესაძლებელია ღვთის მარადიული ღიმილი განჭვრიტო და მუდამ ატარო სულში ეს სიხარული - ატარო ქრისტეს ნათელი. რამეთუ ქრისტემ სძლია ჯოჯოხეთს, ბნელეთს, ტკივილს. ამიტომ ყველაზე საშინელ პირობებშიც კი ეს ფარული ნათელი უძლეველია; ეს უდიდესი ნუგეში და იმედია. მთელი ჯოჯოხეთიც რომ აღდგეს, ამას მაინც ვერ მოერევა.
ეს ომი, ალბათ, ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს; უმთავრესად კი იმაზე, რომ საერთოდ ომი ყოველთვის ძალადობაა თავისი ტრაგიკული შედეგებით; მას, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი ზიანი მოაქვს თვით ადამიანის სულისათვის, იგი მას ღვთაებრივი მშვენიერებისა და სილამაზის აღქმის უნარს უმახინჯებს. ომი ხომ თავისი გენეზისით, თავისი ონტოლოგიური დასაწყისით სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანობის უმთავრეს მცნებას სიყვარულსა და მშვიდობაზე. ადამიანის უფალთან ჰარმონიული ურთიერთობის დარღვევის შედეგად ირღვევა ჰარმონია ადამიანის სულში, რაც იწვევს ადამიანთა, ხოლო უფრო ფართო მასშტაბით ერთა შორის გაწონასწორებული, მშვიდობიანი დამოკიდებულების დარღვევას, რაც თავისი უკიდურესი ფორმით ომში გამოიხატება. ხოლო ძალადობით, აგრესიით მოპოვებული გამარჯვება არ შეიძლება ჭეშმარიტი სიხარულისა და მშვიდობის მომტანი იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აფხაზეთის ომით დაბრუნება დიდი შეცდომა იქნება. ჭეშმარიტი მშვიდობა და სიხარული ჯერ ჩვენ საკუთარ სულებში უნდა მოვიპოვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ღვთის გამოუთქმელი განგებით დადგება ჟამი, როდესაც მამა ანდრიას, მამაჩემის, ჟიული შარტავასა და ამ ომის ომის უამრავი უდანაშაულო მსხვერპლის ლოცვითა და მეოხებით უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი აღადგენს საქართველოს ერთიანობას, გაამთლიანებს მას და დაგვიბრუნებს მის განუყრელ და უმშვენიერეს კუთხეს - აფხაზეთს.
ესაუბრა ხათუნა რაქვიაშვილი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 28 (236), 2003 წ.