დაჩაგრული ერისა და ეკლესიის ქომაგი

წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II (საძაგლიშვილი)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II (1855-1918). სარწმუნოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა მღვდელმოწამის სახელით იგი წმიდანად შერაცხა. მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში წმიდა მღვდელმოწამე კირიონის დაბადების 150 წლისთავი სრულდება.

წმ. მღვდელმოწამე კირიონ II სარწმუნოებრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ძნელი და რთული გზა განვლო. კირიონ II (ერობაში გიორგი საძაგლიშვილი) დაიბადა 1855 წლის 10 ნოემბერს მღვდელ იერონიმე საძაგლიშვილის ოჯახში.

 ანანურის ტაძრის მოძღვარი
იერონიმე საძაგლიშვილი და მისი ვაჟი გიორგი
1862 წელი

ბავშვობის პირველი წლები კირიონ II მლეთა-ანანურში გაატარა. აქვე, ანანურის სამრევლო სკოლაში, რომელიც მამამისის, იერონიმეს მიერ იყო დაარსებული, მან მიიღო პირველდაწყებითი სასულიერო განათლება. 1862 წლიდან ის სწავლას აგრძელებს გორის სასულიერო სასწავლებელში. როგორც სასულიერო ოჯახში აღზრდილს, კირიონ II უფლება მიეცა, უფასოდ სწავლა-განათლება მიეღო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1876 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამის შემდეგ იგი სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად კირიონმა სათანადო ცოდნა მიიღო მსოფლიო ისტორიაში, გეოგრაფიაში, არქეოლოგიაში და სხვა. აქვე მოხდა მისი მსოფლმხედველობრივი ფორმირება. იმ ხანად კიევის სამხედრო სასწავლებლის კურსანტი, შემდგომ კი ცნობილი ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი თავის მემუარებში კარგად გადმოგვცემს კირიონ II-ის სულისკვეთებას: „იმ ოთახში, სადაც საძაგლიშვილი იმყოფებოდა, მუდამ ყვირილი და ჩხუბი იყო. თურმე სტუდენტებს საძაგლიშვილი ედავებოდა ქართული კულტურის შესახებ - მაღლა აყენებდა მას, რუს სტუდენტებს კი ეს არ სჯეროდათ და უარყოფდნენ“.

კიევის სასულიერო აკადემია 1880 წელს დაამთავრა დისერტაციის წარდგენით, რის გამოც მას ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ერთხანს ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ მუშაობს. 1883 წელს კირიონი იმდროინდელი საქართველოს ეგზარქოსის გადაწყვეტილებით, საქართველოში ბრუნდება და სხვადასხვა დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თელავის, გორის და ქუთაისის სასწავლებლებში. ერთხანს იგი თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში ასწავლიდა ქართული სიტყვიერების ისტორიას, რუსულ ენას, და საღმრთო ისტორიას. 1896 წლიდან კირიონ II მისიონერულ მოღვაწეობას ეწევა. იგი დაინიშნა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებასთან“ არსებული სკოლების ინსპექტორად. მართალია, აღნიშნულ თანამდებობაზე მას დიდხანს არ მოუწია მუშაობა, მაგრამ მცირე დროის მანძილზე მისი ინიციატივით ქართლის მთიანეთში აღნიშნულ საზოგადოებაზე დაქვემდებარებული 19 სკოლა დააარსა.

 ოდესის სასულიერი სემინარიაში
მსახურების დროს
1880 წელი

1896 წელს კირიონ II დიდი უბედურება დაატყდა თავს. დაეღუპა ცოლ-შვილი, რის გამოც, იგი ბერად აღიკვეცა. ბერად აღკვეცილი კირიონი ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1898 წელს კირიონ II ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და დაადგინეს ალავერდის ქორეპისკოპოსად. ეპისკოპოსად კურთხევის დროს მან უბრწყინვალესი ქადაგება წარმოთქვა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართული პრესაც სათანადოდ გამოეხმაურა მის კურთხევას და გამოთქვა დიდი იმედი, რომ იგი იტვირთებდა „დაჩაგრული ერისა და გაპარტახებულ-განადგურებული ეკლესიის აღდგენას“. მართლაც, დროის მცირე მონაკვეთში ეპისკოპოსმა კირიონმა საკუთარი ხარჯით აღადგინა და განაახლა ალავერდის საკათედრო ტაძარი და მისი მიდამოები. ალავერდის ეპარქიაში წარმატებული მოღვაწეობის გამო ეგზარქოსის წარდგინებით იგი 1901 წელს რუსეთის უწმინდესმა სინოდმა ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. იმავე წელს საქართველოს ეგზარქოსის განკარგულებით, კირიონი გადაყვანილი იქნა გორის სავიკარიოს ეპისკოპოსად. გორში მოღვაწეობის პერიოდში მან ვანათში, ნიქოზსა და ახლომდებარე სოფლებში საკუთარი ხარჯით დააარსა სამრევლო სკოლები და ბიბლიოთეკა-სამკითხველოები.

კირიონ საძაგლიშვილის ეროვნული სულისკვეთება და მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა მეფის რუსეთის მოხელეთა დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ამ მიზეზით მასზე საერო ხელისუფლების მიერ მკაცრი, საიდუმლო მეთვალყურეობა იყო დაწესებული, ხოლო „სასულიერო მთავრობა სასტიკად ავიწროვებდა“ როგორც პოლიტიკურად არასაიმედო და მეფის ხელისუფლებისათვის მიუღებელი პიროვნება, წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II გაათავისუფლეს გორის ეპისკოპოსობიდან, აუკრძალეს საკუთარ სამშობლოში მოღვაწეობა და რუსეთში, კერძოდ კი კამენეც-პოდოლსკის ეპარქიაში გადაიყვანეს. კირიონის დევნაში დიდი როლი შეასრულა იმხანად საქართველოს საეგზარქოსოს სასწავლო ოლქის მზრუნველმა და საღმრთო რჯულის პედაგოგმა დეკანოზმა ივანე ვოსტორგოვმა. ქართული ეკლესიის უფლებების თავდადებული ქომაგის, ნიკოლოზ დურნოვის გადმოცემით, კირიონ II-ის საქართველოდან გაწვევა იმ მიზეზმა გაოიწვია, რომ სვეტიცხოვლის ტაძარში საბერძნეთის დედოფლის მიმართ მის მიერ წარმოთქმული მისასალმებელ სიტყვში მან „ალეგორიულად მოიხსენია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აღმავლობისა და ქართული ეკლესიის გაძლიერების წინასწარმეტყველება, რომ ივ. ვოსტორგოვმა მის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადა“.

მშობლიურ გარემოს მოწყვეტილი კირიონ II გულს არ იტეხდა და, სიშორის მიუხედავად, გაათკეცებით ემსახურებოდა თავის ქვეყანას. დევნილობამ ვერ ჩაკლა კირიონ II-ში მებრძოლი სული, სულიერად ვერ გატეხა და უცხო მხარეში გადახვეწილი საქართველოში დარჩენილ მეგობრებს ამხნევებდა. 1902 წელს იგი თავის ახლო მეგობარს, მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს მომავლის იმედით, შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: „კაცის სიცოცხლეში სამი შესანიშნავი ხანაა: დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. პირველს უნებლიეთ ორივე მოსდევს, ვერა ხორციელი კაცი ამ კანონს ვერ ასცდება. როგორც კაცს ნება არა აქვს, დაჰგმოს თავისი დაბადების დღე, აგრეთვე არ უნდა დაემდუროს ცხოვრების ჩარხისაგან მისთვის მინიჭებულ ბედს... ჩემთვის მარად საღმრთო იქნება ის ლტოლვილება, რომელსაც მივესწრაფებოდი. ჩემ სიცოცხლეში ჩემი წარმატებისათვის არ მიზრუნია: არც ოქრო იზიდავდა ჩემს გულს და არც ჯილდო. პირადი ჩემი ინტერესები დიდი ხანია უარვყავ. ბევრი უსამართლობა გამომივლია, მაგრამ თანაგრძნობისათვის არავისთვის თავი არ შემიწყევინებია. მტრებისათვის სამაგიერო არ გადამიხდია, თუმცა შემეძლო და გარემოებაც ხელს მიწყობდა. დეე, დროებით იპარპაშონ ცბიერებამ, ორპირობამ და დამბეზღებლობამ, დადგება დრო, უსამართლობა დაითრგუნება, მოისპობა პირისაგან ქვეყნისა და ჭეშმარიტება გამეფდება. მხოლოდ მოთმინება უნდა, მოთმინება, - თუმცა საქმე თავად მაინც არ გაკეთდება, ქადები ციდან არ ჩაცვივა. უფალმა ბრძანა: ეძიებდით და ჰპოულობდითო. ძიება არის შრომა ხანგრძლივი და თავდადებული“.

ორიოლის ეპარქიის მღვდელმთავრობისას
1903 წელი

1903 წელს კირიონ II-ს სამართავად ორიოლის ეპარქია ჩააბარეს. ორი წლის შემდეგ რუსეთის უწმინდესი სინოდის განკარგულებით, იგი სამშობლოში დააბრუნეს და სოხუმის ეპარქიის მმართველად დანიშნეს. კირიონ II-ის მიმართ რუსეთის სასულიერო ხელისუფალთა ასეთი ლოიალობა მათი ლიბერალური პოლიტიკით არ იყო ნაკარნახევი. 1905 წელს იმპერიის მასშტაბით დაწყებული რევოლუციური მოძრაობის დროს მოწინავე ქართველმა საზოგადოებამ და სამღვდელოებამ რამდენიმე პეტიცია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოთხოვნით გააგზავნა რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფალთა უმაღლეს ინსტანციებში. რუსეთის უმაღლესი ხელისუფალნი დროის გაყვანის მიზნით აჭიანურებდნენ ქართველთა კანონიერ მოთხოვნას. იმპერატორის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხი რუსეთის მომავალ საეკლესიო კრებაზე, რომლის ჩატარების ვადა წინასწარ არ იყო მითითებული, უნდა გადაეწყვიტათ. აშკარა იყო, რომ რუსეთის ხელისუფლება ელოდა იმ დროს, როცა რევოლუციური მოძრაობა დაცხრებოდა და შემდგომ გადავიდოდა შეტევაზე. რევოლუციური აღმავლობის პერიოდში რუსეთის სასულიერო უწყების ზოგიერთი წარმომადგენელი თვლიდა, რომ ქართველთა მიერ ავტოკეფალიის მოთხოვნას გარკვეული დაბრკოლება შეექმნებოდა, თუკი საქართველოს საეგზარქოსოს გარკვეული რეორგანიზაციის შემდეგ ეგზარქოსად დანიშნავდნენ რომელიმე ქართველ მღვდელმთავარს. ასეთ მღვდელმთავრად მათ მიერ მოიაზრებოდა ეპისკოპოსი კირიონ საძაგლიშვილი. აღნიშნული მიზეზით კირიონ II სამშობლოში დააბრუნეს და დანიშნეს სოხუმის ეპისკოპოსად. რა თქმა უნდა, კირიონისთვის უცნობი იყო მისი საქართველოში გადმოყვანის ნამდვილი მიზეზი. თუმცა, როგორც მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან ირკვევა, კირიონს 1906 წელს არაერთხელ შესთავაზეს საქართველოს ეგზარქოსის თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა.

სოხუმის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს კირიონ II მკაცრად გაილაშქრა რუსეთის იმპერიის იმ ასიმილატორული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო საქართველოს ამ ძირძველი კუთხის დედასამშობლოდან ჩამოშორება. ამავე პერიოდში იგი თავის თანამზრახველებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. კირიონ II ეპისკოპოს ლეონიდე ოქროპირიძესთან და სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო 1906 წელს ივნისის თვეში პეტერბურგში გამართულ უწმინდესი სინოდის სხდომებში, რომელზეც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკურობის საკითხი იხილებოდა. მან და მისმა თანამოაზრეებმა რუსეთის ოფიციალურ წრეებს, მართალია, ისტორიულად და ეკლესიური კანონიკის მიხედვით დაუსაბუთეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერება, მაგრამ სინოდმა ქართველთა კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, კირიონი დიდი მონდომებით აგრძელებდა ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

რევოლუციის დამარცხებისა და რეაქციული რეჟიმის დამყარების შემდეგ კირიონის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ განახლდა. იგი გათავისუფლებული იქნა სოხუმის ეპარქიის მმართველობიდან აფხაზთა გაქართველების ბრალდებით, რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა. რუსეთის ხელისუფალთა ამ ბრალდების საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ სოხუმიდან კირიონის გაწვევის გამო იქაური 909 მოქალაქის ხელმოწერით, რომელსაც ქართველების გარდა ხელს აწერდა აფხაზი, რუსი და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც, რუსეთის უწმინდეს სინოდში გაიგზავნა მოხსენება, რომელშიც ხელმომწერები მოითხოვდნენ, რომ ქართველი ეპისკოპოსი ისევ სოხუმის ეპარქიის მმართველად დაეტოვებინათ, რადგან მათი აზრით „კირიონის დროს რუსები - სლავურ ენაზე, ბერძნები - ბერძნულზე, ქართველები ქართულად ისმენდნენ წირვა-ლოცვას და აფხაზებიც მალე მოისმენდნენ მას თავიანთ ენაზე. ამიტომ კირიონი შეიყვარა როგორც ადგილობრივებმა, ისე რუსებმაც“. სოხუმის ეპარქიიდან კირიონი კოვნოში გადაიყვანეს, საიდანაც იგი 1907 წლის ნოემბერში მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს წერდა: „ნეტავი საზოგადო საქმეს ეშველოს რამე და მე ვითომ სულაც არ ვყოფილვარ ქვეყანაზედ“.

გადასახლებული და სამშობლოდან შორს მყოფი კირიონი რუსეთის ხელისუფლებას საშიშ პიროვნებად მიაჩნდა. ამიტომ ისინი ხელსაყრელ დროსა და შემთხვევას ელოდნენ მის მიმართ ახალი რეპრესიების განსახორციელებლად. ეს დროც მალე დადგა. 1908 წელს თბილისში ეგზარქოს ნიკონის მკვლელობამ ქართველ ავტოკეფალისტთა მოძრაობაზე არასასურველად იმოქმედა. სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატმა პურიშკევიჩმა ეგზარქოსის მკვლელებად ქართველი სამღვდელოება და მათი უპირველესი წინამძღოლი ეპისკოპოსი კირიონი დაასახელა. ამ უსამართლო ბრალდების გამო კირიონი კოვნოს ეპარქიაში დააპატიმრეს. კირიონ II-ის დაპატიმრებამ არამარტო ქართველი, არამედ რუსეთის მოწინავე საზოგადოების დიდი გულისწყრომა გამოიწვია. მათ ხმა აღიმაღლეს უსამართლოდ დევნილი ქართველი მღვდელმთავრის დასაცავად. კირიონის დაპატიმრების გამო აკაკი წერეთელი მღვდელ იოსებ ჩიჯავაძეს წერდა: „კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა... რაც იმედი მქონდა, სულ გამიქარწყლდა, მაგრამ ამაზედ გლოვის დრო არ არის, თავს არ დავზოგავ, წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი არ გავახარებ“.

მართალია, გამოძიებამ არ დაადასტურა კირიონის მონაწილეობა ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში, მაგრამ მას საქართველოში დაბრუნების ნება არ დართეს და ფართო მასშტაბით დაიწყეს მისი დევნა-შევიწროება. კირიონ II-ის უკანონოდ დევნა- შევიწროების ამბები ევროპას გააცნო ინგლისში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ანარქისტმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა. ამ უკანასკნელის თხოვნით დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ ქართულ გაზეთებში დაბეჭდილი მასალები ინგლისურად თარგმნა, რომელიც შემდეგ გადაეცა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს ნევინსონს. ნევინსონმა აღნიშნული მასალა წარუდგინა გიბრალტარის ანგლიკან ეპისკოპოსს, რათა ამ უკანასკნელს ემცნო ინგლისის საზოგადოებისათვის ქართველი სასულიერო პირების, მათ შორის ეპისკოპოს კირიონ II-ის მძიმე მდგომარეობა. თავის მხრივ, საქართველოზე დიდად შეყვარებულ მარჯორთ უორდროპს ანგლიკანი ეპისკოპოსისათვის პირადად უამბნია საქართველოში შექმნილი ვითარება. ქართულ-ინგლისური კომიტეტის თავმჯდომარე მორისს ვ. ჩერქეზიშვილისათვის თანხმობა მიუცია, რომ რუსეთის სინოდს დაუყოვნებლივ მოსთხოვდა კირიონის დევნა-შევიწროვების შეწყვეტას. ვ. ჩერქეზიშვილის მეცადინეობით ევროპაში კირიონ II-ის დაცვის საზოგადოება შეიქმნა. ცნობილია, რომ ბელგიიდან ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარემ ჯორჯ ლორანმა სახელმწიფო სათათბიროს გაგრძელება მე-9 გვ. თავმჯდომარეს ხომიაკოვს სთხოვა კირიონის უფლებების დაცვა. თავის მხრივ, კირიონ II მასზე განხორციელებულ უსამართლო დევნა- შევიწროვებას ბიბლიური იობივით იტანდა და მეგობრისადმი გაგზავნილ წერილში გულახდილად წერდა: „ტანჯვას კაცი ადვილად იტანს, როდესაც დარწმუნებულია, მისი ტანჯვა თანამემამულეებს ბედნიერებას მიანიჭებს“.

დევნილობასა შინა მყოფნი ეპისკოპოსი კირიონი
და არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია
პეტერბურგი 1910 წელი

ხელისუფლებისაგან დევნილ კირიონ II-ს მღვდელმთავრის მოვალეობის აღსრულების უფლება ჩამოერთვა და ერთხანს შორეულ სანაქსარის მონასტერში იყო გამოკეტილი, 1912 წლიდან კი ხერსონში გადაიყვანეს. 1914 წელს კირიონ II-მ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა გაეთავისუფლებინათ იგი მკაცრი მეთვალყურეობისაგან და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიეცათ. ამ თხოვნის საფუძველზე მას მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობა მოუხსნეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს, დააბრუნეს ისევ მღვდელმთავრის პატივში და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქიის მმართველობა ჩააბარეს, სადაც იგი 1917 წლის შუა რიცხვებამდე მოღვაწეობდა.

კირიონი დიდი სიხარულით მიესალმა 1917 წლის 12 მარტს საქართველოს ავტოკეფალიის გამოცხადებას. ამ აქტით გახარებულმა ქართველმა მღვდელთმთავარმა რუსეთიდან გამოგზავნილ წერილში შემდეგი სიტყვებით მიმართა ქართველ ხალხს: „გილოცავთ ავტოკეფალიას. ხუნდები აეხსნა ჩვენს სრულიად ივერიის ეკლესიას, რადგანაც დამონებული იყო ჩვენი ეროვნული სიწმინდე, მდაბიო ერად იყო ქცეული ქართველი ხალხი, ტანჯვის ცრემლს ჰღვრიდა, ახლა კი სიხარულის ცრემლს ვაფრქვევთ, გაუმარჯოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ეკლესიას“.

ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ ქართველი საერო და სასულიერო პირთა დიდი ნაწილი მოითხოვდა, რომ რუსეთიდან ჩამოეყვანათ საქართველოს ეკლესიის თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლი კირიონ II და იგი აერჩიათ მწყემსმთავრად. თავის მხრივ, რუსეთის სინოდშიც კარგად იცოდნენ კირიონის ფასი და ამიტომ გადაწყვიტეს იგი დაეწინაურებინათ და დაენიშნათ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტად, რაზეც თვით კირიონმა განაცხადა სასტიკი უარი. მრავალტანჯული ქართველი მღვდელთმთავარი 1917 წლის ზაფხულში საქართველოში დაბრუნდა, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს ხმათა უმრავლესობით ახლად - ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის კათოლიკოსპატრიარქად აირჩიეს. მეტად მძიმე პერიოდში მოუხდა კირიონ II-ს მოღვაწეობა. გარეშე თუ შინაური მტრები ათას ინტრიგებს აწყობდნენ ახლად დადგენილი მწყემსმთავრის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მან ბევრი რამ მოასწრო. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის მიზნით მიმართვები დაუგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლურ და არამართლმადიდებლურ ეკლესიის მეთაურებს. სხვა ბევრი რამის გაკეთებაც სურდა, მაგრამ არ დასცალდა, 1918 წლის 27 ივლისს იგი თბილისთან ახლომდებარე მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში დღემდე უცნობი პიროვნებამ მოკლა.

მრავალმხრივი იყო კირიონ II-ის (1855-1918) მოღვაწეობა. სასულიერო და საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად იგი აქტიურ სამეცნიერო კვლევით მუშაობასაც ეწეოდა. ვინც კირიონ II-ის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებას იცნობს, მისთვის ძნელი დასაჯერებელია (დევნა-შევიწროების, რუსეთის მიყრუებულ ეპარქიაში გადასახლების, მკაცრი მეთვალყურეობის დაწესების მიუხედავად), როგორ ახერხებდა იგი აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას. არადა ფაქტია, რომ თავისი ნაშრომების უდიდესი ნაწილი მან გადასახლების დროს დაწერა. თვითმხილველთა მონათხრობით, მშობლიურ გარემოს მოწყვეტილი კირიონი გაორკეცებით ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. 1914 წელს სტუდენტ მაქსიმე ბერძენიშვილს (შემდგომში ცნობილ ისტორიკოსს), ხერსონში მოუნახულებია კირიონ ეპისკოპოსი. კითხვაზე - კვლავ აგრძელებდა თუ არა გადასახლებაში მყოფი კირიონი მოღვაწეობას, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, როგორც მ. ბერძნიშვილი გადმოგვცემს, „ხალისით გაბრწყინდა სახე მოხუცებული ეპისკოპოსისა. ეტყობა, რომ ეს მწერლობა ერთადერთი ნუგეში და გამართობელი რამ არის ექსორიად ქმნილი ქართველისათვის“.

თვითმხილველის ამ მონათხრობში რეალური სინამდვილეა ასახული, მაგრამ კირიონ II-სათვის თავისი ქვეყნის წარსულის გაშუქება უბრალო გართობის საშუალებას კი არ წარმოადგენდა, არამედ უმნიშვნელოვანეს საქმეს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს როდესაც იგი ხერსონში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, ეპარქიიის ხელმძღვანელი იყო რუსოფილი ქართველი ეპისკოპოსი დიმიტრო აბაშიძე, ცნობილი თავისი ანტიქართული საქმიანობით, რომლის შესახებ კირიონ II ამბობდა: „მე ქართველობისათვის დამსაჯეს, ის კი დღეს თითქმის უარყოფს თავის ქართვ ელობას“ . კირიონ II-ის შემოქმედებითი მოღვაწეობა წმინდა მეცნიერული ღირებულებების გარდა რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკის წყალობით გადაგვარებული ეპისკოპოს დიმიტრი აბაშიძის მსგავს ქართველებში ჩაკლული ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას ისახავდა მიზნად.


საქართველოს სამოციქულო ეკლესიის I საეკლესიო კრება ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ

XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XX საუკუნის დასაწყისში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული კირიონისა და მის თანამოაზრე ქართველი სასულიერო პირების: კალისტრატე ცინცაძის, ამბროსი ხელაიას და სხვათა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა წმინდა ილია მართლის (ილია ჭავჭავაძე) შეხედულებებმა. ისინი თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით თერგდალეულთა იდეების პოპულარიზაციას ეწეოდნენ და ავტოკეფალიადაკარგულ საქართველოს ეკლესიას ეროვნულ სულს უნარჩუნებდნენ. ბევრი რამ საერთო ჰქონდა წმინდა ილია მართალს და მღვდელმოწამე კირიონ II-ს. ორივე მსხვერპლად შეეწირა საქართველოს თავისუფლებას. წმინდა ილია მართლის მსგავსად, წმიდა კირიონმა კარგად იცოდა თავისი ქვეყნის სატკივარი და მისი განკურნების საქმეში ერის ისტორიის აღდგენას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა... ამ მიმართებით მან დიდი ამაგი დასდო მშობლიური ერის ისტორიას...“

წმიდა კირიონ II, როგორც მკვლევარი დიდ ყურადღებას აქცევდა ფაქტების და მოვლენების ასახვას. მისი აზრით, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჭეშმარიტების დადგენა. ამასთან, მკვლევარი თავისი ქვეყნის პატრიოტიც უნდა იყოს და ის საქმე, რასაც იგი ემსახურება, გათავისებული უნდა ჰქონდეს. მკვლევარ- ისტორიკოსისათვის დამახასიათებელ კრედოს კირიონ II ხატოვნად გამოხატავდა: „საქართველოს წარსულზე თუ გინდა წერო, კალამი ჩააწე სისხლში და თვალი მიაპყარ იალბუზს“.

მრავალფეროვანი იყო კირიონ II-ის შემოქმედებითი მოღვაწეობაც. ადრეული ასაკიდან იგი წერდა ლექსებს, მოთხრობებს; მან საინტერესო გამოკვლევები გამოაქვეყნა ფილოლოგიური მეცნიერების დარგში. მის პუბლიკაციებში მდიდარი ეთნოგრაფიული ცნობებია დაცული ქართველი ხალხის მატერიალური და ყოფითი ცხოვრების შესახებ. ყოველივე ამის მიუხედავად, კირიონ II უპირველესად საეკლესიო ისტორიის მკვლევარი იყო. ჯერ კიდევ კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ამ კუთხით მოხდა მისი, როგორც სპეციალისტის ჩამოყალიბება. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მიღებული ცოდნა თავისი ქვეყნის წინსვლას მოახმარა.

XIX საუკუნის 80-90-იან წლების პერიოდულ პრესაში ქართულ და რუსულ ენებზე კირიონ II სხვადასხვა ფსევდონიმით ხშირად აქვეყნებდა წერილებს ეგზარქოსობის პერიოდში გაპარტახებული ქართული ეკლესიამონასტრების შესახებ. ამ მხრივ, მან დიდი ამაგი დასდო ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლების შესწავლას. XIX საუკუნის დასაწყისში ნიქოზის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ ამ კუთხის ეკლესია-მონასტრები უპატრონოდ იყო მიტოვებული. უცხო გადამთიელები მას ანადგურებდნენ, იქ დაცულ წმინდა ნაწილებს იტაცებდნენ. კირიონ II-მ საგანგებოდ შეისწავლა ლიახვის ხეობის კულტურული ნაშთები და მათი აღწერილობა გამოსცა. კირიონ II-ის ამ ნაღვაწს წყაროს მნიშვნელობა აქვს, რადგან შემდგომ ბევრი ისტორიული ძეგლი განადგურდა. ასეთივე ხასიათისაა მისი ნარკვევები, რომელიც ეხება მცხეთის სამთავროს მონასტერს, ანანურის კომპლექსის აღწერას, ზარზმისა და საფარის ტაძრების ისტორიული ღირებულებების ჩვენებას. კირიონ II-მ ქრისტიანული ძეგლების გარდა, შეისწავლა შიდა და ქვემო ქართლის ისტორიის ნაშთები - ციხე-გალავნები, საბრძოლო-საფორტიფიკაციო ნაგებობები. მოსახლეობისაგან ჩაიწერა საინტერესო გადმოცემები. მანვე დაღუპვას გადაარჩინა მრავალი ეპიგრაფიკული ძეგლი. მოგზაურობის დროს იგი იწერდა ეკლესია- მონასტრებსა და ციხე-კოშკებზე შემორჩენილ წარწერებს, მათ აქვეყნებდა და საინტერესო კომენტარებს ურთავდა.

კირიონ II-ს გულს უკლავდა ის გარემოება, რომ ჟამთა სიავის გარდა, ეკლესია-მონასტრები ნადგურდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობით. უძველესი ნაშთების ქვებს ისინი სამშენებლო მასალად იყენებდნენ. 1891 წელს სასულიერო ხასიათის ჟურნალ „მწყემსში“ კირიონ II-მ გამოაქვეყნა მიმართვა ქართული სიძველეების გადარჩენის შესახებ, სადაც აღნიშნავდა: „ჩვენი დაუდევრობა ძველი ნაშთების შესახებ იმიტომ ხდება, რომ ჯერეთ ვერ შევიგნეთ მათი მნიშვნელობა, ახლის გაკეთება არ შეგვიძლია და ძველებსაც არ ვუფრთხილდებით. გულხელდაკრეფილი შევცქერით მათ, თითქოს ეს შესა ნიშნ ავი ნ აშთები ჩვენ არ გვეკუთვნოდეს, თითქოს სტუმრები ვიყოთ ჩვენსავე სამშობლოში! ჩვენი წინაპრები დიდის თავგანწირვით იცავდნენ ჩვენს სამშობლოში მამაპაპურნაშთებს, რომ პირნათლად გადმოეცათ ისინი შთამომავლობისათვის. ნეტარება იმათ, რომ აღისრულეს თავისი წმინდა მოვალეობა. ჩვენ კი ამ მშვიდობიანობის დროს არამც თუ არ ვუფრთხილდებით ამ დიდებულ ნაშთებს, არამედ თავად ვბედავთ მათ გაძარცვას, შევიწროვებას და შებილწვას“. კირიონ II-ს მიაჩნია, რომ ქართული სიძველეები არამარტო ქრისტიანობის სიმტკიცის გამოხატულებაა, არამედ „როგორც ისტორიული მონუმენტები, იგინი წარმოგვიდგენენ სარკეს, რომელშიაც ცხადად ვხედავთ წარსულ დროს“. ამიტომ მას მოფრთხილება და მოვლა სჭირდება. კირიონმა თვითონ ითავა ზოგიერთი ისტორიული ძეგლის განახლება. მისი მონაწილებით შეკეთდა ალავერდის ტაძარი, შუამთისა და ქვათახევის მონასტერი, მცხეთის სვეტიცხოველი და შიდა ქართლის ზოგიერთი ეკლესია-მონასტერი.

გაგრძელება...